"სად წავიდა აჭარლებისთვის გამოყოფილი 12 მილიონი"
10-03-2014
"სად წავიდა აჭარლებისთვის გამოყოფილი 12 მილიონი"
თამაზ ბაკურიძე: "აპრილიდან აჭარაში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება"

"ასლან აბაშიძეს მხარდამჭერები დღესაც ჰყავს, თან არცთუ ისე ცოტა"…


აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე იმ 12 მილიონით ინტერესდება, რომელიც საქართველოს მთავრობამ აჭარელი მეციტრუსეებისა და ფერმერებისთვის გამოყო.

- აჭარის რეგიონში სოციალური ფონი დღითი დღე მძიმდება. არავინ ჩანს ისეთი, ვინც ამ მდგომარეობას შეამსუბუქებს ან ხალხს აუხსნის, რასაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ, რატომ ვერ ასრულებენ.…

- რას გულისხმობთ?

- დაპირება ბევრი გაიცა, თუმცა ყველაზე
მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ 12 მილიონი გამოუყო აჭარელ მეციტრუსეებს და ფერმერებს, მაგრამ არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული - ამ სუბსიდიიდან მეციტრუსეებსა და ფერმერებს არც ერთი ლარი არ მიუღიათ. ეს ტრანსფერი უნდა გადმორიცხულიყო აჭარის სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ აჭარის სოფლის მეურნეობის
სამინისტროს უნდა განეკარგა. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა არ იცის, სად წავიდა ეს თანხა. თქვენი გაზეთის მეშვეობით ირაკლი ღარიბაშვილს მოვუწოდებ, ამ ინფორმაციით დაინტერესდეს. მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, აპრილიდან აჭარაში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.

- იქნებ ამ სუბსიდიების გაცემა დაგვიანებით, ახლო მომავალში იგეგმება?
- ზამთარი რომ მოვიდა, გლეხების უმეტესობას მანდარინი ხეზე დარჩა…ე.ი. ციტრუსი გაიყინა და ახლო მომავალში დარიგებული თანხა ზარალს ვერ აუნაზღაურებს. რაც შეეხება მოსალოდნელ აქციებს, გლეხებსა და ფერმერებს წალკელი ეკომიგრანტებიც შეუერთდებიან, 2143 ადამიანი უკვე გამოთქვამს ბათუმში გამომგზავრების სურვილს. მათ დაემატებიან იპოთეკით დაზარალებულებიც, აქციებს ის ოჯახებიც უერთდებიან, 2008 წელს სააკაშვილმა მიწები რომ გადასცა, შემდეგ კი წაართვა. ისინი ახლა ამ მიწების დაკანონებას მოითხოვენ.

- აცხადებთ, რომ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებას ხალხის ინტერესები ეწირება.
- ეს დაპირისპირება ძალაუფლებისა და გავლენისთვის ბრძოლას, ბიზნესების გაკონტროლებას და წილების მოპოვების მცდელობას უკავშირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ორჯერ დაიბარა თბილისში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე (რომელიც რომან დუმბაძის კლანს წარმოადგენს), ასევე მასთან დაპირისპირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე…და ორივე დატუქსა, რეგიონს მიხედეთო, თუმცა, შედეგი მაინც არ მოჰყოლია...

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენები დაიბნენ, აღარ იცოდნენ, უნდა მოლაპარაკებოდნენ თუ არა ახალ ხელისუფლებას, ან რა პირობები შეეთავაზებინათ. ადრე ვარშალომიძესთან რომ მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, რამდენს მისცემდნენ ყოველთვიურად და სანაცვლოდ ხელშეუხებლობას ითხოვდნენ. ისინი მიეჩვივნენ ამ წესებით ცხოვრებას. რა გასაკვირია, თუ ახალ ხელისუფლებაშიც გამოერევიან უსინდისოები და ბიზნესმენებთან მსგავსი მოლაპარაკებების გამართვას შეეცდებიან. ასეა თუ ისე, შედეგი ერთია: აჭარლებზე არავინ ზრუნავს. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, პროკურატურიდან გამოსულმა ბრძანა, ბათუმის აღორძინებისთვის დამიბარესო. თითქოს ბაბუამისის დანატოვარი ფული დახარჯა ბათუმის ასაღორძინებლად. იმას აღარ ამბობს, სხვადასხვა პროექტის განხორციელების საბაბით დიდძალი თანხის ჩამოწერა რომ ხდებოდა.

- გიორგი აბაშიძის ჩამოსვლა აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება?
- მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

- არც ასლან აბაშიძის და მისი სამომავლო გეგმების შესახებ გსმენიათ რამე?
- ვიცი, რომ ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობს. საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს. არც პოლიტიკა აინტერესებს, რადგან მათგან, ვისაც ენდობოდა და ერთგულად მიიჩნევდა, ყველამ უღალატა... ამას აბრალებს აჭარის მოვლენებს, რის გამოც საქართველოს დატოვება მოუხდა. ვფიქრობ, ამჟამინდელი ხელისუფლებაც არ დაუშვებს ასლან აბაშიძის ბათუმში დაბრუნებას. მას მხარდამჭერები დღესაც ჰყავს, თან არცთუ ისე ცოტა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მის სიტყვას ფასი ექნება.
gaga
13 მარტი 2014 16:58
მაგარი კაცი ხარ თამაზ ! ბათუმს შენი იმედი აქვს!
mamuka
12 მარტი 2014 19:05
სახალხო ლიდერი ხარ თამაზ , ხალხს შენი იმედი აქვს იცოდე და შენს გვერდით ვართ, ამრავლოს შენაირი პრინციპული და მებრძოლი ადამიანი, გფარავდეს უფალი!
lasha
11 მარტი 2014 23:38
დაიჭირეთ ეს სეპარატისტი სანამ დროა

რედაქტორის რჩევით