"არ გამოვრიცხავ, არც გაირკვეს, ვინ დაუკვეთა მკვლელობა" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, არც გაირკვეს, ვინ დაუკვეთა მკვლელობა"

"კარგად მახსოვს, რა ჭორებს და მკვლელობის ვერსიებს ჰყვებოდნენ "ზურას მეგობრები". სააკაშვილის ხელისუფლება გეგმავდა, ვის, სად, ვისთან რა უნდა მოეყოლა ზურას სიკვდილის შესახებ. მალევე გაირკვა, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა და ამას უამრავი დეტალი ადასტურებს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" გოგლა ჟვანიას მეუღლე, გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე:

- ქალბატონო ნინო, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ზურაბ ჟვანია...

- ზურა გოგლაზე ადრე "მწვანეთა პარტიაში" გავიცანი... ზურა ჩემს მეგობარს მოსწონდა. 1992 წლის არჩევნების წინ მაკამ ზურას ოფისში დარეკა. უთხრეს, არ სცალიაო. ჩემმა მეგობარმა მდივანს უთხრა, ნანა ვარ დევდარიანიო და ამ ხერხმა გაჭრა. შემდეგ გამოუტყდა ზურას, ნანა კი არა, მაკა ვარ და ძალიან მიყვარხართო. ზურამ უპასუხა, დიდი მადლობა, მაგრამ ახლა არ მცალია და არჩევნების შემდეგ დამირეკეთო. მაკამაც დარეკა არჩევნების შემდეგ - გამარჯობა, სიყვარულის თაობაზე რომ შეგაწუხეთ, ის ვარო. ზურამ თურმე ბევრი იცინა... მერე მაკა სახლშიც ურეკავდა, მაგრამ ზურა შინ არ ხვდებოდა და რამდენჯერმე გოგლას დაელაპარაკა... მან ურჩია, "მწვანეებში" შედი, იქ უკეთ გაიცნობ ზურასო. ჩვენც გავხდით "მწვანეები".

- ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახის პოზიცია, რომ ექსპრემიერი მოკლულია. ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი?

- ზურა სააკაშვილის ერთადერთი რეალური მოწინააღმდეგე იყო. ხშირად გვესმოდა, რომ სააკაშვილს თავისი გარემოცვა ზურას მოშორებას ურჩევდა. ზურა ნამდვილად მოკლეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, არც გაირკვეს, ვინ დაუკვეთა მკვლელობა.

- რომელმა მეგობარმა უერთგულა ბოლომდე ბატონ ზურაბს?

- მეგობრები (დიდხანს ფიქრობს)?..

- ფოტომასალაზე რას იტყვით, ვის აძლევდა ხელს მისი გამოქვეყნება?

- ეს მასალა გოგლას ნანახი ჰქონდა. ამ საქმის "საფეისბუკო" თემად ქცევა ხელს შეუშლის გამოძიებას. ეს ფოტომონტაჟი არ არის, ავთენტიკური მასალაა.

- ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ ჩვენთან განაცხადა, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა პროზექტურაში გვამი დაათვალიერეს და ნახეს, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ ჰქონდაო...

- ამის თქმა უზნეობაა! ისე ვიყავით შეძრულები, მაშინვე მიცვალებულის თვალიერებას ხომ არ დავიწყებდით?! თუმცა, ზურას ტუჩზე ნაჭდევი ყველამ შევამჩნიეთ.

- ნაციონალების თქმით, საქმეში არსებობს FBI-ს დასკვნა, რომელსაც ჟვანიას ოჯახის მოთხოვნით გრიფი დაედო...

- საიდან მოიტანეს ასეთი ტყუილი? FBI-ს დასკვნა წაკითხული მაქვს. იქ წერია, რომ გამათბობელი სიკვდილის მიზეზი ვერ იქნებოდა. რა გრიფი, რა ოჯახის მოთხოვნა?

სააკაშვილია ამ ყველაფრის შემოქმედი, ახლა ის ისტერიკაშია.. როცა გამოძიება დამთავრდება, ყველას თავისი მოეკითხება.

ნანა ფიცხელაური