"არა მგონია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიაღწიოთ" - კვირის პალიტრა

"არა მგონია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიაღწიოთ"

"დასავლეთის ქვეყნებს პუტინი "დედიკოს ბიჭებად" თვლის"

"რუსეთის აგენტი რომ ვიყო, გეტყოდით, რომ ძია ვოვას მძლავრი იმპერიის აღდგენა სურს და კარგი იქნება თუ თქვენც ძმურად დაეხმარებით"

რა ხდება უკრაინაში, რა ბედი ეწევა ყირიმს და რა გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები საქართველოზე, ამაზე რეალპოლიტიკის ექსპერტს, ავსტრიელ მკვლევარ იუჯინ კოგანს ვესაუბრეთ, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება და საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობს.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ის, რაც უკრაინაში მოხდა?

- ყველაფერი ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გამო თავი დაირწმუნა, რომ ფეხის ათრევით შეძლებდა, დრო გაეყვანა და საკუთარი თავი და სავარძელი გადაერჩინა. იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, ბეწვის ხიდზე გაევლო ევროკავშირსა და რუსეთს შორის, საბოლოოდ კი წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.

- თქვენი ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იანუკოვიჩი, ექსპერტების უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთის კაცად არ მიგაჩნიათ...

- იანუკოვიჩი არ იყო რუსეთის ლაქია, როგორც ახლა მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, მას ესმოდა, რომ თუ კრემლის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა, დაისჯებოდა, მაგრამ რეალურად, ის იყო სიხარბით შეპყრობილი მმართველი, რომელიც ცდილობდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, სავარძელი შეენარჩუნებინა. თუ ვინმეს ლაქია იყო, უპირველესად იმ ოლიგარქებისა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოიყვანეს. იანუკოვიჩი თავიდანვე არ გეგმავდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რადგან ეს იქნებოდა მისი პროტეჟე ოლიგარქების ეკონომიკური დამოუკიდებლობის დასასრული - ევროკავშირი ხომ უკრაინისგან ეკონომიკის სრულ რეკონსტრუირებას, ფინანსურ გამჭვირვალობას და მოვლენების მონიტორინგს მოითხოვდა! ამავდროულად, იანუკოვიჩი ხალხს არწმუნებდა, რომ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა ოდესმე, ხოლო როცა ეს გაურკვეველი მომავალი კონკრეტულ დღედ იქცა, მან გადაჭრით განაცხადა უარი, ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.

- გადავიდეთ ევრომაიდანზე... როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა კიევში მომიტინგეთა გამარჯვება?

- ვფიქრობ, უდიდესი როლი ითამაშა ხალხში დაგუბებულმა ზიზღმა პოლიტელიტისა და ქვეყანაში გამეფებული საყოველთაო კორუფციის მიმართ. ხალხს მიაჩნდა, და სამართლიანადაც, რომ მმართველი რეჟიმი ხარბი ვაჭრებისა და ქურდბაცაცებისგან შედგებოდა. სწორედ ამან გამოიწვია სახალხო რევოლუცია კიევში, რომელმაც მერე მთელი ქვეყანა მოიცვა. მიუხედავად ამისა, თებერვლის პირველ რიცხვებში უკვე ბევრს, მათ შორის მეც, მჯეროდა, რომ იანუკოვიჩმა ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვა, მაგრამ დაპირისპირების მეორე ტალღამ, რომელსაც 90-მდე დაღუპული და 600-მდე დაჭრილი მოჰყვა, ყველაფერი შეცვალა. იანუკოვიჩი დადგა დილემის წინაშე: ან განრისხებულ ხალხს დანებებოდა, ან ამ ხალხის მასობრივი ხოცვა ებრძანებინა. მან მეორე აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აცხადებს, მომიტინგეებისთვის სროლის ბრძანება მე არ გამიციაო, თუმცა არავის, ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. როცა მიხვდა, რომ გადაამლაშა და მისმა არჩევანმა საპირისპირო შედეგი გამოიღო, ქვეყნიდან გაიქცა და ფეოდალური ევროპის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, საკუთარი თავი, როგორც ტახტის პრეტენდენტმა, რუსებს ჩააბარა, მაგრამ აქაც მოტყუვდა: გამორიცხულია, პუტინმა უკრაინაზე კვლავ გავლენის მოპოვების შემთხვევაში მართვის სადავეები პოლიტიკურ გვამს ჩააბაროს.

- ფიქრობთ, რომ ევრომაიდნის გამარჯვება უკრაინის გამარჯვებაც იყო?

- ეს ნამდვილად იყო გამარჯვება უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, რომლის მოსახლეობას ერთსულოვნად სურს ევროპისკენ სვლა, მაგრამ უკრაინაში მხოლოდ ეს ადამიანები არ ცხოვრობენ. პრორუსული მოსახლეობა იმას, რაც ევრომაიდანზე მოხდა, დამარცხებად აღიქვამს.

- თუმცა, ევრომაიდნის შედეგების საფასურს ახლა მთელი უკრაინა იხდის...

- დიახ, ასეა, რადგან პუტინის გადმოსახედიდან იანუკოვიჩის გაქცევა სწორედ კრემლის პოლიტიკის ფიასკო და პუტინის რეპუტაციის სამარცხვინო ლაქაა.

- როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა უკრაინას შანსი, ყირიმი დაიბრუნოს?

- ამას გამოვრიცხავ, რადგან რუსეთმა უკვე დიდი ხანია, ყირიმის მიერთებისთვის თადარიგი დაიჭირა. ცხადია, ეს იყო დიდი ხნის წინ დეტალურად დაგეგმილი სამხედრო-სადამსჯელო ოპერაცია იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ან სამიტის შემდგომ პერიოდში ევროპული გზით სვლას განაგრძობდა. როგორც უკვე გითხარით, პუტინმა იანუკოვიჩის საკუთარი ქვეყნიდან გაქცევის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. იგი თვლის, რომ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად უკრაინა რაც შეიძლება მკაცრად უნდა დაისაჯოს.

პუტინი უკრაინას თითს უქნევს - თუ უკრაინა ამ გაკვეთილს ვერ გაითავისებს, მოუწევს, ყირიმის გარდა აღმოსავლეთ უკრაინასაც გამოეთხოვოს.

არ გამოვრიცხავ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სწორედ ასე მოხდეს. ძნელი დასაჯერებელია, ისეთი მტაცებლური ინსტინქტის მმართველმა, როგორიც პუტინია, ტერიტორიული ექსპანსიის ასეთი შანსი ხელიდან გაუშვას.

- ნუთუ 50-მილიონიან უკრაინას 140 000-იანი ჯარით, ძალა არ შესწევს, მოვლენების ამგვარ განვითარებას ხელი შეუშალოს?

- უკრაინა ამ პროცესებს წინ ვერ აღუდგება, რადგან ამისათვის არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო რესურსი არ გააჩნია. მიუხედავად 50-მილიონიანი მოსახლეობისა, უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვების შანსი არ აქვს.

თუ უკრაინა ომს წამოიწყებს, ეს იქნება ომი უკრაინის ტერიტორიაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ უკრაინის არმიის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ აღმოსავლეთ უკრაინელები შეადგენენ და რუსების წინააღმდეგ იარაღს არ აღმართავენ, მეტიც, შეიძლება უკრაინას შემოუბრუნდნენ კიდეც... ამავე დროს, უკრაინის მოსახლეობა სიცივისაგან აცახცახებული იჯდება, რადგან რუსეთი მათ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

ერთადერთი ვარიანტი, რომ უკრაინა და ყირიმი კვლავ ერთ კონტექსტში მოიხსენიებოდეს, არის უკრაინის ფედერალური სახელმწიფო, სადაც აღმოსავლეთ უკრაინას, ყირიმითურთ, ეყოლება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ადგილობრივი ელიტის მართული მთავრობა, ძალაუფლების ასეთი გადანაწილება კი კიევის მთავრობისათვის, ფაქტობრივად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს.

- და რას იტყვით გარე მოთამაშეების როლზე ამ სავარაუდო კონფლიქტში? როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიკავებენ აშშ და ევროპა?

- უკრაინა არ არის არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი. არ არსებობს სამართლებრივი ან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომელიც სხვა ქვეყნებს ამ კონფლიქტში ჩარევას ავალდებულებს. ცხადია, რომ ევროპელები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპირებენ, უკრაინისათვის სისხლი დაღვარონ. მათ არ უღირთ უკრაინისათვის ბრძოლა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში უკრაინისა და რუსეთის კონფრონტაციას ჯერ კიდევ რუსეთის საშინაო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევენ. ამერიკის შეერთებული შტატები კი, უბრალოდ, ძალიან შორსაა ამ ყველაფრისგან. თეთრი სახლის ადმინისტრაცია განუხრელად მისდევს ჩაურევლობის პოლიტიკას, ობამას კი მხოლოდ ის ადარდებს, დარჩენილი ორი წელიწადი რაც შეიძლება ნაკლები პრობლემით დატვირთულმა გაატაროს და საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ დამსახურებული საკულტო იმიჯი მოირგოს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სათანადო სამხედრო პოტენციალი აქვს და შეიძლება, მართლაც სურდეს მოვლენებში ჩარევა, პოლონეთია, მაგრამ მას ამის საშუალებას სხვა ვალდებულებები (მაგ., ნატოს მიმართ) არ მისცემს.

უკრაინის მოვლენები ღამით ძილს უფრთხობს ბალტიის ქვეყნებსაც, განსაკუთრებით - ლატვიას,

სადაც მოსახლეობის 42% რუსია, მაგრამ მათ შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირსა და ნატოს ამოეფარონ. თუმცა, საკითხავია, მოუნდებათ თუ არა, მაგალითად, ბელგიელებს ანდა ესპანელებს, ლატვიელების გადასარჩენად ომში საკუთარი შვილები გაგზავნონ?

- სამხედრო დაპირისპირების გარდა, არსებობს ეკონომიკური და დიპლომატიური ბერკეტებიც... როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა შედეგი სანქციებს, რომელთაც ევროკავშირი და აშშ რუსეთს აკისრებენ?

- არა მგონია, რადგან ეს სანქციები არ ვრცელდება სფეროზე, რომელიც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკა და ენერგორესურსები. არც გავრცელდება, რადგან ევროკავშირი, რომლის ძრავად მიჩნეულ გერმანიას ერთობ მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვს რუსეთთან, ასეთი სანქციებით საკუთარ თავსაც დააზარალებს, ამისთვის კი ისინი მზად არ არიან.

- რას იტყვით თურქეთზე? ერთი, რომ ყირიმის მოსახლეობის 12%-ს თათრები შეადგენენ, რომელთაც ერდოღანმა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, თურქეთში, ალბათ, მშვენივრად ესმით, რას მოასწავებს რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცება...

- თურქეთის სამხედრო პოტენციალზე საუბრისას ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თურქული არმიის ელიტა, რომლის "აღზრდაზეც" აშშ-მა საკმაო რესურსი დახარჯა, ერდოღანმა ციხეში გამოკეტა. თურქეთის არმია დემორალიზებულია, მაღალი და დაბალი ეშელონები ერთმანეთს არ ენდობიან. ასეთ პირობებში ერდოღანის განცხადება, რომ აპირებს, ყირიმელ თათრებს დაეხმაროს, უბრალოდ, სასაცილოა. ამას გარდა, თურქეთისთვის საჭირო გაზის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. ასე რომ, თურქები ისევე, როგორც 2008 წლის ომის დროს, ახლაც ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები საქართველოზე? სულ რამდენიმე თვეში ჩვენც მოგვიწევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. რა საფრთხეს უნდა ველოდოთ რუსეთისაგან?

- მე ვფიქრობ, ყირიმის ეპიზოდი საქართველოსთვის საგანგაშო უნდა იყოს. შეიძლება პარალელების გავლება ყირიმის მოვლენებსა და 2008 წლის ომს შორის, იმ სამწუხარო განსხვავებით, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსები კიდევ უფრო დაოსტატდნენ მინიმალური დანაკარგით მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ის, რაც ახლა ყირიმში ხდება, რუსეთის სიგნალია საქართველოსა და მოლდავეთისათვის - თუ უკრაინის გზას დაადგებით და ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის იდეას თავიდან არ ამოიგდებთ, თქვენც იგივე მოგელით. ასე რომ, გაფრთხილდით და კარგად დაფიქრდით, რის მიღწევას ლამობთ. ასჯერ გაზომეთ, მზად ხართ თუ არა, ბოლომდე გაუძლოთ და ის შედეგებიც იტვირთოთ, რაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისკენ სწრაფვას მოჰყვება. მე ხაზგასმით ვამბობ; სწრაფვას და არა - ხელმოწერას, რადგან არა მგონია, ამ შემთხვევაში ხელის მოწერამდე მიაღწიოთ. ჩემი მოსაზრებების გასამყარებლად იმ საფრენ აპარატებს შეგახსენებთ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს გადაუფრინეს. ეს მხოლოდ დასაწყისია... იმედია, ნერვები არ გიმტყუნებთ და რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვებით, თუმცა გამომგონებლობის უნარი არც რუსებს აკლიათ...

- მოლდავეთის შემთხვევაში, რუსეთის პოტენციური მანევრი თითქოს აშკარაა - ისინი შეეცდებიან, ყირიმის სცენარი დნესტრისპირეთშიც გაითამაშონ, მაგრამ საქართველოში აღარ დაგვრჩა რეგიონი, სადაც რუსეთის მოქალაქეების "აგრესიისგან დაცვა" შეიძლება გახდეს საჭირო...

- თუ ფიქრობთ, რომ კრემლში დასხდებიან და გასამართლებელ საბუთებს დაუწყებენ ძებნას, ძალიან ცდებით. კრემლისთვის უფრო ბუნებრივი იქნება, ჯერ საქართველო დაიპყროს, ოფიციალურ საბაბსა და "ჯასტიფიკაციას" (აგრესიის გამართლებას) კი მერეც მოევლება. საქართველოს ანექსიის შემდეგ მათ საკმაო დრო ექნებათ "კაზუს ბელის" (ფორმალური საბაბი) მოსაფიქრებლად.

- აპოკალიფსურ სურათს ხომ არ ხატავთ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ სწორედ ანექსიას უნდა ველოდოთ?..

- ნუ გეწყინებათ, მე მხოლოდ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, რომ უკეთ გაფრთხილდეთ. პირველ რიგში იმიტომ უნდა ელოდოთ, რომ პუტინს სურს, დაეუფლოს რეგიონში ყველა სატრანზიტო პუნქტს, საიდანაც ევროპასა და თურქეთს ნავთობი და გაზი მიეწოდება.

ამ ბერკეტების ხელში ჩაგდებით რუსეთი უპირობო კონტროლს მოიპოვებს შავ ზღვაზეც, რადგან ერთადერთ ღირსეულ კონკურენტთან, თურქეთთან, გაუჩნდება საერთო საზღვარიც და მასზე ზემოქმედების მძლავრი ეკონომიკური ბერკეტიც - ეს, რომ არაფერი ვთქვათ იმ უზარმაზარ ფინანსურ მოგებაზე, რასაც ის ამ სატრანზიტო პუნქტებზე ნიხრის დაწესებით ნახავს. თუ, მაგალითად, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, 5-პროცენტიან ნიხრს ითხოვს, უკონტროლოდ დარჩენილ კრემლს შეეძლება, ეს ნიხრი 45 პროცენტამდე ან უფრო მეტადაც გაზარდოს, აზერბაიჯანს კი, საიდანაც გაზი საქართველოზე გადის, მოუწევს, ან სომხებს შეურიგდეს, რაც ძნელი წარმოსადგენია, ან - კრემლის ღორმუცელობას. მეორე მიზეზი, რატომაც ანექსიას უნდა ელოდოთ, გახლავთ ის, რომ პუტინისთვის ცხადი გახდა - მას შეუძლია ეს გააკეთოს და პასუხს ვერავინ მოსთხოვს. დასავლეთის ქვეყნები, რომელთაც ის "დედიკოს ბიჭებად" თვლის, მასზე არიან დამოკიდებულნი, ობამას ამერიკას კი, უბრალოდ, არ სურს ახალი ცივი ომის წამოწყება. და მესამე: სამხრეთ კავკასიის დაპატრონება მას შეუქმნის საუკეთესო ბუფერულ ზონას ზემოთ ხსენებულ თურქეთთან და მსოფლიო პოლიტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან - ირანთან.

- რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, რომ ეს თქვენი ვარაუდი არ გამართლდეს, თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ, შეიძლება რუსეთმა ჩვენი ანექსია, უბრალოდ, გადადოს?

- კარგი იქნებოდა, ასე იოლად რომ იყოს საქმე. თუ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ ევრაზიულ კავშირში გაწევრება მოგიწევთ, რის შედეგადაც ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც რუსეთზე დამოკიდებული გახდებით და თქვენთვის ეგზომ ღირებული დამოუკიდებლობა ფასადად იქცევა. თუმცა, თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა, ასეთი წინადადება შემოგთავაზონ - შეუერთდეთ ევრაზიულ კავშირს თქვენი პირობებით.

მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია.

- თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე, უკრაინის მსგავსად, დახმარებას გარედან არც ჩვენ უნდა ველოდოთ...

- თუ დასავლეთი უკრაინის ფიასკოს შეეგუა, საქართველოსაც ჩაყლაპავს. რა თქმა უნდა, იქნება აღშფოთება, გამკაცრდება დიპლომატიური ენა, შესაძლოა, ჰუმანიტარული დახმარებაც მიიღოთ, მაგრამ სერიოზულს ნურაფერს ელით.

- როგორ ფიქრობთ, თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც თქვენ აღწერთ, რა ელის საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას?

- ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ მათ ნაწილს, ალბათ, საკუთარ ადგილებზე დატოვებენ, უბრალოდ, ამ პოზიციებს სახელებს შეუცვლიან. მაგალითად, ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტად ისევ გიორგი მარგველაშვილს დატოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი ფუნქცია და პოლიტიკური წონა არ ექნება, რუსეთს შეეძლება, მისკენ სიამაყით გაიშვიროს თითი და თქვას, აი, ჩვენ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ შეგვიცვლიაო.

- პრორუსული ორიენტაციის ექსპერტები ხშირად განიხილავენ შემდეგ სცენარს: რუსეთი აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად ფედერალური ერთეულის შექმნას გვთავაზობს, ჩვენ კი რუსეთის კალთაში ვბრუნდებით... რას ფიქრობთ ამაზე?

- ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ რუსეთს შესაძლებლობა ექნება, დივიდე ეტ იმპერას პოლიტიკას არ გადაუხვევს და რეგიონს რამდენადაც შეძლებს, იმდენად დაქსაქსავს. თუ მაინც მოუწია ასეთი მსხვერპლის გაღებამ, ყველა ზომას მიიღებს, რომ აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს ტრიუმვირატში გადაწყვეტილებები უმრავლესობის მიხედვით იქნას მიღებული, ეს კი თავადაც ხვდებით, რასაც ნიშნავს...

- ასეთი რიტორიკის გამო ბევრმა, შესაძლოა, რუსეთის აგენტად მიგიჩნიოთ...

- რატომ, სიმართლეს რომ გეუბნებით და მაქსიმალურად რეალურ სურათს გიხატავთ? ნუთუ ისინი, ვინც შეშფოთებას გამოხატავენ და გეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყუილია, უფრო დიდ სიკეთეს გიკეთებენ? რუსეთის აგენტი, ჩემი აზრით, თავად პუტინსა და მის ამბიციებს უფრო ნათელ ფერებში დაგიხატავდათ, გეტყოდათ, რომ ძია ვოვას დიდებული, მძლავრი იმპერიის აღდგენა სურს და კარგი იქნება, თუ თქვენც ძმურად დაეხმარებით და უკეთესად იცხოვრებთ...

-  რაც უნდა იყოს, ისტორია გვასწავლის, რომ საბოლოოდ ყველა იმპერია იშლება და დამონებული ტომები თუ სახელმწიფოები ნანატრ თავისუფლებას მოიპოვებენ... თანაც, ერთია, ააშენო იმპერია და მეორე - შეინარჩუნო იგი. ალექსანდრე მაკედონელმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ მისი გვამი გაცივებულიც არ იყო, რომ მისი იმპერია დაიშალა. იგივე ბედი ხომ არ ელის პუტინსაც?

- შესაძლებელია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენს ადგილზე იმის იმედი არ მექნებოდა, რომ ეს მალე მოხდება. ჩემი აზრით, რუსეთის დასუსტება-ჩამოშლაზე ლაპარაკი მინიმუმ ოცი წელიწადი მაინც წყლის ნაყვაა. რაც შეეხება პუტინს, პუტინი ახლა საკუთარი ძალაუფლების ზენიტშია და ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს, ღირსეული მემკვიდრე იპოვოს...

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე