"ჟვანიამ მითხრა, აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარსო" - კვირის პალიტრა

"ჟვანიამ მითხრა, აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარსო"

"პრეზიდენტიდან  როცა დაბრუნდა,  ზურას ფერი არ ჰქონდა სახეზე"

"დავრწმუნდი, რომ ჟვანია მოკლულია!"

სოციალური მედიით გავრცელებულმა ფოტომასალამ სახელწოდებით -  ”საკაშვილმა მოკლა ჟვანია", ამ საქმის გარშემო აჟიოტაჟი განაახლა. საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია პრემიერის გარდაცვალებაზე მალე საბოლოოდ დალევს ჩაილურის წყალს.

”კვირის პალიტრა” ყოფილი პრემიერის თანაგუნდელ ელენე თევდორაძეს ესაუბრა.

- როცა კადრები ვნახე, არ დავიჯერე, მეგონა მონტაჟი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაადასტურა ამ ფოტოების ნამდვილობა, სხვანაირად შევაფასე ყველაფერი და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჟვანია მოკლულია. მისმა უახლოესმა გარემოცვამ, ხათუნა გოგორიშვილმა, მიშა მაჭავარიანმა, გიორგი ბარამიძემ კარგად იციან, რა დღეში იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში ზურაბ ჟვანია, როგორ იყო დაღლილი იმ დღის წესრიგით, რაც შექმნილი იყო მის ირგვლივ, როგორც სააკაშვილის, ისე მისი გარემოცვის მხრიდან.

- რას გულისხმობთ, ანუ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ღია დაპირისპირება შეიმჩნეოდა?

- როცა ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა,  დამოკიდებულება მის მიმართ სააკაშვილის და მისი გარემოცვისა არ იყო მეგობრული,  შეიძლება მტრულიც კი იყო.  გარდა იმისა, რომ ჩემამდე ხმები მოდიოდა,  ამის შესახებ ზურას პირადადაც უთქვამს. ერთ ფაქტს გავიხსენებ -  გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, მთხოვა მასთან მივსულიყავდი. დანიშნულ დროს მივედი, მაგრამ პრემიერი კაბინეტში არ დამხვდა, მდივანმა მითხრა, პრეზიდენტთან არის ასულიო... როცა დაბრუნდა, ვხედავ, ზურას ფერი არ ადევს სახეზე, განადგურებული იყო ადამიანი. შევეკითხე, რა მოხდა-მეთქი?  აღარ შემიძლია სააკაშვილის მოსმენა, ისტერიკული ყვირილით იწყებს ჩემთან საუბარს, მე უნდა ვიჯდე და თავი ვიმართლოო. მოგვიანებით, როცა გაუვლის, ვიწყებ ლაპარაკს და მაინც ვარწმუნებ იმაში, რომ სიმართლე ჩემს მხარეს არისო. ჟვანიამ მითხრა,  იმდენად დავიღალე ამ ყველაფრისგან, ალბათ, მოვკიდებ ხელს ცოლ-შვილს და წავალ საზღვარგარეთო.

- როგორ ფიქრობთ,  მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს შეიძლებოდა ისეთ აფექტში ყოფილიყო, რომ პრემიერს ფიზიკურადაც გასწორებოდა?

- ვერაფერს  გეტყვი, შემიძლია ვილაპარაკო იმ კონკრეტული ფაქტებით, რაც ვიცი. უნდა გითხრათ, რომ თავად მიშასთვის ზურა იყო ძალიან მაგარი ზურგი. ზუსტად ეს აღიზიანებდა სააკაშვილის უახლოეს წრეს. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილი ზურას მიმართ სწორედ უახლოესი გარემოცვის წაქეზებით შეიცვალა. მიშა ადრე ყველაფერს უჯერებდა, როგორი ინოვაციური იდეებიც არ უნდა მიეწოდებინათ სხვებს, ყველაფერს ზურასთან ათანხმებდა. ეს არ მოსწონდა ბევრს და ინტრიგებმა ბოლოს თავის კვალი დატოვა. სანამ ზურა ცოცხალი იყო, უბედურება არ ტრიალებდა ჩვენს ირგვლივ. ბოლოს ვნახეთ, რაც მოხდა.

-    ერთ-ერთ ტელეეთერში ახსენეთ, რომ პროკური ვინც წინა ხელისუფლების დროს ვინც იძიებდა ჟვანიას  საქმეს,  გესაუბრათ ახალ გარემეობებზე…

- ორჯერ ვიყავი გამოძახებული პროკურატურაში, მაგრამ არა ჟვანიას საქმეზე. ჩემით დაინტერესდნენ გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. როცა გამომძიებელმა ჩემთან საუბარი დაასრულა,  მითხრა – იცით,  ქალბატონო ელენე,  მე ვიყავი ჩართული ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში ძველი ხელისუფლების დროს და მაშინ გამოძიება მიგვყავდა სხვა გზით, ახლა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ისევ ჩართული ვარ ამ საქმეშიო.

- არ ჰკითხეთ, რას გულისხმობდა თავდაყირა დაყენებაში?

- რა თქმა უნდა, ვკითხე. მან მითხრა, რომ მეტს ვერაფერს მეტყოდა საქმესთან დაკავშირებით.

- თქვენი შეფასებით, რას ნიშნავდა ეს თავდაყირა?

- ადეიშვილის დროს გამომძიებელს სულ სხვა მასალებზე მოუწევდა მუშაობა, ამიტომ მისთვის თავისთავად თავდაყირა გამოჩნდებოდა ყველაფერი. რამდენიმე ფაქტი მაქვს, რომ ზოგჯერ ადეიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა,  სააკაშვილს ხშირად აწვდიდა იმ ფაქტებს, რომლებიც მას აწყობდა.  თუმცა უფრო ხშირად,  სააკაშვილი ყველაფრის  საქმის კურსში იყო და მის გარეშე კარგი ბიჭი იყავი, ვინმეს  რამე გადაეწყვიტა. ვფიქრობ, რომ ზურაბ ადეიშვილი ალბათ,  დირიჟორობდა, სხვა  პირებთან ერთად პრემიერის მოშორებას.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)