აკაკი ბობოხიძე: "ჩემმა ძმამ მოსამართლეს აგინა..." - კვირის პალიტრა

აკაკი ბობოხიძე: "ჩემმა ძმამ მოსამართლეს აგინა..."

"ფარცხალაძისნაირი შემსრულებლები, რომელთა ხელითაც ჩვენ დროს სიბინძურეები კეთდებოდა, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს"

"ჩვენ გვეგონა, რომ შეუცვლელბი ვიყავით, ისე ჰგონიათ ამათაც"

პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა (ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი) რამდენიმე ბრალდებით დააკავა. ლევან ბობოხიძე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზეა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით თანხა, რითაც სახელმწიფოს ზიანი მიადგა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოს ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, რეალურად კი თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა…

ამ საკითხთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" აკაკი ბობოხიძეს დაუკავშირდა:

- ძალიან მაინტერესებს, რა ბრალს წაუყენებენ ჩემს ძმას, მშვიდად და წყნარად დაველოდები მოვლენების განვითარებას. ცხადია, პროკრატურის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას _ თვეების განმავლობაში ერთ კონკრეტულ საქმეზე მოწმეები ხუთ-ხუთჯერ იყვნენ დაბარებული, მათ პირდაპირ სთხოვდნენ, ხელი დაედოთ ლევან ბობოხიძეზე და რაღაც გაურკვევლ ბრალდებებს თხზავდნენ.

პოლიტიკა არის მარათონი, პროცესი 1-2 დღეში არ მთვარდება. მოვა დრო და დღევანდელ ხელისუფლებასაც ვაგებინებთ პასუხს იმ საქციელზე, რასაც დღეს სჩადიან. მე პირადად ვიძლევი პირობას, რომ პასუხს აგებენ ის ადამიანები, ვინც უკანონოდ ასრულებდა ბრძანებებს. დღევანდელ ხელისუფლებას აქცენტი აღებული აქვს მხოლოდ პასუხისმგებელ პირებზე, შემსრულებლები კი (თუ რამე სიბინძურე ხდებოდა ჩვენ დროს, ისინი ასრულებდნენ) დღეს კიდევ უფრო დიდ პატივში ჰყავთ. ამ პატარა ადამიანებს ვპირდები, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს. ცალკე აგებენ პასუხს მაღალი პოლიტიკური რანგის პირებიც, ისევე როგორც, ჩვენ ვაგეთ პასუხი...

- ანუ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ შემსრულებლები უნდა დაისაჯონ?

- უნდა დადგეს დრო, როდესაც შემსრულებელს ეცოდინება, რომ პასუხისმგებელია თავის ნამოქმედარზე, ეს ქმედება რომ უფროსებმა დაავალეს, არ უნდა იყოს მათთვის ინდულგენცია. ფარცხალაძისნაირი ტიპები (კარგი შემსრულებლები), რომელთა ხელითაც ჩვენ დროს სიბინძურეები კეთდებოდა, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს. დღეს ჩვენ ათასგვარ სიბინძურეს გვაბრალებენ და ის ადამიანები, ვისი მეშვეობითაც ეს კეთდებოდა, დაწინაურებული არიან.

- ანუ თქვენ დროს ხდებოდა სიბინძურეები?

- თუ იმ კადრებს დავუჯერებთ, რომელიც უმარავი გვინახავს, ცხადია, ბევრი დარღვევა იყო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დავალებებს მაღალი თანამდებობის პირები იძლეოდნენ. როგორც ჩანს, დაბალი რგოლი საკუთარი ინიციატივით აკეთებდა ბევრ რამეს, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდნენ ე.წ. შემსრულებლები. მოვა დრო, ყველას ყველაფერი მიეზღვება. როგორც ჩვენ გვეგონა, რომ შეუცვლელები ვიყავით, ისე ჰგონიათ ამათაც, მაგრამ აუცილებლად შეიცვლებიან და თან ძალიან მალე.

- სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ხონში მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია თქვენი ძმის დაჭერით...

- ცხადია, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებს გაუხარდებათ ლევან ბობოხიძის დაკავება. ჩემი ძმა მათთვის ყელში გაჩხერილი ძვალია, ხოლო ზურაბ ჯიბუხაია (ხონის გამგებელი, რომელიც 2014 წლის თებერვალში დააკავეს) “ქართული ოცნებისთვის” სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ყველა გამოკითხვით სჯობდა მათ კანდიდატებს...

- თუმცა მაინც წააგო არჩევნები...

- დიახ, დავმარცხდით, მაგრამ მხოლოდ 33%-ით, თანაც ამ არჩევნების მერე დიდი ხანია გასული და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ამ ხელისუფლების სახე. თუ ადამიანებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ივანიშვილი რაღაცას გადმოუყრიდა, ეს იმედებიც გაუცრუვდათ...

- ანუ ეს დაკავება თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება?

- აბა, სხვას რას უნდა დავუკავშიროთ? არჩევნებიდან 4 თვით ადრე თუ 4 თვით გვიან მოხდებოდა ეს... განა ვერ მოითმინდენ? თუ ვინმე სადმე გარბოდა?! მეტსაც გეტყვით, ჯიბუხაია არასოდეს გასულა საქართველოდან.

- თუკი ადამიანი მართლა დამნაშავეა, არ უნდა დააკავონ, თუნდაც არჩევნების წინა დღეს?

- დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ როდესაც 200 000 ლარს ედავებოდნენ საგარეჯოს გამგებელს და პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიებაც კი არ მოითხოვა, ხოლო 12 000 ლარის სავარაუდო გაფლანგვაზე წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ ყოფილი გამგებელი, ეს პოლიტიკური ზეწოლა და ორმაგი სტანდარტია. როდესაც "ქართული ოცნების" ბანაკში გადაბარგებული ტიპებისთვის ყველა კითხვის ნიშანი იხსნება, ხოლო ჩემს ძმას ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზით აკავებენ, ბევრი კითხვა ჩნდება.

- თქვენი ძმა ერთხელ უკვე იყო დაკავებული მოსამართლის შეურაცხყოფის გამო, მაშინც უკანონოდ დააკავეს?

- ჩემი ძმის დაჯარიმება მაშინაც უკანონოდ მოხდა, თუმცა მან მართლაც აგინა მოსამართლეს...

- თუკი აგინა, უკანონო როგორღა იყო?

- თქვენ რა გგონიათ, გინებისთვის უნდა დაჯარიმდეს ადამიანი?! დაჯარიმებას აქვს თავის წესები. მოსამართლე იმდენად გაოგნებული იყო მიღებული გადაწყვეტილებით (ადამიანია და ისიც განიცდიდა თავის უკანონო გადაწყვეტილებას), რომ იმის მაგივრად იქვე დაეჯარიმებინა, ჩემი ძმა გარეთ იჯდა და ელოდა, როდის გამოუტანდა განაჩენს სხვა მოსამართლე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)