"ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ" - კვირის პალიტრა

"ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ"

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახალ ხელისუფლებას წერილით მიმართავს და ეჭვობს, რომ „მეოთხე, ძალიან კარგ წელიწადს“ ვეღარ მოესწრებიან...

„გაოგნებულები არ უყურებთ იმას, რაც ხდება? რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია 2014 წელს უკრაინაში გააგრძელა; ევროპის საზღვრებს ძალისმიერი გზით ცვლის; დასავლეთს 2008 წლის გაკვეთილები ეხლა გაახსენდა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების განადგურებაზე კი არა, საერთოდ სამართლის ქვაკუთხედის - Pacta sunt servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს!) - არსებობაზეა საუბარი;

რიგით რომელი სამიზნეა რუსეთისთვის საქართველო, ზუსტად მარტო პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან, ჩვენ კი საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს; მოსკოვში ახალი საგარეო დოქტრინა ("Об ограниченном суверенитете постсоветских стран") გამოაგორეს და ღიად ლაპარაკობენ "о дальнейшей фрагментации Грузии". როგორმე ერთ ხელმოწერას და ერთ სამიტს უნდა მივაღწიოთ დაწყნარებული პოლიტიკური გარემოთი და პოლიტიკური ძალების ერთიანობის (მოჩვენებითი მაინც!) მეშვეობით, და ამ დროს ხელისუფლება რით არის დაკავებული? ის ოპოზიციის პარანოიდალური შიშით არის შეპყრობილი;

გმირულად ებრძვის ტელერეიტინგებს; 41-ის ლიდერები კოსოვოს და აფხაზეთს (ცხინვალის რეგიონის, ყირიმის) შორის განსხვავებაში ეხლა ერკვევიან; პრემიერი პარალელურად ცდილობს დაადგინოს, ვისთან აქვს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი; მმართველი გუნდის არაფორმალური თუ ფორმალური ლიდერი (ვეღარ გაიგებ!) "предъява"-ს უგზავნის თავისივე მცდელობით არჩეულ პრეზიდენტს; მთავრობას, რა თქმა უნდა, მომენტალურად აღარ მოსწონს "ნამდვილი ევროპული პრეზიდენტი";

ეს უკანასკნელი კი წელიწადნახევრის შემდეგ ძლივს ბედავს სასახლეში შესვლას და ერთი-ორ საჭირბოროტო საკითხზე პრესს-კონფერენციის გამართვას. და ბოლოს გროსმეისტერული სვლა: მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული. ხელისუფლების საპარლამენტო რუპორებმა - სხვა საქმე არა გვაქვს, ან არ ვიცით როგორ გავაკეთოთო, და საერთოდ კანონის წინაშე ყველა ერთიაო. გამოიღვიძეთ, პატივცემულებო!

ის მეოთხე, "ძალიან კარგი წელი" შეიძლება მოვიდეს, მაგრამ თქვენ ვეღარ მოესწროთ. არ გამოგადგებათ ამ გზით სიარული: "Aut viam inveniam aut faciam". ". გისწავლიათ იურიდიულზე, ალბათ გახსოვთ, რას ნიშნავს“, – წერს ვაშაძე.