“რუსეთუმეებს რომ "ვაჭამე", პატრულმა ამისთვის შემაქო კიდეც” - კვირის პალიტრა

“რუსეთუმეებს რომ "ვაჭამე", პატრულმა ამისთვის შემაქო კიდეც”

“სპეცოპერაცია მოიცავდა დარბაზში შეღწევას, პრორუსული განცხადების გაკეთებას და ამით იქ მსხდომთა ლუსტრირებას”

“როცა ეს დაინახა იმ ლაწირაკმა “ცირკაჩობა”  დაიწყო, გვითხრა, რომ  გავიშიფრეთ და ქვეყნის მოღალატეები ვართ”

“მე მათ დავარქვი ჩარეცხილები და სააკაშვილის ნარჩენები”

24 მარტს, კინოს სახლში ახალგაზრდების ჯგუფმა ”ევრაზიული ინსტიტუტის” მიერ დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო ღონისძიება გააპროტესტეს. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარბაზში  შეაღწია და უყურა დოკუმენტურ ფილმს  სერბეთში ნატოს სამხედრო ოპერაციის შესახებ. შემდეგ ადგა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიტყვა თხოვა. სიტყვით გამოსვლისას  ახალგაზრდამ ალიანსის მოქმედებები დაგმო, შემდეგ 2008 წლის საქართველო რუსეთს შორის ომზე ომახიანად დაიწყო საუბარი. დასასრულს ხმას დაუწია და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული მოქმედება ცხინვალში აგრესია კი არა,  საქართველოს  გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ბოლოს იქ მყოფთ მოუწოდა, რომ მოდით ფეხზე წამოვუდგეთ 2008 წლის ომში დაღუპულ რუს გმირებსო.   დარბაზში მყოფთა გარკვეული ნაწილი წამოდგა ფეხზე. შემდეგ კი ჩხუბი ატყდა. ”კვირის პალიტრა” დაუკავშირდა ამ ახალგაზრდას, ალექსანდრე კვახაძეს  და ”ევრაზიული ინსტიტუტის” დაამფუძნებელ გილბაათ რცხილაძეს ესაუბრა.

ალექსანდრე კვახაძე აქციის მონაწილე

- მე და ჩემმა ორმა თანამოაზრემ, ცოტნე მამულაშვილმა და ალექსი შოშიკელაშვილმა გავიგეთ, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეები პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებას აპირებდნენ კინოს სახლში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად შეგვეშალა ხელი მტრის პროპაგანდისთვის და წინა ღამეს ვიწრო წრეში დავგეგმეთ სპეცოპერაცია. ჩვენ სამმა ფარულად მოვახდინეთ დარბაზში ინფილტრირება, თუმცა ცოტნე მამულაშვილი პოლიციის თანამშრომელმა ამოიცნო და იგი იძულებული გახდა დაეტოვებუნა დარბაზი.  სპეცოპერაცია მოიცავდა დარბაზში ინფილტრირებასა და პრორუსული განცხადების გაკეთებას და ამით იქ მსხდომთა ლუსტრირებას. ამ ყველაფრის კატალიზატორი უნდა ყოფილიყო რუს ტერორისტთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი და შემდეგ ფეხზე ამდგართა მხილება. საბოლოო ჯამში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები სულ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს თუკი საქართველოში არ დასრულდება ევრაზიის კავშირის იდეების პროპაგანდირება ჩვენ მათ ყველდან დავხდებით.

- კადრებში ჩანს, რომ ვიღაცას სცემდნენ თქვენ ხომ არ იყავით გამოსვლის შემდეგ მათი აგრესიის ობიექტი?

- არა, ეს მე არ ვყოფილვარ. ფიზიკურად სხვა ახალგაზრდას გაუსწორდნენ, ოღონდ უკვე ფილმის ჩვენების შემდეგ. მე ყველაფერი სუფთად შევასრულე. მომავალშიც ვაპირებთ კანონის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებების გაკეთებას. სხვათაშორის, უნდა აღვნიშნო, რომ პატრულის თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი სპეცოპერაცია, რუსეთუმეებს რომ "ვაჭამე" ამისთვის შემაქეს კიდეც.

- თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ სერბეთში ნატოს  მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულებზე. ”ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბოლო სიტყვები, რაც რუს სამხედროებს შეეხებოდა,  ხმადაბლა წარმოთქვით. ვიდეო მასალაში მართლაც ჩანს, რომ ნაკლებ სავარაუდოა,  უკან მსხდომებს თქვენი ბოლო ფრაზები გაეგონათ.

- არა!  ისინი ზუსტად იმიტომ ადგნენ, რომ პატივი მიეგოთ საქართველოს დამპყრობლისთვის. მაგალითად, შოთა აფხაიძე, რომელიც ღიად მუშაობს რუსეთის საგარეო დაზვერვაზე , მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტისას იქაურ რუს და ოს ექსპერტებთან საკუთარ სამშობლოს დააბრალა ოსების გენოციდი და ომის დაწყება. ასეთი ადამიანებისგან რუსი ტერორისტებისთვის პატივის მიგება გასაკვირი არ არის.

- დღეს თქვენ ვინ ხართ და რა ორგანიზაციას წარმოადგენთ?

- ამჟამად წარმოვადგენ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს და არცერთი ორგანიზაციის სახელით არ ვმოქმედებ.

- ”ევრაზიული კავშირის” წევრები ამბობენ, რომ თქვენ პროვოკატორი ხართ და “ნაციონალური მოძრაობის”  შეკვეთა შეასრულეთ.

- მე არ ვთვლი ამას პროვოკაციად. პროვოკაციად მიმაჩნია ევრაზიის კავშირის იდეების პროპაგანდა. “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი ნამდვილად არ ვარ. მირჩევნია თავისუფალი ადამიანი ვიყო და რაც მინდა ის ვაკეთო. რაც შეეხება  სპეცოპერაციას, ის დავგეგმეთ სულ სამმა კაცმა.

გულბაათ რცხილაძე(”ევრაზიული ინსტიტუტის” დაამფუძნებელი):

- ვერაფერს ვიტყვი ამ ხროვაზე. რომელებმაც  კინოს სახლთან პროვოკაციები მოაწყვეს. მე მათ დავარქვი ჩარეცხილები და სააკაშვილის ნარჩენები.  არავინ ამდგარა ფეხზე იმ აზრით, რომ რუს სამხედროებისთვის მიეგოთ პატივი. დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ნატოს  აგრესიაზეა. ფილმის დასასრულს ახალგაზრდა კაცმა სიტყვა ითხოვა. გამოვიდა და თავიდან კარგად ისაუბრა, მოგვიანებით ბოდიალი დაიწყო, სიტყვის დასასრულს ხმადაბლა თქვა, რომ ფეხზე წამოვუდგეთ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ცხინვალში 2008 წელს დაიღუპნენო. მე წინ ვიჯექი და გავიგონე ეს სიტყვები. უკან ვიღაცეებმა ვერ გაიგონეს და რახან ნატოს  აგრესიაზე იყო საუბარი ინსტიქტურად ადგნენ ფეხზე. როცა ეს დაინახა იმ ლაწირაკმა “ცირკაჩობა”  დაიწყო, გვითხრა, რომ  გავიშიფრეთ და ქვეყნის მოღალატეები ვართ.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)