ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ვინ - ვის: ევროკავშირისა და რუსეთის დაშლის "მოდელირებული ქრონიკები"

უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა და რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის ანალიზმა კიდევ ერთხელ გამახსენა 2008 წლის ტრაგიკული აგვისტო. მაშინ ვამბობდი, რომ ევროპის უსაფრთხოების ხაზი თუ ფორპოსტი სწორედ საქართველოზე გადიოდა და თუ დასავლეთი ამ ხაზს დათმობდა და რუსეთის ზეწოლით უკან დაიხევდა, გულმოცემული რუსეთი მალე უშუალოდ ევროკავშირის საზღვართან გამართავდა ბრძოლას ევროპის გეოპოლიტიკური რუკის შესაცვლელად. დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები სწორედ ამის დასტურია: უკვე ევროკავშირის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ბრძოლა ევროპის უსაფრთხოებისთვის. თუ დასავლეთი ამჯერადაც უკან დახევას ამჯობინებს, პრინციპით: "ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან", არ არის გამორიცხული, მადამოცემულმა რუსეთმა შემდეგი ბრძოლა უკვე უშუალოდ ევროკავშირის შუაგულში გამართოს.

ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო ომი ამ მიმართულებით რუსეთს უკვე დაწყებული აქვს. ამის ნათელი მაგალითია რუსულ მედიაში სულ უფრო გახშირებული პედალირება უნგრეთის თემით, სადაც რუსული მედიისვე ვერსიით, არ არის გამორიცხული, დაიწყოს ევროკავშირში პირველი ცენტრიდანული პროცესი. ამას ხელს უწყობს უნგრეთის ექსტრავაგანტური პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებებიც ევროკავშირით უკმაყოფილების თაობაზე. რუსეთის სურვილი, დაიწყოს ევროკავშირის დაშლა, მართალია, რეალობისგან შორს დგას, თუმცა ბევრი, ალბათ, იმასაც ვერ წარმოიდგენდა 2008 წლის აგვისტოში, რომ შემდეგ ბრძოლას ევროპას რუსეთი სულ რაღაც 5 წელიწადში უკვე უკრაინისთვის გაუმართავდა.

როგორია ამ დროს დასავლეთის ხედვა და მიზნები? დღევანდელ ტენდენციას შეიძლება მარტივად ვუწოდოთ "დასავლეთის მიერ ტაიმ-აუტის აღება უკეთესი მომავლის იმედად". ეს თავს იჩენს ყველა მიმართულებით: სირიაში;

ირანში მისი ბირთვული პოტენციალის თემის ირგვლივ; როგორც ჩანს, უკრაინაში, სადაც ფაქტია, რომ დასავლეთმა შეგნებულად დათმო ბრძოლა "იანუკოვიჩისთვის", რისთვისაც აუცილებელი იყო, დაეზღვიათ უკრაინის ეკონომიკა დეფოლტისგან. რისი იმედი აქვს თმენის რეჟიმში ჩაძირულ დასავლეთს, რომელიც თითქოსდა მშვიდად უყურებს რუსეთის "გაფართოების" პოლიტიკას ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში? - შეიძლება ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი იყოს ცნობილი ჯეიმზტაუნის ფონდის პრეზიდენტ გლენ ჰოვარდის ძალზე საინტერესო და ინფორმაციული ინტერვიუ "ამერიკის ხმისთვის", სადაც ის რუსეთის დაშლის პროცესის დაწყებაზე საუბრობს კონკრეტული ვადებით და სულ მოკლევადიან პერსპექტივაში. იგი აღნიშნავს, რომ მაქსიმუმ პუტინის წასვლის შემდეგ, მაგრამ არ არის გამორიცხული, სულ რაღაც 2-3 წელიწადში, რუსეთი ჩეჩნეთისა და დაღესტნის გარეშე დარჩეს, ხოლო ამის შემდეგ დაიწყება ცენტრიდანული პროცესები უკვე თათრეთსა და ბაშკირეთში. თუ გავიხსენებთ, დაახლოებით 2-3 კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის კარგად ცნობილი მაკქეინი და სოროსი, ასევე  არა მხოლოდ პროგნოზირებენ რუსეთის დაშლას, არამედ გეგმავენ დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების ხელშეწყობასაც. როგორც ჩანს, ამ იდეის თუ მოსაზრების მომხრეებს არცთუ სუსტი პოზიციები აქვთ დასავლურ სამყაროში.

რომელი ხედვა თუ ნაკადი გაიმარჯვებს ახლო პერსპექტივაში თუ არსებული სტატუს კვო შენარჩუნდება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, ემზადება თუ არა საქართველო თანამედროვე პოლიტიკური პროცესების მიერ შემოთავაზებული შანსების გამოყენების ან საფრთხეების განეიტრალებისთვის. ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, არა გვაქვს.