სალომე ზურაბიშვილი - "რუსეთი უკრაინასთან ომში ასე ადვილად ვერ გაიმარჯვებს!"
03-03-2014
სალომე ზურაბიშვილი - "რუსეთი უკრაინასთან ომში ასე ადვილად ვერ გაიმარჯვებს!"
მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და "საქართველოს გზის" ყოფილი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქართულ მედიასივრცეში არ გამოჩენილა. რას ფიქრობს ახალ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესებზე, ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ქალბატონო სალომე, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში დაბრუნებას საქართველოში და პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას?
- არა მგონია, ჩემი "დაბრუნება" მნიშვნელოვანი საკითხი იყოს, რადგან რეალურად არსად წავსულვარ. სხვადასხვა დროს, მინისტრობისას თუ ქუჩაში ბრძოლისას, ვცდილობდი ჩემი წვლილიც შემეტანა
ქართულ საქმეში, ასე იქნება მომავალშიც. ჩემი ბოლო მცდელობა მძიმე იყო, რამეთუ ხალხის მხარდაჭერის მიუხედავად, ჩამომართვეს კანონიერი უფლება, მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში და ამით საქართველოს მოსახლეობის ნაწილსაც აზრის გამოხატვის საშუალება წაართვეს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი გამბედავი, ეღიარებინა ეს კანონდარღვევა და აზრი საჯაროდ გამოეხატა.
ქვეყნისთვის ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ჩემი არჩევნებზე დაშვება-არდაშვება. თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, კანონი და მენტალიტეტი საქართველოში კიდევ დიდხანს არც ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს არ ექნება რეალური შანსი, რომ ხელისუფლების კანდიდატი დაამარცხოს. ჩემი არჩევნებიდან "ამოგდებით" "ნაცმოძრაობას" მიეცა ასპარეზი, შეენარჩუნებინა ვითომ პროდასავლური მედროშის როლი. არ შეიძლება ხელისუფლება მონოპარტიული იყოს და არ არსებობდეს დამოუკიდებელი დამაბალანსებელი ძალა, სიმართლის მთქმელი და კრიტიკული აზრის მქონე. ამის საშუალებას იძლეოდა პრეზიდენტის თანამდებობა, თუ ის იქნებოდა დამოუკიდებლად არჩეული და არა დანიშნული.

- თვითმმართველობის არჩევნებში თუ აპირებთ მონაწილეობას? მაგალითად, თბილისის მერის პოზიციაზე...
- დედაქალაქის მერის არჩევნებიც ხომ საპრეზიდენტო არჩევნების გამეორება იქნება? თბილისის მერი, ფაქტობრივად, უკვე დანიშნულია... რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, დროა, ჩემმა ყოფილმა პარტიამ თავი დაიმკვიდროს, თუ საჭირო იქნება, მეც დავეხმარები. სხვა ადგილი ჩემთვის\ მომავალ არჩევნებში არ არის.

- რას ფიქრობთ ახალი ხელისუფლების მუშაობაზე?
- ბევრი კითხვა მქონდა საგარეო კურსის შესახებ, თუმცა გამახარა ბოლო ხანს ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა: პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტმა, განცხადებებმა, ევროკავშირის მიმართ მკაფიო პოზიციამ - დაჩქარებულად მოეწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და უკრაინელი ხალხის არჩევანის ცოტა დაგვიანებულმა, მაგრამ რეალურმა მხარდაჭერამ. არ ვიცი, ეს გამოცოცხლება უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, თუ ეს არის სახელისუფლებო ჯგუფის დაღვინების ნელი პროცესი, მაგრამ დროა, საქართველო შედგეს როგორც სრულყოფილი სახელმწიფო, რომელსაც ღირებულებები, ტრადიციები და შორსმიმავალი გეგმა აქვს. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიცით, რა გვინდა! ველაპარაკოთ ამერიკელებს და ევროპელებს ჩვენს ენაზე, ჩვენი ინგლისურითა და ფრანგულით ვეღარავის გავაკვირვებთ... საქართველოს შეუძლია საერთაშორისო პროცესებში თავისი წვლილის შეტანა.

- რას ფიქრობთ კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებულ ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? თეა წულუკიანის განცხადებით, თურმე ფრანგმა პროკურორმა კეზერაშვილის ძვირად ღირებულ ადვოკატს ღირსეული კონკურენცია ვერ გაუწია...

- რაც მოხდა, ფრანგი პროკურორის ბრალი რატომ არის?! როგორც ვიცი, წესის თანახმად, ფრანგი პროკურორი იხელმძღვანელებდა საქართველოდან გადაცემული მტკიცებულებებით. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურას მოეთხოვება პასუხი. გამოდის, კონკურენციისთვის უთანასწორო პირობები ჩვენ შევქმენით. ეს ძალიან ცუდი შედეგია, რადგან კეზერაშვილის ექსტრადირება წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის გამოაშკარავების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. რაც, სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

- რას ფიქრობთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, პუტინის რეპლიკაზე, რომ მზად არის შეხვდეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს?

- ქართულ-რუსული პოლიტიკა ჯერ არსად ჩანს, არც რუსული ბაზრის გახსნა და პუტინის "გადმოგდებული ვიზიტის" იდეა არ წარმოადგენს პოლიტიკას. რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია, მაგრამ გააჩნია წინა პირობას: ქვეყანასთან, რომელიც მავთულხლართებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავაც აბამს, ფორმალურად ვერ დავიწყებთ საუბარს. არაფორმალური მოლაპარაკება კი აუცილებელია, ოღონდ არა ისეთი, მხოლოდ ღვინითა და მანდარინით რომ  შემოიფარგლება. ეს იქნება რთული მოლაპარაკება, ბევრად რთული, ვიდრე ოდესმე, რადგან დღევანდელი რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც დაიჯერა, რომ ყველაფერი გაუვა. ეს ყველაზე საშიში ფაზაა, რუსეთს გონზე მოსვლა სჭირდება. ამ მხრივ შესაძლოა უკრაინამ ითამაშოს დადებითი როლი - აგრძნობინოს რუსეთს, რომ ისიც უნდა შეეგუოს რეალობას, რადგან ყოვლისშემძლე არ არის, თუმცა ეს რუსეთს ჯერ არ გაუცნობიერებია.

- როგორ შეაფასებთ უკრაინის მოვლენებს, რამდენად რეალურია ორად გახლეჩის საფრთხე?
- უკრაინის პროცესები ცხადყოფს, რომ ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება წინ. უკრაინელმა ხალხმა სისხლით დაამტკიცა, რაც უნდოდა...…ვფიქრობ, სააკაშვილის გაჩაღებულ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთს უნდოდა ძალა იქ ეჩვენებინა, სადაც ჯერ კიდევ ადვილად შეეძლო გამარჯვება. ამით სურდა ყოფილი საბჭოთა სფეროს დაფრთხობა, უპირველესად კი უკრაინისა, რომელთანაც, ვფიქრობ, ომის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს. მოსკოვმა კარგად იცის, რომ უკრაინასთან ომში ჩაბმა ხანგრძლივ სახალხო კონფრონტაციას ნიშნავს, საიდანაც თავს იოლად ვერ დააღწევს. უკრაინელებს ჯარიც ძლიერი ჰყავთ და ომის და თავდაცვის გამოცდილებაც აქვთ. სხვა საკითხია ყირიმი, სადაც რუსი მოსახლეობა და სამხედროთა ოჯახები პრობლემას წარმოადგენენ. ეს საკითხი მოსკოვისთვის სერიოზული დილემაა: ან არაფერი გააკეთოს და აჩვენოს მსოფლიოს, უპირველესად კი უახლოეს მეზობლებს, რომ "მეფე შიშველია" და ტყუილად იმუქრება (რაც ბევრზე იმოქმედებს, თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რომელთაც ზურგი იძულებით შეაქციეს ევროპას, ასევე აფხაზებსა და ოსებზე, რომლებიც თავიანთი მფარველის სისუსტეს დაინახავენ), ან იმოქმედოს, მაგრამ ამით გამოამჟღავნოს სამხედრო სისუსტე, რადგან უკრაინასთან ასე ადვილად ვერ გაიმარჯვებს!

ნათია დოლიძე
mushtaetis birjis tavjdomare
09 მარტი 2014 11:12
ეე, მუშტაეთის ბაღის მოცლილთა ბირჟაზე მდგომები რომ გააკრიტიკო,
ჯერ მუშტაეთის ბაღის მოცლილთა ბირჟაზე უნდა გქონდეთ
დაბირჟავებული თორემ ეგრე იმდენი ჩვენზე მოცლილია ამქვეყნად რომ უკვე უსაქმობისგან კომენტარების წერაც დაიწყეს. :)

Jondi
08 მარტი 2014 21:54
ისე მოუგებს უკრაინას ომს როგროც დაგიბარებია, ევროპა კი ამაში ვერ ჩაერევა, მესამე მსოფლიო ომის პირას აღმოვჩნდებით და მთელს მსოფლიოში ეკონომიკას დედა ეტირება და ყირიმს გადავაყოლებთ ყველაფერს. აშკარაა რომ პრობლემა არის არა ცივილიზაციების შეჯახება(მე თუ მკითხავ რუსეთი ბევრად უფრო ევროპული ერია ვიდრე საქართველო-თუ ტვინ გარეცხილ სკინჰედებს არ ჩათვლით) არამედ ერთი პიროვნება და მისი რეჟიმი, პუტინი. ჯობს გრძელვადიანი პოლიტიკა შეიმუშავონ როგორ ააჯანყონ რუსი ხალხი პუტინის წინააღმდეგ, და ამის მუხტი დარწმუნებული ვარ არის. ან მეორე ვარიანტია პუტინის ლიკვიდაცია და ამაზე წამსვლელი მოხალისეებიც ბლომადაა.

რუსეთის ეკონომიკის შერყევა=რევოლუციას=პუტინის ჩამოხრჩობას. როგორმე დავაღწიოთ თავუ რუსეთის გაზს და მაქსიმუმ იზოლაცია რუსეთს, მერე ნახე რევოლუცია რას ქვია
მერაბ ღვინაძეს
06 მარტი 2014 12:53
მერაბ, შენც შენს საქმეს რატომ არ მიხედავ, პროფესიონალური დიპლომატივით რომ მოძღვრავ სალომეს, მაშინ მაგდენი მაინც უნდა გესმოდეს დიპლომატიაში რაც სალომე ზურაბიშვილს, ანუ მაგდენადვე ნამუშევარი უნდა იყო დიპლომატიაში ანუ პროფესიული გამოცდილება უნდა გქონდეს ჯერ დიპლომატის, რომ დიპლომატის კრიტიკა შეძლო, თორემ ასე უამრავი მოცლილია ამქვეყნად და ყველას თავისი აზრი აქვს მუშტაიდის ბაღის მოცლილთა ბირჟაზე ...

რედაქტორის რჩევით