ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ცხელი დღიურები ამერიკიდან

აშშ-ში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკა უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანაა როგორც ამერიკელებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ამერიკასთან ურთიერთობის სურვილი აქვს. ლობიზმის ინსტიტუტი ის მექანიზმია, რომლის წყალობითაც შეიძლება ყველა კარი გაგეღოს, თუმცა რას გამოიტან ამ კარიდან, დიდწილად შენს გონიერებასა და მოხერხებაზეა დამოკიდებული.

ამერიკის პოლიტიკური ელიტა და ე.წ. სინქ-თენქების ანუ კვლევითი ინსტიტუტების უმძლავრესი ქსელი, სადაც ფაქტობრივად იხარშება ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მზად არის შენს მოსასმენად, ახალი, ინოვაციური იდეების მისაღებად და განსახილველად. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთგვაროვანი სპექტრი, აქ შეხვდებით განსხვავებულ შეხედულებებს საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე, რეგიონულ როლზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე და ა.შ. თუმცა, არის რამდენიმე მოსაზრება, რომელთაც თითქმის ყველა ეთანხმება:

გერმანიის როლს თანამედროვე ევროპულ პროცესებში შეიძლება თამამად ეწოდოს პირველი ვიოლინოს როლი. ამერიკელები ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია, საქართველომ გაააქტიუროს ურთიერთობა გერმანიასთან, რადგან მისი პოზიცია უმნიშვნელოვანესია ევროპული და ევროატლანტიკური გაფართოების საქმეში. დღეს რეალობა ასეთია: აშშ-მა საქართველოს ინტერესები მხოლოდ რუსეთთან კი არა, გერმანიასთანაც უნდა დაიცვას, რადგან საქართველოს გერმანიასთან წარმატებული პირდაპირი დიალოგის გამოცდილება არა აქვს. რატომ ვკიდებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს საჭიროზე მეტ ტვირთს და რატომ ვიყენებთ თავს გერმანიასთან გაუცხოების რეჟიმში?! მართალია, გერმანიაში ლობიზმის ინსტიტუტი ისე არ არის განვითარებული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც გერმანიის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობას გაგვიიოლებდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ხელშემშლელი პირობა. ისიც ითქვა, რომ რუსეთისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნება საქართველოს ინტენსიური ურთიერთობა გერმანიასთან, ვიდრე აშშ-თანო. თანაც გერმანიის და სხვა დიდი ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე მაპ-ზე ფიქრი ილუზიაა. თუმცა, მათ მხარდაჭერას მხოლოდ საქართველოს აქტიურობა არ განაპირობებს. დღეს ევროპის ზეამოცანაა, უკრაინა უდანაკარგოდ გამოიყვანოს შექმნილი მდგომარეობიდან და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გააღიზიანებს ისედაც ზღვარგადასულ რუსეთს, მაქსიმალურად დააზღვიოს. ამიტომ ჩვენთვის მაპ-ის მონიჭება ამ ეტაპზე მართლაც ებმის უკრაინის მოვლენებს. დღეს პრიორიტეტი უკრაინის მთლიანობის გადარჩენაა, რაც ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ამოცანაა. მაგრამ თუ რუსეთმა აშკარა ომი დაიწყო ყირიმისთვის,  შესაძლოა, საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა სწორედ რომ საერთო ევროატლანტიკურ პოლიტიკაში ჩაეწეროს.

საერთოდ, აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკა ნაკლებ რისკებზეა ორიენტირებული. იგი ცდილობს, საკუთარი თავიც და პარტნიორებიც დაიცვას გადამეტებული რისკებისგან: სწორედ ამიტომ დაემთხვა მათი ხედვა ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს აშშ-ში - დღეს ამერიკელები საფუძვლიანად თვლიან, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანაა, უდანაკარგოდ გაიაროს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერამდე დარჩენილი გზა და ნაკლებად მოხვდეს ისედაც გაღიზიანებული რუსეთის  თვალსაწიერში.

ორიოდე სიტყვით გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს საქართველოს პრემიერის ვიზიტზეც. ვიზიტი, მართლაც წარმატებული და ძალიან შინაარსიანი იყო და ამისთვის უპრეცედენტო მუშაობა გასწია საქართველოს საელჩომ აშშ-ში. ჩვენი ელჩი ამერიკაში არჩილ გეგეშიძე ზუსტად გრძნობს თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკურ კონიუნქტურას და ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ქართული დიპლომატიის. რა თქმა უნდა, ასეთ გამორჩეულ ინტერესს საქართველოს მიმართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც განსაზღვრავდა. მალე აქ იწყება მოლდავეთის ხელისუფლების ვიზიტიც. ამ ვიზიტების დროის დამთხვევაც, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა, საქართველოს ახალი პრემიერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ძალიან ზუსტი და რაციონალური მოთხოვნები ჩამოიტანა ამერიკაში.

გამოვყოფდი ამჯერად ორს: 1. ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, როგორც აფხაზებისა და ოსების საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და 2. პრემიერმა სცადა, აშშ-ისთვის დაენახვებინა -  დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამერიკის დახმარების მთავარი ვექტორი გავიდეს ეკონომიკაზე: თუ იქნება ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა, ამერიკას მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს რეგიონში ეყოლება დღევანდელზე გაცილებით ძლიერი, წარმატებული და ეფექტური პარტნიორი.

დასასრულ, ერთ ჩემს მეგობარს დავესესხები და ვიტყვი, რომ ახლა მთავარია, საქართველოს ახალგაზრდა პრემიერმა აშშ-ის ეს მხარდაჭერა სახელმწიფოს და არა - საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად გამოიყენოს, რაც, როგორც მისი წინამორბედისა და მეზობლების (თუნდაც, უკრაინის) მაგალითები აჩვენებს, ყველაზე დიდი რისკია ამ რთულ და არცთუ ძნელად პროგნოზირებად გარემოში.