"ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად განხორციელდება" - კვირის პალიტრა

"ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად განხორციელდება"

მთავრობა ხუდონჰესის პროექტზე უარის თქმას არ აპირებს, არც მოსახლეობა და გარემოს დამცველი ორგანიზაციები აპირებენ უკან დახევას. რას ფიქრობს შექმნილ ვითარებაზე, ტარიფების შემცირებასა და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ბატონო კახა, ცნობილია, რომ ქვეყანაში 15 ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია. დღეს როგორია სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი.

- ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე დაახლოებით 70%-ია. თბოელექტროსადგურებისთვის ვიყენებთ ბუნებრივ აირს, ის აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ. ყველაზე დიდი პრობლემა ზამთარია, აუცილებელია, ჩვენი რესურსებით შევძლოთ ამ პერიოდში ელექტროენერგიის მიღება, თორემ გაზაფხ¬ულსა და ზაფხულში იმდენი გვაქვს, ვყიდით კიდეც.

- ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური თუ სადისტრიბუციო ქსელი უცხოელი ინვესტორის ხელ¬შია და ელექტროენერგიის ფასი მაღალია. სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია და როგორც ვიცით, ქვეყნის ინტერესები მასში გათვალისწინებული არ არის. მეტიც, "ენერგოპროსა" და "თელასთან" გაფორმებული ხელშეკრულებები დღემდე გასაიდუმლოებულია. რატომ არ ხერხდება მათი გასაჯაროება?

- ეს ხელშეკრულებები დაიდო წინა ხელისუფლების დროს და მათში ჩადებულია კონფიდენციალობის გათვალისწინების მუხლი...

- უახლოეს მომავალში ტარიფის შემცირების საკითხი გადაიხედება?

- 4 თეთრით მოვახერხეთ ტარიფის შემცირება. ამჯერად კიდევ უფრო შემცირებაზე რაიმეს თქმა ძნელია. ყველა რესურსი, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იყო, გამოვიყენეთ. ისეც არ უნდა გავაკეთოთ, რომ ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანიები დავანგრიოთ და ინვესტიციებს ხელი შევუშალოთ.

- ხუდონჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა და თქვენთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა...

- ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხაიშელებს, შეექმნათ 10-15-კაციანი ჯგუფი, მაშინ პრემიერი ჯერ ისევ ივანიშვილი იყო, რომელიც აპირებდა მათთან შეხვედრას და პროექტის მნიშვნელობის ახსნას, მაგრამ ხაიშელებმა უარი თქვეს...

- სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის მტკიცებით, შეხვედრაზე თქვენ და ინვესტორმა თქვით უარი.

- ასე არ არის.

- ბოლოს და ბოლოს, ჩავა კახა კალაძე ხაიშში?

- აუცილებლად. ამ საქმეში არის სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, დაჯგუფებები, რომლებიც აღიზიანებენ ხაიშელებს... ეს პრობლემები წინა ხელისუფლების დროს წარმოიშვა, მაგრამ მაშინ ამაზე უშიშრად ვერ ლაპარაკობდნენ, იცოდნენ, რაც მოუვიდოდათ. არ მინდა ისე მოხდეს, რომ ჩვენი ლიბერალობა ვინმემ მთავრობის სისუსტედ ჩათვალოს. ყველას შეუძლია გამოთქვას პროტესტი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტი, როგორიც ხუდონჰესია, აუცილებლად განხორციელდება. დავარწმუნებთ ხაიშელებს, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონი ლარი შევა.

- აქ არის რამდენიმე საკითხი: ეკოლოგია და გარემოს დაცვა; ინვესტორი "ტრანსელექტრიკა", როგორც ამბობენ, მას ჰესების მშენებლობის გამოცდილება არ აქვს და მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის შეიქმნა; და ხუდონის ალტერნატიული პროექტით აშენება, რომელიც გარემოს ნაკლებად დააზიანებს.

- შედგება დოკუმენტი, რომელსაც "გარემოზე ზემოქმედების შეფასება" ჰქვია. მას წარვუდგენთ გარემოს დაცვის სამინისტროს და საბოლოო დასკვნა გაკეთდება. რაც შეეხება ინვესტორის გამოცდილებას, ეს არ არის პრობლემა. მთავარია, ფინანსები, ამ ჯგუფს თუ აქვს შესაბამისი თანხები და ძალა, რომ განახორციელოს პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ "ტრანსელექტრიკას" შესწევს ამის უნარი.

- ამ ინდურ კომპანიაზე, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ეჭვობენ, რომ მის უკან რუსული კაპიტალი დგას.

- დიახ, ეს ინდური კომპანიაა, რაც შეეხება რუსულ ფულს, რა, რუსული ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში?

- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კომპანია "კალა კაპიტალ ლიმიტედი", რომლის მფლობელიც ხართ, ენერგეტიკითაც იყო დაინტერესებული. ეჭვობენ, რომ ენერგეტიკული პროექტებით პირადად ხართ დაინტერესებული.

- იყო ერთი ძველი ქართული კომპანია "საქჰიდრომშენი", სადაც 45%-იანი წილი მქონდა. მას ჩემთვის ზარალის მეტი არაფერი მოუტანია. ამიტომაც აღარც კი მახსოვდა, იქ წილი თუ მქონდა, თუმცა კანონი არ დამირღვევია, ჩემი წილის გასხვისებისთვის ათდღიანი ვადა მქონდა და ამ ვადაში გავასხვისე. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, თითქოს ჩემი და ივანიშვილის ინტერესშია ხუდონჰესის მშენებლობა, რაც სისულელეა! უბრალოდ, ყველა პროექტს ვუდგები როგორც ჩემს საკუთარს, რადგან ეს ქვეყანა ჩემიც არის და მინდა მის წინსვლაში მონაწილეობა.

- ბოლოს და ბოლოს, როდის აღმოიფხვრება XXI საუკუნეში სოფლების ელექტრიფიკაცია?

- ჩვენი მოსვლისთანავე დავიწყეთ დადგენა, თუ რამდე¬ნი სოფელი იყო უშუქოდ. ასეთი დაახლოებით 40 სოფელია. მათ 15-20 წელია ელექტროენერგია არ მისწოდებიათ, ამათგან 6 სოფლისთვის გრანტი მივიღეთ - USAID-ი და ელექტრიფიკაციის პროგრამა დაგვეხმარა. გასულ წელს 7 სოფელში შევიყვანეთ ელექტროენერგია, სხვებში წელს შევიყვანთ.

- პუტინის განცხადებას, რომ შეხვდება მარგველაშვილს, მთავრობა აქტიურად გამოეხმაურა. კომენტარი გააკეთეთ თქვენც, პუტინს უპასუხეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. ერთი რეპლიკის პასუხად ასეთი აქტიურობა ცოტა ზედმეტი ხომ არ იყო?

- ადრე თუ გვიან, დიალოგი ჩვენს პრეზიდენტთან თუ პრემიერ-მინისტრთან აუცილებლად უნდა შედგეს. ამდენი ხანია რუსეთს ოკუპანტს ვეძახით, მაგრამ ეს პრობლემა ოდესმე ხომ უნდა მოგვარდეს?

- არსებობს მოლოდინი, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე რუსეთი ჩვენზე ზეწოლას გააძლიერებს...

- თუ მოინდომა, შემოვა ტანკით და ეგ იქნება, მაგრამ ეს არც რუსეთისთვის იქნება მომგებიანი - ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი პრობლემები აქვს, თუმცა რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა... ევროპაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, უფრო მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი. ჩვენ ევროპისკენ დიდი ნაბიჯები გადავდგით, ახლა მისგან ველით მეტ აქტიურობას.

ნათია დოლიძე