"სააკაშვილმა თავი საერთოდ გაინულა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა თავი საერთოდ გაინულა"

"ვნახოთ, უფრო დიდ ბანქოს რას გაათამაშებს რუსეთი და საქართველოში პოლიტიკური მოთამაშე ვინ ეყოლება"

"გია ბარამიძე უნდა შევიყვანოთ ნდობის ჯგუფში? კაცი, რომელზეც ეჭვობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარი აქეთ-იქით ატარა?"

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვესაუბრება "ქართული ოცნების" წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი:

- როგორც ობამამ თქვა, ნატოს დაუყოვნებლად გაფართოება არ იგეგმება. წელს ნატოში ჩვენს მიღებას ისედაც არავინ აპირებდა და ეს მშვენივრად იცის "ნაციონალურმა მოძრაობამაც". ობამას განცხადებაც კარგად გაიგეს, მაგრამ ცდილობენ, ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. სააკაშვილივით "ნაცმოძრაობაც" აგონიაშია, რაც შეეხება ობამას განცხადებას, არ მესმის, რატომ მოაბეს ეს კუდი.…

- ბევრი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება რევერანსია რუსეთისთვის.

- არანაირად... დიახ, განცხადება რუსეთის გასაგონად გაკეთდა, მაგრამ ითქვა, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას ამ ქვეყნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის მიზეზად ვერ გაიხდის. ობამას არ უთქვამს, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება. მის განცხადებაში ისიც წერია, რომ აშშ და ნატო დაიცავს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ მის ღირებულებებს იზიარებენ. ნატოს კარი ჩვენთვის კვლავაც ღიაა, ჩატარდება სამიტი და ყველაფერი გამოჩნდება.

- ნატოსა და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ აქციები იმართება, რომელსაც კონტრაქციით უპირისპირდებიან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, რაც ხშირად ცემა-ტყეპით მთავრდება. როგორ ფიქრობთ, ეს ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას ხომ არ ემსახურება?

- როცა "ნაციონალები" და რუსეთუმეები ებრძვიან ერთმანეთს, ორივეს ინტერესი ნამდვილად არის, რომ გამოიწვიონ ქვეყანაში არეულობა, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. მათ არა აქვთ ქვეყანაში არეულობის გამოწვევის უნარი. როგორც ჩანს, რუსეთი ამისთვის არ ემზადებოდა სერიოზულად, შესაბამისად, მისი მომხრეების გამოხდომები ძალიან სუსტია. "ნაციონალები" საზოგადოებას აშინებდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება პრორუსული იქნებოდა, რომ ეკლესია გამოვიდოდა და რუსეთის მხარეს დაიკავებდა. ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, გამოვიდა კათოლიკოს-პატრიარქი და თქვა, რომ ევროპული არჩევანი ქართული არჩევანია, ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ახლა ჩხუბია იმაზე, ვინ მოაწერს ხელს - პრეზიდენტი თუ პრემიერი? "ნაციონალები" ცდილობენ, აქედანაც სკანდალი შექმნან.

ხალხო, ჩვენ ხომ იმაზე ვკამათობთ, ვინ მოაწერს ხელს და არა იმაზე, ხელი უნდა მოვაწეროთ თუ არა? ძალიან კი უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა მაედნის გამოცდილების გამოყენებით, მაგრამ საქართველოსთვის ეს უკვე ჩავლილი ამბებია. კარგია, რომ უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ როდესაც გყავს გიგა ბოკერია, ხომ უნდა გესმოდეს, რომ არავინ გამოგყვება. კი ბატონო, დაიჯერონ, რომ გაჰყვებათ ხალხი და ყოველდღე ალაპარაკონ ტელევიზიით გივი თარგამაძე. ეს "დიდი ინტელექტუალი" და "წმინდანი". სრულიად ცხადია, რომ რუსეთუმეები მოქმედებენ რუსეთის დავალებით, "ნაცმოძრაობა" კიდევ მათი წყალობით ცდილობს პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას. ვნახოთ, უფრო დიდ ბანქოს რას გაათამაშებს რუსეთი და საქართველოში პოლიტიკური მოთამაშე ვინ ეყოლება. თუ ეს კუკავა ან რომელიმე სხვა ასეთი ფიგურა იქნება, მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას უფრო სხვა მიმართულებით, კერძოდ, რუსეთმა შეიძლება სცადოს ჯავახეთიდან ან აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრ. ოსეთიდან სიტუაციის გართულება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ამას მზად დახვდება. ივნისამდე, ანუ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, დარჩენილი დრო ადვილი არ იქნება. ყოველდღე რაღაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პროკურატურაში დაბარება ან დაკავება შესაძლოა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შემფერხებელ მიზეზად იქცეს. ორიოდე თვის წინ თქვენც ბრძანეთ, სააკაშვილის იმიჯი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი ქვეყნისო და მისი სამართლებრივი დევნა ევროინტეგრაციის ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნიეთ.

- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მას მერე ჩვენს პრემიერ-მინისტრს არაერთი წარმატებული უცხოური ვიზიტი ჰქონდა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველომ რეიტინგით არათუ გაასწრო ყოფილ პრეზიდენტს, არამედ მიხეილ სააკაშვილმა თავი საერთოდ გაინულა, სრულიად უმნიშვნელო გახდა, რადგან საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ და მისმა საგარეო პოლიტიკამ, როგორც იქნა, იპოვა სტრატეგიულ პარტნიორებთან მისასვლელი. რაც შეეხება მის დაკითხვაზე დაბარებას, არის საქმეები, რომელთან სააკაშვილის კავშირზე სულ იყო ეჭვი და ის ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

- ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებიდან ფოტოები ანონიმურად გავრცელდა ინტერნეტში. დაინტერესდნენ თუ არა ამ საკითხის გამოძიებით?

- ითქვა, ეს ფოტოკადრები ავთენტურიაო. თუ ნამდვილად ასეა, მაშინ გაგვცენ პასუხი, საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები გარდაცვლილთა სხეულებზე?! ოღონდ უნდა დაასრულონ გამოძიება და მერე ჩააბარონ საზოგადოებას ანგარიში. ყოვლად არასერიოზულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივა. ბატონებო, ნდობის ჯგუფში არასდროს შეჰყავთ ის პირები, ვისზეც ეჭვი აქვთ, ასეთი იდიოტობა როგორ თქვეს საერთოდ? გია ბარამიძე უნდა შევიყვანოთ ნდობის ჯგუფში? კაცი, რომელზეც ეჭვობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარი აქეთ-იქით ატარა?

- ბოლო ხანს მითქმა-მოთქმა არ წყდება, რომ დაპირისპირებაა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა იმაზე კამათმა, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას.

- როგორც ვიცი, ამგვარ ხელშეკრულებებს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ეს არის ქვეყნის პრემიერის ან საგარეო საქმეთა მინისტრის პრეროგატივა. რაც შეეხება დაპირისპირებას, ვიღაცას ძალიან უნდა ეს და ამგვარ კონფლიქტებს იგონებენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" იშლება და სხვ. ეს არც არის გასაკვირი - თვითმმართველობის არჩევნებია კარს მომდგარი და ზოგიერთები ასე იიმედებენ თავს. მარგველაშვილი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, მასთან შეიძლება ვიღაც კამათობს, მაგრამ ეს ვერ დაშლის კოალიციას, რომელიც შედგება ექვსი პარტიისგან და არა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისგან.

ნათია დოლიძე