"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"
10-02-2014
"მერაბიშვილი და ახალაია ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის პოლიტიკოსები არიან"
"კვირის პალიტრა" ყოფილ ექსპერტსა და ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრო ბარნოვს ესაუბრა:

- სანამ პოლიტიკაში წახვიდოდით, ექსპერტი იყავით და ხშირად კარგ ანალიზსაც აკეთებდით. რატომ გადაწყვიტეთ პრეზიდენტთან მუშაობის დაწყება?
- სააკაშვილის პოლიტიკას დიდხანს ვაკვირდებოდი და მქონდა მკაფიო განცდა, რომ გუნდის შეცდომების მიუხედავად, ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდა (ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც მხოლოდ ხელისუფლება კი არ შეიცვალა, არამედ საფრთხე შეექმნა იმ გეზს, რომელსაც ქვეყანა მტკიცედ დაადგა). ამიტომ, როდესაც პრეზიდენტმა
შემომთავაზა, შიდა ქართლის გუბერნატორად მემუშავა, მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, შიდა ქართლის გუბერნატორად და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობისას ნამდვილად შევუწყვე ხელი იმას, რომ საზოგადოების ის ნაწილი გამოცოცხლებულიყო, რომელიც ეწინააღმდეგება პრორუსულ კურსს და ორიენტირებულია პროგრესზე.

- კომპრომატების გ
ამო ბევრი იძულებული გახდა, "ნაციონალებს" დაახლოებოდა. თქვენიც უკვირდათ, რა გახდა ამ კაცის უეცარი ფერისცვალების მიზეზი?

- არასოდეს გამიგია, ვინმეს ჩემზე ეთქვას, რომ კომპრომატების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- პოლიტიკოსების უმრავლესობაზე არსებობს ფარულად ჩაწერილი ფირები და ა.შ.
- ამ მხრივ ნამდვილად მშვიდად ვარ. ჩემზე საინტერესო ვერაფერი ექნებათ, ალბათ, არც აქვთ... ეს დიდად არ მაინტერესებს...

- თქვენ ამბობდით, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ორიენტაციისაა და ქვეყანას რუსეთს ჩააბარებენ. დღესაც იმავეს ფიქრობთ?

- ცხადია. ხელისუფლებაში არიან აშკარად ან შეფარულად პრორუსული ორიენტაციის პირები. არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება გულში არ ეთანხმებოდნენ ამ კურსს, თუმცა ლაჩრობისა და უპრინციპობის გამო ხმას ვერ იღებენ. არის არაკომპეტენტურობის ძალიან დიდი პრობლემაც, რაც იმას ემსახურება, რომ ქვეყანა კარგავს პოზიციებს, მეგობრებს და გვაკლდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალა, რითაც მომავალში რუსეთის ზეწოლას უნდა გავუძლოთ.

- რით ჩანს, რომ ხელისუფლება პრორუსულია?

- შემიძლია გაგახსენოთ ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, უკრაინის ბედის გადაწყვეტაში რუსეთი უნდა მონაწილეობდესო. ამის მთქმელი საქართველოს ბედსაც რუსეთს გადააწყვეტინებს. გაგახსენებთ ივანიშვილის განცხადებასაც, სადაც ევრაზიულ კავშირში შესვლას შესაძლო ვარიანტად განიხილავდა. რაც შეეხება მეგობრების დაკარგვას, გაიხსენეთ ბოლო მოვლენები. მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას და საქართველოზე ხმას აღარავინ ძრავს. ეს პირდაპირი შედეგია არა მარტო ჩვენი საგარეო უწყების, არამედ მთლიანად მთავრობის უნიათობისა და უვიცობის, უპრინციპობისა და ლაჩრული პოლიტიკისა.

- ხელისუფლება დაძაბულობის გარეშე ცდილობს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენას და მათი ლაჩრებად გამოცხადება გადაჭარბებული შეფასება ხომ არ არის?

- დაძაბულობის გარეშე სიტუაციის მოგვარებას კი არ ცდილობს, წყვეტს წინააღმდეგობას რუსეთთან და საშუალებას აძლევს აგრესორს, აკეთოს ის, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მშვიდობა მხოლოდ ის არის, როცა არ ისვრიან, კატეგორიულად არ დავეთანხმები. შეგვიძლია ნებაყოფლობით გავაუქმოთ სახელმწიფოებრიობა და შევუერთდეთ რუსეთს, ამ შემთხვევაში ომი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ ჩვენ გვინდა დავრჩეთ სახელმწიფოდ და ამიტომაც გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლებსაც დაცვა სჭირდება. პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, თავდაცვა დანაშაულიაო, პირდაპირ ემსახურებიან რუსეთს. ეს კი ღალატია. ასეთები ძალიან ცუდად დაამთავრებენ.

- სიხისტე, არადიპლომატიური განცხადებები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში, ომი რუსეთთან. ეს წინა ხელისუფლების შეცდომა არ იყო?
- ეს არის თქვენი შეფასებები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან... სააკაშვილის პოლიტიკა ისეთი ეფექტიანი იყო, რომლის მსგავსსაც ვერავინ წარმოიდგენდა ამ რეგიონში. მან ისეთ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი, რომ პოზიტიურ შედეგებს კიდევ დიდხანს ვიგრძნობთ. მიშა მხოლოდ რევოლუციით კი არ მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ მისი პრეზიდენტობის მთელი პერიოდი იყო რევოლუცია. ხელისუფლება პოპულისტური ხერხებით მუდმივად ხელისუფლებაში დარჩენას კი არ ცდილობდა, არამედ იბრძოდა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

- სააკაშვილმა ბოლო დღეებში ბევრ უცხოელს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ეს როგორ გავიგოთ?
- პრეზიდენტს სურდა, მოქალაქეობა მიენიჭებინა ქართული წარმოშობის უცხოეთში მცხოვრები პირებისთვის. ჩვენ დიდხანს მოგვიწია ცხოვრებამ ჩაკეტილ სივრცეში, არსებობს ისეთი უნარები და ღირებულება, რაც უნდა გვქონდეს და არა გვაქვს. ეს შეეხება სამეწარმეო სულისკვეთებას და ურთიერთობას გარე სამყაროსთან. უცხოეთში მცხოვრები ქართველები, თუ ჩვენთან საქმიანობის საშუალება მიეცემათ, დიდ წვლილს შეიტანენ ამ თვისებების განვითარებაში.

- ეთნიკური ქართველების გარდა სხვებმაც მიიღეს იმ დღეებში მოქალაქეობა. როგორ ხდებოდა შერჩევა და გათვალისწინება იმისა, რომ ქართული გულმოწყალებით არ ისარგებლებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირები?

- არ ვიცი, ვის გულისხმობთ. პრეზიდენტი ანიჭებდა მოქალაქეობას მას, ვისზეც ჰქონდა ინფორმაცია, რომ არათუ ეს პრობლემა, დანაშაულის საფრთხეც არ იქნებოდა.

- მუხროვანის ინციდენტს, როგორც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, როგორ შეაფასებდით?
- არ ვარ დეტალებში გარკვეული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე გვქონდა ამბოხთან სამხედრო ნაწილში ან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან.

- სააკაშვილმა მერაბიშვილის ნათქვამზე კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ლიდერმა ჩაძირული თანამებრძოლები სამაშველო რგოლის გარეშე დატოვა?
- გაუგებარია, რატომ უნდა ვუწოდო "ჩაძირული" მათ, ვინც გაუგებარი ბრალდებებით არიან დღეს ციხეში. მერაბიშვილი და ახალაია არიან კლასიკური პოლიტპატიმრები. დღესაც და უკვე ერთი წელია, მათ ვერაფერს უმტკიცებენ და ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსი ჩაძირული კი არა, დიდი მომავლის მქონეც შეიძლება იყოს. ასევე გაუგებარია მიშას კომენტარის შეფასებაც. სამწუხაროდ, ის კითხვაც არ მომისმენია, რაც დაუსვეს, თუმცა წარმომიდგენია, ეს იქნებოდა ჭორაობის მსგავსი კითხვა, რომელსაც, ალბათ, თავი აარიდა იმის გამო, რომ არ სურს, ჩაერთოს შიდაპოლიტიკურ გარჩევებში.

- მინდა, კეზერაშვილის საქმეზეც გვითხრათ...

- ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილის, საკურაციო სფერო იყო სამხედრო განათლება, წვრთნები და ანალიტიკა, ამიტომ ამ საკითხში არა ვარ ჩახედული.

- მაშინ ანალიტიკურად მიპასუხეთ, როგორ შეძლო ჩვეულებრივმა ჩინოვნიკმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ორ თვეში მილიონერად გადაქცევა.

- წარმოდგენა არა მაქვს. გამდიდრდა თუ არა, ეგეც არ ვიცი. ან, თუ გამდიდრდა, როგორ შეძლო, არც ეს ვიცი. არა მაქვს მასთან უშუალო კავშირი, რომ დამატებითი ინფორმაციით გაგახაროთ.

უტა ბიწაძე

Luchia
19 თებერვალი 2014 00:13
რაღა "ანავალ-განავალი" და რაღა ეს მაკულატურა - კვირის პალიტრა!!! ამ გაზეთის ჟურნალიუგასთAნ როგორ უნდა Dაიჭირო საქმე.... ისე მეც რამ შEმომახეტა აქ
mixo
17 თებერვალი 2014 14:32
ვაი შEნს პატრონს უბედურს ძაღლებზე სანადიროდ როდის მიდიხართ გაგვაგებინე
მანანა
13 თებერვალი 2014 14:24
ჩასკდი შენ, რა გამაცინეეე, სათაური გლიჯავს!:)))))

რედაქტორის რჩევით