ნორა კვიციანი: "თქვას ოქრუაშვილმა, რა მოხდა კოდორში სინამდვილეში"
03-03-2014
ნორა კვიციანი: "თქვას ოქრუაშვილმა, რა მოხდა კოდორში სინამდვილეში"
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის დროს დააკავეს. მას ბრალი სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება. კვიციანი 2006 წლის კოდორის ხეობის მოვლენების შემდეგ 8 წელიწადი ქვეყნიდან იყო გაქცეული, დაბრუნების თაობაზე კი ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კვიციანისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა.
გვესაუბრება ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლდა.


- რატომ გადაწყვიტა თქვენმა ძმამ ჩამოსვლა? არსებობს მოსაზრება, რომ მან ახალი ხელისუფლებისაგან რაღაც გარანტიები მიიღო...

- ჩემი ძმის მთავარი გარანტია სიმართლეა. ემზარი ჩამოსვლას კარგა ხანია ფიქრობდა... ის მზად არის, ითანამშრომლოს ახალ ხელისუფლებასთან და ბოლოს და ბოლოს, დადგინდეს, რა
მოხდა 2006 წელს კოდორის ხეობაში, რატომ დაიკარგა ეს წლების განმავლობაში ბრძოლით შენარჩუნებული ხეობა 2008 წელს.  ემზარის  ერთადერთი დანაშაული დაუმორჩილებლობაა, მაგრამ ამას აქვს გამართლებაც - იცოდა, რომ  "ნაციონალები" ხეობას აბარებდნენ და ამიტომაც არ დაემორჩილა მათ.

- "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის საშიში კრიმინალი და ტერორისტია.

- მეც მოვუსმინე შოთა უტიაშვილს, ჩემს ძმას კრიმინალად რომ მოიხსენიებდა. მინდა, ვკითხო უტიაშვილსა და სხვებს: 2006 წლამდე საქართველოსთვის დაკარგული იყო კოდორის ხეობა? თუ არა, ვინ შეინარჩუნა და 2008 წელს ვინ დაკარგა? რატომ გააუქმეს 2005 წელს ბატალიონი "მონადირე", მანამდე ხომ უამრავი იარაღი შეიტანეს ხეობაში და დაგვირიგეს?! იყო თუ არა უკანონო 2006 წელს კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, რომლის დროსაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა?! თქვას ირაკლი ოქრუაშვილმა, რა მოხდა, ვინ მიიღო ბატალიონის გაუქმების გადაწყვეტილება! ჩემს ძმას როგორ აბრალებენ გაეროს წარმომადგენლების მოტაცებას?! თავად იტაცებდნენ ადამიანებს, აზიანებდნენ ელექტროგადამცემ ხაზებსაც, რომ მერე სპეცრაზმი შემოეყვანათ. 6 წელი და 6 თვე უდანაშაულომ გავატარე ციხეში...

- როგორც ამბობდნენ, ემზარ კვიციანსა და თქვენს ვაჟს, ბაჩო არღვლიანს თქვენი გამოშვების სანაცვლოდ ჩაბარებას სთავაზობდნენ.

- ჯერ ადვოკატის პირით შემომითვალეს, მერე ჩემს ქალიშვილსაც შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ემზარმა განცხადებაც გააკეთა, ჩავბარდებიო, მაგრამ ამას როგორ დავუშვებდი! იმედი მაქვს, ჩემს საქმეს ხელახლა გამოიძიებენ და გამოჩნდება ჩემი უდანაშაულობაც და იმათი დანაშაულიც, ვინც ამდენი ხანი უკანონოდ მამყოფა ციხეში. ხალხმა უნდა გაიგოს, როგორ დაიკარგა კოდორის ხეობა. ეს კვიციანების საქმე არ არის, ეს ქვეყნის საქმეა.

ნათია დოლიძე

aka
07 მარტი 2014 13:41
კვიციანი შეიძლება მართლა რამეს წარმოადგენს საქართველოსათვის, მაგრამ მას, რომ რუსეთუმე სტურუა თავდებად უდგება, მიუთითებს იმაზე, რომ კვიციანიც პრორუსული ყოფილა. საკვირველია, თუ რუსებისგან კოდორს იცავდა, მაშინ რატომ ინახავდა მას ( კოდორის რუსებისგან დამცველს) 8 წლის განმავლობაში საქართველოს დაუძინებელი მტერი? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რასაც სასამართლომ ობიექტურად უნდა გასცეს პასუხი,
beqa
05 მარტი 2014 13:36
კოდორს იცავდა რუსებისაგან და მერე რუსეთში გაიქცა,კაი ლოგიკაა.
maka
03 მარტი 2014 13:42
დღეს მოდაშია, აგენტების და ქვეყნის მოღალატებიის პოლიტპატიმრებად დევნილებად გასაღება

რედაქტორის რჩევით