მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
03-03-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მაპ-ის მოლოდინი

კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, ღარიბაშვილმა კი დაიპყრო! - ასე დავიწყებდი სტატიას, "ქართული ოცნების" პიარზე რომ ვმუშაობდე, მაგრამ რადგან ასე არ არის, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რაც მხოლოდ ღარიბაშვილის დამსახურება სულაც არ გახლავთ. ღარიბაშვილმა, მგონი, კაცი არ დატოვა ამერიკის ხელისუფლებაში, ვისაც არ შეხვდა, უფრო სწორად, ვისაც არ შეახვედრეს. ობამამ ისე შემოიარა მისი და ბაიდენის შეხვედრაზე, ვიფიქრე, მეც რომ ვთხოვო, გადაცემაში ჩამერთვება-მეთქი. მერე გადავწყვიტე, გამომეცნო, რა თქვა
ობამამ, როდესაც ოთახში შემოვიდა. იკითხა: "აბა, უჩემოდ აქ რა ხდება?!" თუ შესძახა: "რა ხალხი, რა ხალხია თეთრ სახლში!" ან იქნებ: "აი, მეც მოვედი!"

ხუმრობა იქით იყოს და, მისი ოცწუთიანი შემოვლა იყო მხარდაჭერის გამოხატვა უმაღლეს დონეზე. ზემოთ ვთქვი, ღარიბაშვილის ვიზიტის წარმატება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის-მეთქი.
ამის მიზეზი არის ის, რაც ევროპის კონტინენტზე, უფრო კონკრეტულად - მის აღმოსავლეთ ნაწილში, კიდევ უფრო კონკრეტულად კი - უკრაინაში ხდება. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამერიკაში ჩვენი ხელისუფლების ასეთი მიღება დიდწილად რუსეთის დამსახურებაა. სწორედ მისმა ქმედებამ უკრაინის კრიზისის დროს და მცდელობამ, აღადგინოს საბჭოთა კავშირი ევრაზიული კავშირის სახით, გამოიწვია ამერიკის და დასავლეთის ასეთი გააქტიურება (ერთ კვირაში ასეთივე, ან ცოტა ნაკლები პატივით მიიღებენ მოლდავეთის პრეზიდენტს). ეს არის შანსი, რომელიც რუსეთმა მოგვცა და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ... ამერიკაში ამ დღეებში იმდენი ილაპარაკეს ყბადაღებული მაპ-ის მოცემაზე, საქართველოში ბევრმა დაიჯერა, რომ წელს ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ეს წადილი აგვისრულდება. რაღა დაგიმალოთ და, გული მეც ამას მიგრძნობს.

პატრიოტიზმი და "ნაციონალიზმი"

მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტით და ობამასთან შეხვედრით ხარობდნენ, "ნაციონალებს" მიშას უკრაინაში ვოიაჟი და ხალხის გულთბილი დამოკიდებულება უხაროდათ.  თავიდან კი ისე მოგვაჩვენეს თავი, ვითომ ღარიბაშვილის ასეთი მიღება ჩვენც გვიხარია, ეს ხომ ქვეყნის წარმატებააო, მაგრამ მერე ბრჭყალები გამოაჩინეს.
ყველაზე თვალში საცემად ეს ბოკერიამ გააკეთა, რომელმაც უცხოურ პრესაში გამოაქვეყნა წერილი სათაურით: "საქართველოს ახალი ხელისუფლება იანუკოვიჩის კვალს მიჰყვება", რომელშიც ამბობს, "ოცნებაც" ისევე დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდაო. აქაოდა, ჩვენი პრემიერიც დაჭერილია და ტიმოშენკოც დაჭერილი იყოო. არ ვაპირებ იმის გარჩევას, ეს შედარება სწორია თუ არა. მე თქვენი ყურადღება სხვა რამეს მინდა მივაქციო - რა დროს გამოქვეყნდა ეს სტატია?

ამერიკაში შენი ქვეყნის ლიდერს ვიზიტის დროს ასეთ სტატიას რომ დააწევ, როდესაც მაპ-ის მისაღებად ასე გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, შენ კი იმაზე დაიწყებ საუბარს, ესენიც იანუკოვიჩები არიანო, რა მიზანი გაქვს? ხომ არის ეს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენება? 2007 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმებოდი  ქუჩაში გასული ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნის თაობაზე, მიმაჩნდა, რომ 2008 წლის ნატოს სამიტის წინ, სადაც ჩვენთვის მაპ-ის მოცემის საკითხი წყდებოდა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა არ იყო პატრიოტული საქციელი. ასევე ვფიქრობ ახლა  მთელ "ნაციონალურ მოძრაობაზეც".

სამარცხვინო საშვი!..

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც მამა გაბრიელის საფლავის გახსნის დღეს ხდებოდა. საშვების თემამ ბევრი აღაშფოთა, განსაკუთრებით იმან, რომ ამ საშვებით იქ მთავრობის რამდენიმე წევრი შევიდა, კონკრეტულად კი - განათლებისა და ფინანსთა მინისტრები. პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ საშვები დაარიგეს და ვიღაცებს უშვებდნენ მოსალოცად და ვიღაცებს - არა, პრობლემაა თავად მთავრობის წევრების საქციელი!

შენ მინისტრი რომ ხარ, საკუთარ თავს როგორ უნდა მისცე უფლება, ასეთი რამ გააკეთო, როდესაც უამრავი გაჭირვებული ადამიანი ითხოვს შესვლას და შენ მხოლოდ იმიტომ, რომ მინისტრი ხარ, თავს მათზე მაღლა აყენებ, მათზე პრივილეგირებული ხდები, ფაქტობრივად თავზე ახტები შენს მოქალაქეებს და ისე შედიხარ ტაძრის ეზოში. და ამ დროს გავიწყდება, რომ ეს პრივილეგიები მხოლოდ იმიტომ გაქვს, რომ იმ მოქალაქემ, ვისაც თავზე გადაახტი, ხმა მოგცა და აგირჩია. ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეიგნებენ, რომ მათი კომფორტულ სავარძლებში ჯდომა ხალხის დამსახურებაა, მანამდე არაფერი გვეშველება. საშვების გაცემა მხოლოდ თინა ხიდაშელმა დაგმო. მე თუ მკითხავთ, ბატონმა ხადურმა და ქალბატონმა განათლების მინისტრმაც ბოდიში უნდა მოიხადონ, თან პირობა დადონ, რომ ასე სამარცხვინოდ აღარასდროს მოიქცევიან.
tamazi tsomaia
07 მარტი 2014 01:20
მართალი ბრძანდებით ბატონო მერაბ,სამარცხვინო საქციელია. და თვითონ თუ ვერ მიხვდებიან ან არმოისურვებენ,მაშინ თოქშოუებში,რომ უყვართ გამოჭიმვა,აი იქ უნდა დაუსვან თქვენმა კოლეგბმა კითხვა,საინტერესოა ნაციონალებივით დემაგოგობას დაიწყებენ,თუ შეინანებე თავის საქციელს.
nino
06 მარტი 2014 16:09
ეს ბოკერია ხომ გარეწარია, დიახაც ეჭვიც არ მეპარება საკუთარ შემოსავალს ქვეყანაზე წინ აყენებს, ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, მაგისი მეთაურივით მთავრობა რომ მოსულიყო მანდ ვეღარ იქნებოდა წამოსკუპებული.
არც ამ ახალი მთავრობის წარმომადგენლები არიან ანგელოზები, არც იმ ქალბატონ მინისტრს და არც ამ გაბერილ მინისტრს სულ არ ადარდებთ ხალხი, ხალხი მარტო არჩევნებზე უნდათ.
zako
06 მარტი 2014 11:20
ჩემთვისაც გაუგებარია, რათ უნდოდათ ნოდარ ხადურს და სანიკიძეს ასეთი პრივილეგიით სარგებლობა. ეს ყოვლად უხამსი ქმედებაა. ადამიანი, რომელიც ერთი ნაბიჯის იქეთ არ იხედება, ასეთ მაღალ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ.

რედაქტორის რჩევით