მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"მოქალაქე" და ცდუნება

ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობაც დაიბრუნა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეც" დააარსა. სწორედ წინა სამშაბათს იყო ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ჟურნალისტებს მთელი სამი საათი პასუხობდა, კითხვა უფრო მეტი დარჩა, ვიდრე პასუხები მივიღეთ. ივანიშვილს სურს აღზარდოს სამოქალაქო საზოგადოება და უპირველესად კი ექსპერტები და ჟურნალისტები. ვეთანხმები, რომ გაზრდა შეიძლება ჩვენც გვჭირდება, მაგრამ როგორი ტიპის ექსპერტებისა და ჟურნალისტების ხილვა სურს? ისეთის, როგორიც თავადაა? ანუ ისეთის, რომელიც მზად არის, ხელისუფლება ბოლომდე დაიცვას და გაამართლოს? ველოდი, რომ ივანიშვილი უფრო კრიტიკული იქნებოდა, მან კი ხელისუფლებაზე ერთადერთი შენიშვნა გამოთქვა: პრემიერმა რატომ აღიარა, რომ ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ეს ვარდნა არ იყოო.

ღარიბაშვილიც დაეთანხმა "მოქალაქეს", ეს როგორ ვთქვი, რა ვარდნა, რის ვარდნა, ყველაფერი კარგადააო. ჰოდა, თუ ისეთი ექსპერტისა და ჟურნალის\ტის გამოზრდა უნდა ბატონ ბიძინას, რომელიც იტყვის, რომ ვარდნა კი არა, წინსვლა გვაქვს, ყველა დაპირება სრულდება და უფრო მეტიც სრულდება, ვიდრე დაგვპირდნენო, მაშინ არც კი ვიცი, რა ვთქვა. ივანიშვილი ამბობს, რომ სურს, ხალხს მთავრობის გაკონტროლება ასწავლოს. როგორ უნდა ასწავლოს, თუ ის მხოლოდ მთავრობის "გაპრავებით" იქნება დაკავებული? თუ აპირებს, ყველას მოგვცეს საშუალება, რომ ღარიბაშვილს პირადად დავურეკოთ ხოლმე და მივჯირყნოთ? თუ ივანიშვილი თავად არ მოახდენს ხელისუფლებისგან დისტანცირებას, მას სამოქალაქო კონტროლი გაუჭირდება. თუმცა უფრო მეტად სწორედ ეს დისტანცირება გაჭირდება. როგორ გინდა, საკუთარ შვილზე უარი თქვა? თან იმ შვილზე, ვისზე პასუხისმგებლობაც საჯაროდ აიღე? ივანიშვილს ხელ-ფეხს შეუკრავს თავისივე განცხადება, რომ პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, იგი იტოვებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაზე. დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს: "მოქალაქე" ივანიშვილს გაუჭირდება იყოს მთავრობის საჯაროდ მაკონტროლებელი მოქალაქე, რადგან მას აქვს საშუალება, მთავრობა ჩრდილიდან აკონტროლოს. ეს კი გაცილებით კომფორტულია. გაუძლებს კი ამ ცდუნებას?!

აგრესიული სექტა

წინა კვირას დავწერე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები სექტას დაემსგავსნენ, რომელსაც ბრმად სწამს თავისი ღმერთების-მეთქი. ამ კვირაში აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ სექტა კი არა, უკვე საკმაოდ აგრესიული სექტა არიან, რომლებიც ყველას თავს ესხმიან. სამშაბათს ივანიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მიგვიწვიეს ყოფილი პრემიერის გამოსვლის განსახილველად, სადაც ვთქვი, რომ თუ ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ ქმნის, რომ მერე იქ ისეთი ექსპერტები გამოზარდოს, რომლებიც ხელისუფლების გაპრავებით იქნებიან დაკავებული, ისევე როგორც, მაგალითად, გია ნოდია იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ანუ ბევრ გია ნოდიას შექმნის, ოღონდ "ოცნების" გია ნოდიებს, ეს კარგი არ იქნება-მეთქი. თურმე რა მივქარე, ნოდია რომ ვახსენე! არადა, მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ისიც დარბაზში იჯდა და თუ რამე არ მოსწონდა, შეეძლო გაეპროტესტებინა.

ნოდიას არაფერი უთქვამს (ეტყობა, პასუხის ღირსად არ ჩამთვალა), სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში დამხვდა ვაი-უშველებელი - როგორ გავბედე და ნოდიას "შევეხე"! იმას აღარ დავწერ, რას წერდნენ "ნაციონალების" უცნობი მხარდამჭერები. მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან: ნათია კობერიძე (ჟურნალისტი): "მერაბ მეტრეველი წინააღმდეგია, ივანიშვილმა შექმნას 'ბევრი გია ნოდია "ოცნებისთვის". უბედურება ის არის, რომ ივანიშვილის თვალში მერაბს გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნოდიას". ნიკა რურუა (კულტურის ყოფილი მინისტრი): "უფრო სწორად, მერაბს იყიდის, გიას - ვერა. ეს ნამეტანი მდაბიო ტიპაჟი რა განხილვის საგნად აქციეს?" აქ გაცილებით საინტერესო კულტურის ყოფილი მინისტრის დამოკიდებულებაა, რომელიც რატომღაც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მიყიდის და რომ ისეთი მდაბიო ვარ, ჩემზე ლაპარაკიც არ ღირს. ერთმა სხვა ჩემმა კოლეგამ კი მომიწოდა, სანამ ნოდიაზე ლაპარაკს დაიწყებ, სჯობს ბევრი წიგნი წაიკითხოო. საერთოდ "ნაციონალებს" და მათ მხარდამჭერებს ერთი თვისება გამოარჩევთ - რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ თავად არიან ყველაზე ნაკითხები, ყველაზე განვითარებულები და სხვები ან მდაბიო უწიგნურები ვართ, ან კიდევ ჩასარეცხები. თორემ როგორ შეიძლება ადამიანი განათლებული იყოს და "ნაციონალები" არ მოსწონდეს!

ისე, ევროპა და ამერიკა მათ აღმოაჩინეს, ეს რომ ჰგონიათ, ამაზე უკვე ივანიშვილმაც ისაუბრა.

ბოლო დროს ისე არიან გამწარებული, რომ პარლამენტარმა დავით საყვარელიძემ იმავე სოციალურ ქსელში კინომცოდნე გოგი გვახარიას სულ "ფისო კაცი" ეძახა. აი, სადამდე დავიდნენ! ეს კიდევ რაა, უკვე შეთქმულების თეორიების შეთხზვაც კი დაიწყეს: საქართველოში აქამდე არ მოიძებნა მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იტყოდა, რომ ეკლესიის კრიტიკა დასაშვებია. ივანიშვილმა ეს თქვა და იმის მაგივრად, რომ '"ნაციონალებს" (რომლებიც თავადაც ასე ფიქრობენ, მაგრამ საკუთარ ლიდერს ხმამაღლა ეს ვერასდროს ათქმევინეს) მისთვის ამაში მაინც დაეჭირათ მხარი, მათი ნაწილი ადგა და შეთქმულების თეორიების შეთხზვა დაიწყო, რომ ივანიშვილი პატრიარქს კონკურენტად განიხილავს და ამიტომ ებრძვის. მგონი, მალე ვნახავთ "ნაციონალურ მოძრაობას" პლაკატებით: "ხელები შორს პატრიარქისგან!"

"პუტინის ღრუბელი"

ნამდვილად არ ვქმნი ტრაგედიას იმისგან, რომ საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადაზე წავიდა. მართალია, მძიმე საყურებელია, პუტინის "პირად" ღონისძიებაში როგორ ვმონაწილეობთ, მაგრამ ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან იგი თავისი პოლიტიკის მძევალი იყო. განაცხადეს, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარებას დიალოგით აპირებენ, ხოლო ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავდა დიალოგის დასრულებას დაწყების გარეშე. ამიტომ ეს უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ ძალიან მიშლის ნერვებს არგუმენტი, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ. როგორ შეიძლება, ის, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ხდება, მხოლოდ პოლიტიკა იყოს. პოლიტიკა შეიძლება იყოს ''"ოცნებისა"'' და '"ნაცების"'' დაპირისპირება და შეიძლება ადამიანმა თქვა, არ ვერევი, თუნდაც დაუხოცავთ ერთმანეთიო, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას ტერიტორიებს ართმევენ, ეს პოლიტიკა კი არა, ომია და რა გამოდის, როცა ამბობ, ეს პოლიტიკაა და სპორტსმენები არ ვერევითო, ანუ არ გადარდებს შენი ქვეყნის ბედი? ომში მხოლოდ პოლიტიკოსები მიდიან? სამშობლოს განცდა ყველას უნდა ჰქონდეს, მათ შორის სპორტსმენსაც, რომელიც საკუთარი ქვეყნის სახელით გამოდის. ამიტომ თუ არ ვაკრიტიკებ მათ ოლიმპიადაზე წასვლისთვის, ვაკრიტიკებ იმისთვის, რომ თუნდაც სიმბოლურად არ გამოხატეს პროტესტი. გახსნის ცერემონიალზე ასე საზეიმო სახეებით კი არ უნდა ჩაევლოთ პუტინის წინ, არამედ შეიძლებოდა ომში დაღუპული ბიჭების პატივსაცემად თუნდაც შავი ლენტების შებმა და მაისურებზე წარწერის გაკეთება, რომ გვახსოვს ეს ომი და იქ დაღუპული ბიჭები. არა მგონია, ამის გამო ოლიმპიადიდან ვინმეს გამოვეგდეთ.

რაც შეეხება რუსებს, მათ ნამდვილად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. როცა საქართველოს რუკა გამოიტანეს ეკრანზე, ვერც ის გაბედეს, აფხაზეთი და ოსეთი ჩამოეჭრათ, რადგან ამას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა, და არც სეპარატისტების განაწყენება უნდოდათ. ამიტომ ადგნენ და საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, ღრუბლები გადააფარეს. საინტერესოა, რამდენი ხანი იფიქრეს ამ გამოსავალზე?