"ჩვენი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება"
17-02-2014
"ჩვენი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება"
დედაქალაქი საბიუჯეტო კრიზისის ზღვარზეა. ქალაქის საკრებულომ მერიას უკვე მეორედ უთხრა უარი ბიუჯეტის დამტკიცებაზე, დარჩა კიდევ ერთი კენჭისყრა, თუმცა, სავარაუდოდ, ამჯერადაც წარდგენილ პროექტს საკრებულო ჩააგდებს. დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. ერთ-ერთი სატელევიზიო დებატების შემდეგ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის საქმე ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი:

- "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ადამიანები, რომლებიც "დაპორტირდნენ" "ქართულ ოცნებაში", ბიუჯეტის არმიღებით უპირველესად ქალაქს უქმნიან პრობლემას. ყველამ კარგად იცის
მათი გვარ-სახელები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდნენ საკრებულოში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი გადაბარგდნენ "ქართულ ოცნებაში" და ცდილობენ, დაამტკიცონ, რამდენად ერთგულები არიან "ქართული ოცნების", ამას ცდილობენ კენჭისყრებზეც, პოლიტიკური დებატების დროსაც. ყველაზე გაცხარებული გამოსვლები მათ აქვთ, რადგან ბევრი აქვთ დასამტკიცებელი თავიანთი ახალი პატრონების წინაშე. ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს,
ქალაქის მერია და საკრებულო ჩაიგდოს ხელში. თუ ბიუჯეტი ბოლო კენჭისყრაზეც არ დამტკიცდება, კანონით, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა მყარდება და სწორედ ეს აქვთ მიზნად დასახული - სურთ, ქალაქის მთავრობა დააკომპლექტონ თავიანთი კადრებით, რათა შემდგომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქის ადმინისტრაციული რესურსი მოახმარონ თავიანთ მერობის კანდიდატ ბატონ ნარმანიას.

- "ნაციონალურ მოძრაობას" ხშირად ბრალად საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უყენებდნენ, ახლაც თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში ეს საბიუჯეტო ხარჯები შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს მოხმარდეს.

- "ნაციონალური მოძრაობა" საბიუჯეტო თანხებს ახმარდა სხვადასხვა პროექტსა და ქვეყანას. თუ 2003 წლის საქართველოს დღევანდელს შეადარებთ, ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ - დაწყებული ელექტროენერგიით მომარაგებით, დასრულებული დანაშაულის შემცირებით. ამას ყველაფერს სჭირდებოდა რესურსები, რაც ბიუჯეტში იყო მობილიზებული. დღესაც მერიის მიერ მომზადებული ქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ თუ ახალი პროექტები განხორციელდება, ეს ავტომატურად "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიგი უგულავას მოუტანს პოლიტიკურ დივიდენდებს.

- "ქართული ოცნება" მერის არჩევნებისთვის ემზადება, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში," ვინ იქნება თქვენი მერობის კანდიდატი?
- მზადება ჩვენც დაწყებული გვაქვს, მაგრამ ასევე კარგად ვხედავთ "ქართული ოცნების" მზადება რასაც ნიშნავს, როგორ  აპატიმრებენ ჩვენს მხარდამჭერებს რაიონებსა თუ ქალაქებში. თბილისის მერობის ჩვენი მთავარი კანდიდატი იქნება გიგი უგულავა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებმაც გამოთქვან მერობის კანდიდატობის სურვილი, თუ ეს მოხდა, მაშინ პრაიმერს ჩავატარებთ.

- ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ბიზნესინტერესებზე საუბრობს, მათ შორის თქვენზეც. ამბობს, რომ თქვენ სამედიცინო აპარატურისა და საოფისე ავეჯის ბიზნესი გაქვთ, რომ კომპანია "ვოიაჟერი" თქვენი მეუღლის, ანა სურმავას საკუთრებაა და ამ ყველაფრით მრავალმილიონიანი მოგება მიიღეთ...
- ამგვარი რამ პირველად მესმის. ეს რა ყურით მოთრეული თემაა, არც სალუქვაძის შესახებ გამიგია რამე. ვინ არის?

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით