გიორგი ვაშაძე: "უგულავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "უგულავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

"კალაძეს უბრალოდ არ ჰყოფნის კომპეტენცია"

"ნაციონალური მოძრაობა" მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს ან ნიკა მელიას დაასახელებს, გააჩნია, რომელი გაიმარჯვებს პრაიმერში. გიორგი ვაშაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- როგორ ფიქრობთ, გაუწევთ კონკურენციას დავით ნარმანიას?

- დავით ნარმანიას უპირატესობა მხოლოდ ის არის, რომ მმართველი კოალიციის წარმომადგენელია. ბოლო დროს ტელეეკრანიდან გააქრეს, ნებისმიერი მისი გამოსვლა ცხადყოფს, რომ ის ამ პოზიციისთვის შეუფერებელი კანდიდატურაა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავიმარჯვებთ. მერი უნდა იყოს დამოუკიდებელი პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ქალაქის განვითარების ხედვა უნდა ჰქონდეს. ნაკლებად სავარაუდოა, ეს ხედვა ჰქონდეს ნარმანიას. მისი მინისტრობის დროს გაჩერდა შემოვლითი რკინიგზა, ცენტრალური მაგისტრალი და სხვა არაერთი პროექტი. თბილისში უნდა დადიოდეს კარგად აწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უნდა იყოს მწვანე საფარი. რაც მთავარია, თბილისს დაუბრუნდება ისტორიული ფუნქცია, რაც შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს.

- თბილისში აქამდეც იყო ეს პრობლემები...

- თბილისი იყო ჩაბნელებული ქალაქი, სადაც არავინ ჩამოდიოდა. ახლა სრულიად სხვა ეტაპია დასაწყები ქალაქის განვითარებისთვის.

- რატომ არ მონაწილეობს გიგი უგულავა მერის არჩევნებში?

- გიგი უგულავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან თქვა, რომ 10 წელია, მართავს ქალაქს და ახლა უნდა ახალ საქმეს მოახმაროს თავისი ენერგია.

- სხვათა შორის, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა: "კალაძე იმიტომ შემოგვიწყრა, რომ მიწები ნახევარ ფასში არ მივეცით".

- ტყუილი რატომ უნდა ეთქვა, გიგის, როგორც უგულავამ თქვა, უჩა მამაცაშვილი ივანიშვილის დეიდაშვილია და სხვადასხვა ბიზნესს ლობირებს, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. სამწუხაროდ, საქართველოში არიან გარკვეული კლანები, რომლებიც ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. აქამდეც არაერთი კორუფციული სქემა გამოვაქვეყნეთ, ვამხილეთ ჯგუფები, რომლებიც საქმის მაგივრად, ფულის კეთებით არიან დაკავებული.

- მანამდე იყო კახა კალაძის განცხადება, რომ რომლის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე საკუთარი "პიარის აგორებას" ცდილობს.

- როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ ადამიანს აღარ აქვს კომპეტენცია, ცოდნა და ლოგიკურად საუბრის უნარი, მაშინ აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ილანძღება. სამწუხაროდ, ეს არის "ქართული ოცნების" რეალური სახე. მათ აქვთ ნაკლები ცოდნა და ნაკლები გამოცდილება, კომპეტენცია, მხოლოდ ოპონენტის ლანძღვა იციან. კალაძე ვიცე-პრემიერია და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ნებისმიერ განცხადებას.

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ?

- უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. როცა საქართველოში ომი იყო, უკრაინის პრეზიდენტი გვერდით დაგვიდგა. ამიტომაც ყველა ჩვენგანის ვალია გვერდით დაუდგეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს.

თამარ ბოჭორიშვილი