მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

წესიერი, მაგრამ უხერხემლო!..

თავიდან, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ასეთ შეუფერებელ სეზონზე კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია შვებულებაში გავიდა, ბევრი დაიბნა. საზოგადოების ნაწილმა იფიქრა, თანამდებობიდან გადადგა და შვებულებიდან აღარ დაბრუნდებაო. თავად ოდიშარიამ კი მოულოდნელი შვებულება ამგვარად ახსნა:  - დავიღალე, ჯანმრთელობაც შემერყა, თან წონაში მოვიმატე და სანამ არ დავიკლებ, სამსახურში არ დავბრუნდებიო. გამიხარდა, - რა შესაშური მიდგომაა, კარგი იქნება, მას ხადურიც თუ მიჰბაძავს-მეთქი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისმა მოადგილემ (რომელიც მისი შვებულებაში ყოფნის გამო მინისტრის მოვალეობას ასრულებს) საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, პირადად ჩემთვის ოდიშარიას შვებულებაში გასვლის ნამდვილი მიზეზი ცხადი გახდა. როგორც ჩანს, ბატონ გურამს არ უნდოდა, მას გამოეცხადებინა ეს გადაწყვეტილება და სიტუაციას გაერიდა. თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ოდიშარია წესიერი კაცია, მაგრამ უხერხემლო. თუ გადაწყვეტილებას არ ეთანხმები და შენზე ზეწოლაა, გეყოს ვაჟკაცობა და გადადექი, ხოლო თუ ეთანხმები, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა, რას გარბიხარ და ჩირგვებში იმალები?!

ახალი ხელისუფლების პირველ დიდ სირცხვილს საყდრისი ჰქვია. საყდრისი- ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ  ფინანსური ინტერესი ყოველთვის იმარჯვებს. რა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მაშინ, როდესაც სასწორის მეორე პინაზე მილიონები და მილიარდები დევს?! მოუნდა ოქროს მომპოვებელ კომპანიას, რომ 4000 წლის ოქროს მაღაროს ძეგლის სტატუსი აღარ ჰქონოდა და აღარ აქვს. ბევრი იწვალა კულტურის სამინისტრომ ამის მოსახერხებლად, კომისიაც შექმნა და ბოლოს ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ: მაღარო ძეგლი არაა და ინვესტორს შეუძლია მისი აფეთქებაო.

ვიცი, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, არსებობენ ქართველი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს მაღარო არანაირი ძეგლი არაა და აქ 4000 წლის წინ ოქროს მოპოვება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა არიან სხვა ქართველი და გერმანელი მეცნიერები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ბუნებრივია, მე მეცნიერულ კამათში ვერ ჩავებმები. აქ საკითხი მარტივად დგას: რადგან ასეთი დავა წარმოიშვა და რადგან ქართველი მეცნიერების აზრი გაიყო, რატომ არ მოიწვია ხელისუფლებამ საერთაშორისო ექსპერტიზა? დაე, გამოცდილ და მიუკერძოებელ უცხოელ მეცნიერებს დაედოთ დასკვნა და ყველა კითხვაზე პასუხიც მიგვეღო!

შესვლა თუ შეპარვა?

გასულ კვირას პრეზიდენტი მარგველაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამოჩნდა; სწორედ იმ რეზიდენციაში, რომელზეც ამბობდა, - მანდ ფეხის შემდგმელი არა ვარ, ერთადერთი პიჯაკი რომ მქონდეს და ის შემიგდონ, მის გამოსატანადაც არ შევალო... შეიძლება მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ სათოფეზე რომ არ ეკარებოდა, ხომ გახსოვთ? ჰოდა, წინა კვირას ცალი ფეხი შედგა და ჰოი, საოცრებავ, არაფერი დაემართა, არც ფეხი მოსძვრა და არც გაუხმა. თურმე სააკაშვილის სულს იქ წყევლა არ დაუტოვებია და სავსებით შესაძლებელია მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

აღმოვაჩინე, რომ იმ ორ ოთახში, რომლებიც კანცელარიაში გამომიყვეს, ისეთი შეხვედრების და ცერემონიების გამართვა, როგორიც ელჩებთან შეხვედრაა, შეუძლებელიაო.

ნობელის პრემია ეკუთვნის მარგველაშვილს ამ აღმოჩენისთვის! გასაგებია, რომ მას შეიძლება თავიდან ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციის იმედი ჰქონდა და ახლა გაირკვა, რომ ამ რეზიდენციის რემონტი ჭიანურდება, მაგრამ სანამ რამეს იტყვი, ხომ უნდა იფიქრო? ვიდრე გამოვარდები და პოლიტიკური შურისძიებით, თუ პოპულიზმით შეპყრობილი განაცხადებ, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ეს სასახლე გამოვიყენოთო, მანამდე ხომ უნდა გაარკვიო ყველაფერი, მერე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდე.

მოკლედ, მარგველაშვილი რეზიდენციაში ნელ-ნელა იპარება. მოდით, დავაბრალოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ გამოუცდელობას, ხოლო, თუ სერიოზულად ვიტყვით, ჩემი აზრით, სწორედაც რომ უნდა გადავიდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ხოლო პრემიერ-მინისტრის ოფისი უნდა გაკეთდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა თავის დროზე. კანცელარია პრემიერისთვისაც ძალიან სამარცხვინო შენობაა. პრემიერი უნდა გადავიდეს ვორონცოვის სასახლეში, ხოლო კანცელარიაში დარჩეს მისი აპარატი. ანუ ეს ორი შენობა ერთი კომპლექსი გახდეს, ხოლო ბავშვებს ის შენობა გადასცენ, რომელსაც ათონელზე არემონტებენ.

"გურუს" აღიარება

გასული კვირა იმითაც გამოდგა გამორჩეული, რომ "ნაციონალების" ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ ფაქტობრივად დანაშაული აღიარა: ზურაბ ადეიშვილზე მოგახსენებთ. ბატონმა ადეიშვილმა, რომელსაც უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, გადაწყვიტა, უგულავას დახმარებოდა და  გამოგზავნა ჩვენება, სადაც წერს: "თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფინანსება მიმაჩნდა უპირველეს ამოცანად. გადავწყვიტე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის უბნის უფროსებისა და კოორდინატორების დასაფინანსებლად გამოყენებული ყოფილიყო "თბილისის განვითარების ფონდის" სახსრები. 2011 წლის შემოდგომაზე (დიდი დროის გასვლის გამო ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ) შევხვდი "თბილისის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე გიორგი საბანაძეს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ვუთხარი, რომ "თბილისის განვითარების ფონდის" სახსრებიდან დაეფინანსებინა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაცია. ამასთან, გავაფრთხილე, რომ ამის შესახებ არავისთვის, მათ შორის არც თბილისის მერისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავასთვის ეთქვაო.

მოკლედ, როგორც ამ ჩვენებით ირკვევა, ადეიშვილი დანაშაულს აღიარებს (ბიუჯეტის ფულით პარტიის დაფინანსება) და საკუთარ თავზე იღებს. თან აცხადებს, უგულავა ახალშობილივით უცოდველია, რადგან ყველაფერს ვუმალავდითო. ვერ გეტყვით, ეს ჩვენება რამდენად დაეხმარება უგულავას, რამდენად დაიჯერებს მოსამართლე, რომ თბილისის მერმა და პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა, რა ხდებოდა "თბილისის განვითარების ფონდში" და მის პარტიაში, თუმცა ჩვენ კი გვაქვს ადეიშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარების პირველი შემთხვევა. ძალიან მაინტერესებს, ამის მერე "ნაციონალები" როგორ იტყვიან, არაფერს ვაშავებდითო, როდესაც ბიუჯეტიდან 50 მილიონის გაფლანგვას მათი ერთ-ერთი გურუ უკვე აღიარებს.