ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ამერიკული დღიურები

ამერიკული შეხვედრების და აქ მოსმენილი ხედვების სხვა ასპექტებზე მინდოდა დამეწერა, თუმცა უკრაინა სრულიად ცვლის დღის წესრიგს.

მაგრამ მანამდე არ შემიძლია, ორიოდე სიტყვით ნაწილობრივ მაინც არ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. ვაშინგტონის შემდეგ ლას-ვეგასში ვიყავი ძალიან საინტერესო და საჭირო თემით: "ეკონომიკური პერსპექტივები და უსაფრთხოება". სწორედ ლას-ვეგასმა თვალნათლივ დამანახა, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის და გნებავთ, პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა გახლავთ ისეთი დიდი რაოდენობით და იმდენად გავლენიანი“ფულის ჩადება, რომ მერე ამ ფულმა თავად დაიცვას თავი, შვეიცარიის მსგავსად. უტოპიაა?! ამ ეტაპზე შეიძლება, თუმცა პერსპექტივაში - სულაც არა, თუკი დასავლეთმა რუსეთის ბლიც-კრიგის შეკავება მოახერხა და საქართველოში სტაბილურობამ დაისადგურა. თუმცა, ეს ამჟამად ყველაზე რთულად გადასაჭრელი ამოცანაა. მართალია, საქართველოსგან ახალი საბანკო მექა ძნელად გამოვა, მაგრამ სხვა მიმართულებებიც არსებობს: ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომელი სფერო შემოიტანს საქართველოში ისეთ ფულს, რომელიც შემდეგ თავის თავს დაიცავს და როგორ თანხვდება ეს ჩვენს კულტურულ, დემოგრაფიულ, სოციალურ იდენტობას. ინოვაციურობა აქაც კარგი მრჩეველია, თუმცა ეკონომიკური მოგებისა და უსაფრთხოების, მათ შორის, კულტურული და სოციალური ასპექტების დაბალანსება სასურველია.

შემდეგი გაჩერება ნიუ-ორლეანია, კრიმინალის და კორუფციის მექა, რომელმაც დამანახა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა! ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან კრიმინალისა და კორუფციის ისეთ ასპექტებსა და მასშტაბებს განვიხილავდით, რომ ერთი მხრივ, თმა ყალყზე დამიდგა, მაგრამ მეორე მხრივ, უსაზღვროდ მიხაროდა, რომ ჩვენთვის ეს უკვე წარსულია. აქაურები ვერაფრით დავაჯერეთ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც კრიმინალისა და კორუფციის ასეთი დაბალი დონეა.

ნიუ-ორლეანში გავიგე ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის არსიც: უზარმაზარი ფინანსური რესურსები ხმარდება აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ლიდერის, როლისა და გავლენის გაფართოებას და მსოფლიოს დღევანდელი წესრიგის შენარჩუნებას მაშინ, როცა ამერიკაში ხშირად გაიგონებ, რომ არ ჰყოფნით ფული განათლების სისტემისთვის, პოლიციის ეფექტური დაფინანსებისთვის და ა.შ., რაც ბევრი შიდა პრობლემის სათავეა. სწორედ რესურსების უკმარისობა აიძულებს ობამას ადმინისტრაციას, შეამციროს დანახარჯი საგარეო ფლანგზე და გამოთავისუფლებული რეზერვი ქვეყნის შიდა მოთხოვნებს მოახმაროს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური კრიზისიც: ამერიკელები ერიდებიან ფულის ხარჯვას, სტაბილურ მომავალთან დაკავშირებული ჩვეული სიმშვიდეც აღარ ეტყობათ.

და ისევ უკრაინა. ყველაზე ხშირად აქ ორ სცენარს განიხილავენ: რუსეთი დასჯერდება ყირიმს და იქ ისეთივე დაძაბულ რეჟიმს შეინარჩუნებს, როგორიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებშია, რათა უკრაინა მუდმივად საბელით ჰყავდეს მიბმული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების თეორიული შანსიც კი მოუსპოს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არც აქამდე უნდოდა უკრაინით თავის ატკივება და გადაუჭრელი კონფლიქტებით ვინღა გაიკარებს.

მეორე სცენარი რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებაა, რომელიც სულ უფრო რეალურ კონტურებს იძენს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პუტინი ჯერჯერობით ამ თემით ვაჭრობს. აი, სწორედ აქ უნდა დაისვას მთავარი კითხვა: როგორია უკრაინული პროცესების რუსული ხედვა?! თუ უკრაინაში რუსეთის მარცხი გაფორმდება, ეს იქნება პირდაპირი იმპულსი რუსეთში უკრაინის ანალოგიური პროცესების აგორების და რუსეთის დაშლის ინსპირირების - ესაა რუსული ლოგიკა და ამ ლოგიკით რუსი რუსეთის გადასარჩენად შეიჭრა უკრაინაში. ამიტომაა ის განსაკუთრებით საშიში და დაუნდობელი, ანუ მოქმედებს პრინციპი: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, პუტინი უარს არ იტყვის ყირიმის მიერთებაზე. არგუმენტი აქაც მარტივი აქვთ: რაც უფრო გაფართოვდება რუსეთის გავლენის სფერო, მით უფრო ძნელი იქნება რუსეთის დასუსტება.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს უკრაინაში წყდება ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული ერთპოლუსიანი მსოფლიოს ბედი. რუსეთი ცდილობს, აღადგინოს ორპოლუსიანი მსოფლიო: მისი როლი სირიაში, ირანში, ახლა - უკრაინაშიც მას ისლამური სამყაროს ავტორიტარული რეჟიმებისთვის მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორიც: რაში სჭირდება ჩინეთს დასავლეთის გაძლიერება?! არ ურჩევნია, დასავლეთის თავისტკივილად შეინარჩუნოს რუსეთი, რომელსაც თავის კონკურენტად არასდროს მიიჩნევს?!

ამ მრავალკომბინაციიან თამაშში ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავეზღვიოთ პროვოკაციებისგან, რათა არ მივცეთ რუსეთს საბაბი, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას და ყირიმის მიერთების შემთხვევაში რიგში სამხრეთ ოსეთი არ ჩააყენოს.