"დაჰკითხონ კუდ-ის ყოფილი უფროსი ტარიელ შერვაშიძე და ყველაფერს დაფქვავს" - კვირის პალიტრა

"დაჰკითხონ კუდ-ის ყოფილი უფროსი ტარიელ შერვაშიძე და ყველაფერს დაფქვავს"

"პირდაპირ შტაბის წინ გვცემეს, ხმებიც იქიდან ისმის, ამას მაღალჩინოსნები უყურებდნენ და ტელევიზიები იღებდნენ"

ვის მოხვდება ბოლოს სამართლიანობის პანღურები?!

ირაკლი კაკაბაძე: "მიმიფურთხებია ისეთი საქართველოსთვის, სადაც ასეთ რეჟიმს არ გაასამართლებენ!"

გასულ კვირას უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ სოციალურ ქსელში მუხროვანის ამბოხის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრში (ბაზის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობასთან ახლოს) ადამიანების წამების ხმები ისმის, იქვე ჩანს, რომ სააკაშვილი, ადეიშვილი, თარგამაძე, უგულავა, ახალაია და სხვები გაღიმებული და კმაყოფილი სახეებით მიდი-მოდიან.

"ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, თუ როგორ აწამებდნენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს. შენობიდან წამების ხმები კარგად ისმის. ეს ხდება ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს, რასაც "ნაცბანდის" უმაღლესი ეშელონები ესწრებიან. რატომ არა აქვს პროკურატურას ამაზე რეაქცია? რატომ არ ხდება ეს მასალები საჯარო? ეს დანაშაულია ადამიანობის წინაშე. წამების ხმები პირდაპირ ისმის შენობიდან, თანაც ეს არაკაცები თვითონ იღებდნენ ამ ყველაფერს და ყველა იქაა: სააკაშვილი, უგულავა, ახალაია, გივია, ადეიშვილი. ამის მერე იტყვიან, 'რეჟიმი არ გაასამართლოთო. მიმიფურთხებია ეგეთი საქართველოსთვის, სადაც ასეთ რეჟიმს არ გაასამართლებენ!" - წერს კაკაბაძე.

"ნაცმოძრაობის" მომხრეები ეჭვობენ, რომ ვიდეომასალა ფალსიფიცირებულია... "კვირის პალიტრამ" სცადა იმ პირებთან დაკავშირება, რომლებიც 5 მაისს, მუხროვანის ბაზაში მას შემდეგ დააკავეს, რაც მერაბიშვილმა "ორი გვამის" ბრძანება გასცა. ერთ-ერთი ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა მურჯიკნელია:

- მუხროვანის ბაზიდან დაახლოებით 8-9 კილომეტრში დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ კობა ოთანაძის მეგობარი ვარ - წლების განმავლობაში  ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა სტრუქტურაში. 5 მაისს ჩემთან ერთად დააკავეს: თოფურიძე (ის ციხიდან გამოსვლიდან მეორე დღესვე გარდაიცვალა), უჩაძე, ხუცურაული. გვაწამებდნენ, ითხოვდნენ გვეღიარებინა, რომ  ოთანაძისგან ვიღებდით მითითებებს.

- იმ შენობაში გაწამებდნენ, რომელიც კადრში ჩანს?

- არა, შტაბის წინ დაგვაყენეს და იქ გვირტყამდნენ ავტომატის კონდახებს. ხმებიც იქიდან ისმის და არა შენობიდან. ამას მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. იქვე იყვნენ პირველი არხის, "რუსთავი 2"-ის, "იმედის" ტელეოპერატორები და ჟურნალისტები. შესაძლოა, ჟურნალისტებს \ფირები ჩამოართვეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ვინმეს მნიშვნელოვანი მასალა გადარჩენოდა. რაც ახლა გავრცელდა, ის ფირია, რამაც თავიდანვე გამოჟონა. იქ მხოლოდ წამების ხმები ისმის და არ ახლავს შესაბამისი ვიზუალური მასალა, რის გამოც ყოფილმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან ვიდეოკომპრომატად არ მიიჩნია. შესაძლოა ამ ამბის ამსახველი უფრო მნიშვნელოვანი მასალაც არსებობდეს.

- რა შეიძლება იყოს მასზე ასახული?

- ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. მაგალითად, მე მომიახლოვდა ჩემივე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც დათა ახალაიასთვის თავის მოსაწონებლად დაიღრიალა, შენც აქა ხარ, ბიჭოო, შემდეგ ცემა დამიწყო, მერე კი ახალაიას უთხრა: ეს ოთანაძის მეგობარია და იმიტომ ვცემო. ამის შემდეგ ახალაიამ თავად ჩამცხო თავში კონდახი. შემდეგ

დაბლა ჩაგვიყვანეს და ახალაიამ და თოფურიძემ ჩვენი დახვრეტის ბრძანება გასცეს.

სპეცრაზმელებმა გადატენეს იარაღი და შუბლზე დაგვადეს, ვიდრე სიცოცხლეს გამოგასალმებთ, "მამაო ჩვენო" წაიკითხეთო. ამ დროს მიიღეს ახალი ბრძანება, დახვრეტა შეაჩერეთო.

- მაინც რატომ გადაიფიქრა დათა ახალაიამ თქვენი დახვრეტა?

- ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხი უყურებდა ამას. ვიმეორებ, ჟურნალისტებიც იქ იყვნენ.

კუდ-ის სპეცრაზმის წევრები რომ დაჰკითხონ, იტყვიან, რაც ხდებოდა 5 მაისს მუხროვანის ბაზაში, ვინ უნდა ექციათ გვამებად და ა.შ.

კუდ-ის იმჟამინდელი სპეცრაზმის მეთაური ტარიელ შერვაშიძე რამდენიმე საათითაც რომ დააკავონ, დაფქვავს ყველაფერს.

სამწუხაროდ, ეს არ ხდება. რა გამოდის?  უდანაშაულო ხალხს სახელი შეგვიბღალეს, გვაწამეს, ხუთ წლამდე ციხე გვახეხინეს, ჩვენი ოჯახები ულუკმაპუროდ დატოვეს და ახლა ვის აწყობს ამ ყველაფრის გამოძიება? დამნაშავეები რომ დასაჯონ, ჩვენც ხომ მორალური ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციას მოვითხოვთ? ეს არავის აწყობს. მეტსაც გეტყვით, ტარიელ შერვაშიძე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაწინაურდა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოსტი ჩაიბარა შსს-ში. ის თანამდებობიდან მხოლოდ ორი კვირით ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე სკანდალური ვიდეოფირი გავრცელდებოდა (სადაც მერაბიშვილი ორი გვამის მიტანას ითხოვს). აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ხელისუფლებისთვის სხვა ვიდეომასალაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მათ გამოქვეყნებას დამნაშავეების დასჯა და სამსახურებიდან გათავისუფლება უნდა მოჰყვეს...