მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
24-02-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მარილი და პრეზიდენტი

ქართველებს ნამდვილად გვიჭირს ახალ პრეზიდენტთან შეგუება. მარგველაშვილთან კი არა, უბრალოდ, ახალ პრეზიდენტთან, რომლის ფუნქციებში აღარ შედის ყველაფრის გაკონტროლება და ყველაფრის მართვა, რომელიც აღარ არის ბელადი, რომელიც არ წყვეტს, რომელი მომღერალი უნდა წავიდეს "ევროვიზიაზე" და რა ფერის კაბა ეცვას. არადა, გვყავდა ასეთი. ამიტომ უცებ ასეთ უუფლებო პრეზიდენტთან შეგუება გვიჭირს, გვიჭირს, შევეგუოთ იმ აზრს, რომ მთავრობის მართვა და შესაბამისად, ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება მისი საქმე არ არის და მუდმივად ვცდილობთ
დამატებითი პასუხისმგებლობები ავკიდოთ. მუდმივად მისგან რაღაცას ველოდებით, პრეზიდენტია მაინც. ველოდებით, რომ იპრეზიდენტებს ისე, როგორც ჩვენ პრეზიდენტობა გვესმის, ისე, როგორც შევეჩვიეთ. ამიტომაც იყო, რომ მარგველაშვილმა თავისი პირველი გამოსვლა პარლამენტში სწორედ თავისი ფუნქციების განმარტებით დაიწყო და მინდა გითხრათ,
ეს ფუნქციები ცოტა და უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.
თუმცა ეს პრობლემების ერთი მხარეა, მეორე მხარე არის თავად პრეზიდენტის დამოკიდებულება საკუთარი უფლებების მიმართ. ერთხელ უკვე გავაკრიტიკე პრეზიდენტი მარგველაშვილი იმის გამო, რომ ყველაფერზე ამბობდა, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს ფუნქციებში არ შედისო. ის საქართველოს პრეზიდენტია და მისი საქმეა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამა თუ იმ საკითხზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირებას მას ვერც ერთი კანონი და კონსტიტუცია ვერ აუკრძალავს. ის, რომ მისი ფუნქცია არ არის, არ ნიშნავს, რომ უნდა წაუყრუოს და გაატაროს. ბოლოს და ბოლოს, მას აქვს ვეტოს უფლება და შეუძლია იმ კანონის მიღება დაბლოკოს, რომელიც არ მოსწონს. გამოვიდა ინფორმაცია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადებას ის არ ეთანხმებოდა, მაგრამ ვეტოს დადებისგან თავი მაინც შეიკავა. 

მეგონა, მარგველაშვილი თავის პირველ გამოსვლას პარლამენტში იმისთვის გამოიყენებდა, რომ, როგორც პრეზიდენტი, შემდგარიყო, თუნდაც იმ უფლებებში, რაც აქვს, მაგრამ არა, არ გამოვიდა. კი, კარგი იყო, რომ არ ვნახეთ ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი და დანერწყვილი მიკროფონები, კარგი იყო, რომ წყნარად და რაც მთავარია, სწორად ლაპარაკობდა პრიორიტეტებზე, თითქოს არც არაფერი გამორჩენია და ყველა საჭირბოროტო საკითხს შეეხო, მაგრამ რაღაც მაინც დააკლდა, აი, ისე, მარილი რომ დააკლდება საჭმელს. ეს "მარილი" კი ამ შემთხვევაში არის იმის შეგრძნება, რომ ტრიბუნასთან იდგა ქვეყნის სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების გარანტი. საერთოდ, რაიმეს გარანტი რომ იდგა, ამის შეგრძნება დააკლდა, ან როგორ უნდა შექმნას ამის შეგრძნება, როცა ვერ ბედავს, ვეტო დაადოს იმ კანონს, რომელიც არ მოსწონს, რომლის გამოსვლას არ ესწრება მთავრობის არც ერთი წევრი. კარგი, პრემიერი ნუ მოვიდოდა, მოსულიყო რამდენიმე მინისტრი მაინც.

და კიდევ, რა კანონით მინიჭებული ფუნქცია სჭირდება იმას, რომ პრეზიდენტი მარტო თავის სამუშაო ოთახში არ ჩაიკეტოს (რეზიდენცია სად აქვს?), გამოვიდეს და ისე, როგორც წინასაარჩევნოდ, ახლაც შეხვდეს მოსახლეობას და მათ პრობლემებს მოუსმინოს. იგი ხომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია?!

ისევ მორჩილი უმრავლესობა?


მარგველაშვილმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაასახელა და რაც მთავარია, სამი თვით ადრე დაასახელა არჩევნების თარიღი. მან ისაუბრა თვითმმართველობის რეფორმაზე და ამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე, თუმცა დაავიწყდა, რომ თვითმმართველობის ნორმალური კანონი საბოლოოდ კასტრირებული მიიღო პარლამენტმა. ამაზე არაფერი უთქვამს. ასევე არაფერი უთქვამს იმ ნაკლოვანებებზე, საარჩევნო კოდექსს რომ აქვს და რის გამოც ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო მონაწილე სუბიექტებისთვის ერთნაირი ვერ იქნება, ვერ იქნება ერთნაირი სასტარტო პირობები, რომ ეს კოდექსი უპირატეს ვითარებაში აყენებს მმართველ ძალას. ამაზე წინა კვირას დეტალურად დავწერე და აქ აღარ შევჩერდები, უბრალოდ, მას შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის გამოდის 50-პროცენტიანი ბარიერის შემოღების ინიციატივით და ამით მოხსნა ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი. ერთი საკითხი კი მოხსნა, მაგრამ გამოაჩინა მეორე პრობლემა, რომელზეც მინდა საუბარი.

როგორც კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს 50-პროცენტიან ბარიერს, მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მანამდე გაიძახოდა, 40-პროცენტიანი ბარიერიც გეყოფათ და ზედმეტს ნუ ითხოვთო, ერთხმად დაეთანხმა პრემიერს. როგორ, ორი დღით ადრე ეს არ შეიძლებოდა და ახლა უცებ შესაძლებელი გახდა? რა თქმა უნდა, ეს კარგი გადაწყვეტილება და კარგი ინიციატივაა, მაგრამ ჩვენ ხომ "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ ვაკრიტიკებდით, რომ პარლამენტში ისინი მორჩილ უმრავლესობას შეადგენდნენ და მთავრობას ყველაფერში უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ. და ახლა რა ხდება? იგივე მივიღეთ? თუ უმრავლესობის წევრები თავადაც ფიქრობდნენ, რომ 50-პროცენტიანი ბარიერი უკეთესი იყო, მაშინ რატომ იცავდნენ იმ პოზიციას, რომლისაც თავადაც არ სჯეროდათ? შედეგად რა მიიღეს? ისინი ცუდები გამოვიდნენ, პრემიერი კი კარგი. თუმცა ეს ნაკლებად მადარდებს. ჩემი მთავარი სადარდებელი სხვა რამეა: ისევ ისეთივე მორჩილი უმრავლესობა ხომ არ მივიღეთ, როგორიც გვყავდა და პარლამენტის მთავარი ფუნქცია, გააკონტროლოს მთავრობა, რომელიც მთლიანად მისი დანიშნულია, შეუსრულებელი ხომ არ დარჩება? ისევ ბუტაფორიად და სანოტარო კანტორად ხომ არ გადაიქცევა საკანონმდებლო ორგანო?
Koba
01 მარტი 2014 03:49
მიშას მარილი აკლია ზედმეტად ინტელიგენტია. თორემ პარლამენტი რომ არაფრის მკეტებელ ორგანიზაციად იქცა აქ არაფერია გასაკვირი-ეს დიდმა ხელფასებმა იცის,არავის უნდა თბილი ადგილის დაკარგვა.რა დროს სამშობლოა.
niko
27 თებერვალი 2014 20:21
ერთ საჭირბოროტო საკითხს მინდა შევეხო - კ ო რ უ ფ ც ი ა ს!

კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი და გასათვალისწინებელი ფაქტორი, გარკვეულწილად იგი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაც კი არის, რომლის გარეშეც ესა თუ ის დიდი საქმე ვერ დაიძვრებოდა! მის ბოლომდე აღმოფხვრაზე პრეტენზიის გაცხადება უბრალოდ საკუთარი თავის ან ხალხის მოტყუების მცდელობაა (ან ორივე ერთად).
ჩინეთში (სადაც კორუფციონერობა სიკვდილით ისჯება) არსებული სიტუაცია ამის დასტურია, სტალინის ეპოქაშიც კი იყო კორუფცია!
სადაც საქმე კეთდება, თითქმის გამორიცხულია ამა თუ იმ დოზით ეს ფაქტორი არ მონაწილეობდეს!
ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ მოვლენას არ უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ორიგინალური ფორმით (რომელიც თვითონ წარმოადგენს კორუფციის ლეგალიზებულ სახესხვაობას) - არაფერი აკეთო და სწორედ ამაში დაინიშნო შენთვის ხელფასად 5-6 ათასი ლარი და ერთი ამდენიც ყოველთვიურ პრემიად!!!
kalo
27 თებერვალი 2014 17:33
ხელისუფლების ყველაზე დიდი ატრიბუტი და მახასიათებელი არის სამართლიანობა.
არც კარაქიანი პური და არც იაფი შუქი - არამედ სამართლიანობა.
ჯერჯერობით ამ მთავრობის მახასიათებელი უნიათობა და არაკომპეტენტურობაა.
საუბედუროდ ეს ყველაფერი ისევ ნაცბოზების წისქვილზე ასხამს წყალს.

რედაქტორის რჩევით