"ჩვენთვის ხელისუფლებას არაფერი უბოძებია... მათ დათმეს პოზიცია"
24-02-2014
"ჩვენთვის ხელისუფლებას არაფერი უბოძებია... მათ დათმეს პოზიცია"
"გაჩნდა შანსი, რომ შუა გაკრეფილმა პარტიებმა რეაბილიტაცია მოახდინონ"

"ეს იყო უკიდურესი ზიზღისა და სიყვარულის სინთეზი"


ახლოვდება მორიგი არჩევნები და იგრძნობა პოლიტიკური ტემპერატურის მატებაც. მმართველი ძალა, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ქიშპში ატარებს დროს და საზოგადოება დაპირებული ცვლილებების მოლოდინში ამაყად დუმს. ოპოზიცია ცდილობს, საარჩევნო კანონი ისეთი ფორმით დაათმობინოს ხელისუფლებას, რომელიც მათთვის იქნება მისაღები. წინა მმართველი გუნდისგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებზე უფრო რეაგირებს, თუმცა მეორე მხრივ, ხრიკების გამოყენებას მანაც აუღო ალღო. ეშმაკი
დეტალებში იმალება და, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია თვლის, ასე მოხდა ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებითაც...
"კვირის პალიტრას" პარტია "მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძე ესაუბრა.


- 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უფრო მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის არის, რაც გამოიწვია იმან, რომ უკანასკნელი პოლიტიკური პროცესები არ იყო კონკურენტული ბრძოლის დამაფიქსირებელი. ეს
გახლდათ ორპოლუსიანი პოლიტიკური ცუნამის მაგვარი პროცესი, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს რაც მოხდა, ორი რამით იყო განპირობებული: პირველი გახლდათ ყოფილი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების სიძულვილი და მეორე - სიყვარულში გადაზრდილი სიმპათია ახალი შემოთავაზებისადმი, რაც განსხეულებული იყო ივანიშვილის პიროვნებაში. ეს იყო უკიდურესი ზიზღისა და სიყვარულის სინთეზი. საპრეზიდენტო არჩევნები ფილმის მეორე სერიაა, სადაც ყველაფერს ისევ მხოლოდ ორი პოლიტიკური მხარე განსაზღვრავდა. ამ ორი არჩევნებით, ვფიქრობ, ორპოლუსიანი სისტემა უკვე დასრულდა, ანუ ორმა დომინანტურმა პოლიტიკურმა პოლუსმა ნელ-ნელა დნობა დაიწყო. გაჩნდა შანსი, რომ შუა გაკრეფილმა პარტიებმა რეაბილიტაცია მოახდინონ!..

- გგონიათ, ინერცია, რომელიც ივანიშვილის ფაქტორით შეიძინა კოალიციამ, თვითმმართველობის არჩევნებამდე არ შენარჩუნდება?
- მაშინ ერთი პოლუსის ლიდერი ივანიშვილი და მეორე მხრიდან სააკაშვილიც აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა ჩვენს მცდელობას. დღეს ერთი ამერიკაში კითხულობს ლექციებს, მეორე აგრძელებს ტელევიზორიდან ლექციების კითხვას, თუმცა ჩამოშორებული არიან აქტიურ პოლიტიკას. შანსი იზრდება და უკვე ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული, როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ.

- საქართველოში საარჩევნო გარემო იცვლება, ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა თქვენ მაინც არ ხართ კმაყოფილი მიღწევით...

- 50%-იანი ბარიერის ყბადაღებული თემა, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, არ იყო პოლიტიკური დიდსულოვნების გამოხატულება, მათ არაფერი უბოძებიათ ჩვენთვის, გაჩნდა ნება და ხელისუფლებამ დათმო პოზიცია. ეს არის მთელი სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის შედეგი.

- ამას წინა ხელისუფლების დროს მოახერხებდით?

- გავიხსენოთ წარსული და დავინახავთ, რომ რაღაცები გამოგვიგლეჯია "ნაცმოძრაობისთვისაც". მაგალითად, მერის პირდაპირი წესით არჩევნები, ვინც 3%-იან ბარიერს გადალახავს, ნახევარმილიონიან კომპენსაციას რომ მიიღებს, ეს სიახლეა? ამ საკითხზე შეთანხმებას "ნაციონალებთან" 2012 წელს მივაღწიეთ. მაშინ ბინძური კამპანია დაიწყეს. ამბობდნენ, "ახალმა მემარჯვენეებმა" მილიონი აიღესო. ამ კომპენსაციაზე იყო საუბარი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წელსაც აიღეს და 2013 წელსაც არ უთქვამთ უარი.

- როცა ხელისუფლებამ თქვენი მოთხოვნა - 50%-მდე ბარიერის აწევა - გაითვალისწინა, მადლიერების ნაცვლად თქვით, ხელისუფლებამ გააკეთა ერთი და გააფუჭა ბევრიო. რას გულისხმობდით?

- ხელისუფლებამ, როცა 50%-მდე გაზარდა ბარიერი, ასევე საიდუმლოდ შეიტანა ახალ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. დღეს მოქმედი კოდექსის საწინააღმდეგოდ ახალში მერობის და გამგებლობის კანდიდატებს უფლება არ ექნებათ, პარალელურად ირიცხებოდნენ საკრებულოს წევრთა სიაში. ეს ნოვაცია ისე შემოგვთავაზეს, ინტერფრაქციულ ჯგუფში საუბარიც არ ყოფილა.

- მერობის კანდიდატი, თუკი მერი გახდა და პარალელურად საკრებულოს სიითაც გავიდა, ცხადია, საკრებულოში ადგილს ათავისუფლებს. ვინ დაიკავებს მის ადგილს? ის შემთხვევაც განვიხილოთ, რომ კანდიდატი მერი ვერ გახდა და საკრებულოშიც ადგილი დაკარგა, ანუ უმუშევარი რჩება?!

- ასეთ შემთხვევაში სია ზემოთ აიწევს, ანუ მის ადგილს მომდევნო იკავებს. თუკი ვთქვათ, ჩვენი კანდიდატი მერი ვერ გახდა და დიდი ალბათობით ასეც იქნება, უმუშევარი რჩება. ეს ჩვენთვის მიუღებელია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოდექსში ეს ცვლილება არ დაფიქსირდეს.

უტა ბიწაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით