"კეზერაშვილის სასამართლოზე ქართველი პროკურორები ელემენტარულ კითხვებზე ვერ პასუხობდნენ"
10-02-2014
"კეზერაშვილის სასამართლოზე ქართველი პროკურორები ელემენტარულ კითხვებზე ვერ პასუხობდნენ"
გიორგი ფოფხაძე: "ვიღაცას ძალიან აფრთხობს ირაკლის პოლიტიკაში ჩართვა და კუდი აეწვა..."

მიშას ფრანგი მეგობარი რაფაელ გლუქსმანი გამწარებული დარბოდა, როგორმე სასამართლოზე გარე ზეგავლენა რომ მოეხდინა. ფრანგულ პრესაში ჩნდებოდა სტატიები - საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით "კერავენ" საქმეებსო.

3 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რასაც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ზოგი საქართველოს ხელისუფლების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს, ზოგი კი ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქართულ სამსჯავროზე მაინც წარდგება. საბოლოო გადაწყვეტილება 27 თებერვალს გახდება ცნობილი. "კვირის პალიტრა" საფრანგეთში მცხოვრებ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს დაუკავშირდა, რომელიც ექს-ან-პროვანსის სასამართლოში კეზერაშვილის პროცესებს ესწრებოდა.


- არ გამიგია, საფრანგეთში წინასწარი პატიმრობიდან ვინმე გაეთავისუფლებინოთ ელექტრონული
სამაჯურით. ეს არის გირაო, ან ე.წ. იურიდიული კონტროლი, როდესაც წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ყოველ საღამოს მივიდეს პოლიციაში (ან პოლიციელი მივიდეს მათთან) და კონტროლი გაიაროს. ელექტრონულ სამაჯურებს მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებს და საფრანგეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს უკეთებენ. კეზერაშვილი არც ერთია და არც მეორე. მაგრამ მთავარი ის არ არის, გაუკეთეს თუ არა კეზერაშვილს სამაჯური. ფრანგული სასამართლო დამოუკიდებელი გახლავთ და მოსამართლეს ვერავინ უბრძანებს, რა გადაწყვეტილება გამოიტანოს. დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა კეზერაშვილი, მაგრამ შესაძლებელია, მის ექსტრადირებას მისცეს გზა. თუმცა უარის შემთხვევაშიც არ შეიცვლება ინტერპოლის გადაწყვეტილება. კეზერაშვილზე ინტერპოლით დევნა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ შეწყვეტს მის ძებნას.

- რამდენად არგუმენტირებული იყო საქართველოს პროკურატურის მტკიცებულებები საფრანგეთის სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის წინააღმდეგ?
- საქართველოს პროკურატურა ძალიან მოუმზადებელი შეხვდა ამ საქმეს. მისმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო, მოსამართლის შეკითხვებზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გაეცა...
კეზერაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ დევნაზე აკეთებდნენ აქცენტს და საქართველოს პროკურატურა ამ დროს ელემენტარულ კითხვებზე ვერ პასუხობდა. მოსამართლემ იკითხა, რატომ აღიძრა "ტელეიმედის" გასხვისებაზე საქმე 4 წლის შემდეგო. პროკურორმა უპასუხა, - ეს მე არ მეხება. თუ გნებავთ, თბილისში დავრეკავ და პასუხს მოგახსენებთო.

მაშინ მივხვდი, რომ ამ საქმეში ქართულ მხარეს დიდი შანსი არ ექნებოდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ, როგორც კი კეზერაშვილი დააპატიმრეს, სააკაშვილი საფრანგეთში ჩავიდა და სარკოზიც კი შეაწუხა მისი გუნდის დამფინანსებლის გადასარჩენად.
- მიშას აქტიურობა ცალკე თემაა. მიშას ფრანგი მეგობარი”რაფაელ გლუქსმანი გამწარებული დარბოდა, როგორმე სასამართლოზე გარე ზეგავლენა რომ მოეხდინა. ფრანგულ პრესაში - "პარიზიენსა" და "ექსპრესში", დროდადრო ჩნდებოდა სტატიები - საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით "კერავენ" საქმეებსო. ამავე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა ექსცენტრიკული, მაგრამ ასე თუ ისე ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსების წერილები. ისინი თავდებად უდგებოდნენ დავით კეზერაშვილს გასათავისუფლებლად.

- სხვა საკითხსაც შევეხოთ, ირაკლი ოქრუაშვილი თქვენი მეგობარია, ალბათ გაიგებდით, რა ინფორმაციაც გაავრცელა ბოლო დღეებში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მიხეილ ქარელმა - ოქრუაშვილი მემუქრებოდა, ბინზესობიექტების დათმობას მთხოვდაო.

- ირაკლი ჩემი საუკეთესო მეგობარია.

ქარელი ტყუის. რა ჯანდაბად უნდოდა ოქრუაშვილს, გაურკვეველი წარმომავლობის რუსული ტელეფონით მიეწერა მუქარის წერილები, როცა შეეძლო, მისულიყო და პირში ეთქვა ის, რის თქმასაც აპირებდა. ვინ არის ისეთი ქარელი, რომ თუ შორიდან არ დააშინე, ისე ვერ მიეკარები?!

- ამბობენ, ოქრუაშვილმა შეიძლება თბილისელებს თავისი კანდიდატურა შესთავაზოს ქალაქის მერადო. ეს ხომ არაა ქარელის გამოჩენის მიზეზიც?!
- დიდი ხანია, ირაკლის არ შევხმიანებივარ, თუმცა, ვფიქრობ, დაუჯერებელია, მან თბილისის მერობა მოინდომოს. თუ გორში იყრის კენჭს, ნამდვილად გაიმარჯვებს. ჩანს,“ვიღაცას ძალიან აფრთხობს ირაკლის პოლიტიკაში ჩართვა და კუდი აეწვა, თორემ ქარელის მუქარა ასე ჰაერიდან არ მოვიდოდა. საკითხავია, ვინ და რის სანაცვლოდ დაითანხმა ქარელი, სისულელეები ეფრქვია?

უტა ბიწაძე
555
14 თებერვალი 2014 00:28
სასაცილოა ეს ყველაფერი,მაგ პროკურატურას აქ ვერ დაუმტკი-ცებია რომ ვანო და ბაჩო გმირები კი არა ქვეყნის დამაქცევარები არიან იქ რას დაამტკიცებდნენ უმაღლესი დონის ადვოკატების წინააღმდეგ?იცის მიშამ თავის საქმე.
qqqq
13 თებერვალი 2014 15:02
ოქრუაშვილის ხსენებაზე ,ის გამახსენდა,ტელევიზიით რომ ამტკიცებდა,ჟვანია სააკაშვილმა მოკლაო.საინტერესოა,პროკურატურა დაინტერესდა თუ არა მისი ჩვენებით და საინტერესოა,ტელეჟურნალისტები რატომ არ ინტერესდებიან და ირ იწვევენ ამ თემაზე სასაუბროდ.
au
12 თებერვალი 2014 01:24
მაგ პროკურორებს არც არასდროს ჰქონიათ კავლიფიკაცია და რაც მთავრია სინდისი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები