ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ნეიტრალიტეტი - დასავლეთის ახალი ხედვა?!

ბარაქ ობამას განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრება და საერთოდ, ნატოს შემდგომი გაფართოება ჯერჯერობით არ იგეგმება, ისეთი გულისწყრომა მოჰყვა საქართველოში, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი იძულებული გახდა, საკუთარი პრეზიდენტის სიტყვები შეელამაზებინა და ქართული ყურისთვის საამო "ნოტებზე" "ეთარგმნა": ემანდ "ნატოს" კარი კი არ დახურულა, მაგრამ ჯერ მაპი-სთვის უნდა იბრძოლოთო. ახლა თუ ერს სირაქლემას კომპლექსი ტანჯავს და სიმართლისთვის თვალის გასწორება ეზარება თუ ეშინია, მაშინ ელჩის კომენტარები კი არა, სხვა პროფესიის ადამიანების ჩართვაა საჭირო. ემანდ, ვინმემ ცუდად რომ არ გაიგოს, აქვე განვმარტავ: ეთნოფსიქოლოგების თუნდაც. ისე მართლაც საოცარი იყო ზოგიერთის აღშფოთებული შეძახილები: როგორ გაბედეთ და ობამას სიტყვები პირდაპირ გაიგეთო.

არადა, რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი ტრაგიკული?! პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან, რომ ტაქტიკური უკან დახევა ბევრი პრობლემით შეიძლება იყოს ნაკარნახევი და სულაც შეიძლება სამომავლო წარმატების წინა პირობაც კი იყოს. დღეს მსოფლიო უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე დგას: შეამციროს ესკალაცია უკრაინის მიმართულებით, ევროკავშირის საზღვართან, და შემდეგ იფიქროს იმ უამრავი პრობლემის გადაჭრაზე, რომლებიც უკრაინის კრიზისმა გამოიტანა სააშკარაოზე. ამისათვის საჭიროა დროებით მაინც დააკონსერვოს ის გამღიზიანებლები, რომლებმაც რუსეთის შემდგომი უკონტროლო ქმედებები შეიძლება გამოიწვიოს. ასეთთა რიგში განიხილა, როგორც ჩანს, დასავლეთმა ნატოს შემდგომი გაფართოება. გამოდის, ობამას ამ განცხადებამ საქართველოსა და ევროპის მიმართ რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენცია უნდა მოახდინოს.

თუმცა ამ ფონზე მართლაც დამაფიქრებელია რამდენიმე დღის წინ "გარდიანში" დაფიქსირებული შემდეგი პოზიცია. კერძოდ, "გარდიანი" წერს: "უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უნდა დარჩეს ნეიტრალური ქვეყანა და ამის გარანტორები უნდა იყვნენ რუსეთი და ამერიკა". ჩვენი მომავლისთვის ძალიან საინტერესოა, რამდენად პოპულარული და მიღებულია დასავლეთის გავლენიან პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში "გარდიანში" დაფიქსირებული ეს პოზიცია.

ცინიკური ეპოქის შანსები

თუმცა დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა რისკებზე არანაკლებ შანსებს გვთავაზობს: თუ საქართველომ უდანაკარგოდ გაიარა ის პოლიტიკური შტორმი, რომელიც დღეს ლამის მთელ მსოფლიოს ემუქრება და ტერიტორიული თუ ადამიანური დანაკარგების გარეშე შევძელით იმ კატაკლიზმებიდან გამოსვლა, რომელიც შესაძლოა წინ გველოდება, ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ უცნაურად ცინიკური პოლიტიკური ეპოქის მიერ გაჩენილი შანსების რეალიზებას.

ნახეთ, რა ხდება? თურქეთის პრემიერმა ისარგებლა ყირიმის კრიზისში დასავლეთის ჩართულობით და იმით, რომ დღეს თურქეთის გვერდში დგომას საერთო-დასავლური პოლიტიკის შემუშავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თურქეთში ინტერნეტრესურსების შეზღუდვა გადაწყვიტა, პირველ ეტაპზე - "ტვიტერისა" და იუთუბის.  ეს სტრატეგიული პარტნიორისგან წელს ქვევით დარტყმის ტოლფასია. ამ ფონზე ნახეთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოს წონა და ფასი, რამდენი რამეა დამოკიდებული დღეს საქართველოს ხელისუფლების ფილიგრანულ დიპლომატიასა და ოსტატობაზე!

ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ახლახან  რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ნატოსთვის ოფიციალური თბილისის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანისა და ტვირთების ტრანზიტისათვის: "აშკარაა, რომ ნატო უკვე ვეღარ ისარგებლებს რუსეთის ტერიტორიით, ამიტომაც ჩვენი მარშრუტი აქტუალური ხდება", - განუცხადა "იზვესტიას" ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. როგორც სტატიაში ნათქვამია, "წინადადებათა პაკეტი უკვე გადაეცა აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო სარდლობას და ნატოს შტაბბინას ბრიუსელში". თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად იყენებს იმ შანსებს, რომელთაც მას დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა სთავაზობს.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპული მედია აქტიურად განიხილავს რუსეთიდან ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით გაზის ტრანსპორტირების ახალი პროექტის "სამხრეთ ნაკადის" მომავალსაც და წერს, რომ ევროპამ შეიძლება უარი თქვას ამ პროექტის რეალიზაციაზე არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ესეც ზრდის საქართველოს როლსა და ფუნქციას როგორც ევროპაში ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული დერეფნისა.

ასე რომ, მომავალი არც ისე მრუმეა, როგორც ზოგჯერ წარმოგვიდგენია, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი, მუხლჩაუხრელი და ზედმიწევნით გონივრული სვლები სჭირდება.

განსაწმენდელი გამგებლებისთვის

და ახლა ორიოდე სიტყვით შიდა პოლიტიკაზეც. ამ საგარეო ორომტრიალში სულ დაგვავიწყდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა. ხომ არ აჯობებდა მმართველი კოალიციისთვის, რომ იმ უკვე მოქმედი გამგებლების საქმიანობა, რომლებსაც ისინი კვლავ აპირებენ წამოაყენონ გამგებლობის კანდიდატებად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა. ეს იდეა იმ საყოველთაო იმედგაცრუებამ გამიჩინა, რომელიც სუფევს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ადგილობრივ ხელისუფლებაში მოხვედრილი კადრების მიმართ. "ქართული ოცნებისთვისაც" ხომ ჯობია, რომ მის მიერ შერჩეული კანდიდატები სუფთა ხელებითა და სინდისით წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე, ვიდრე არჩევნების შემდეგ აეხილოთ თვალები, რომ პირდაპირი წესით არჩეული მათი გამგებლები კორუფციაში ან სხვა უკანონო გარიგებაში არიან გარეულ-მხილებულნი. მით უფრო, რომ საკუთარი არჩევანით იმედგაცრუების გამოცდილება დღევანდელ ხელისუფლებას უკვე საკმარისზე მეტი აქვს.