ირაკლი ღარიბაშვილი: "ვიცი პროკურატურის სამოქმედო გეგმა!" - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი: "ვიცი პროკურატურის სამოქმედო გეგმა!"

"ძალიან მალე პასუხი გაეცემა ყველა კითხვას"

"მერაბიშვილმა დაკითხვისას გამაოგნებელი რაღაც თქვა"

"ჟვანიას აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში და სისხლჩაქცევები. სამწუხაროდ და ძალიან საეჭვოდ, ექსპერტმა ჩაჩუამ ეს მონაცემები არ შეიტანა საბოლოო დასკვნაში"

"წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში"

"წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა"

"2008 წლის აგვისტოს ომის  გარემოებების გამოძიება უნდა დაიწყოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირველად სტუმრობა, დამეთანხმებით,  ნებისმიერი ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. უპირველესად იმიტომ, რომ გეძლევა საშუალება, ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ფიგურისგან მიიღო პასუხები მტკივნეულ კითხვებზე. ალბათ, ზოგიერთ ჩვენს მკითხველს ჰგონია, პრემიერი უზარმაზარ, მდიდრულ კაბინეტში ზის. ასე არ არის - ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი უფრო რომელიმე კომპანიის ტოპ-მენეჯერის ოფისს ჰგავს, ვიდრე მთავრობის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახს. სახელმწიფოს პრემიერთან კითხვებს რა გამოლევს. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ვიზიტი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს დაემთხვა - მიხეილ სააკაშვილი 10 გახმაურებულ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ჩვენ მუშაობის მარტივი პრინციპი გვაქვს - არავინ დგას და არც შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა. ჩვენ არ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სადაც იქნებიან პრივილეგირებული და ხელშეუხებელი ადამიანები. არაერთხელ მითქვამს - ყველა ხელისუფალი ანგარიშვალდებულია ქვეყნისა და კანონის წინაშე. თუ პრეზიდენტთან, პრემიერთან ან სხვა რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირთან გამოძიებას გაუჩნდება კითხვები (პროკურატურას ძალიან მძიმე და სერიოზული კითხვები აქვს ყოფილ პრეზიდენტთან), მათ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ. ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ, ასე ხდება ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში: საფრანგეთში, აშშ-ში თუ სხვა სახელმწიფოებში. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებამ შესაძლოა, სპეკულაციები გამოიწვიოს და კითხვები გაუჩინოს მსოფლიო საზოგადოებრიობის ნაწილს (მოგეხსენებათ, სააკაშვილს ჰყავს საზღვარგარეთ მეგობრები, რომელთა დიდ ნაწილს ატყუებდა, რომ ის იყო ყველაზე დიდი დემოკრატი მსოფლიოში), პირადად მე ამის არ მეშინია.

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გახსნილი პროცესი, ვხელმძღვანელობთ კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის პრინციპით. ამაში უჩვეულო არაფერია. მე 24 მარტს (ინტერვიუ ჩაწერილია 22 მარტს. - გ. კ.) მონაწილეობას მივიღებ მსოფლიო ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მიმიწვია და შემიძლია პირადად გავცე ყველას პასუხი კითხვებზე, თუ რატომ დაიბარეს მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე, რათა გავფანტო ეჭვები და შესაძლო მცდარი განცდები, თუ ასეთი იარსებებს.

- მიხეილ სააკაშვილი მოწმედ 10 გახმაურებულ საქმეზეა დაბარებული, დაწყებული ჟვანიას საქმით და დასრულებული გირგვლიანის საქმით. მათ შორისაა ტელეკომპანია "იმედის" დარბევაც და ე.წ. მუხროვანის ამბოხებაც. რომელი საქმეა უფრო პრიორიტეტული ან რომელ საქმეზე ექნებათ სააკაშვილთან ყველაზე მძიმე კითხვები?

- ეს პროკურატურის, გამოძიების პრეროგატივაა და არ მსურს, გამოძიებაში რაიმე ფორმით ვიყო ჩართული, რათა ამას სპეკულაციები არ მოჰყვეს. მიმაჩნია, რომ გამოძიება გამჭვირვალედ და აბსოლუტურად კომპეტენტურად არის წარმართული. გამოძიება ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში ძალიან მძიმე საკითხებთან დაკავშირებით არის დაბარებული. ავიღოთ თუნდაც გირგვლიანის საქმე, რომელმაც შეძრა ქვეყანა და ამ საშინელი მკვლელობისა და წამების შემდეგ დაიწყო პირველი საპროტესტო აქციების ტალღა. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს პირები (გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელები) შეიწყალა. ბუნებრივია, გამოძიებას ყველა ნორმალურ ქვეყანაში ექნება კითხვა, თუ რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა გირგვლიანის წამებისა და მკვლელობისთვის გასამართლებული პირები? ყოფილი პრეზიდენტი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას.

- საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი მსჯავრდადებული (გია ალანიაზეა ლაპარაკი), აშანტაჟებდა მაშინდელ ხელისუფლებას, თუ არ შეიწყალებდნენ, ჟვანიას საქმეზე ყველაფერს იტყოდა.

- ეს ვერსია მეც მსმენია, რომ ყოფილი პრეზიდენტი იძულებული შეიქნა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა მე მირჩევნია, დაველოდო გამოძიებას.

- საინტერესოა, თქვენ ელოდით თუ არა ჟვანიას საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას?

- პირადად მე, როგორც რიგით მოქალაქეს, წლების განმავლობაში ბევრი კითხვა მქონდა დაგროვილი, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა ძალიან საეჭვო ვითარებაში და ამ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არა აქვს მიღებული გამოძიებას. ვიმეორებ,–პირადად მეც მქონდა კითხვები წლების განმავლობაში და ლოგიკურად და სამართლიანად მიმაჩნია, რომ პროკურატურას ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კითხვები აქვს მიხეილ სააკაშვილთან.

- როგორც ამბობენ, იმ ღამეს პრემიერ-მინისტრს თავში რაღაც ჩაარტყეს (თითქოს საფერფლე)...

- უამრავი ვერსია ვრცელდებოდა. ბრალდებები კონკრეტულად მაშინდელ პრეზიდენტზე იყო.

- და თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს ვერსია?

- მე მირჩევნია, დაველოდოთ გამოძიებას.

- გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, როგორც საზოგადოების წევრს, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მოსალოდნელი იყო, მსგავსი რამ ჩაედინა მიხეილ სააკაშვილს?

- წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას საფერფლე ჩაარტყეს თავში. რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მასალა (არსებობს ორიგინალი ვიდეომასალები), სადაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჟვანიას კეფის არეში მიყენებული აქვს დაზიანება, და ასევე თავზე აქვს სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევები.

- ორიგინალი ვიდეომასალა თუ გაქვთ ნანახი?

- არა, არ მოვისურვე ნახვა. თუმცა მივიღე დასტური, რომ გავრცელებული მასალა ავთენტურია. დავუბრუნდები თქვენს კითხვას - ყოველთვის იყო ლაპარაკი, რომ ჟვანიას თავში ჩაარტყეს საფერფლე ან სხვა მძიმე ბლაგვი საგანი და მან გონება დაკარგა.…მაგრამ მოდი, დაველოდოთ გამოძიების შედეგს. იგეგმება ცხედრების ექსჰუმაცია,– მოლაპარაკება მიმდინარეობს ძალიან ცნობილ საექსპერტო ბიუროებთან.

ვიცი, როგორია პროკურატურის სამოქმედო გეგმა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პასუხი გაეცემა ყველა კითხვას.

ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა მისთვის უხერხულ კითხვას გასცეს პასუხი ან თუნდაც გაფანტოს ეს ეჭვები.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ჩამოვა დაკითხვაზე?

- თუ გონიერება შენარჩუნებული აქვს, უნდა ჩამოვიდეს. ვალდებულია ჩამოვიდეს, რადგან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და პროკურატურას მასთან არაერთ მძიმე საქმეზე აქვს კითხვები. თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მისი ძებნა გამოცხადდება. სამართლიანობა არის ის პრინციპი, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც აგრძელებს ჩვენი გუნდი. თუ რომელიმე პირი ჩათვლის, რომ მას შეუძლია დადგეს კანონზე მაღლა, იქ უკვე დემოკრატიასა და სამართლიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

თავის დროზე, ისრაელშიც ჰქონდათ კითხვები ქვეყნის პრემიერთან, დემოკრატიის ცენტრში, საფრანგეთში კი სარკოზისა და ჟაკ შირაკთან. იქ საუბარი არ ყოფილა მკვლელობებსა და პრემიერის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე. საქართველოს შემთხვევაში კი ლაპარაკია 8 მილიონის გაფლანგვაზე, გირგვლიანის მკვლელობაზე, "იმედის" წართმევა-დარბევაზე, კერძო ქონების ხელში ჩაგდებაზე და ამ ყველაფერზე, სამწუხაროდ, გამოძიებას კითხვები აქვს ყოფილ პრეზიდენტთან.

თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არასოდეს სცემდა პატივს არც ხალხს და არც თავის ქვეყანას და მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

დავუბრუნდები ჟვანიას საქმეს. ყოფილ პრემიერს დაზიანებები რომ ჰქონდა, კარგად ჩანს გავრცელებულ მასალაშიც და იმ ვიდეოფირზეც, რომელიც პროკურატურაში ინახება. ექიმებმა, რომლებმაც ცხედარი გაკვეთეს, ეს დასკვნაშიც დააფიქსირეს, კერძოდ, რომ ჟვანიას აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში და სისხლჩაქცევები. სამწუხაროდ და ძალიან საეჭვოდ, ექსპერტმა ჩაჩუამ ეს მონაცემები არ შეიტანა საბოლოო დასკვნაში.  რეალურად, ჩაჩუას დასკვნა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო სხვა ექიმების დასკვნაზე, რაც არ მოხდა. ჩაჩუას ეს მონაცემები დასკვნაში რომ შეეტანა, მაშინ უნდა აეხსნა კიდეც, რატომ ჰქონდა ჟვანიას თავის არეში დაზიანება და სისხლჩაქცევები. ტუჩზე დაიწყეს სპეკულაციები (ჟვანიას ტუჩზეც აღენიშნება დაზიანება), რაც სხვა თემაა. ლაპარაკია თავის არეში არსებულ სერიოზულ დაზიანებებზე. მოვისმინე განცხადებები, თითქოს რაღაცას გადაჭრით ვამტკიცებ. არადა, მე, როგორც ერთმა ადამიანმა, ვნახე გავრცელებული მასალა და გამიჩნდა კითხვები. კეთილი ინებონ და განმარტონ, რატომ არ არის დაფიქსირებული ჟვანიას თავზე არსებული დაზიანებები ჩაჩუას დასკვნაში.

- ზურაბ ჟვანიას მეგობრები (მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი) ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ტრეპანაციის შედეგად მიღებული დაზიანებები. თუმცა არ ხსნიან, რა შუაშია ამ ფოტოებთან ტრეპანაცია.

- ხათუნა გოგორიშვილს ვიცნობდი როგორც არჩევნების კარგ გამყალბებელს და თუ ექიმიც და ექსპერტიც იყო, არ ვიცოდი.

ჩემთვის ძალიან ამაზრზენია, რომ ამ თემით სპეკულირებენ ზურაბ ჟვანიას მეგობრები, თუ, რა თქმა უნდა, მათ მეგობრები შეიძლება ეწოდოთ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ისტერიკა გამაოგნებელი და დამაეჭვებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს ასეთი ისტერიკა? თუ გამოძიებას გაუჩნდა კითხვები, სწორედ ეს მეგობრები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს. ამ ხმაურით კი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გამოძიებას ხელს უშლიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.

სინამდვილეში, ეს თვითლუსტრაციაა. ქურდს ქუდი ეწვისო, მათზეა ნათქვამი. თუმცა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს.

- თქვენ აშშ-ში წარმატებული ვიზიტი გქონდათ. საინტერესოა, დღეს განვითარებული მოვლენები, ანუ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება და მისი გამტყუნება-არგამტყუნება, ხომ არ გამოიწვევს დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქციას?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება, მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპაში თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული. თუმცა ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია. როგორც ვთქვი, 24 მარტს დავესწრები ბირთვულ სამიტს, სადაც მსოფლიოს ლიდერებიც იქნებიან და მედიაც. შესაბამისად, თუ კითხვას დამისვამენ, პირადად გავცემ პასუხს, რათა დავასრულო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ლობისტური კომპანიებისგან შეიძლება წამოვიდეს. ჩვენ ამის არ გვეშინია, ჩვენ უკვე გადავლახეთ ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ კუთხით ევროპასა და ამერიკაში დალაგდა სიტუაცია და მოიხსნა ის კითხვები, რომლებიც დასავლეთს სააკაშვილმა და მისმა ლობისტურმა კომპანიებმა გაუჩინეს.

თუ ჩვენ ამ მძიმე კითხვებზე თვალი დავხუჭეთ, მაშინ სამართლიანობასა და დემოკრატიაზე საერთოდ აღარ იქნება საუბარი. მე არ მინდა ვიყო ისეთი სახელმწიფოს პრემიერი, რომელიც ასეთ უსამართლობას ხელს შეუწყობს.

რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც მოქალაქეები ელემენტარული ქურდობის გამო წლობით იხდიან სასჯელს?! ვიმეორებ, თუ გამოძიებას ოდესმე კითხვები გაუჩნდება ჩემთან, მზად ვარ, პასუხი ვაგო, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

- ჟვანიას საქმეზე "ნაციონალებს" მოწმედ მოჰყავთ FBI-ს დასკვნა, რომელშიც, მათი მტკიცებით, ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამავე დროს წლებია მითქმა-მოთქმაა, რომ მედიაში გავრცელებული დასკვნის შინაარსი არასწორი და არასრულყოფილია და არსებობს დასკვნის სრული ვერსია, რომელიც გასაიდუმლოებულია. თქვენ თუ იცნობთ სრულ ვერსიას და გახდება თუ არა ის საჯარო?

- "ნაციონალები" კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არც ერთ ქვეყანას და არც ერთ უწყებას არ სცემენ პატივს, მით უმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ უწყებას, როგორიცაა FBI. ამ უწყების თანამშრომლები საქართველოში ჟვანიას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ და ექსპერიმენტი ჩაატარეს. მე არა ვარ ექსპერტი, მაგრამ პროფესიონალებისგან მსმენია, რომ FBI-ს ექსპერიმენტი რეალობას ვერ ასახავდა. კერძოდ, ამ უწყების თანამშრომლებს რა მოცემულობაც დაახვედრეს, ის დასკვნა დაწერეს. მაგალითად, მე რომ თქვენ მოგცეთ გაყალბებული მასალები, რა თქმა უნდა, მცდარი გზით წახვალთ.

ამ დასკვნით სპეკულირება ამორალური საქციელია და "ნაციონალები" უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ავტორიტეტული უწყების პრესტიჟს.

- შეიძლება ისე მოხდეს, რომ FBI-მ თავად მოითხოვოს პასუხი "ნაციონალური მოძრაობისგან" თავისი პრესტიჟის შელახვისთვის?

- რატომაც არ შეიძლება და ეს სამართლიანი იქნებოდა. სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში, დაგვეხმარებიან ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში. ასეთი წინადადებით არ მოგვმართავდა ამერიკის მხარე, რომ ჰქონდეს პოზიცია, ჩვენ საქმე სრულად გამოვიძიეთ და კითხვები აღარ გვაქვსო. წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა. ვიმეორებ - ძალიან უხერხულია FBI-ს დასკვნით სპეკულირება.

დავუბრუნდეთ ამ საქმის გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟს. მადანაშაულებენ, თითქოს "ჰაკიმ ფაშა" ვარ და თავდაჯერებით ვლაპარაკობ ჟვანიას სხეულზე არსებულ დაზიანებებზე. ამას ის ხალხი ამბობს, რომელთა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გამოვიდა და უაპელაციოდ განაცხადა, პრემიერი ბუნებრივი აირით მოწამვლით გარდაიცვალაო. მერაბიშვილი ამას მაშინ ამბობდა, როდესაც ექსპერტიზაც კი არ იყო დაწყებული. მერაბიშვილმა დაკითხვისას გამაოგნებელი რაღაც თქვა,–ეს იმიტომ განვაცხადე, რომ იმ სახლში (სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს) ბუნებრივი აირის ნამწვის სუნი იდგაო. თურმე მერაბიშვილის ყნოსვაზე უნდა იყოს დამოკიდებული გამოძიება. აი, ამაზე ილაპარაკონ "ნაციონალებმა" და არა იმაზე, მე რა შთაბეჭდილება შემექმნა. არადა, მე ვთქვი ის, რაც ვიხილე, რომ ჟვანიას ცხედარზე ჩანს სისხლჩაქცევები და ყველა ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ ეს სიცოცხლეში მიღებული ტრავმებია.

- სხვათა შორის, "საიამ" სწორედ ამის გამო გაგაკრიტიკათ, რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს პრემიერი სიცოცხლის დროინდელ დაზიანებებზე, როდესაც ექსჰუმაცია ჯერ არ ჩატარებულაო.

- საზოგადოდ, კარგია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, მაგრამ ეს ხალხი სად იყო, როდესაც ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა?! ჩაჩუამ კი არ დაწერა დასკვნა, არამედ მერაბიშვილმა იმ წუთში თქვა, ჟვანია გაიგუდაო. მიხეილ სააკაშვილსა და მერაბიშვილს წლების განმავლობაში "განაჩენი" გამოჰქონდათ ადამიანებისთვის - ეს ბანდიტია, ის კი ავაზაკიო და თურმე ჩემი კითხვები, რომელიც შთაბეჭდილებებს ემყარებოდა, გახდა საეჭვო. როცა იუსუპოვს ვხედავთ დათხვრილი შარვლით, სხეულზე ნანემსრებით და ფეხსაცმლის გარეშე, როგორ შეიძლება, რომ პრემიერს, ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს, არ გაუჩნდეს კითხვა? თუ კითხვები არა მაქვს, გამოდის, სააკაშვილს ვაფარებ ხელს. მოკლედ, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები გამაოგნებელია.

- "ნაციონალები" და მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას საქმის "დელიკატურ საკითხებზე" მიუთითებენ და ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის სახელს უფრთხილდებიან და ამიტომაც სათქმელს ბოლომდე არ ამბობენ.

- სააკაშვილი ასეთი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს ჟვანიას ოჯახს. ის სპეკულირებს და არა ჩვენ, ვინც დაინტერესებულნი ვართ სიმართლის დადგენაში, რა როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდა იუსუპოვი იმ ბინაში და ა.შ. სხვათა შორის, ლევან ჩაჩუა ამბობს, ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა საბოლოო დასკვნაში არ შევიტანეო. რატომ არ შეიტანა, ამას ჯერ არ ამბობს. მოკლედ, ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა და კეთილი ინებოს და ყოფილმა პრეზიდენტმა გასცეს პასუხი კითხვებს არა მხოლოდ ჟვანიას, არამედ "იმედის" დარბევის, ბიზნესების წართმევის, ხელოვნურად გაკოტრებისა და სხვა საქმეებზე. მიხეილ სააკაშვილი მთავარი მოწმეა, სწორედ მისი ხელდასხმით და ხელმოწერით ხდებოდა ბევრი რამ. თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში და უფრო მეტი კითხვა გაჩნდება.

- სააკაშვილმა შეიძლება თქვას, ეგენი ჩემი პოლიტიკური მტრები არიან და დაკითხვაზე რომ ჩავიდე, შესაძლოა, დამაკავონო.

- ეს არგუმენტი არ არის.

- თვლით თუ არა, რომ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც. არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მაგალითად, გიგი უგულავა სხვა სამოქალაქო პირებთან ერთად უხეშად ერეოდა სამხედროების საქმეებში და მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლების ქმედებები, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო იყო.

- ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორ წარიმართა ომი, ვინ იყო პასუხისმგებელი და ვინ რა ბრძანებებს გასცემდა. შარშან "გავხსენით" ეს თემა. ძალიან ბევრი დანაშაული, დარღვევა გამოიკვეთა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა.

- მთავარი მოწმე, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში აქტიურ პოილიტიკურ მოღვაწეობას ეწევა.

- გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ სააკაშვილი უკრაინაში კონსულტანტად მიიწვიეს. ეს სახიფათოა თავად უკრაინის ხელისუფლებისთვის. როგორც ვიცი, მას უკრაინაში ფინანსური ინტერესები აქვს და პარალელურად, მიეცა შესაძლებლობა, გაიხანგრძლივოს პოლიტიკური სიცოცხლე. ცინიზმია, რომ ის კაცი არიგებს ჭკუას მსოფლიოს, რომელმაც ქვეყანა დაანგრია და აგვისტოს კრიზისის დროს ყველაზე მძიმე სცენარი თავიდან ვერ აიცილა.

- უკრაინის მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენთვის, ალბათ, უფრო ის არის საინტერესო, მთავრობას აქვს თუ არა სამოქმედო გეგმა, რათა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება კრიზისის პიკზე დაგვემუქროს. ყურადღებას გავამახვილებდი იმ საფრთხეებზე, რომელთაც ექსპერტები რუსეთიდან ელიან.

- ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ იმ გამოწვევებსა და რისკებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა, საქართველო აღმოჩნდეს. როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელებს ავლებდნენ, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორი ქვეყანა არ არის ერთსა და იმავე მოცემულობაში. უკრაინა დამოკიდებული იყო რუსეთზე და მოსკოვს, როგორც აღმოჩნდა, თითოეული ნაბიჯი ჰქონდა გათვლილი. სამწუხაროდ, გამოიკვეთა ევროკავშირის პასიურობაც, რითაც რუსეთმა ისარგებლა.

საქართველო კი განსხვავებულ რეალობაშია - ჯერ ერთი, ჩვენ არა ვართ პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, მეორე - საქართველოში მოხდა ის, რაც მოხდა: ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს ომს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ჩვენთან კონფლიქტმა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს მძიIმე დარტყმა მიაყენა. პრაგმატულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული დამატებითი ხმაური და პრობლემები არ სჭირდება. რაც მთავარია, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები და ამავე დროს, პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. რუსეთის ხელმძღვანელობამ ეს კარგად დაინახა. დიალოგი წარმატებული აღმოჩნდა, რუსეთმა გახსნა ბაზარი და ეტაპობრივად მიმდინარეობს ურთიერთობის ნორმალიზება. ამიტომ დღეს ლაპარაკი რუსეთისგან აგრესიის საფრთხეზე გადაჭარბებულად მიმაჩნია. რუსეთი ძალიან გაუფრთხილდება იმას, რაც უკრაინაში ყირიმისა და სევასტოპოლის სახით მიიღო და ზედმეტ თავსატეხს აღარ გაიჩენს.

- თქვენ ევროკავშირის პასიურობა ახსენეთ. მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უსუსურობასთან გვაქვს საქმე.

- ყველაფერზე შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. რუსეთმა ყირიმი გაიფორმა ყოველგვარი კონფლიქტისა და საომარი მოქმედებების გარეშე. ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრენი ვართ. ევროპის ცენტრში, ფაქტობრივად, ტერიტორიის ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს.

- თუმცა ხელახალი გადანაწილება ცუდად მთავრდება ხოლმე.

- გეთანხმებით. ასე მარტივად ვერ იქნება, რომ დასავლეთმა რუსეთს დაუწესოს სანქციები და ამით მორჩეს ყველაფერი. დასავლეთიც გარკვეულწილად დამოკიდებულია რუსეთზე. დანაკარგი ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს. ასე რომ, ვფიქრობ, მხარეები ვითარების უკიდურესად გამწვავებაზე არ წავლენ და შეეცდებიან, პრობლემა მოლაპარაკებით გადაჭრან.

- ევროკავშირმა დააჩქარა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. მთავარი ფაქტორი, ალბათ, უკრაინის მოვლენებია.

- რა თქმა უნდა. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო ის, რაც მოხდა უკრაინაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო - ევროპასთან ინტეგრაცია არ არის ჩვენი ახირება. უბრალოდ, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის ერთადერთი სწორი გზა. ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის უკეთესისკენ და ასევე იქცევა ჩვენი სახელმწიფოც.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადადიოდა, განაცხადა, რომ ხელისუფლებას არც ქებას დაამადლიდა და არც კრიტიკას. გასულ კვირას ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული ხასიათი გამოავლინა. მან მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაზე თავის დროზე ნათქვამი სიტყვის გადათქმა დაუწუნა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს შენიშვნა აქვს იმის თაობაზეც, რომ ახალი პრეზიდენტის სახე გახდა ძველი პრეზიდენტის ფავორიტის ძმა - ვანო მაჭავარიანი. ივანიშვილის თქმით, მაჭავარიანი თავის დროზე უმსგავსად მოიქცა და არჩევნების წინ "ქართულ ოცნებასთან" ახლობლობა ძველ ხელისუფლებასთან ვაჭრობისთვის გამოიყენა. თქვენ თუ ხართ მზად, რომ შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვენც გაგაკრიტიკოთ?

- ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით გააკეთა, სასწაულის ტოლფასია. მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ მაშინდელი ხელისუფლების შეცვლა უსისხლოდ და გართულებების გარეშე შეიძლებოდა. რასაც მანამდე აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი ასევე უნიკალურია. თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავის ხალხსა და ქვეყანას მოახმარა და დღესაც ამ საქმეს აგრძელებს. მე ბედნიერება მხვდა წილად, მიმეღო მონაწილეობა იმ კეთილ საქმეებში, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის აკეთებდა. რა თქმა უნდა,ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ყოველთვის განსხვავებული წონა ექნება და ამის აღიარება თუ ვინმეს უჭირს, პრობლემები საკუთარ თავში ეძებოს, ესე იგი, არაადეკვატურად აფასებს რეალობას და ამ ადამიანის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში; მეორე - ბიძინა ივანიშვილი ძალიან სამართლიანი ადამიანია. მე, შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის გვერდით გავიზარდე და გამოვიბრძმედე და მთავარი, რაც ვისწავლე, ის არის, რომ სამართლიანად უნდა მოექცე ადამიანებსა და შენს ქვეყანას. ივანიშვილი უსამართლოდ არავის აკრიტიკებს და პირადად მე გულისყურით დავუგდებ ყურს მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და კრიტიკას. ჩვენ ასეთი მოქალაქეები გვჭირდება და გვყავს კიდეც ასეთი მოქალაქე. საქართველოში სხვა ხელისუფლებაც რომ იყოს, ისიც ანგარიშს უნდა უწევდეს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.

მინდა ყველას შევახსენო - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ არც ერთი არ ვიქნებოდით ახლა ამ თანამდებობებზე.

ცალკე საკითხავია ის, თუ როგორ განვითარდებოდა საქართველოში მოვლენები. ამ ადამიანმა შეკრიბა ეს გუნდი, შექმნა კოალიცია, ამ კოალიციიდან გამოვედით ჩვენ, ლიდერები, და ამას ადეკვატური შეფასება და დაფასება სჭირდება. ხაზს ვუსვამ - ბიძინა ივანიშვილი არასოდეს არღვევს პრინციპებს. ის ჯერ ცდილობს, შიგნით მოაგვაროს ყველაფერი და ამის რამდენიმეგზის მცდელობა აქვს.

ხომ ვერავინ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას იმიტომ აკრიტიკებს, რომ პოლიტიკური ქულები სჭირდება?

ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირდება - მოვიდა, საქმე გააკეთა და დაბრუნდა საზოგადოებაში.

- პირდაპირ გკითხავთ - თქვენი პოზიცია მინისტრთა კაბინეტის მართვაზე და შესაძლო ცვლილებებზე გადამწყვეტია თუ...?

- ამ თემითაც სპეკულირებენ და ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა და კულუარულად მართავს პროცესებს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა თავის დროზე და მეც მინდა დაგიდასტუროთ: ის არ აკადრებს საზოგადოებას, რომ კულუარებიდან მართოს მოვლენები. ზოგიერთის მიკვირს, მოწმედ მოჰყავთ ხოლმე ექსპერტების ციტატები და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მათ მოუსმინონ. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამხელა საქმე გააკეთა, რატომ არ უნდა უსმენდეს ხელისუფლება? ვაცხადებ: ის არასოდეს არავის ახვევს თავის აზრებს და მით უმეტეს, არ მოახვევს ახლა, როდესაც პოლიტიკიდან წავიდა. სხვათა შორის, არასოდეს დამიმალავს, რომ კონსულტაციებს ვიღებ ხოლმე ბიძინა ივანიშვილისგან და ვთვლი, რომ ფუფუნებაა, როდესაც შეგიძლია, რჩევა ჰკითხო ასეთ გამოცდილ ადამიანს. როდესაც უკვირთ ხოლმე, თუ რატომ აკრიტიკებს ხელისუფლებას ან რჩევებს აძლევს, გადახედონ უახლოეს წარსულს - სად ვიყავით და სად ვართ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და უპირველესად, საკუთარი თავისგან, მაქსიმუმს ვითხოვ.

მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ და ველი, რომ ისინი მენეჯმენტში ხარვეზებს გამოასწორებენ. მოგვიანებით კი, რა თქმა უნდა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებ.

- ანუ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავთ?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად.

სხვათა შორის, სააკაშვილსაც შეუცვლელი ეგონა თავი, მაგრამ ყველაფერი მარტივად მოხდა.

- თქვენ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ სანთლით ეძებთ კვალიფიციურ კადრებს. ექსპერტები ხელისუფლებას ძველი კადრების შენარჩუნებისთვისაც აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი, რომ ძველი კადრები საბოტაჟით არიან დაკავებული ან შეიძლება, ამ ხერხს მიმართონ. თქვენ ამაში არასოდეს შეგპარვიათ ეჭვი?

- ჩემი შს მინისტრობისას ყველა ასეთი პირი გავუშვით სამსახურიდან. თავის დროზე, პროკურატურიდანაც ბევრი დაითხოვა ოთარ ფარცხალაძემ.

- პროკურატურაზე გამახსენდა - ელენე თევდორაძემ "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დღესაც ის გამომძიებელი იძიებს ჟვანიას საქმეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამავე საქმეზე მუშაობდა.

- ეს ინფორმაცია გადავამოწმე. გასულ წელს, როდესაც ჟვანიას საქმის გამოძიება განახლდა, მართლაც იმავე გამომძიებელს ჰქონდა ეს საქმე. თუმცა მან სხვას გადააბარა საქმე და დღეს მსგავსი რისკები დაზღვეული გვაქვს.

მინდა დავარწმუნო საზოგადოება - ყველას, ვინც გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე მუშაობს, ყურადღებით ვაკვირდებით და ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ოდიოზურ პირთა კასტას, რომლებიც უმსგავს საქმეებში იყვნენ მხილებულნი. ეს ხდება პოლიციაშიც და პროკურატურაშიც.

- ისევ ჟვანიას საქმეზე მინდა გკითხოთ - ლოგიკურად ხომ არ უნდა დადგეს იმ გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ? თუ ლევან ჩაჩუას აკავებენ არასწორი დასკვნის გამო, მაშინ გამომძიებლები და პროკურორებიც უნდა დააკავონ არასწორი გამოძიების გამო.

- თავის დროზე, "ნაციონალები" შემდეგ მეთოდს მიმართავდნენ - როდესაც რაიმე სცენარს დგამდნენ, ცდილობდნენ, გამომძიებლები ან პროკურორები დაერწმუნებინათ, რომ მაგალითად, კონკრეტულ მოქალაქეს მართლაც ჰქონდა იარაღი.

- ბუტა რობაქიძის საქმეს გულისხმობთ?

- თუნდაც. არწმუნებდნენ დაბალ რგოლებს, რომ კონკრეტული ადამიანი იყო დამნაშავე ან აგენტი და ა.შ. დღეს კი ეს ადამიანები გაიძახიან, თითქოს დემოკრატია ინგრევა. გიგი უგულავა რომ გამოდის, რომელსაც 50 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი და დიქტატურაზე ან, მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის წესზე ლაპარაკობს, სასაცილოა. ეს ხალხი საკუთარ მოსახლეობას ტერაქტებს უწყობდა, აწამებდა და დღეს ჭკუას გვარიგებს.

- ფიფლმეტრების სკანდალზეც მინდა გკითხოთ. ტელეარხების რეიტინგების დამდგენი კომპანია "თი-ვი-ემ-არი" შემოსავლების სამსახურის ზეწოლაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ უწყება მას იმ ოჯახების სიას სთხოვდა, სადაც ფიფლმეტრებია დამონტაჟებული. ამან ტელეკომპანიების ნაწილი აღაშფოთა. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ოჯახების სია კონფიდენციალური უნდა იყოს, რათა მათზე რეიტინგებით მანიპულირების მიზნით ზეწოლა არ მოხდეს.

- სამწუხაროდ, დეტალებში არა ვარ გარკვეული. თუმცა, თუ შემოსავლების სამსახურს გაუჩნდა კითხვები, კეთილი ინებოს ყველამ და გასცეს პასუხი. კონკრეტულად ამ საკითხს აუცილებლად მოვიკითხავ. თუ სახელმწიფო უწყებას რამე გადაცდომა ჰქონდა, ამის აღიარებისა და გამოსწორების არ შეგვეშინდება. იმ პირებს კი, რომლებიც ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ, შევახსენებ "იმედის" საკითხს, რაც სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს დიქტატურის კლასიკაა - როგორ მოხდა პატარკაციშვილის ოჯახის განადგურება ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და "იმედის" დარბევა. მინდა შევაქო პროკურატურა, რადგან ძალიან ეფექტიანად წარმართა გამოძიება. ძალიან საინტერესოა 2011 წელს პატარკაციშვილის ოჯახთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც სააკაშვილის მინდობილობით ხელი ადეიშვილის მოადგილე ბურჯალიანმა მოაწერა. რეალურად, აღიარეს და დააფიქსირეს კიდეც, რაც მოხდა, 400-მილიონიან ქონებას უბრუნებენ ოჯახს "იმედის" სანაცვლოდ. ყველამ ვიცით, რომ მედიის დიდი ნაწილი კონტროლირებადი იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაიწყო სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება. მახინჯი სისტემის ყველა შემქმნელის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.

- თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობისგან შორს ვართ და მაგალითად დავით კეზერაშვილის საქმე მოჰყავთ.

- სად წავა? ის წითელი ცირკულარით იძებნება და მისი საქმის გამოძიება გრძელდება. სხვათა შორის, მე ვთქვი, რომ წარსულზე იფიქროს პროკურატურამ, ჩვენ კი მომავალზე ვიფიქრებთ. მოსახლეობას ნაკლები სტრესი და დაძაბულობა სჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ჩვენი რესურსები სწორად გამოვიყენოთ და მჯერა, ასეც იქნება. ხაზს ვუსვამ - სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა.

ასევე, დღეს კიდევ ერთი მთავარი გამოწვევაა ეკონომიკა და უმუშევრობა. 9 წლის განმავლობაში ყველა სფეროს დაასვეს დაღი და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. სოფლის მეურნეობაში დიდი ძვრები გვაქვს და ინტენსიურად ვმუშაობთ. სწორი გეზი გვაქვს აღებული და მჯერა, ეკონომიკას ფეხზე დავაყენებთ. გაჯანსაღებული ეკონომიკა კი წარმატების საწინდარია.