მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
10-03-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
"ოცნება" "ნაცების" ტყვეობაში

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დღესაც პოლიტიკურ დღის წესრიგს მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" განსაზღვრავს, "ოცნება" კი მათთვის პასუხის გაცემას თუ თავის მართლებას უნდება. წამოსწევენ "ნაცები" რაღაც თემას და იწყება მერე მისი განხილვა, პასუხის გაცემა, მტკიცება, რომ ასე კი არა, ისეა, თქვენ ჩვენი ნათქვამი ვერ გაიგეთ და ა.შ. მოკლედ, იმის მაგივრად, დღეს "ნაციონალები" იყვნენ თავის მართლებით დაკავებული, თავს "ოცნება" იმართლებს.  "ოცნების" ამბავი იცით, როგორაა? გუნდი რომ ათით ნულს იგებდეს და
მერე მაინც წააგოს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალებმა" 9 წლის განმავლობაში დათესილი სიავით (კარგთან ერთად) "ოცნებას" უდიდესი ფორა მისცეს, დღეს პოლიტიკურ ბრძოლას ხშირად მაინც ისინი იგებენ. ბოლოს ასეთი რამ წინა კვირას, პარლამენტში უკრაინის თემაზე გამართული დებატების დროს მოხდა. "ნაციონალებმა" ბევრჯერ ნაცადი კარტი გაათამაშეს: შემოაგდეს განცხადების ტექსტი
მწვავე შეფასებებით რუსეთის მისამართით და "ოცნება" ისევ ჩოქბჯენში ჩადგა. ჯერ ერთი, ვერც ის გავიგე, რატომ არ შეიძლებოდა ტექსტის იმ ვარიანტის მიღება, რაც "ნაციონალებმა" წარმოადგინეს, მაგრამ დავუშვათ, არ შეიძლებოდა. როდემდე უნდა წამოეგო ერთსა და იმავე ფანდს? ხომ კარგად იცი, რომ "ნაციონალები" ამ თემას ყოველთვის შიდა მოხმარებისთვის იყენებენ. თუ არ ხარ მზად, რუსეთის მისამართით ისეთი მკვეთრი განცხადებები გააკეთო, როგორსაც "ნაციონალები" ითხოვენ და თუ ფიქრობ, რომ ახლა ასე უკეთესია ქვეყნისთვის, მაშინ ყველაფერზე თავის მართლებას ნუღარ იწყებ. შეიმუშავე ეფექტური ტაქტიკა, რომ "ნაციონალების" ერთსა და იმავე ფინტს მუდმივად არ წამოეგო! მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინოს, მაგრამ საქმიანი კრიტიკა და პროვოკაცია ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს.

რას გვასწავლის უკრაინის კრიზისი


რუსეთი სროლას ჯერ არ დაიწყებს. ეს მისი სტილი არ არის. ის ყოველთვის ცდილობს, პირველად სხვას გაასროლინოს ტყვია და ამ მიზანს სხვადასხვა გზით აღწევს (საქართველოში როგორც მოახერხა ეს, კარგად გვახსოვს). ახლა დაელოდება ყირიმის იმ ე.წ. რეფერენდუმს, სადაც ბუნებრივია, რუსეთის ინტერესი გაიმარჯვებს. თუ კიევი გადაწყვეტს, ამას ძალით დაუპირისპირდეს, ცხადია, რუსეთიც ძალით უპასუხებს, თან იტყვის, ომი მე არ დამიწყია, კიევმა დაიწყოო. ხოლო თუ კიევი ძალას არ გამოიყენებს, მივიღებთ კიდევ ერთ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას. ერთი სიტყვით, რუსეთი, ფაქტობრივად, წაუგებელ თამაშს თამაშობს. ყოველთვის ერთსა და იმავე ფინტს აკეთებს და დასავლეთმა ჯერ ვერაფერი გააწყო მის წინააღმდეგ. ვნახოთ, რას იზამს ახლა. იმედია, დასავლეთისთვის საქართველო კარგი გაკვეთილი იყო და იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებს. ცუდია, რომ ჩვენს ტრაგედიაზე ისწავლეს, მაგრამ კარგია, თუ ისწავლეს.

კოსოვოს აღიარება დასავლეთის ყველაზე გაუთვლელი ნაბიჯი იყო! პუტინს ყოველთვის კოსოვოს მაგალითი მოჰყავს და იძახე, რამდენიც გინდა, იქ განსხვავებული სიტუაცია იყოო. ცხვირში ძმრად ამოადინა პუტინმა დასავლეთს ეს გადაწყვეტილება, ეს კი ჩვენს ხარჯზე მოხდა.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ 2008-ში დასავლეთმა დააგვიანა. თუმცა, დასავლეთმა კი არ დააგვიანა, მიშამ არ დააცადა - როგორც კი რუსეთმა პროვოკაციები გაახშირა და ჩუმად ჯარის შემოყვანა დაიწყო, მაშინვე შეუტია.  არ დამიწყოთ ისევ, აბა, სხვა ქვეყნის ჯარი შენს ტერიტორიაზე რომ შემოდის, რა უნდა ქნა, ჩუმად ხომ არ იჯდები, ყველა თავმოყვარე ხელისუფლება ასე მოიქცეოდაო. რა, უკრაინელები თავმოყვარეები არ არიან, არაფერს რომ არ აკეთებენ?! აქ არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ ჩვენს შემთხვევაში სოფლები იბომბებოდა. სოფლები მანამდეც ბევრჯერ დაუბომბავთ, მაგრამ ცხინვალის შტურმი არ დაგვიწყია. მაშინაც შეიძლებოდა ასე მოქცევა და საერთაშორისო განგაშის ატეხა, დასავლეთისთვის დროის მიცემა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ დროს მიშამ სამი დიდი შეცდომა დაუშვა: 1) წინასწარ არ გაუუქმა რუს სამშვიდობოებს მანდატი და პუტინს საშუალება მისცა, მათ ამოჰფარებოდა; 2) რაც უკვე ვთქვით, ანუ იჩქარა შეტევაზე გადასვლა; 3) კონფლიქტის ზონიდან წინასწარ არ გამოიყვანა მოსახლეობა, არადა, კოკოითიმ ცხინვალი რამდენიმე დღით ადრე დაცალა.

აქ არც ის გამოდგება არგუმენტად, ჩვენ რომ ხალხი გამოგვეყვანა, ომის დაწყებას ჩვენ დაგვაბრალებდნენო. არ შეიძლება ამის გამო საკუთარი მოსახლეობა გაწირო. შედეგად იმ ომში ჩვენ მშვიდობიანი მოსახლე უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე ჯარისკაცი, რადგან ჯარის უკან დახევის შემდეგ მოსახლეობა ოკუპანტების პირისპირ მარტო აღმოჩნდა. ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო საკუთარი ხალხის წინაშე.

ფანატიკოსების შემოტევა

საქართველოში ფანატიკოსთა ორი დიდი ჯგუფია: ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი მიშისტები. ფანატიკოს მორწმუნეებს ჰგონიათ, რომ ID ბარათში ეშმაკი იმალება, ხოლო ფანატიკოსი მიშისტები ფიქრობენ, რომ ყველა არამიშისტში პუტინი იმალება. ვინც მათკენ არ არის, მათი მტერია. მხოლოდ სხვის გაფუჭებულს ხედავენ და მერე ცდილობენ, სხვადასხვა იარლიყი მოგაწებონ, ან ყველა უბედურებაში დაგადანაშაულონ. აი, რამდენიმე მარგალიტი, რომლებიც სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსებს კომენტარებად მოჰყვა: "შენისთანა ვითომ ჟურნალისტები ციხეში უნდა ლპებოდნენ ჭორაობისთვის, მათი გავრცელებისთვის და ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანისთვის! ტფუ, შენი!" მოკლედ, მე და ჩემს კოლეგებს დაგვიქცევია ქვეყანა, რადგან მიშას ვაკრიტიკებდით. ზოგიერთი ცდილობს, სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მიშას და "ნაციონალების" კრიტიკა პირადი ბოღმით და შურით ახსნას: "წარუმატებელს სძულს წარმატებული, ავადმყოფს - ჯანმრთელი, იმპოტენტს - კაცი, მახინჯ ქალს - ლამაზი ქალი. საქართველოში უმეტესობა ერთ-ერთ პირველ კატეგორიაშია, ჰოდა, სძულთ წარმატებული, ჯანმრთელი, საღად მოაზროვნე, კაცური კაცი და ლამაზი ქალი ნაციონალები." ან კიდევ: "ყველა "მეოცნებეს", ვისაც ვიცნობ, აქვს პირადი ბოღმა და შური წარმატებული "ნაციონალის" მიმართ. შურთ ყველაფერი: ცოლი, ქმარი, შვილი, დაბადების ადგილი, სიმაღლე, სამსახური..."
რა თქმა უნდა, შეიძლება ფანატიკოსთა მესამე ჯგუფის გამოყოფაც, რომლებსაც "მიშას ფანატიკოს მოძულეებს" ვუწოდებდი და რომელთაც ყველგან და ყველაფერში მიშა ელანდებათ. ასეთებიც არიან, თანაც - არც ისე ცოტა... მოკლედ, მგონი, ყველგან არიან ეს ფანატიკოსები.
buki
14 მარტი 2014 20:34
ეს იმიტომ, რომ გაუნათლებელი და უვიცი ხელისუფლება მოვიდა და ნაცების დემაგოგიასაც და ზოგჯერ უკვე სიმართლეს, განსაკუთრებით უკრაინსათან მიმართებაში, ვერაფერს უპირისპირებენ! როცა ვოლსკი გეზოლება მთავრობასა და პარლამენტს ქვეზნის სპიკერად გამოცხადებული, წასულია იქ შენი საქმე!
gio
11 მარტი 2014 00:09
ეს იმიტომ ხდება რომ, არაფლის მქნელი და ჭორიკანა მთავრობა ყავს ქვეყანას

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები