ნინო ქადაგიძე-ჟვანია: "საქმის “დელიკატური ნაწილის” გამო სულ შანტაჟის ქვეშ ვართ" - კვირის პალიტრა

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: "საქმის “დელიკატური ნაწილის” გამო სულ შანტაჟის ქვეშ ვართ"

"მიშამ მითხრა, - მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეო"

"ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილს თანხებზე ველაპარაკე"

"მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, - ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. მითხრა, აბა, მოიტანეთ ფოტოებიო. როცა მოიტანეს, ეს ფოტო იქ აღარ იყო..."

ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სააკაშვილის განცხადებებს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა, რომელსაც ყოფილი პრემიერის დედა რემა ჟვანია და გოგლა ჟვანიაც ესწრებოდნენ.

"ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას. ახდენენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რათა მერე გაიკეთონ ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია, შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს არის მისი სიტყვები.

რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თანხაზე მქონდა საუბარი, იყო იმ კონტექსტში, როდესაც ვცდილობდი, სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო - რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობა შესაძლოა იმის გამოც მოხდა, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაც მოიპარა. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო… მით უფრო, ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც სეიფებში ინახებოდა, დაკარგული იყო. სულ ეს იყო, რაც თანხაზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაც, ეს თამარ დეკანოსიძის, გარდაცვლილი ადამიანის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და დასძინა, რომ ის არ განეკუთვნება "იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ".

მისი თქმით, თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგზჰუმაციაზე თანახმაა: "ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც გავრცელდა,  მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყო ის, სადაც ტუჩზე სისხლჩაქცევები ჩანს. ეს ფოტო რომ ვნახე, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი – ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. ადეიშვილმა მითხრა, აბა მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა?!", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

"მე გაკვეთას არ დავსწრებივარ... როდესაც ზურას ძებნა დავიწყე, 3 საათიდან ვრეკავდი და ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ: 5 წუთში, 10 წუთში… მე არ მქონდა ჩემს ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. გზაში  დამირეკეს… ჩამსვეს მანქანაში და მიმიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – რას დავინახავდი მე იქ?.. დავინახე, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი, დანარჩენი არაფერი მახსოვს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძეს ასევე დაუსვეს კითხვა ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირის განცხადებებიდან გამომდინარე, თითქოს საქმის მასალების განსაჯაროება იმიტომ არ მოხერხდა, რომ ამ საქმეში დელიკატური მომენტებია…

"ეს დელიკატური ნაწილი ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები…", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.