ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით

დღეს, უკრაინის მოვლენების ფონზე, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება პასუხი კითხვაზე: რამდენად მზად არიან დასავლეთი - ევროკავშირი და აშშ დაიცვან საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვები და რამდენად მზად არიან ისინი, გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები ამ გზაზე. არ ვიცი, რა გზავნილს ჩაიტანს ჩვენი ხელისუფლება აშშ-ში, მაგრამ ვიცი, რომ ამ შეხვედრებიდან შეძლებისდაგვარად კონკრეტული პასუხი უნდა გამოვიტანო ჩემი ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის. მინდა მივიღო პასუხი კიდევ მინიმუმ ორ კითხვაზე:

1. იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნატოში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი-ნატოს თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება კასპიის ზღვიდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის დაცვა. მოგეხსენებათ, ეს გაზსადენი საქართველოს გავლით გადის და 2018 წლამდე იგეგმება მისი გაფართოება შაჰდენიზის საბადოს გაზის ტრანსპორტირებისთვის.

ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს; რამდენად რეალური შეიძლება იყოს ისინი და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად?!

2. ამავე ვიზიტის შემდეგ ახალი ძალით დაიწყო საუბარი აზერბაიჯანის გავლით ავღანეთიდან გამოყვანილი ამერიკული ჯარის ტრანზიტის თაობაზე. მეტიც, მედიაში კვლავ გააქტიურდა თემა აზერბაიჯანში აშშ-ის ჯარების ტრანზიტული ბაზის გახსნაზე. ამ თემაზე საუბარი ბოლო წლებია, ხან იფეთქებს, ხან მიჩუმდება. თუმცა ამერიკელებისთვის ამგვარი სცენარი რომ მომხიბლავია, ფაქტია: ირანის საზღვრის გასწვრივ ამერიკული ჯარის განლაგება, პირდაპირი გასასვლელი კასპიის ზღვაზე და რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაზე. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ფრთხილად უდგებიან ამ იდეას, ამიტომაც  რთულია ლაპარაკი ამ იდეის რეალისტურობაზე. მაგრამ თუ რეალობად გადაქცევა უწერია, ჩვენ რა?! შეიძლება თუ არა ეს იდეა განვიხილოთ როგორც საქართველოს და მით უფრო აზერბაიჯანის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფარი?! თუ ასეა, მაშინ რა არის ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის ხელის შემშლელი ასპექტები?! ეს და კიდევ სხვა კითხვები პასუხს ელოდება.