ყირიმი - მწარე ბუმერანგი რუსეთისთვის?!
17-03-2014
ყირიმი - მწარე ბუმერანგი რუსეთისთვის?!
"რუსეთისთვის ყველა საერთაშორისო შეთანხმებაზე ძვირფასი სევასტოპოლის ბაზაა"

"არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ომი დიდ სახელმწიფოებს შორის"


"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ყოველთვის ერიდებოდა რუსეთის მისამართით მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. ამჯერად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრადიცია დაარღვია და ყირიმთან დაკავშირებით პუტინის ქმედებას არაადეკვატური უწოდა: "პუტინი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს და მოქმედებს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს". ამ შეფასების ქვეტექსტი კი ასეთია: პუტინის ნაბიჯები გონიერი ადამიანის ქცევას არ ჰგავს და ამიტომაც
ევროპა ორ ცეცხლს შუაა მოქცეული. ჩინეთის საფრთხის გათვალისწინებით, მას ხელს არ აძლევს სუსტი რუსეთი, რომელიც მსოფლიო ჰეგემონობისკენ სწრაფვის სურვილს ვეღარ გაუნეიტრალებს აზიაში უკვე კარგად გამოღვიძებულ ურჩხულს, თუმცა, ევროპას არც მუდმივად აგრესიული და შანტაჟის დიდოსტატი რუსეთი სჭირდება", - აცხადებს პოლიტოლოგი გია კუჭავა.


- ბატონო გია, თვალში
საცემია, რომ ევროპა უფრო მეტად შეაშფოთა ყირიმის ამბებმა, ვიდრე 2008 წლის საქართველო ომმა...
- 2008 წელს რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამ ტერიტორიების მიერთებას აპირებდა, ევროპის ქვეყნებმაც კონფლიქტის გაყინვა გადაწყვიტეს და მისი მოგვარება მომავლისთვის გადადეს. ყირიმის შემთხვევაში კი რუსეთი აცხადებს, რომ ტერიტორია უნდა მიიერთოს და საკუთარ ოლქად აქციოს. ამით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოთა საზღვრების ხელუხლებლობის შესახებ, რამაც შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. გადავხედოთ ევროპის სახელმწიფოთა საზღვრებს - თითქმის ყველგან არის მიძინებული კონფლიქტები, თუნდაც იტალიაში. ტიროლში გერმანელები ცხოვრობენ, ისევე, როგორც ყირიმში - რუსები და თათრები. რუსეთის საქციელი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ამჯერად რუსეთისთვის ყველა საერთაშორისო შეთანხმებაზე ძვირფასი სევასტოპოლის ბაზაა, რომლის გარეშე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად, უმოქმედო აღმოჩნდება.

- ნოვოროსიისკის და აფხაზეთის ფაქტორი ვერაფერს ცვლის?
- ნოვოროსიისკის ბაზის გამოყენება წელიწადში მხოლოდ 6-7 თვის განმავლობაში შეიძლება, აფხაზეთში კი არ არსებობს ყურე, რომელიც ყირიმის ფლოტს დაიტევს. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით ვეჭვობ, რომ მოვლენები უკრაინისთვის სასიკეთოდ არ წარიმართება. გამარჯვების შემთხვევაში უკრაინა რუსეთის ფლოტს ყირიმში აღარ დატოვებს, რუსეთს კი არ უნდა შავ ზღვაზე ძალაუფლების დაკარგვა და იწყებს ისეთ ავანტიურას, რომლის გამოც, სავარაუდოდ, ყველაფერს დაკარგავს. შესაძლოა, ყირიმში გასროლილი ტყვია რუსეთს შორეულ აღმოსავლეთში ბუმერანგივით მოუბრუნდეს ჩინეთთან დაპირისპირების სახით, ამიტომაც არა მხოლოდ ევროპა უნდა ზრუნავდეს რუსეთთან კეთილმეზობლურ კავშირზე, რუსეთიც უნდა უფრთხილდებოდეს დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობას. არის გამოსავალი, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, იარაღის ჟღარუნის გარეშეც იყოს ძლიერი. სხვა სიმდიდრეს რომ თავი დავანებოთ, მის ტერიტორიაზე მენდელეევის მთელი ტაბულაა თავმოყრილი და ამ სიმდიდრით შეუძლია, მსოფლიო "ჯიბეში ჩაისვას". სამწუხაროდ, პუტინს გონივრული ქმედება ხელს არ აძლევს, მაგრამ ყირიმი  ძალიან ძვირად დაუჯდება. უამრავ ეჭვს ბადებს ეგეოსის ზღვაში აშშ-ის ფლოტის განლაგება. მარტო იქ თავმოყრილი საბრძოლო საშუალებები გადაფარავს ყირიმს და ნახევარ უკრაინას. ამავე დროს, ჩინეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მათ ტერიტორიების გაფართოება სურთ, მაგრამ ამ საკითხს მშვიდობიანად მოვაგვარებთო, აცხადებენ. ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მართლაც მოაგვარა ბევრი პრობლემა, მათ შორის რუსეთთანაც - ელცინის დროს  ჩინეთს სამი კუნძული გადაეცა. პუტინმა ყურად უნდა იღოს ჩინეთის განცხადებები.

- იქნებ არც დაიწყოს ომი ყირიმში და რუსეთი უბრალოდ ვაჭრობს დასავლეთთან...
- რუსულ მედიაში, გაზეთ "უტროში" გამოითქვა ვარაუდი, რომ ყირიმის საკითხი გადაწყვეტს საქართველოს ბედს. გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო შემოდგომაზე მაპ-ს და უარს გვათქმევინებენ თუ არა ნატოში გაწევრებაზე. თუ რუსეთი მთელ კავკასიას ხელში ჩაიგდებს, ენერგომატარებლების მილსადენებიც მის ხელში აღმოჩნდება და უკეთ შეძლებს ევროპის ენერგოშანტაჟს.

- ევროპას იქნებ რუსეთის ენერგოშანტაჟი ურჩევნია, ვიდრე მადაგაღვიძებული ჩინეთი?

- ევროპამ კიდეც რომ არ დათმოს უკრაინა, არ დაუშვებს რუსეთის დასუსტებას, მეტიც - ევროკავშირი და მთელი დასავლური სამყარო რუსეთს დაეხმარება და გააძლიერებს, რათა ის იყოს ფარი ჩინეთის წინააღმდეგ და დასავლეთს მეტი ბერკეტი და რესურსი ჰქონდეს მსოფლიოს ჰეგემონობის მსურველთან საბრძოლველად.

- ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო მოსალოდნელია, რომ არ დაიწყოს ყირიმის და მით უფრო - მესამე მსოფლიო ომი?

- ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, ვეძიოთ ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის,  მარგარეტ მაკმილანის ნააზრევში. ის მიიჩნევს, რომ 2014 წელი ძალიან ჰგავს 1914 წელს, ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩაერთვებიან აშშ, თურქეთი, რუსეთი და ირანი, რადგან ამ რეგიონში ყველას აქვს თავისი ინტერესები. 1914 წელს გერმანია განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას და კაიზერმა გამოიწვია იმჟამინდელი ზესახელმწიფო დიდი ბრიტანეთი. დღეს ამ ვითარების ანალოგად შეერთებული შტატებისა და ჩინეთის კონკურენცია შეიძლება მივიჩნიოთ. კაცობრიობის ისტორიაში ერთი ზესახელმწიფოს მეორით ჩანაცვლებას მუდამ დიდი კატაკლიზმები სდევს. მესამე მსოფლიო ომისთვის ცხელი წერტილები ცალკე თემაა, რომელთაც საფუძვლიანი განხილვა სჭირდება, რაზეც კარგა ხანია, მუშაობენ დასავლეთელი პოლიტოლოგები და ექსპერტები. ამასთან, არ შეიძლება ომის დაწყების მიზეზად მხოლოდ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის თემა განვიხილოთ, მნიშვნელოვანია აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირების შესაძლებლობაც, რაც უფრო და უფრო რეალური ხდება.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ომი დიდ სახელმწიფოებს შორის. მაკმილანის განცხადებით, ასეთი განწყობა იყო 100 წლის წინაც. მისი აზრით, გლობალიზაციამ თავს მოგვახვია უსაფრთხოების ყალბი შეგრძნება და თანამედროვე მსოფლიო ახალი კრიზისის თავიდან აცილებაზე აღარ ფიქრობს.
ლია
21 მარტი 2014 13:20
მთავარია არჩევანში არ შევცდეთ, უნდა ვიცოდეთ სწორი გზით მივდივართ თუ არა, უნდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით.
david67
21 მარტი 2014 02:19
glaxuna

მეგონა რომ მაკკეინის ინტერვიუს გამოეხმაურებოდი. მაგრამ ეტყობა სათაური არ მოგეწონა.ანდა არაფერი გაქვს სათქმელი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე.

ნაპოლოენი უნიჭიერესი ადამიანი იყო,ამბობდა ... ,,არასოდეს შეუშალო მტერს ხელი,თავისი ქმედებებით შ ე ც დ ო მ ე ბ ი დააშვებინო !!
---------------------------------------
კი ბატონო. ნიჭიერი იყო. მაგრამ ხომ იყო დამპყრობი? თუმცა იმანაც რუსებთან წაიტეხა კისერი.


"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"..."
------------------------------------------
ათას ცოცხალსა ზოგჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ესეც მამაცი ხალხის ნათქვამია. ცოცხლებში ევროპელები არიან, მკვდრებში უპერსპექტივო ჩამყაყებული მკვდარი რუსეთი.
მაგრად რად გინდა..

არ შერჩება რუს-მონღოლეთს უსაზღვრო თავნებობა და უსამართლობა!!
--------------------------------------------
უკვე შერჩა!! თან მაგრად!ოდესმე ალბათ მართლაც დაიშლება რუსეთი, მაგრამ ჩვენ ვერ მოვესწრებით. სიმართლე გითხრა მთლად ასეთ უსუსურობას დასავლეთისგან და აშშ-დან არ მოველოდი.
vep1963
20 მარტი 2014 14:21
glaxuna-ძამიკო ხშირად ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ბევრ რამეში გეთანხმებით ,მაგრამ არანაირი აზრი არა აქვს ძამიკო ქართველისტარიან რუსულ ნაჯახებთან კამათს .სწორედ რომ ამნაირი ხალხის გამო ჩავარდა საქართველო ამ დღეში მაგრამ მადლობა ღმერთს დღეს ყველაფერი აშკარაა ვინ ვინ არის და ამ ხალხმაც აშკარად გამოაჩინა თავიანთი ნამდვილი სახე.ამიტომ იმისათვის რომ გადაიფაროს მათი გველური აზრები სწორედ რომ ისეთი პასუხი უნდა გასცე როგორც ქვემოთა სწერ მაგრამ აქვე უნდა დაურთო რომ ნაგვები და გველები არიან.გაიხარე ძამიკო .

რედაქტორის რჩევით