"ეგ ლაჩარი აქ ჩამომსვლელია?" - კვირის პალიტრა

"ეგ ლაჩარი აქ ჩამომსვლელია?"

"სამხარაული ისე გაქრა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარე თამაზ სოსელია, რომელმაც დადო დასკვნა, რომ პირველივე წელს ნაძირალა უგულავას - 102, კახა ლომაიას კი 40 მილიონი ჰქონდა გაფლანგული"

"მჭედლიშვილის მკვლელი შესაძლოა სამხარაულის მკვლელობის დამკვეთიც ყოფილიყო"

"მათ სასამართლოზე მე ვიქნები მოწმე და არა ვიღაც ჭრიჭინები"

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან სამ თვეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი ლევან სამხარაული მოკლეს. როგორც ამბობენ, სამხარაული იყო ის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცოდა, საბურთალოს ქუჩის #53-ის საიდუმლო. სიკვდილის წინ ის სწორედ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გახლდათ ამერიკაში წასული და აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერიმენტში, რითაც დადგინდა, რომ ბინაში გამათბობელი გამართულად მუშაობდა და  ჩO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის.

სამხარაული 2005 წლის 22 მაისს მისმა თანაკლასელმა დათო მჭედლიშვილმა მოკლა. შემდეგ მკვლელი შინ დაბრუნდა და თავი ორი სხვადასხვა იარაღით მოიკლა - ჯერ ტტ-ს სისტემის პისტოლეტი დაიხალა, შემდეგ - გადაჭრილი თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, მჭედლიშვილს ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი, ერთი თავში, მეორე - გულში და ორივე გასროლა სასიკვდილო იყო(?!). პოლიციელებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მასრები ვერ ნახეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის მიზეზად დავით მჭედლიშვილის ფსიქიკური აშლილობა და ბავშვობაში ლევანთან კონფლიქტი დაასახელეს. გაჩნდა ვერსია, რომ სამხარაულის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრის მკვლელობას.

იმხანად მუსირებდა აზრი, რომ მეორე ადამიანი, რომელმაც ექსპრემიერის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები იცოდა, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე იყო. წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალება წერდა, რომ ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, სწორედ მაღლაფერიძემ იქირავა და მასვე ჰქონდა ბინის გასაღებიც, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს. ითქვა ისიც, რომ იმ დღეს პრემიერსა და მაღლაფერიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ (ეს ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძემ განაცხადა) და პრემიერი სახლიდან სწორედ მისი ზარის შემდეგ გავიდა. როგორც ამბობენ, მან უშუამდგომლა რაულ იუსუპოვს შეხვედროდა ზურაბ ჟვანიას. ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი: - როდესაც სამხარაულის მკვლელმა მჭედლიშვილმა ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, მაშინ სამედიცინო ექსპერტმა ირონიულად  უთხრა ერთ ჟურნალისტს, ორი იარაღით ერთდროულად თვითმკვლელობა შეუძლებელიაო... ბევრი გარემოება იძლეოდა იმაში დაეჭვების საფუძველს, რომ მჭედლიშვილის მკვლელი შესაძლოა სამხარაულის მკვლელობის დამკვეთიც ყოფილიყო. სამხარაული საექსპერტო დაწესებულების დირექტორი იყო და ოფიციალურად არ იყო პროცედურებში ჩართული. ის ვერც FBI-ს დასკვნაზე მოახდენდა გავლენას. ჩემი ვარაუდით, სამხარაული იყო შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ექსპერტებს შორის. ამიტომაც შეეძლოთ მისი მოცილება.

რაც შეეხება ვასიკო მაღლაფერიძეს, ის იცნობდა ეკა კიკიანს (საბურთალოს #53-ში მდებარე ბინის მეპატრონეს), რომელიც პარლამენტში მუშაობდა. მას ბინა გაქირავებული ჰქონდა, ოღონდ არა ის, სადაც გვამები იპოვეს. ეკას სხვა ბინაც ჰქონდა, სადაც მეზობლებმა წყალი ჩაუშვეს და ეკა "მოქკავშირისგან" ითხოვდა, პრობლემა მოეგვარებინათ. ვასიკო მას დაეხმარა. ეს ამბავი კიკიანმა უამბო მაღაზიის გამყიდველს, სწორედ მან თქვა, ეკას ვასიკო დაეხმარა ამ ბინის გაქირავებაშიო. არადა, ვასიკომ ამ ბინის შესახებ არაფერი იცოდა.

"კვირის პალიტრის" კითხვებს გოგა ხაინდრავამაც უპასუხა: - სამხარაულის მკვლელობა გაუგებარი იყო, ამას მოჰყვა მისი მკვლელის კიდევ უფრო გაუგებარი სიკვდილი... მათ მოიშორეს ყველა, ვინც პრობლემას უქმნიდათ და ჩემი აზრით, სამხარაულიც.

სამხარაული ისე გაქრა, როგორც თავის დროზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე თამაზ სოსელია, რომელმაც დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც პირველივე წელს ნაძირალა უგულავას - 102, კახა ლომაიას კი 40 მილიონი ჰქონდა გაფლანგული.M.. ნათელია, რომ ჟვანიას საქმე დასასრულს უახლოვდება. სააკაშვილი ჩამობრძანდეს და ძიებას მისცეს ახსნა-განმარტება, მაგრამ ეგ ლაჩარი აქ ჩამომსვლელია? ამათ აუცილებლად მოეკითხებათ, მათ სასამართლოზე მე ვიქნები მოწმე და არა ვიღაც ჭრიჭინები.

- ზურაბ ჟვანია მოკლეს?

- ვფიქრობ, მოკლეს, ეს სააკაშვილისა და მისი გუნდის ინტერესებში შედიოდა. ზურა მათ ხელს უშლიდა კორუფციაში, ქვეყნის დაქცევასა და ბევრი ვერაგი ჩანაფიქრის განხორციელებაში. მაგრამ

ის უფრო დიდ მკვლელობად მიმაჩნია, რაც ბარამიძე-გოგორიშვილ-მაჭავარიანებმა ჩაიდინეს ზურას, ქვეყნისა და ადამიანობის წინაშე. ეს ვითომ მეგობრები წლების განმავლობაში იმ ბინძურ ვერსიას უჭერდნენ მხარს და ცდილობდნენ, ჩირქი მოეცხოთ ზურასა და მისი ოჯახისთვის.

ნანა ფიცხელაური