ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
17-02-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
წასვლა-არწასვლა - საკითხავი აი, ეს არის?!

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ცარიელ ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს მაგონებს. უნდა წავიდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრაზე - მე ასე არ დავსვამდი საკითხს. უფრო მართებული იქნებოდა კითხვა: რატომ არ უნდა წავიდეს?! რას კარგავს საქართველო ამ შეხვედრით?! პასუხი მარტივია: არაფერს. აი, წაუსვლელობა კი ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ.

როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სა თუ
ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენი უარის მიზეზი: რა, იმის შიში გვაქვს, რომ რუსეთმა შუა საუკუნეების სპარსეთისა თუ თურქეთის მსგავსად, მძევლად არ დაიტოვოს ჩვენი ხელისუფალნი?! თუ იმის შიში, რომ საკმარისი კვალიფიკაცია და დიპლომატიური რესურსი არ გაგვაჩნია რუსეთის ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ?! თუ რუსეთთან გამკლავების სხვა რესურსი გვაქვს, გარდა დიალოგისა?! თუ
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას რუსეთთან გაბუტვა გადაგვიჭრის?! თუ თავისთავად რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრა რაიმენაირად საქართველოს კაპიტულაციას ან საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას მოასწავებს?!

მით უფრო, რომ სულ ახლახან, მიუნხენის კონფერენციის მიმდინარეობისას, ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ არაფრით აწყობთ დღეს რუსეთ-საქართველოს შორის კონფრონტაციის ახალი ტალღა, რადგან დღეს დასავლეთი უბრალოდ მზად არ არის რუსეთთან ბრძოლის მეორე ფრონტის გასახსნელად. ამას ადასტურებს უკრაინაშიც დასავლეთის პოზიციების აშკარა სისუსტეც, სადაც დასავლეთმა სულ მცირე, დროის მოგების პოლიტიკას მიმართა.

ჩვენც ავდგეთ და ვისწავლოთ დასავლეთისგან: ჩვენ ახლა ჰაერივით გვჭირდება მშვიდობიანი და უდანაკარგო რამდენიმე თვე, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერამდე. ჰოდა, იქნებ პუტინთან შეხვედრა ამ თვეების მშვიდობიანად გადაგორებისთვის გამოვიყენოთ. რატომაც არა?! გასაგებია, რომ პუტინის ინტონაციის დათბობის მიზეზები ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ თარიღში უნდა ვეძიოთ: ერთია 2015 წელი, რომელიც პუტინმა კარგა ხნის წინ დააანონსა ევრაზიის კავშირის შექმნის თარიღად, ხოლო მეორე - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დროის მოახლოება. ამ ორი თარიღიდან ერთი გამორიცხავს მეორეს და ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს გაამრავალფეროვნოს იმ ქვეყნების მონუსხვის“ მეთოდები, რომელთა ხილვა მას სურს საბაჟო კავშირში. და, რა თქმა უნდა, პუტინის ის განცხადებაც, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იყო ტრაგიკული ფურცლები, მაგრამ ახლა რუსეთი მზად არის, გადადგას ნაბიჯები ამ ურთიერთობების გამოსასწორებლად, სწორედ ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ.

მაგრამ მოდი, დავსვათ მთავარი კითხვა: რა არის ის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რისთვისაც რუსეთს სურს საბაჟო კავშირის გაფართოება და გაცოცხლება?! ის, რომ ამ გზით პუტინი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს შეაჩეროს ცენტრიდანული ანუ რღვევის პროცესები თავად რუსეთის შიგნით. მარტივი ლოგიკაა: თუ ყოფილი საბჭოთა სივრცის, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რუსეთთან კვლავ საერთო ჯერ ეკონომიკურ და მერე პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდებიან, მაშინ ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკებს წასასვლელიც არსად ექნებათ.

და აქ უკვე მივადექით მთავარ თემას: რა შეიძლება იყოს ის ხელჩასაჭიდი საკითხი, რომელიც რუსეთ-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრის განხილვის თემად შეიძლება იქცეს. საქართველოს საბაჟო კავშირში გაერთიანება და ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმა?! არამც და არამც. ბედის ირონიით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა რუსეთისთვის იმ ბუმერანგად იქცა, რომელსაც აქტიურად იყენებენ რუსეთის დაშლის მსურველები. გავიხსენოთ სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია ჯონ მაკქეინისა და ჯორჯ სოროსის ერთობლივი იდეის თაობაზე, რომელიც სწორედ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების დახმარებას ითვალისწინებს. მათ ამ იდეას სამართლებრივ საფუძვლად სწორედ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დღევანდელი ფაქტობრივი სტატუსი უდევს. ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ გობლი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამბობდა, რომ მალე რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება შეიძლება მძიმე ტვირთად იქცეს.

მეორე მხრივ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საქართველოსთვის, თუ რუსეთის უკონტროლო დაშლის პროცესი დაიწყება ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან?! მზად არის საქართველო ათიათასობით ლტოლვილის თუ შეიარაღებული პირის მისაღებად თუ გასამკლავებლად, რომელიც ასეთ შემთხვევაში საქართველოს საზღვრებს მოადგება?!

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემას საქართველოს წინა ხელისუფლება, როგორც ჩანს, რუსეთის დაშლის პროცესს უკავშირებდა. თუმცა, არსებობს მეორე გზაც: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წილ - სწორედ ეს უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ჩემი აზრით, რეალური პერსპექტივა აქვს.

ასეთ შემთხვევაში რუსეთისთვის საქართველოს მხარდაჭერა შეიძლება გაცილებით ძვირფასი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენი გაწევრების იძულება ყბადაღებულ საბაჟო კავშირში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით