"სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მომსწრე ვართ უხერხემლო პოლიტიკისა"
24-02-2014
"სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მომსწრე ვართ უხერხემლო პოლიტიკისა"
"ნაცმოძრაობას" სერიოზული დასაყრდენი ჰყავს შს სამინისტროში"

გაუთავებელმა პოლიტიკურმა დებატებმა და ლანძღვა-გინებამ საზოგადოება დაღალა. მთავრობა მუდმივად თავს იცავს. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემებს ძლიერი ოპოზიცია უქმნის, საზოგადოების ნაწილი ყურადღებას შიდა დაპირისპირებაზეც ამახვილებს. მათი აზრით, ივანიშვილის რჩეულის წინააღმდეგ გუნდში არსებული უკმაყოფილება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამძაფრდება. "კვირის პალიტრასთან" სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გამგეობის წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ისაუბრა.

- ყოფილი ხელისუფლების მამოძრავებელი ლიდერები გამალებით მუშაობენ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართულ ოცნებაზე" დარტყმების გასაძლიერებლად. მათი მიზანია
გუნდის დასუსტება და საბოლოოდ, პარალიზება. სტრატეგია გათვლილია ახლო პერიოდზე და გეგმის შემუშავებაში მათ უცხოელი მრჩეველებიც ეხმარებიან. ეს ეფუძნება სანდო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას.

- რისი იმედით შეიძლება დაიწყოს "ნაცმოძრაობამ" ღია და წესების გარეშე ბრძოლა ხელისუფლებასთან?

- "ნაცმოძრაობას" არ აქვს ავტორიტეტი მოსახლეობაში, თუმცა ფიქრობენ, რომ მათი გეგმის
განხორციელებას უმძიმესი სოციალური ფონი განაპირობებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია გართულდება და გაადვილდება უკმაყოფილოთა ინსპირირება.

- ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილეთ კოალიციური მთავრობის შიდა დაპირისპირებაზეც.
-”პრემიერის და მისი დასაყრდენი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში "ნაცები" განიხილავენ კოალიციაში გავლენიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას. ასევე თვლიან, რომ მათი ფარული მოკავშირე შეიძლება გიორგი მარგველაშვილიც იყოს(?!).

- გასაკვირია, რატომ ფიქრობენ "ნაციონალები", რომ დამარცხებულ პარტიას, რომლის გაშვებაშიც ამ პოლიტიკოსებმა გარკვეული როლი შეასრულეს, ასე იოლად გაიხდიან მოკავშირეებად?

- ეს საკითხი საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ზოგი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელები და ღარიბაშვილი თანამშრომლობენ, სინამდვილეში ვერ იტანენ ერთმანეთს და ალასანიასაც არ ეხატება გულზე ღარიბაშვილი, ისევე, როგორც პრემიერი არ არის აღფრთოვანებული მისით.

- პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს უღირთ ივანიშვილის იმედის გაცრუება და "ნაცმოძრაობასთან" შეკვრა?

- ივანიშვილს ჯერ კიდევ უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს თავის პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ეს დროებითია. არაერთხელ გვინახავს პოლიტიკოსების გაერთიანებაც და შემდგომ მათი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებაც. მაგალითად, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა ოპოზიციამ კი ვერ შეძლო, განხეთქილება "მრგვალ მაგიდაში" მოხდა, გამსახურდიას დაუპირისპირდა გუნდი და გარე ძალებმა მიზანს ამით მიაღწიეს. შევარდნაძე მის გარშემო თავმოყრილმა ხალხმა გაუშვა. პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად  ხდება. 

- თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსები დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავენ და საკითხავია, რატომ გამოაყენებინებენ თავს "ნაციონალურ მოძრაობას"?

- მე არ მითქვამს, რომ ვინმე შეძლებს მათ გამოყენებას. მეტიც, რესპუბლიკელებიც პატიოსანი ხალხია, ირაკლი ალასანიაც და, რაც მთავარია, მათ გუნდში გონიერი პოლიტიკოსები არიან. ეგ არის - პოლიტიკაში ინტერესები ხშირად ითხოვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. "ნაციონალები" სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს, იციან, რომ "ოცნებაში" დაპირისპირების შემთხვევაში, ინტერესთა თანხვედრა მოხდება და შეეცდებიან ამ შანსის სათავისოდ გამოყენებას.  

- თქვენეულ სქემაში შს სამინისტროში ძველი კადრების არსებობაზეც საუბრობთ. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ხალხის სისტემაში დარჩენამ ზემოაღნიშნულ პროცესებზე?
- "ნაცმოძრაობას" სერიოზული დასაყრდენი ჰყავს შს სამინისტროში. ამ ხალხის გვარებიც ვიცი და არაერთხელ წამიკითხავს მთელი სია. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში, მოსმენებში, რეპრესიებსა და ლიკვიდაციებში. დღემდე ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. მაგალითად, კუდ-ის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ყველანაირი დავალების შესასრულებლად მზად იყო, ახლაც დიდმოხელეა. ეს კონტინგენტი არსებობს და ვიცი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ.

- პრემიერ-მინისტრი, როგორც ვხედავთ, რბილი მმართველი არ არის. მგონი არც გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ძალოვანი უწყებების გათავისუფლებას ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც ხვალ შეიძლება პრობლემად ექცეს?

- მადლობელი უნდა ვიყოთ ივანიშვილისა სააკაშვილის ხელისუფლების მოშორებისთვის, თუმცა ამის მიღმა ვხედავთ, რომ 2012 წლიდან უნიათო პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. სამართლიანობის აღდგენის არც ერთი კომპონენტი არ ამუშავებულა, მათ შორის არც საკადრო პოლიტიკისთვის გადაუხედავთ, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხში. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მომსწრე ვართ უხერხემლო პოლიტიკისა.

- თქვენც ოპოზიციის წარმომადგენელი ხართ, თუმცა ხელისუფლების პირველი პირის დაცვას აქტიურად ცდილობთ. ხომ არ არის თქვენი აქტიურობა პოლიტიკური თამაში, რომ წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო შტოებში უნდობლობა გაღრმავდეს?

- სიმართლე გითხრათ, "ქართული ოცნების", რესპუბლიკელების ან ალასანიას პრობლემები არ მაღელვებს, ქვეყნის ბედი მაფიქრებს. მოქალაქე ტელევიზორში ყოველდღე ხედავს, რომ პოლიტიკოსების ენერგიის 90% მათ შორის დაპირისპირებას და ლანძღვა-გინებას ხმარდება. მერწმუნეთ, აღარავის უნდა ამის ნახვა, ხალხს შია, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. ""ნაციონალურმა მოძრაობამ"" ხელისუფლება თავის დაცვის რეჟიმში ჩააყენა, რის მიღმაც ვეღარ ხერხდება რეალურ პრობლემებზე მუშაობა. ამიტომ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პარლამენტს გაასუფთავებს "საბოტაჟნიკებისგან", კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც მოპარული ხმებით არის პარლამენტში.

უტა ბიწაძე
Nona
28 თებერვალი 2014 02:28
ისევ გაეღვიძა ჩვენი დამოძღვრის ინტერესი, მაგრამ არ ინტერესდება ჩვენ მივიღებთ თუ არა ასეთ მოძღვარს...საკვირველია პირდაპირ ზოგიერთის "არმატებული" ინტელექტი
Jondi
25 თებერვალი 2014 07:30
ისეთი ხალხის სტატიებს დაადეთ ფასი რომ ღირდეს, ამის სტატის წაკითხვაზე ფული აქეთ უნდა გადამიხადოთ:)
Irakli
24 თებერვალი 2014 10:55
როგორ გეკადრებათ ბატონო ირაკლი, ჩვენი ხერხემალი უსაფრხოების მიზნით მატროსოვის საცავში გვყავს შენახული.

რედაქტორის რჩევით