მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"ოცნება" და დემოკრატია

დემოკრატია ან არის, ან - არა, მაგრამ როგორც ეტყობა, ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან დემოკრატია სხვადასხვანაირად ჩანს. როცა ოპოზიციაში ხარ, დემოკრატიის მაღალ სტანდარტს იცავ და ხელისუფლებასაც ამას სთხოვ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში ფეხი მიგიცდება, დემოკრატიის საშუალო ან სულაც დაბალი სტანდარტიც გაკმაყოფილებს. ასეა საუკეთესო შემთხვევაში, თორემ ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვახსოვს, დიქტატურას სანიმუშო დემოკრატიად რომ გვასაღებდა, მაგრამ "აკი გადავარდაო, ის სატიალო, აკი გადავარდაო?" ახლა ახალი ხელისუფლება გვყავს და მისგან ველით იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებსაც თავად უყენებდნენ ძველ ხელისუფლებას. მოკლედ, დღეს ასეთი სიტუაციაა: "ოცნებას" არასაპარლამენტო ოპოზიცია (აბა, პარლამენტში ოპოზიცია მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა" და იმან სხვას რა უნდა მოსთხოვოს?!) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იმ მოთხოვნების შესრულებას სთხოვს, რომელთაც თავად უყენებდნენ ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციაში იყვნენ.

ეუბნებიან: როცა ოპოზიციაში ერთად ვიყავით, ხომ ითხოვდით მერის ასარჩევად 50-პროცენტიან ბარიერს? ითხოვდით! ჩვენთან ერთად ხომ ითხოვდით მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლას? ითხოვდით! ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შედგენასაც ხომ ითხოვდით და ამბობდით, ასეთი სიის შედგენას ბევრი არაფერი სჭირდება, ბოლივია ჩვენზე დიდი ქვეყანაა და ეს ორ თვეში გააკეთაო? ამბობდით! ჰოდა, ახლა გააკეთეთ ეს ყველაფერიო. ოოოო, - ამბობს "ოცნება", - ახლა მთლად მასეც არაა საქმეო. ჩვენ შეიძლება ბევრ რამეს ვითხოვდით, მაგრამ იმიტომ, რომ "ნაციონალები" ცუდი ბიჭები იყვნენ და შეეძლოთ ბევრი რამის სათავისოდ გამოყენება, მაგალითად, არჩევნების გაყალბება. ახლა კი რა საჭიროა ეს ყველაფერი? ჩვენ ხომ კარგი ბიჭები ვართ და ცუდად არ მოვიქცევითო?!

მართალია, ამას ასე პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მიანიშნებენ, ან უარეს შემთხვევაში, ისეთი არგუმენტები მოჰყავთ, "ნაციონალებისგან" ბევრჯერ რომ მოგვისმენია. სწორედ ისინი ამბობდნენ, ზოგ დემოკრატიულ ქვეყანაში საერთოდ არ არის ბარიერი და ეს ხელს არ უშლით, სამართლიანი არჩევნები ჩაატარონო. "ოცნებაც" ამას ამბობს დღეს, მათაც "ნაციონალებივით" ერთი ქვეყნის მაგალითი მოჰყავთ, ოღონდ ამჯერად - ისრაელის: იერუსალიმის მერსაც 40%^-იანი ბარიერით ირჩევენო...

40%-იანი ბარიერი ხომ წინ გადადგმული ნაბიჯია, ადრე მხოლოდ 30% იყო, ერთბაშად ამდენი დემოკრატია რა ამბავია, გაწყენთო - დაახლოებით ასე ჟღერს მათი არგუმენტები. 50%-იანი ბარიერი რომ დავადგინოთ, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შეიძლება მეორე ტური გახდეს საჭირო და ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვსო. დემოკრატია ყოველთვის მოითხოვს ხარჯებს. არჩევნები სულაც ხარჯი არ არის? ჰოდა, გავაუქმოთ ეს არჩევითობაა თუ რაღაცა და ფულიც დაგვეზოგება. ბიომეტრიას რაც შეეხება, რაღად გინდათ, ჯერ ერთი, ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ, მეორეც, რაღაც ბიომეტრიის მსგავსს ხომ ვაკეთებთ და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯიაო.

მოკლედ, ყველა სფეროში წინ მივიწევთ, მაგრამ იმ მაღალ სტანდარტებს, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ითხოვდნენ, მაინც ვერ ვუახლოვდებით. აქ პროცენტებსა და მეტ თუ ნაკლებ წინსვლაში კი არ არის საქმე, აქ მთავარია კითხვა: იღებს თუ არა ხელისუფლება ისეთ საარჩევნო კანონს, რომელიც მას უპირატესობას ანიჭებს? ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ამბობს, რომ - დიახ, სწორედ ასეა. მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი  "ნაციონალური მოძრაობისგან"? იმით, რომ 30%-იანი ბარიერი 40%-მდე გაზარდეს? დემოკრატია ხომ წინასაარჩევნოდ ყველა მოთამაშისთვის თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს? ჰოდა, ასეთი დემოკრატია "ოცნების" ხელში ისევ ოცნებაა.

ერთმანეთზე უარესები

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით თუ "ქართული ოცნება" იმას მაინც იჩემებს, "ნაციონალებზე" უკეთესი ვარო, თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმავეს თქმა  ძალიან გაუჭირდებათ. ან როგორ უნდა თქვან, როდესაც მათი მთავარი დამრტყმელი ძალა  "ნაციონალები" არიან, უფრო სწორად, ყოფილი "ნაციონალები" ანუ პორტირებულები,  "ქოცნაციონალები" - ესეც მათი ახალი სახელია. რაც უნდა უცნაური იყოს, სწორედ ისინი არიან ყველაზე აგრესიულები თავიანთი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ და პასუხსაც შესაფერისს იღებენ. ბოლო ეპითეტი, რომელიც მათ გიგი უგულავასგან დაიმსახურეს, "აღზევებული მდაბიო" იყო. ვნანობ, ამ ხალხს პოლიტიკაში გზა რომ გავუხსენიო. რა საინტერესოა, მეტს არაფერს ნანობს? თუმცა უგულავას სინანული იქით იყოს. დავუბრუნდეთ საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც პოლიტიკური ბრძოლა მარაზმად იქცა და ეს პარასკევს ყველამ იხილა გადაცემაში "რეაქცია".

ყოფილი ქრისტიან-დემოკრატები და ყოფილი "ნაციონალები" ისე უტევდნენ მოქმედ "ნაციონალებს", თითქოს ერთმანეთის შესახებ პირველად გაიგესო. კომპრომატებს, სურათებს აფრიალებდნენ და წამყვანმა ვერაფრით მოახერხა მათი იმ ბავშვებით დაინტერესება, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდნენ. პოლიტიკოსები ვერაფრით შეელივნენ პოლიტიკურ კინკლაობას, ვერც  - ერთმანეთის ლანძღვას. აი, ეს ხალხია დღეს "ოცნების" დასაყრდენი და სწორედ ამ ხალხით ცდილობს "ოცნება" თბილისში უპირატესობის მოპოვებას. ჯერ იყო და, საქმეში საგამოძიებო ორგანოები ჩართეს და ასე გადადენეს "ნაცების" ხალხი "ოცნების" რიგებში - არ ითაკილეს "ნაციონალების" მეთოდების გამოყენება, დღეს კი თბილისის ბიუჯეტს არ იღებენ, რათა წინასაარჩევნოდ მერია და გამგეობები "ნაციონალებისგან" გაწმინდონ. ბიუჯეტის ვერმიღების შემთხვევაში ხომ მერიაც და საკრებულოც იშლება და ქალაქში ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა მყარდება, ანუ მერის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნავს.

მეორე მხრივ, ძნელია, ამ დაპირისპირებაში "ნაციონალები" გაამართლო, რადგან ეჭვი, რომ ისინი ბიუჯეტს წინასაარჩევნოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, მართლაც დიდია. ამ იწილო-ბიწილოში კი ადამიანები საკუთარი პრობლემების წინაშე კვლავ მარტონი რჩებიან.