ჯანსუღ ჩარკვიანი: "ეგენი თვითონ გვამები არიან" - კვირის პალიტრა

ჯანსუღ ჩარკვიანი: "ეგენი თვითონ გვამები არიან"

ჯანსუღ ჩარკვიანი: - შემძრა იმან, რაც მოვისმინე და იმანაც, მერე ვიღაცები რომ ცდილობდნენ, გვამების დამკვეთი გაემართლებინათ.

დავით პაიჭაძე: "პრეზიდენტი ავიდა და ლამის პირადად დაა...ნა ადგილზე სატანკო დანაყოფის მეთაური"

გიგა ნასარიძე: '"ამბოხებულებმა რუსები დახოცეს და გვამები საიმედოდ გადამალეს"

ჯანსუღ ჩარკვიანი: - შემძრა იმან, რაც მოვისმინე და იმანაც, მერე ვიღაცები რომ ცდილობდნენ, გვამების დამკვეთი გაემართლებინათ. რაც იმ კაცმა თქვა, არ გამკვირვებია, რადგან ეგენი თვითონ გვამები არიან. საშინელება იყო ვიდეოჩანაწერის ნახვაც და მოსმენაც. ვუყურებდი და მრცხვენოდა მათ ნაცვლად! დღევანდელ მთავრობას ვეკითხები, რით ვერ გაარკვიეთ, ვინ არის დამნაშავე და ვინ - უდანაშაულო? ყოველდღე ნაირ-ნაირი ამბები ვრცელდება ქვეყანაზე, საოცარ ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებენ და მტკიცებულებების მოპოვება რა გახდა? Aაბა, რატომ გქვია გამომძიებელი, მოსამართლე, პროკურორი, თუ არაფერი გაგეგება ამ საქმის?

იმ კადრებში საინტერესოა კიდევ ერთი რამ: არსებობს ორი უბედურება - განკარგულების გამცემი და შემსრულებელი. შემსრულებელი უფრო ნაკლები ბოროტებაა, ის უბედური ადამიანია. ვინც დავალებას აძლევს, პირველ რიგში, მან უნდა აგოს პასუხი, შემდეგ კი შემსრულებელმა. სულ თავიდან უნდა დავიწყოთ, მთავარი ბოროტება უნდა დაისაჯოს, ახლა ლექციებს რომ კითხულობს ამერიკაში. სააკაშვილი თბილისის საკრებულოში რომ მოვიდა, შევარდნაძეს უყვიროდა, უთხარი ხალხს, რამდენ ლიტრ ბენზინს წვავ კრწანისიდან სამსახურამდეო. სამი მანქანა გვყავს და ალბათ, 25 ლიტრი ბენზინი იწვება ყველაზე მეტიო, უპასუხა შევარდნაძემ. ახლა მე ვეკითხები სააკაშვილს: ქვეყნის რამდენი მილიონი გაფლანგე შენს თვითმფრინავებში, გემებში? ასეთი ელიტური ფულის კეთება არასოდეს ყოფილა. მერე რა საოცარია -  ყველაფერი ერთნაირი აქვთ: სახეებიც, ხასიათიც, ღიმილიც კი და ამაზე ვგიჟდები.

თუ მოვიდა მართალი ხელისუფლება, სიმართლე უნდა აღიარონ იმით, რომ მტყუან კაცს მახვილი, მისი ბოროტების მტკიცებულება უნდა ჩასცენ  გულში. კანონი უნდა კანონობდეს და სამართალმა გაიმარჯვოს ბოლოს და ბოლოს.

დავით პაიჭაძე: "პრეზიდენტი ავიდა და ლამის პირადად დაა...ნა ადგილზე სატანკო დანაყოფის მეთაური"

დავით პაიჭაძემ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს, სოციალურ ქსელში დიალოგისას უპასუხა: "გინდა, დაგიწერო, მერაბ, რა არის აქ მაკომპრომეტირებელი? მზადდება ან იწყება ამბოხი, არის სახელმწიფო გადატრიალების ალბათობა. ფერების და ენის მოჩლექის სიტუაცია ნამდვილად არაა. ვისაც ახსოვს, მშვიდობიანად განიმუხტა ვითარება. პრეზიდენტი ავიდა და ლამის პირადად დაა...ნა ადგილზე სატანკო დანაყოფის მეთაური. ჯარისკაცების უდიდეს ნაწილს ეპატია. ოთანაძე და კრიალაშვილი (2001 წლის 25 მაისის ამბოხის მოთავენიც) მოგვიანებით არ დანებდნენ და წინააღმდეგობა გასწიეს. ოთანაძე გადარჩა, კრიალაშვილი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. გაიჩალიჩეს, არავინ დაღუპულა. თუ გახსოვთ, ასევე შევარდნაძის დროს ვიღაც დამთხვეულმა ოქროს ბირჟიდან გაიტაცა ბლომად ოქრო და მძევლად აიყვანა მიკროავტობუსი მგზავრებით. მას გზა მოუჭრეს ჯვრის მონასტერთან გადებულ ხიდზე. მიდიოდა მოლაპარაკება. ტიპი არ თმობდა არაფერს. ჰოდა, გააგორა სნაიპერმა შიგ მიკროავტობუსში. არავის მოსვლია აზრად შევარდნაძის მთავრობის გამტყუნება ყაჩაღის მოკვლის გამო, რაც სწორი იყო იმ სიტუაციაში. როცა მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ჰყავს იდენტიფიცირებული შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მოთავეები და იცის, რომ საჭიროა მათი განეიტრალება. ის იმ დროს შს მინისტრია და რასაც აკეთებს, მისი პირდაპირი მოვალეობაა".

გიგა ნასარიძე: "ამბოხებულებმა რუსები დახოცეს და გვამები საიმედოდ გადამალეს"

გიგა ნასარიძე: - მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამბოხებულებს ორი რუსი კონსულტანტი ჰყავდათ და ამბოხებულებმა, კვალის დაფარვის მიზნით, ისინი დახოცეს. სწორედ მათ გვამებს ითხოვდა ვანო.

მაგრამ მათ გვამები ვერ იპოვეს. ალბათ, ამბოხებულებმა საიმედოდ გადამალეს, თორემ მათი პოვნის შემთხვევაში, დიდი სკანდალი ატყდებოდა  და გამჟღავნდებოდა კავშირი ამბოხებულებსა და რუსეთს შორის.

- თუ მართლაც ორი რუსი კონსულტანტი იყო იქ, თავიდანვე რატომ არ განაცხადეს?

- არ ვიცი, მაგრამ მე ვანოს ნათქვამში ეჭვი არ მეპარება.

- რატომ იყო იქ გიგი უგულავა?

- უგულავამ თქვა, რომ სააკაშვილთან ერთად რაღაც ღონისძიებაზე იყო თუ მერე  მიდიოდა. ზუსტად არ მახსოვს და ასე შემთხვევით მოვხვდი იქო. ჩაცმულობაზეც ეტყობათ, რომ საზეიმოდ არიან გამოწყობილი(?!).

ოთარ კობერიძე: "ვანოს ასეთ წვრილმანებზე ნუ გამოვეკიდებით"(?!)

ოთარ კობერიძე: - მერაბიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს გაუმაძღარი მონსტრი იყო და ორი და სამი გვამი სჭირდებოდა. არ არის ვანო ეგ კაცი! ვანო თავის სულით მშენებელი კაცია. კარგად გამართული შს სამინისტრო დატოვა... ვფიქრობ, ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება არ შეიძლება...

მშიერ ხალხს რომ ვხედავ, გული მიკვდება. მიკვირს, ასე გულგრილად როგორ უყურებენ ჩვენი მდიდარი ბიზნესმენები გასაცოდავებულ ხალხს... ქვეყანა სიკეთისკენ არ მიდის. არაფერია აყვავებული და არც დანაპირები - შესრულებული.

რეზო ესაძე: "შვილიშვილების შემრცხვა და კიდევ იმ ადამიანების, ვინც ისტორიაში ამოიკითხავს ამ საშინელებას"

რეზო ესაძე: - გავგიჟდი, გადავირიე, ეს მართლა მოხდა თუ ვანოს ვინმემ მოუწყო, დაუმონტაჟა? ეს როგორ თქვა? მთელი ღამე ვერ დავიძინე. 21-ე საუკუნეს ველოდი და შევხვდი, როგორც შვების საუკუნეს, იმედი მქონდა, დედამიწა ამოისუნთქავდა და შვებას იგრძნობდნენ ადამიანები. ისიც კი ვერ წარმომედგინა, რომ სიტყვები: დახვრეტა, დასჯა და ა.შ. საჭირო იქნებოდა, აქ კი მესმის, ორი გვამი მინდაო. მრცხვენია ამ საშინელების ნახვა და მოსმენა. ეს ჩემთვის სახრჩობელაზე აყვანას ნიშნავს. შვილიშვილები უყურებდნენ ჩემთან ერთად ტელევიზორს, მათი შემრცხვა და კიდევ იმ ადამიანების, ვინც ისტორიაში ამოიკითხავს ამ საშინელებას, რომელიც დანაშაულიც კი აღარ არის. ამაზრზენია სახელმწიფო მოხელის ასეთი საქციელი.