მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
გაბუტვა თუ დაპირისპირება?!

მაშ, ასე, ბიძინა თავის ფავორიტს შემოსწყრა! გასრულდა ესე სიამტკბილობის ეპოქა პრეზიდენტსა და "პირველ მოქალაქეს" შორის (ტერმინი "პირველი მოქალაქე" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანი მიროტაძეს ეკუთვნის და მოდი, ჩვენც გამოვიყენოთ, რამეთუ კარგად გამოხატავს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას).

60 წლის ვხდები და ადამიანის ასეთი სახეცვლილება ჯერ არ მინახავს, არჩევნების შემდეგ გამოავლინა ხასიათი მარგველაშვილმაო, გამოაცხადა "პირველმა მოქალაქემ". ივანიშვილს დაახლოებით ისე დამართნია, კაცი საკუთარი ცოლის ნამდვილ ხასიათს ქორწილის შემდეგ რომ აღმოაჩენს, ან
პირიქით, მარგველაშვილი მოქცეულა იმ ქალივით, ხასიათს ქორწილის შემდეგ რომ ავლენს. ასეა თუ ისე, ფაქტია, ისინი "განქორწინდნენ". შევთანხმდით, რომ ურთიერთობაც აღარ გვქონდესო. იმედია, "ბავშვებს" მაინც აჩვენებენ ერთმანეთს, ანუ ცივილიზებულ ურთიერთობას შეინარჩუნებენ, რამეთუ პოლიტიკური განქორწინებაც ზოგჯერ ისეთივე მტკივნეულია, როგორიც ჩვეულებრივი, ზოგჯერ კი - უფრო უარესიც და მერე
ხოცავენ ერთმანეთს. თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ამის ნიშნები არ ჩანს.

ამ ყველაფერს დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევთ, უფრო - გაბუტვაა. ივანიშვილი მარგველაშვილს გაებუტა და აღარ ელაპარაკება, გაბუტვის მიზეზი კი თურმე ის ყოფილა, რომ პრეზიდენტს თავის ჭკუაზე დაუწყია სიარული. აბა, როგორ გაბედა! გაინაღდა სკამი და ახლა აღარ უნდა, არა, ივანიშვილის მოსმენა?! ისე, თუ სერიოზულად ვიტყვით, ძალიან კარგია, თუ პრეზიდენტი სხვის ჭკუაზე აღარ დადის. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტია და აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სად იმუშაAვებს - რეზიდენციაში თუ კანცელარიის ორ ოთახში, ვინ დანიშნოს თავის მრჩევლად და რომელ კანონპროექტს დაადოს ვეტო! ეს გადაწყვეტილებები კარგია თუ ცუდი, ეს უკვე სხვა საკითხია. ისე, ამ განცხადებით ივანიშვილმა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ნარმანია დააზარალა: არ იტყვის ხალხი, მარგველაშვილი შენი ხათრით ავირჩიეთ და აღარ მოგწონს და მერის კანდიდატურაზე როგორღა გენდოთო?

ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, ქართველები უცნაური ხალხი ვართ, ელექტროსაქონელს რომ ვყიდულობთ, ინსტრუქციას არც კი ვკითხულობთ, პირდაპირ შტეფსელში ვაერთებთო. ჰოდა, რა გამოდის - მანაც მარგველაშვილი ისე შეაერთა შტეფსელში, ინსტრუქცია არ წაუკითხავს? თუ წაიკითხა და ვერ გაიგო?

მიადგნენ!!!

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებამდე მივიდოდა საქმე. მეგონა, ეს ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა, რადგან დასავლეთის რეაქციის შეეშინდებოდა. მოგეხსენებათ, ევროპამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი გადმოსწია და არის საშიშროება, ამ ყველაფერს პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მიეცეს, შეიძლება ევროინტეგრაციაც შეჩერდეს, თუმცა რუბიკონი უკვე გადალახულია, უკან ვეღარაფერს დავაბრუნებთ - ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზეა დაბარებული და თუ არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება, ხოლო თუ ჩამოვა, ალბათ, ბრალს წაუყენებენ... და მაინც, როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება? ჩემი აზრით, ისე, როგორც მოიქცა. თუ ყველაფერი კანონიერად მოხდება, არა მგონია, ევროპა კანონის უზენაესობის წინააღმდეგი იყოს. რა თქმა უნდა, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ღარიბაშვილს აზრი არ ჰკითხეს.

სააკაშვილის აქამდე არდაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მისი დაბარება კი არის კანონის მოთხოვნას პლუს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც პირველ ვარიანტს სჯობია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა მოეკითხოთ პასუხი პირველ პირებს. ჩვენ გამსახურდიას ჩამოგდებაც უნდა გამოვიძიოთ, შევარდნაძის დანაშაულიც და სააკაშვილისაც. სხვანაირად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ახლა მთავარია, ყველაფერი კანონის დაცვით მოხდეს, იყოს ყველა ბრალდება არგუმენტირებული და თუ მიშა ჩამოვიდა (რაც მაინცდამაინც არ მჯერა), პროკურატურამ სასამართლო პროცესების დასრულებამდე აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვოს.  ისე, პროკურატურამ იმდენი საქმე ჩამოთვალა, სააკაშვილი დაკითხვაზე კი არა, პროკურატურაში დროებით საცხოვრებლად უნდა დატოვონ.

"ნაციონალები" უკვე აყვირდნენ, ეს პუტინის დაკვეთააო, ჭორებს ავრცელებთ, აბა, სად არის სააკაშვილის დანაშაულის მტკიცებულებებიო...

ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა მოხდება...
რაც შეეხება ევროპის რეაქციას, ყირიმის გამო დასავლეთი ისეა გამწარებული რუსეთზე, სააკაშვილი კი არა, პან გი მუნი რომ დავიბაროთ დაკითხვაზე, მაინც მოგვიწერენ ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზე. ტიმოშენკო იანუკოვიჩმა არ გამოუშვა, მაგრამ ევროკავშირი მაინც იქით ეხვეწებოდა უკრაინას ხელის მოწერას, თან მიშა ტიმოშენკო ვერ გახდება, რამეთუ ეგ აქ ჩამომსვლელი არ არის...