"იმის გამორიცხვა, რომ ყოფილი მწამებლებიდან ვინმე დარჩა ციხეებში, არ შემიძლია"
17-02-2014
"იმის გამორიცხვა, რომ ყოფილი  მწამებლებიდან ვინმე დარჩა ციხეებში, არ შემიძლია"
"პატიმრები ვერც დანიშნავენ ციხის დირექციას და ვერც მოხსნიან"

"პროტესტი მაშინ შეწყდება, თუ ციხის კარს გავაღებთ და ყველა პატიმარს გავუშვებთ"

26 მილიონი იხარჯებოდა პატიმრების კვებაზე და იქიდან მინიმუმ ნახევარს იპარავდნენ

"თუ რომელიმე თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლება"

"ზოგი პრივილეგირებული პატიმრის საკნის კარი ღამით არ იკეტებოდა"


გასულ წლებთან შედარებით, ციხეში პატიმართა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, ამჟამად 9000-ზე მეტი პატიმარია გისოსებს მიღმა, აქედან 7000-მდე რეციდივისტია 2-ჯერ და მეტჯერ ნასამართლევი. ბევრი მკვლელობაში,
ძარცვა-ყაჩაღობაშია ბრალდებული, იქ არიან  ქურდული სამყაროს წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულნიც.... გასულ კვირას გეგუთის დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს დიდი ხმაური მოჰყვა.


"კვირის პალიტრა"  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარს ესაუბრა:

- გეგუთში 800-მდე პატიმარი შიმშილობდა კონკრეტული მოთხოვნებით, შიმშილობა უკვე შეწყდა, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რა შეთანხმება შედგა
პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის?

- არანაირი საფუძველი არ ჰქონდა შიმშილობას და არანაირი მოლაპარაკება არ მომხდარა, თავად პატიმრებმა შეწყვიტეს.  მას შემდეგ, რაც შიმშილობა შეწყდა, მოთავეები სხვადასხვა დაწესებულებაში გადავიყვანეთ. ახლა მნიშვნელოვანია, დავიწყოთ გამოძიება, რაც ხდებოდა ციხის გარეთ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანებს არ აძლევდნენ ავადმყოფების საავადმყოფოში გადაყვანის საშუალებას. წიხლებს ურტყამდნენ, იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, ხულიგნობა, აგინებდნენ პატრულის თუ ციხის თანამშრომლებს. გარკვეული კატეგორიის პატიმრები ითხოვდნენ ციხის დირექციის შეცვლას. პPირდაპირ ვთქვათ, პატიმრები ვერც დანიშნავენ ციხის დირექციას და ვერც მოხსნიან. თუ დირექტორი ან თანამშრომელი რამეს დააშავებს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ ვერ მართავს, დატოვებს თანამდებობას, ამის გარანტი მე ვარ, ოღონდ ამას ჩვენ გადავწყვეტთ და არა კრიმინალური ავტორიტეტები.

- დანაშაული სახეზეა, 4 თებერვალს სცემეს პატიმარ იმედა ხუხუნაშვილს, ადასტურებთ ამას?

- პატიმარი ნამდვილად იყო ნაცემი, მაგრამ ეს დაზიანებები ჩვენ აღმოვაჩინეთ, ჩვენმა სამედიცინო ნაწილმა მოახდინა მათი დეტალური დოკუმენტირება, ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და ჩვენვე დავნიშნეთ ექსპერტიზა. იქ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იყო, პროკურატურას გადავუგზავნეთ მასალები და დაიწყო გამოძიება. ანუ, ჩვენი რეაგირება სწრაფი და ადეკვატური იყო. როცა პატიმრებმა და ომბუდსმენმა მოითხოვეს გამოძიების დაწყება და საქმეში პროკურატურის ჩართვა, ამ დროს ჩვენ ეს უკვე გაკეთებული გვქონდა.

- ვინ სცემა პატიმარს? როგორც ამბობენ, ციხის უფროსმა კახა ბებიამ.
- ეს ტყუილია. ვიცით, ვინც სცემა, გვარ-სახელიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ, რადგან ეს ჯერ გამოძიების სამუშაო ვერსიაა, ჯობს, დაველოდოთ...

- ამ პატიმრის ცემას მოჰყვა გეგუთში შიმშილობის დაწყება?
- კარგი კითხვაა. ჩვენ დაახლოებით სამი კვირით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ გეგუთში პატიმრები აპირებდნენ შიმშილობას და ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახალხო დამცველს, რამდენიმე ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ წინასწარ ინფორმაცია არა გაქვს, ვერ მოიგონებ. მაგალითად, წინასწარ ვიცოდით, რომ პატიმრები იტყოდნენ, თითქოს საჭმელში მწერები აღმოაჩინეს. როცა შემდეგ პატიმრებმა ეს თემა წამოსწიეს, აშკარა იყო, რომ ეს წინასწარ დაიგეგმა. ამას დაემთხვა პატიმრის დაზიანებებიც და ესეც გამოიყენეს ვითარების ესკალაციისთვის.

- თუ ინფორმაცია გქონდათ, რატომ არ მოხდა პრევენცია?

- პრევენცია სწორედ ის იყო, რომ უფლებადამცველებს წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია და ამით ცხადი გავხადეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი აფერა. ხმამაღლა რომ გვეთქვა, რასაც აპირებდნენ, სხვა მიზეზს მოიგონებდნენ და აქცია მაინც შედგებოდა. რეალობა ის არის, რომ პატიმრების ნაწილს არ მოსწონს რეჟიმის გამკაცრება, კანონის ჩარჩოებში მოქცევა და ამას აპროტესტებენ, ოღონდ ხმამაღლა სხვა რამეს ამბობენ. პროტესტი მხოლოდ მაშინ შეწყდება, თუ ციხის კარს გავაღებთ და ყველა პატიმარს გავუშვებთ. იმედია, ასეთ პრევენციას არ გულისხმობთ.

- რას გულისხმობთ რეჟიმის გამკაცრებაში?
- უფრო მკაცრ კონტროლს, რომ არ შევიდეს აკრძალული ნივთები - ტელეფონები, ფსიქოტროპული ნივთიერებები... დასამალი არ არის, ზოგიერთი პატიმარი, როცა საავადმყოფოებში სამკურნალოდ ან გამოკვლევებზე გაგვყავდა, უღირსად იქცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა ექიმებს. ზოგი პრივილეგირებული პატიმრის საკნის კარი ღამით არ იკეტებოდა. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცა, ამიტომაც დაიწყო უკმაყოფილება.

- თუმცა შედეგი მძიმე იყო, თვითდაზიანება ათეულმა პატიმარმა მიიყენა.

- არც ერთი სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. 17 პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ ჭრილობები დაუმუშავეს. 14-ს ჩვენმა ქირურგებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ხშირია შემთხვევა, როცა პატიმარი თვითდაზიანებას იყენებს იმის გამო, რომ ითხოვს ნარკოტიკს, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც რეჟიმით არ ეკუთვნის. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს, შევუსრულოთ მოთხოვნები და ეს იქნება პრევენცია? რეჟიმის გამკაცრების შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ ნახევრად ღია დაწესებულებებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ე. წ. ავტორიტეტების დახურულ დაწესებულებებში გადაყვანას. არ ვგულისხმობ ე.წ. კანონიერ ქურდებს, ყველა მათგანი მეშვიდე დაწესებულებაში გვყავს, თუ არ ჩავთვლით ტარიელ ფოცხვერიას, რომელიც საავადმყოფოშია მანამ, სანამ მისი გამოკვლევა დამთავრდება, შემდეგ ისე ვიმოქმედებთ, როგორც სამედიცინო დასკვნა გვიჩვენებს. კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ, სხვებზე გავლენა გაავრცელონ, მსოფლიოს არც ერთი ციხე არ არის მათ გარეშე, მაგრამ რაც აქ ხდებოდა შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც, ანომალია იყო.

ამოვიღეთ ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, როგორ ახვედრებდნენ 2009-2012 წლებში კანონიერ ქურდებს და ე. წ. მაყურებლებს ერთმანეთს. მეშვიდე დაწესებულებიდან გადაჰყავდათ მეექვსეში, დახურულ დაწესებულებაში რამდენიმე დღით ან რამდენიმე საათით და იქ იმართებოდა შეხვედრები.

- უმძიმესი ბრალდება გაისმა, რომ 10 წლის ბავშვი გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.
- ეს აბსოლუტური ტყუილია, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. თუმცა, ჩხრეკაზე გაცილებით სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ხშირად ბავშვებს იყენებენ ნარკოტიკის შესატანად.
აკრძალული ნივთების, მათ შორის ნარკოტიკისა თუ ტელეფონის შეტანას ხშირად ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით - უკანა ტანით, გალავანზე გადაგდებით   და სხვა.…
რამდენიმე დღის წინ ამოვიღეთ სამი შეფუთული ტელეფონი, რომელიც ქსნის დაწესებულების ეზოში გადააგდეს გარედან. ორივე დაკავებულია - ისიც, ვინც გადააგდო და ისიც, ვისთანაც ეს ტელეფონები უნდა შესულიყო.

საზოგადოდ, გეგუთი და კიდევ რამდენიმე დაწესებულება ძალიან მოუწესრიგებელია, არანაირი ვიდეოკონტროლი არ არის. გეგუთში 7 ჰექტარი ტერიტორია ქვებით იყო მოხრეშილი. ვფიქრობ, შეგნებულად შეიტანეს. პატიმრებს შორის ჩხუბი რომ ამტყდარიყო, ნებისმიერს შეეძლო მეორის მოკვლა ქვით. ახლა მოვაბეტონეთ, რომ ეს პრობლემა მოხსნილიყო. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ სერიოზული ძვრებია და რამდენიმე თვეში ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება. ყველაფრის ბოლომდე გამართვას კი, ალბათ, 2-3 წელი დასჭირდება. სამი დღე ავრცელებდნენ ტყუილს, თითქოს გეგუთში სპეცრაზმი შევიდა, არადა, არ ყოფილა შეყვანის აუცილებლობა და არც ვაპირებდით. გეგუთში იგივე ხელწერა იყო, რაც 2012 წლის ოქტომბერში მოხდა რუსთავის მე-16 დაწესებულებასა და ქსანში. თუ სპეცრაზმის საჭიროება იქნება, წინ ვერავინ დაგვიდგება, რადგან ეს არის კანონის მოთხოვნა.

- ციხის უფროსად დანიშნული ბებიას მისამართით უამრავი პრეტენზია ისმის, რა კრიტერიუმით დაინიშნა იგი ამ თანამდებობაზე?

- დაახლოებით ერთი თვეა, რაც დაინიშნა. დეპარტამენტის თავმჯდომარის ნდობით სარგებლობს. აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ, როგორც ძალიან აქტიურმა ადამიანმა, გამოიჩინა თავი. თუმცა ისევ გავიმეორებ, თუ რომელიმე თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლება,
ხოლო თუ მათ წარსულზეა ლაპარაკი, წარმოადგინონ ფაქტები და ვიმსჯელებთ.

- ამბობენ, თითქოს გეგუთში ისევ გროვდება "ობშჩიაკი".

- ქურდული სამყარო რომ არ გამქრალა, ვიცით. რამდენიმე დღის წინ ციხის გარეთაც ჩაატარა პოლიციამ სპეცოპერაცია და ქურდული სამყაროს წევრები დააკავა, იქაც "ობშჩიაკის" თემა იყო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ კრიმინალური სამყაროს გავლენა აღმოიფხვრა, გნებავთ, ციხეებში და გნებავთ, ციხის გარეთ, შეუძლებელია, მაგრამ აქეთ მივდივართ. ამას ემსახურებოდა ის რეფორმა, რომელიც უკვე გატარდა, როცა მომსახურე პატიმრებს ე.წ. "აბსლუგას" ხელფასი დაენიშნათ. რეფორმით მრავალათასიანი შემოსავალი დაკარგეს მომსახურე პატიმრების ე. წ. ბრიგადირებმა და კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებიც მათი შემოსავლების წილში იყვნენ. ესეც ერთგვარი "ობშჩიაკის" თემა იყო, რაც გავაუქმეთ პირველად საქართველოს ციხეების არსებობის ისტორიაში.
დანაშაული ყოველთვის არსებობდა და იარსებებს.

რომ გითხრათ, დანაშაული არ ხდება, არ არის მცდელობა, შეიტანონ ნარკოტიკი, ტელეფონი, პატიმრები ერთმანეთში არ ჩხუბობენ, არ არსებობენ ციხის კორუმპირებული თანამშრომლებიო, დამიჯერებთ? გეგუთში მიმდინარე მოვლენებში დიდი წვლილი დაწესებულების თანამშრომლებს მიუძღვით, მათაც არ მოსწონთ ახალი წესები, სწორედ მათ ნაწილს შეჰქონდა ციხეში ფსიქოტროპული წამლები, ნარკოტიკი, ტელეფონები.

თავისუფლების მეტროსთან დააკავეს ჩვენი ექიმი ნარკოტიკით, სავარაუდოდ, ციხეში უნდა შეეტანა. მასზე დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსგავს რამეში იყო ჩართული და თვალყურს ვადევნებდით. ტელეფონის შეტანაზე რუსთავშიც დაიჭირეს  ექიმი. ასე რომ, მცდელობა სულ არის. არაერთი ჩვენი თანამშრომელი დავიჭირეთ. არ ვაბრალებ იმას, რომ იქ ძველი კადრები არიან, ახლებს შორისაც არიან ასეთები.  

- იმასაც ამბობენ, რომ ციხეში ტელეფონის შეტანა 500 ლარი ღირს, ხოლო ლეპტოპის - 2..000 ლარი, ამას ადასტურებთ?
- რასაკვირველია, ტელეფონის შეტანას ვადასტურებ და მცდელობაზე არაერთი პირი დავაკავეთ, ლეპტოპის შეტანა კი ჯერ არ უცდიათ. "ნაცმოძრაობის" დროსაც ასე იყო, ნახეთ, რამდენი საქმეა აღძრული ნარკოტიკებისა და მობილურის შეტანაზე.

- იმასაც ამბობენ, პატიმრები სკაიპით რეკავენ ახლობლებთან და დაბადების დღეებსაც ამ გზით აღნიშნავენ, ერთმანეთს სკაიპით ადღეგრძელებენო...

- ძალიან კარგი იქნება, თუ მომცემთ კონკრეტული პატიმრის გვარს, ვინც რეკავს, შესაბამისად, სამი წელი დაემატება აკრძალული ნივთისთვის.

- იმასაც ამბობენ, მართალია, ახლა შეწყდა გეგუთში შიმშილობა, მაგრამ მალე ისევ დაიწყება, რადგან გაყვანამდე პატიმრებმა სიტყვა დატოვეს ციხეშიო... ამას ადასტურებთ?

- ვადასტურებ, დაიბარეს, რომ 2-3 კვირაში თავიდან დაეწყოთ აქცია და აქცენტი გაეკეთებინათ მენიუზე, კალორიულობის შემოწმებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ... არადა, წლების განმავლობაში პატიმრებს საჭმელი არ ჰქონდათ, თუ სამედიცინო მომსახურებას მოითხოვდნენ, ისე სცემდნენ, სამი თვე საწოლიდან ვერ დგებოდნენ. დღეს, როცა მაქსიმუმს ვაკეთებთ, ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არაკეთილსინდისიერი საქციელია. რაც შეეხება კვებას, ასეთი ხარისხიანი საქართველოს ციხეებში არასდროს ყოფილა. 17 თებერვლიდან მენიუ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან ძალაში შედის ახალი კონტრაქტი.

- ანუ როგორც პატიმრები ამბობდნენ, ტარაკანა არ არის საჭმელში?

- ასეთ აბსურდზე ხუმრობითაც არ მინდა კომენტარის გაკეთება. წლების განმავლობაში დაახლოებით 26 მილიონი იხარჯებოდა პატიმრის კვებაზე, თითო პატიმარზე თვეში 90 ლარი იყო გამოყოფილი. ახლაც 90 ლარი ჯდება პატიმრის კვება. გამოჰკითხეთ პატიმრები, შეადარეთ, რა ხდებოდა მაშინ და როგორია კვება დღეს. მაშინ პატიმრები საკვებს არ ეკარებოდნენ, რადგან ჭამა შეუძლებელი იყო. კვებაზე გამოყოფილი 26 მილიონიდან მინიმუმ ნახევარს იპარავდნენ.

ერთი მონოპოლისტი ფირმა იყო. იგივე ფირმა ემსახურებოდა ციხის მაღაზიასაც და იგივე ფირმა აკეთებდა საჭმელსაც. საკვები არ ვარგოდა და პატიმარი ამიტომაც მიდიოდა მაღაზიაში. იქ პროდუქტს 2-3-ჯერ ძვირად ყიდულობდა, ვიდრე გარეთ იყო, ასე კეთდებოდა ორმაგი ფული. სადღესასწაულო დღეებში ერთი მაღაზია დღეში 150-200 ათას ლარს ვაჭრობდა. შეგნებულად ამზადებდნენ ცუდ საჭმელს და იპარავდნენ ფულს.

ცუდი საჭმელები სად მიდიოდა, ცალკე თემაა.

- სად?
- ამით ციხის დირექტორები ხეირობდნენ, გახსნილი ჰქონდათ ღორების ფერმები და მათ კვებავდნენ. ეს უკვე ქვედა დონის ბიზნესი იყო. ახლა ეს პრობლემები მოგვარებულია. საჭმელი თითქმის არ რჩება. კალორიულიც არის და მრავალფეროვანიც. გამოვაცხადეთ ტენდერი ცალკე მაღაზიებზე, "გუდვილმა" გაიმარჯვა, ფასწარმოქმნაში ვერ ვერევით, მაგრამ ხელშეკრულებით დაწესებულია, რომ საცალო ვაჭრობაში რაც აქვთ, იმაზე მეტი ფასის დაწესება არ შეუძლიათ. აფთიაქებზეც გვქონდა ტენდერი გამოცხადებული და "ავერსმა" მოიგო, მაგრამ ის გასვლას აპირებს, რადგან ვაჭრობა ძალიან დაბალია. წამლებით მომარაგება ისეთ დონეზეა, რომ იქაურ აფთიაქებს ვაჭრობა ჩაუვარდათ.

- დიდი ხმაური მოჰყვა სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ნივთების ქონა აუცილებელია?
- შარშან, თებერვალში, დავიწყეთ ამაზე მუშაობა. იქ არის სპეცსაშუალებების აბსოლუტურად ლეგიტიმური ჩამონათვალი. ადრე მხოლოდ ეწერა, რომ შეიძლებოდა ხელბორკილი და ცეცხლსასროლი იარაღი, სხვა რამ ჩამონათვალში არ იყო, თუმცა, იყენებდნენ. ციხის ამბოხის დროსაც გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ეს უკანონო იყო. დღეს ჩვენს საწყობში დევს უამრავი ასეთი ნივთი. ჩვეულებრივი გაზიც, წიწაკის გაზიც, რეზინის ტყვიებიც, თავისი გასასროლი იარაღით, არაფერს ვამბობ ისეთ იარაღებზე, რომელიც საერთოდ არ სჭირდება სასჯელაღსრულებას. ეს ყველაფერი "ნაცმოძრაობის" პერიოდშია შეძენილი და იყენებდნენ კიდეც, თან უკანონოდ. ჩვენ არაფერი შეგვიძენია. ეს სჭირდება სისტემას, ოღონდ კანონში უნდა იყოს გაწერილი პუნქტობრივად, რისი გამოყენება როდის შეიძლება. შარშან თებერვალში ღუდუშაურის კლინიკაში რომ ატეხეს ხმაური პატიმრებმა და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა, ჩვენი თანამშრომელიც დაიღუპა, იქ რომ მას სპეცსაშუალება ჰქონოდა, 2 წუთში განიმუხტებოდა სიტუაცია.

- თქვენი ბადრაგის თანამშრომელს ნეკნები ჰქონდა დამტვრეული, ის გარდაიცვალა, აგო ვინმემ ამაზე პასუხი? ოჯახი დღემდე ითხოვს დამნაშავეების დასჯას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

- როგორც ვიცი, მისი გარდაცვალების მიზეზი გული იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სპეცსაშუალება აუცილებელია.

- ძველი მწამებლები ისევ არიან სისტემაში?

- ის თანამშრომლები, რომლებიც წამებაში არიან მხილებული, სისტემაში აღარ არიან. ვინც იდენტიფიცირებულია, ყველა გაშვებულია და მათზე მასალები გადაცემულია პროკურატურაში. თუმცა იმის გამორიცხვა, რომ ვიღაც დარჩა, არ შემიძლია. 3 თვის წინ ჩხრეკას ვატარებდით მეექვსე დაწესებულებაში და მერვე დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი ამოიცნო პატიმარმა, როგორც მისი მწამებელი. ისიც გავუშვით სისტემიდან. 

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, დარბაისელს ხშირად აკრიტიკებენ, კუდ-ში მუშაობის პერიოდს ახსენებენ, სხვა ბრალდებებსაც უყენებენ... იმასაც ამბობენ, რომ პატიმარს სცემა. რა ნიშნით შეარჩიეთ იგი?
- 2008 წელს დატოვა პოლიცია და არჩევნების შემდეგ ისევ დაბრუნდა, მანამდე კი კუდ-ში კი არა, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.

- მის წინამორბედს, მიხეილ ღურწკაიას დადებითად ახასიათებდით, მის პროფესიონალიზმზე ამახვილებდით ყურადღებას, ერთად ბევრი გეგმა გქონდათ და უცებ მოხსენით, რატომ? ამბობენ, რომ მაია ხასიას მსგავსად დაუპირისპირდა გენინსპექციის უფროს მირზა სუბელიანს და ამას შეეწირა.

- გამოცდილი მუშაკი იყო, მაგრამ მოხდა ცვლილება, შეიძლება ხვალ მეც არ ვიყო ამ თანამდებობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეგმები არ განხორციელდება. ასეთი საკადრო ცვლილებები არ წყდება გენინსპექციის დონეზე. 

- ქალთა კოლონიის პატიმრებიც შიმშილობდნენ, ისინი რას ითხოვდნენ?
- ეს შიმშილობაც გეგუთს დაუკავშირეს, მაგრამ ასე არ იყო. უფრო ადრე პატიმარმა ქალებმა დაიწყეს შიმშილობა, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებასა და საქმეების გადასინჯვას ითხოვდნენ. ვერ მივიღებ შენიშვნას ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე, რადგან წლის განმავლობაში 300 ქალია გათავისუფლებული, მაშინ როცა მანამდე, 2 წლის განმავლობაში, მხოლოდ 40 გაათავისუფლეს. "ნაციონალების" დროს ციხეში 1200 ქალი იხდიდა სასჯელს, ახლა კი 250-ზე ნაკლებია. მათ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს, ეს მისი პრეროგატივაა. პატიმარმა ქალებმაც შეწყვიტეს შიმშილობა.

თეა ხურცილავა
tamaz
18 თებერვალი 2014 12:39
ფშაველა,
აბა შენ რა გინდა, პატიმრებს შემწვარ-მოხრაკული არ მოაკლონ? იცი, რომ ციხის გარეთ ძალიან ბევრი ადამიანი დღეში 3 ლარზე ნაკლები პროდუქტებით კმაყოფილდება?
! ! !
17 თებერვალი 2014 20:29
ბატონი სოზარს შარშან 8 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ, თურმე, ბიუჯეტის ხარჯზე იკვებებოდა.

როგორც შარშანდელი „ქრონიკა+“-ის მაისის ნომრის მე-14 გვერდზე ეწერა და შესაბამისი ხელშეკრულებაც იყო გამოქვეყნებული, სასჯელაღსრულების სამინისტროს, მთელი წლის განმავლობაში ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული რამდენიმე რესტორანთან ( „მეტეხის ჩრდილი“, „პურის სახლი“, „მასპინძელო“), სარესტორნო მომსახურების ფასი - 5 000 ლარიც გადაურიცხავს და 8 000 ლარიანი ხელფასის მქონე მინისტრს შესვენებაზე ჩვენ ვაჭმევდით გაძვალტყავებული ხალხის მიერ შეგროვილი ბიუჯეტიდან.

ნეტავ, არ ეუხერხულება?
fshavela
17 თებერვალი 2014 18:50
სოზარ ერთი შენ იცხოვრე 90 ლარად თვეში რასაც შეჭამ იმასაც ნახავ. 3 ლარად დღეში 1 კგ კარტოფილი და 1 პური მოგივა.
სრულყოფილი კვებაა ეს, მითუმეტეს დაკეტილ სივრცეში???

გ ა დ ა დ ე ქ ი ს ო ზ ა რ !

რედაქტორის რჩევით