ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
24-03-2014
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
რუსეთმა გაფართოების პოლიტიკა დაიწყო და მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენა: ყირიმი მიიერთა. ამ ტრაგიკული ფაქტით მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო, რომლის ნიშნებია:

ჩამოიშალა საერთაშორისო ხელშეკრულებების სისტემა, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის საფუძველი იყო: ყირიმის ანექსიით დაირღვა 1994 წელს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გარანტორობით მოსკოვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ; დაიწყო ეთნიკურ-სეპარატისტული განწყობების წახალისება ევროპაში; წყალი შეუდგა ევროპის საზღვრების ურღვევობას და, ფაქტობრივად, დაიწყო ევროპის რუკის გადაწერა; საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებით შეჰყურებენ აშშ-ის, როგორც
თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გარანტორის, როლს.

არსებული სიტუაციით სარგებლობს, როგორც ვვარაუდობდით, არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ჩინეთიც.

შექმნილმა რეალობამ ცხადყო, რომ დღევანდელი დასავლური სამყაროს მთავარი პრობლემა არა რუსეთი, არამედ საკუთარი ეკონომიკური სისუსტე და პოზიციათა დაქსაქსულობაა, რითიც ხელს ითბობს სწორედ რუსეთი. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა
რუსეთის შესაჩერებლად საერთო სანქციებზე შეთანხმებაც კი ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ თვალნათლივ უნდა ხედავდნენ ზემოჩამოთვლილ საფრთხეებს.

დასავლურ პოლიტიკურ სპექტრში არსებული სიტუაციის უაღრესად მრავალფეროვან შეფასებას მოისმენთ: დღევანდელ ვითარებას ადარებენ პირველი და მეორე მსოფლიო ომების წინა პერიოდს, 1922 წლის გენუის კონფერენციას, რომლის დროსაც, დასავლეთი დაეთანხმა რუსეთის შემდგომი განვითარების რუსულ ხედვას მისგან ეკონომიკური მოგების მიღების სანაცვლოდ და ა.შ. თანამედროვე დასავლური მედია ევროკავშირის მოსალოდნელ სანქციებს განიხილავს, როგორც ერთგვარ ტესტს თავად ევროკავშირისთვის, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რა არის მისთვის მთავარი: საერთაშორისო პრესტიჟი და მისი, როგორც მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი გარანტორის როლი თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები?

უამრავ ვერსიათა შორის განიხილება ისიც, რომ მსოფლიომ წაუყრუოს რუსეთის გაფართოების გეგმებს მანამ, სანამ ის არ გასცდება უკვე არსებული სეპარატისტული რეგიონების შეერთების პროცესს, ანუ: თუ რუსეთი დე იურე შეიერთებს მხოლოდ დღესდღეობით დე ფაქტო "დამოუკიდებლად" არსებულ სეპარატისტულ რეგიონებს, მაგ., დნესტრისპირეთს და ა.შ. გამოდის, ეს არის ფასი პოსტსაბჭოთა სივრცის მეორე გადანაწილებისა?! 

დღეს მთავარია, ერთი მხრივ, დასავლეთი და მეორე მხრივ, რუსეთი მიხვდნენ, სად გადის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ევროპელი ობივატელი, ევროპული ბიზნესი და პოლიტიკოსი მიხვდება, რომ რუსმა „ვანიამ უშუალოდ მის ბოსტანში შეაბიჯა.

დღემდე მეტ-ნაკლებად ყველაზე სტრუქტურირებული პოზიცია, რომელიც მე მოვისმინე თუ წავიკითხე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარტინ დემპსის დაპირებაა, რომ „ამერიკას აქვს ხელშეკრულებითი ვალდებულებები "ნატოელ მოკავშირეებთან და მე დავარწმუნე ისინი, რომ თუ ეს ვალდებულება ამოქმედდება ევროპაში, ჩვენ სათანადოდ ვუპასუხებთ".
რუსეთში კი დღეს მთავარი კითხვაა: რა უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკის მდგრადობისთვის - უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციები თუ შემდგომი გაფართოება და საამისოდ გასაწევი ხარჯები? ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ეკონომიკური სანქციები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტებს და დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას და, შესაბამისად, ხელისუფლებას, თუ პირიქით, ველიკოდერჟავული სულისა და იმპერიული იდეის ამოქმედება კიდევ უფრო დარაზმავს რუს მოსახლეობას ახალი იმპერატორის“- პუტინის  და "დიდი", მაგრამ თუნდაც ღარიბი რუსული იმპერიის იდეის გარშემო.

ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა დასავლეთსაც არ აწყენდა, რომელმაც ერთიან ეკონომიკურ სანქციებს ვინღა ჩივის, ჯერ ისიც კი ვერ შეძლო, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა ჩამოეყალიბებინა რუსეთსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მაშინ როცა რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა: ახლახან ისიც კი წავიკითხე, როგორ "ევედრება" თურმე მონღოლეთი რუსეთს, საბჭოთა კავშირის აღდგენა არც იფიქრო, პირდაპირ მიმიერთე და არა უგვიანეს 2014 წლისაო. სისულელეა?! ჩვენთვის, შესაძლოა, მაგრამ, აბა, ერთი რუსი ობივატელისა და იმ აღმოსავლური სამყაროს თვალით შეხედეთ, რომელიც რუსეთს მხსნელად მიიჩნევს?!

დასავლეთს კი უკვე ტრადიციად ქცეული წაჯექ-უკუჯექობა აღარას არგებს, ოპტიმიზმის საფუძველი დღეს მას ნამდვილად არა აქვს, თუ ერთიანი პოზიციის შემუშავებასა და რუსეთის შეკავებას ვერ შეძლებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები