“ევროკავშირის პრეზიდენტმა არაადეკვატური და ალოგიკური პასუხი გამცა”
23-03-2014
“ევროკავშირის პრეზიდენტმა არაადეკვატური და ალოგიკური პასუხი გამცა”
"დარბაზში ყველამ მხარი დამიჭირა,   მეუბნებოდნენ,  რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტს ცივი წყალი გადავასხი"

რატომ დაავიწყდა ევროკავშირის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპაცია


21 მარტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის - მარტინ შულცის პრესკონფერენციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ პროტესტი გამოთქვა.  ჟურნალისტის აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ შულცმა ევროპის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე საუბრისას, საქართველო ოკუპირებულ ქვეყნებს შორის არ მოიხსენია.

"მოვითხოვე კითხვა, მიკროფონიც მალე გადმომცეს.


ესეც ჩემი კითხვა: "ბატონო პრეზიდენტო, მე ვარ საქართველოდან,  ნება მიბოძეთ,  გითხრათ, რომ არ გეთანხმებით. საქართველოს
20% ოკუპირებულია, დედაქალაქთან ახლოს რუსი ჯარისკაცები დგანან, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, ფიქრობთ,  რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება და მის შემდეგ არ იქნება მაგალითად, საქართველო და მოლდოვა? ქვეყნები, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა და მანამდე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია?"

პასუხი: "მე ცივი ომი ვახსენე, ყირიმში კი
სახეზეა ანექსია".


ამის შემდეგ შულცმა განაცხადა, რომ წითელი ხაზების გადაკვეთის გამო რუსეთს ევროპა ძლიერ სიგნალს უგზავნის. მგონი მეხსიერება არ მღალატობს და საქართველოს ოკუპაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა!" – დაწერა ქეთევან ქარდავამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

"კვირის პალიტრას" პრესკონფერენციის დეტალებზე თავად ქეთევან ქარდავა ესაუბრა:

- ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მის გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ველოდით. ევროპარლამენტმა 2 კვირის წინ  უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო უკრაინის შესახებ და რუსეთის ქმედებების დაგმობასთან ერთად, ევროკომისიის მიმართაც ძალიან კრიტიკული იყო. ევროპარლამენტარები დებატების დროსაც ამბობდნენ, რომ ევროკომისიას უფრო დროული რეაქცია უნდა ჰქონოდა ყირიმში შექმნილ სიტუაციაზე,  კომისიამ ბევრ შემთხვევაში თვალი დახუჭა... მაშინ დებატებზე  სიტყვით გამოსვლისას, ყველამ  2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა. მეტიც: დეპუტატები ამბობდნენ, რომ რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება, ოკუპაციის ჟინი და სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისადმი მისწრაფება სწორედ საქართველოში დაიწყო.

ამიტომ ჩემთვის ძალიან მძიმე იყო შულცის შესავალი სიტყვა, როდესაც ის ევროპული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე საუბრობდა და არ ახსენა საქართველო. ხაზი მინდა გავუსვა, რომ იგი საუბრობდა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემთხვევაზე. როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, გამორიცხულია, რომ რეაგირების გარეშე დატოვო. ამიტომ  ძალიან კმაყოფილი ვარ,  რომ პასუხი გავეცი. რატომ არ გვახსენა? ამის თქმა ძალიან რთულია. ფაქტია,  რომ შულცი ფლობს ყველანაირ ინფორმაციას,  იცის და უნდა იცოდეს,  რა ხდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ის შეხვედრია საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებთანაც აუცილებლად ისაუბრებდა ამ თემაზე. მეტიც: ევროპარლამენტს - ორგანოს, რომელსაც ის  სათავეში უდგას, საქართველოზე და რუსეთზე უამრავი რეზოლუცია აქვს მიღებული. ამიტომ ვალდებული იყო, ეთქვა სიმართლე, რაც სინამდვილეში ხდება, თანაც ამ ფონზე, ამ სიტუაციაში, როდესაც ოკუპაციასთან დაკავშირებული თემები ასეთი აქტუალური და ცხელია. არ ვიცი, რატომ გამორჩა. ეს გულმავიწყობას უნდა დავაბრალოთ, თუ უფრო შორს წავიდეთ და სხვა მიზეზები, მისი საკითხებისადმი დამოკიდებულება ვეძებოთ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩემი კითხვის შემდეგაც არ უხსენებია. პირიქით,  ცივ ომზე გააკეთა აქცენტი.  ეს ძალიან დასანანია, მაგრამ მთავარია, რომ დარბაზში ყველამ მხარი დამიჭირა. რომ გამოვედით, ჩემი კოლეგები მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შულცს ცივი წყალი გადავასხი.

- მისი პასუხით,  ალბათ,  კმაყოფილი არ ხართ...  რა პასუხს ელოდით?

- რა თქმა უნდა,  მათ ახსოვთ საქართველო,  აფხაზეთი და ე.წ.  სამხრეთ ოსეთი. ვფიქრობდი,  მოვისმენდი,  რომ ევროკავშირი არათუ აღშფოთებულია,  არამედ დაიცავს ჩვენს ინტერესებს და დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

- უცხოელ კოლეგებთან ამ საკითხზე კულუარებში ხომ არ გისაუბრიათ?
- რაც შეეხება კულუარებს, ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" კორესპონდენტი მაშინვე მოვიდა და კომენტარი მთხოვა. მათი კითხვა ანალოგიური იყო: რატომ დაავიწყდა შულცს საქართველო?

- რას ფიქრობთ იმ გამოხმაურებაზე,  რაც ქართველი საზოგადოებისგან მოჰყვა თქვენს კითხვას?
- სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი წერილი მივიღე. უამრავი ადამიანი მწერდა და მადლობას მიხდიდა, რომ ევროპას საქართველო შევახსენე და არ დავატოვებინე უყურადღებოდ. მეუბნებოდნენ, რომ მათი სათქმელი ვთქვი. ძალიან გამიხარდა და ასეთმა გამოხმაურებამ სტიმულიც მომცა. პირიქით, მე ვუხდი ყველა მათგანს მადლობას გულშემატკივრობისთვის. სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუ ასეთი ერთსულოვნები ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა. დაავიწყდებათ? არა უშავს,  შევახსენებთ... და შეხსენებით არ დავიღლებით. ვიმეორებ: აქ იყო საუბარი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, რაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. ამიტომ პასუხი, რომ ყირიმში ანექსიაა, არაადეკვატური და ალოგიკური იყო. რაც მთავარია, არ ყოფილა სიმართლე. დიახ, ყირიმი რუსეთმა შეიერთა, აფხაზეთი და ცხინვალი კი ამ ეტაპზე რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული. როცა 500 000 დევნილი გყავს და მავთულხლართებს ცხვირწინ გივლებენ, რას ჰქვია მაშინ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა?!

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)
Keti
29 მარტი 2014 12:47
დიდი მადლობა ყველას გსმოხმაურებისთვის. ვიქონიოთ იმედი, რომ შულცს მხოლოდ გადაავიწყდა საქსრთველოს ხსენება. ( რაც ცუდია თავისთავად) მაგრამ ასეთი მაღალი ტანამდებობის პირებს მარტივად არაფერი ავიწყდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში , შეეძლო პასუხში ეხსენებინა.რაც შეეხება ოკუპაციას და ანექსიას. მე წავუკიტხე ერტერთი კომენტარი, სადაც ანექსიის, როგორვ უფრო
მძიმე ფაზის ახსნაა. ზალიან დიდი ბოდიში , მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. პირველი - შულცმა ისაუბრა ტერიტორიული მტლიანობის დარღვევაზეეეეე, ამაზე იყო აქცენტი. ეს გარკვევით წერია ინტერვიუშიც. ვიმეორებ ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე და არა ანექსიაზე. რომ ეთქვა ანექსია არ ყოფილა ცივი ომის შემდეგო, ეს სულ სხვა თემააა. მაგრამ
ტერიტორიულ მტლიანობაზე იყო საუბარი. ამიტომ ჩემი კითხვა იყო ლოგიკური გაგრძელება. ქალაქ სევასტოპოლში და ყირიმში ანექსია მოხდა. ზალიან სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ ჩვენი პრობლემა გვაქვს , რაც სწორედ მაგ შულცის და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების დახმარებით, რუსეთზე მატი მხრიდან ზეწოლით უნდა გადავჭრათ. მადლობა კიდევ ერთხელ
shtirlici
27 მარტი 2014 14:44
რაღაც ხშირად ავიწყდებათ საქართველო და მისი 20%-იანი ოკუპაცია დასავლეთს.ან რისი თავი აქვთ,მარტო შეშფოთება იციან კარგად.ამათი იმედი როგორ უნდა გქონდეს-ეს კურდღლები და უხერხემლოები...
gio1976
25 მარტი 2014 00:14
სხვა მაგათ რისი თავი აქვთ მაგათი მუდამ შეშფოთებული დედა ვატირე.

რედაქტორის რჩევით