"კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი" (ექსკლუზივი)
03-02-2014
"კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი" (ექსკლუზივი)
"ჟურნალისტებმა განზრახ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და სკანდალი შეთითხნეს "

"რაც უფრო აგრესიული იქნება ევროპის მიმართ რუსეთი, მით უკეთესი თქვენთვის"


"კვირის პალიტრა" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა და სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა, ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ახლახან გავრცელებული სკანდალური ვიდეოფირის კომენტირებისას, რომელშიც ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, განაცხადეთ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს გამოთქმა - "გვამები მომიტანეთ", მისაღებია.

- ასეთი
რამ მე არ მითქვამს. ჟურნალისტებმა, რომლებიც ჩემს პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, ჩემი სიტყვების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს. ეს არის უკიდურესი არაპროფესიონალიზმი. თუ ორიგინალს ნახავთ, ვამბობ, რომ წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება, არაფერი ვიცი კონტექსტის შესახებ, მაგრამ თუკი მეკითხებით, შეიძლება თუ არა ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, გეტყვით, რომ ანტიტერორისტულ
ოპერაციებში ვინმეს რომ გამოეყენებინა ფრაზა "მომიტანეთ გვამები", სავსებით დასაშვებია,  მე სულაც არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ახლაც ვიმეორებ: სამხედრო მეთაური, საომარ ზონაში ოპერირებისას, რა თქმა უნდა, იტყვის, მე მინდა გვამებიო.
თუმცა, მე ახლა თქვენგან გავიგე, რომ ეს არ იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ამის შესახებ მკითხეს, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა და ეს დავაფიქსირე კიდეც, მაგრამ მათ განზრახ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი და სკანდალი შეთითხნეს. ძლიერი და ჭეშმარიტი დემოკრატია ასეთი ტიპის ჟურნალისტიკით ვერ აშენდება.

როგორც ახლა თქვენ სვამთ საკითხს, იყვნენ კი ეს ადამიანები შეიარაღებული ამბოხების მონაწილენი? ვფიქრობ, ყველა ეს მოსაზრება, ყველა კრიტიკული დეტალი ცხადყოფს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოიძიოთ, სასამართლომ კანონიერი და ობიექტური განაჩენი გამოიტანოს და დამნაშავეები დაისაჯონ. თუ დანაშაული დაუმტკიცდებათ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური რანგი აქვთ მათ, იყვნენ თუ არა ისინი სასარგებლო მოკავშირეები შეერთებული შტატებისთვის, მიუხედავად იმისა, გაკეთებული აქვთ თუ არა მათ ბევრი კარგი რამ ქვეყნისთვის. ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს, თუკი საკითხი კანონის უზენაესობას შეეხება.

- თქვენი კატეგორიულობა მისასალმებელია. სხვათა შორის, ამ ვიდეოფირში ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც ჩანს. შესაბამისად, გამოძიებას შესაძლოა კითხვები მასთანაც გაუჩნდეს, მეტიც, შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამაზე რას იტყვით?


- ვიმეორებ, საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელიც დაადგენს, დაირღვა თუ არა კანონი.  კანონზე მაღლა კი არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი.

- ვფიქრობ, ხალხის ასეთი მძაფრი რეაქცია იმანაც განაპირობა, რომ ვიდეოფირში სამხედროებს ორი გვამის მოტანისთვის სოლიდურ პრემიებსაც ჰპირდებიან, ასე ვთქვათ, ველური დასავლეთის საუკეთესო ტრადიციებში... მორალურად რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს?

- ვფიქრობ, ხალხის რეაქცია მართებული და გასათვალისწინებელია ნებისმიერ საკითხში. თუ ხალხი რამით აღშფოთებულია, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის სურვილი და მოსაზრებები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

- ექსპრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ. მიხეილ სააკაშვილი ახლა ამერიკაშია, ლექციებს კითხულობს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს მსგავსი ინციდენტების ამოტივტივება მის რეპუტაციაზე?

- ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას დაასკვნის კანონიერი და ობიექტური სასამართლო. თუ სასამართლო დაასკვნის, რომ მან ან მისმა გუნდმა კანონი დაარღვიეს, რა თქმა უნდა, ეს ჩრდილს მიაყენებს მის რეპუტაციასა და მემკვიდრეობას. მეორე მხრივ, თუ გამოძიება აღქმული იქნება როგორც არაპროფესიონალური, პოლიტიზებული და მიკერძოებული, ამით მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამოძიება ჯეროვნად ჩატარდეს და მასში ეჭვი არავინ შეიტანოს.

- ამჟამად როგორია მისი რეპუტაცია და, როგორც თქვენ უწოდებთ, მემკვიდრეობა?


- მასზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ზოგადად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ვარდების რევოლუცია" და რეფორმები, რომლებიც მან გაატარა, ისტორიული მნიშვნელობისა იყო. სააკაშვილამდე საქართველო, როგორც სახელმწიფო, თითქმის აღარ არსებობდა. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილმა საგარეო ასპარეზზე ქვეყანა ყველაზე ახლოს მიიყვანა ოცნების ასრულებასთან - მხედველობაში მაქვს ბუქარესტის სამიტი, სადაც, მე დღემდე ვთვლი, რომ საქართველო სავსებით იმსახურებდა მაპ-ის მიღებას. მეორე მხრივ, სააკაშვილის მცდელობებზე, გაეერთიანებინა საქართველო, ამერიკაში სხვადასხვა შეხედულება აქვთ: ერთნი, ძირითადად, რესპუბლიკელები, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი სწორად მოიქცა, რადგან სწორედ ეს სურდა მის ხალხს - გაერთიანებული ქვეყანა და ევროატლანტიკური მომავალი, მეორენი კი, მემარცხენეები, ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა მეტისმეტად იჩქარა ქვეყნის გაერთიანებისას, ზედმეტად აგრესიული იყო და მეტი ყურადღება უნდა მიექცია რუსეთის ფაქტორისთვის. მაგრამ ზოგადი კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელები თვლიან, - ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, სასიკეთო იყო მისთვის და მისი ეს ნაბიჯები შედიოდა ამერიკის, როგორც მისი პარტნიორის ინტერესებში.

- ობამას ადმინისტრაციაც ასე თვლის?

- რა თქმა უნდა. პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა.

- არადა, ობამას ადმინისტრაციის მიდგომამ სირიისა და ირანის საკითხების მიმართ უკვე ბევრს აფიქრებინა, რომ შტატებს საქართველო აღარ აინტერესებს.


- ასე არ არის. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, რომელსაც ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა მოჰყოლოდა, ობამას ადმინისტრაციამ უკვე დაასრულა. სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანია იგი. თუ თვალს გადაავლებთ "დიდი რვიანის" უკანასკნელ შეხვედრას შოტლანდიაში, ნახავთ, რომ ობამამ და პუტინმა ერთად დადგომაც კი არ ისურვეს. პუტინი ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, რომ ობამას შეუტიოს, ობამამ, თავის მხრივ, სოჭში არც ერთი მაღალი რანგის დიპლომატი არ მიავლინა, მეტიც, მის გაგზავნილ დელეგაციას ჰომოსექსუალები მეთაურობდნენ. ეს საკმაოდ მრავლისმეტყველი სიგნალია. ეს საპასუხო თითის გაშვერაა პრეზიდენტ პუტინისთვის, ამერიკა მას ეუბნება, რასაც შენ აკეთებ, სწორი არ არისო. ასე რომ, ამ კუთხით ამერიკას საქართველოს ინტერესი სულაც არ დაუკარგავს. მაგრამ სხვა საქმეა თქვენი ევროპელი მოკავშირეები, განსაკუთრებით, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც თავს ძალზე არაკომფორტულად გრძნობენ საქართველოს ატლანტიკური ამბიციების შემხედვარენი, რადგან ისინი ერთობ დამოკიდებულნი არიან რუსეთსა და მის რესურსებზე.

- ამ სიტუაციაში რა შანსი აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს?

- საქართველო ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს ამ მომავლის მისაღწევად. სანაქებოდ გატარდა თავდაცვითი რეფორმები მინისტრ ალასანიას ხელმძღვანელობით, ქებას იმსახურებს ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის გაწეული შრომა. ამას გარდა, ქვეყანა ცხადად აფიქსირებს ნატოში შესვლის სურვილს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩემი რჩევა იქნება, ერიდოთ ხმებს პოლიტიკური დევნის შესახებ, რადგან ეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს შეგიქმნით.

- წარმოვიდგინოთ იდეალური სცენარი: რეფორმები მიმდინარეობს, პოლიტიკურ დევნაზე არავინ ეჭვობს, ყველას ერთსულოვნად სურს ნატოში შესვლა. ასეთ იდილიურ პირობებშიც კი, დღევანდელი გადმოსახედიდან, რეალურად მიგაჩნიათ საქართველოს ნატოში გაწევრება გარე ფაქტორების გათვალისწინებით?


- ნატოს ოფიციალური პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ არც ერთ არაწევრ ქვეყანას არ შეუძლია ხელი შეუშალოს, ვეტო დაადოს მეორის სურვილს, ალიანსის წევრი გახდეს.

- დიახ, ასე ნამდვილად წერია ქაღალდზე. მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, ფიქრობთ, რომ რუსეთი არ შეეწინააღმდეგება ამას?


- საქმე ის არის, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი: თუ იგი გააგრძელებს ძველებურად, როგორც პუტინის რუსეთი: მეზობლების, მაგალითად, უკრაინის დაწიოკებას, ევროპისთვის გაზის გადაკეტვას, ადამიანთა უფლებების არაფრად ჩაგდებას, მაშინ ევროპის დამოკიდებულებაც შეიცვლება მის მიმართ. რაც უფრო აგრესიული იქნება ევროპის მიმართ რუსეთი, მით უკეთესი თქვენთვის.

- და თუ ეს აგრესია გამოვლინდა უშუალოდ საქართველოს და არა ევროპის მიმართ, მაშინ ვინმე გააკეთებს რამეს ჩვენს დასაცავად? რა თქმა უნდა, შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს არ ვგულისხმობ... უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს მატერიალური ან სამხედრო დახმარების იმედი?


- სამხედრო დახმარების იმედი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გქონდეთ, რაც ნატოში შეხვალთ.  მხარდაჭერას რაც შეეხება, მე მიყვარს საქართველო და პირადად მუდამ მისი მხარდამჭერი ვიქნები, ისევე როგორც ჩემი გავლენიანი მეგობრები ვაშინგტონში, მაგრამ საბოლოოდ, გამოსავალი მაინც იმაშია, რომ საქართველო რაიმე ხერხით უფრო მიმზიდველი გახდეს ევროპისათვის.

- მაინც როგორ უნდა გავხდეთ ევროპისთვის უფრო სასურველნი? სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ნავთობი არ აღმოგვიჩენია, აზერბაიჯანისგან განსხვავებით.


- ამ მიდგომაში ვერ დაგეთანხმებით. ნატოს პოლიტიკასთან ნავთობს საერთო არაფერი აქვს და როგორც ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, გეტყვით, რომ აზერბაიჯანი უფრო შორსაა ნატოსა და ევროპისაგან, ვიდრე საქართველო. ამას ადასტურებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც, რაზეც აზერბაიჯანმა თავი შეიკავა. კვლავ გავიმეორებ, რომ შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, თუმცა მე უკვე გითხარით, რა არის ამისთვის საჭირო: ევროპის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

- ოლიმპიადა ვახსენეთ და ბარემ გკითხავთ, თქვენ რას ფიქრობთ, უნდა წავიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე?


- მე ვფიქრობ, უნდა წახვიდეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ რეალობა და სხვებსაც შეახსენოთ: რუსეთი აგრძელებს საქართველოს სამხედრო ოკუპაციას და ეს ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიური სოფლიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა.  იმედგაცრუებული ვარ, რომ ამის შესახებ არ განაცხადა არც ერთმა მსოფლიო ლიდერმა: ეს ხომ თავად ოლიმპიადის, როგორც სამშვიდობო სულისკვეთების ღონისძიების შეურაცხყოფაა. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიან შეთანხმებას და იცით კი, რა შეთანხმებაა ეს? ეს იყო საშინელი, ყოვლად მიკერძოებული შეთანხმება - მისაღები იყო მხოლოდ მისი თავდაპირველი ვარიანტი, რომელზეც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და ფინეთის ყოფილი საგარეო მინისტრი ალექსანდერ შტუბი, საბოლოოდ კი სარკოზის, საქართველოს მიმართ პუტინის სამხედრო მუქარის ფონზე, ყოვლად სამარცხვინო და უსამართლო შეთანხმებაზე მოუწია ხელის მოწერამ. ეს შეთანხმება იმდენად მიკერძოებული იყო, რომ დიდი საფრთხეც კი ახლდა. იცით, კიდევ უფრო დიდი უსამართლობა რა იყო? რუსეთმა ეს შეთანხმებაც კი არ შეასრულა! ერთი სიტყვით, უნდა წახვიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე, მაგრამ ამაყად თავაწეულნი. პროვოკაციებს უნდა ერიდოთ, მაგრამ შეგიძლიათ, კონკრეტულ ჟესტებს მიმართოთ:

შეგეძლოთ, მაგალითად, სანაკრებო ფორმებზე ორი ნაჭერი მიგეკერებინათ: ერთი, სადაც საქართველოს კანონიერი საზღვრებია დატანილი, აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით, მეორე კი იმის ამსახველი, თუ რა დატოვა ამ საზღვრებიდან რუსეთმა.

ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის საკუთარი პოზიციის გამოხატვა. უამრავი ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უყურებს, საკუთარ თავს ჰკითხავს - რა არის ეს? რატომ აცვიათ მათ ასე? და თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, მსოფლიოს უთხრათ, რა გაწუხებთ.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
levan
04 თებერვალი 2014 18:31
კუ,ულალა, ეხლა გლახუნა. გაიშიფრე დიდი ხანია, დროა ახალი სახელი მოიგონო.
თემრაზ
04 თებერვალი 2014 11:23
ბრაიზას ჭკუაზე უნდა იაროს სულ საქართველოს ხელისუფლებამ?
ან სიმართლე გვითხრას, რომ თუ ამერიკის ჭკუაზე არ ივლით,რაც იუგოსლავიას დავმართეთ იგივეს დაგმართავთო...
nika-s
04 თებერვალი 2014 10:29
"ამერიკა შორს შენი სისხლიანი ხელები საქართველოდან !!!"

რუსეთო, მოდი, მოგვხვიე შენი ქათქათა ხელუნიები და ისე ჩაგვიხუტე, რომ სული გავაფრთხოთ!

თან კარგი იქნება, თუ ამას სადღესასწაულო დღეებს დაამთხვევ:
9 მარტს, 9 აპრილს ან 25 თებერვალს!!! )))

რედაქტორის რჩევით