მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: დაცემა გრძელდება
31-03-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: დაცემა გრძელდება
დაცემა გრძელდება

ვერც კი ვხვდები, რაზე უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ არჩევნებში "ასავალ-დასავალმა" დაამარცხა. დიახ, როგორც გაირკვა, სწორედ ასე ფიქრობს ბატონი ყოფილი პრეზიდენტი, სწორედ ასე გამოვიდა სააკაშვილის ნათქვამიდან, როდესაც თავის ბოლო ინტერვიუში დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა. განა შეიძლება ამის შემდეგ რამეზე პასუხი მოსთხოვო და იმედი გქონდეს, რომ რომელიმე კითხვას ადეკვატურად უპასუხებს? პროკურატურას არ ვუპასუხებ, სამაგიეროდ, ყველა კითხვას, რომელიც გამოძიებას აქვს, ჟურნალისტის მეშვეობით გავცემ პასუხს, რომ საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩესო.
ვინც იმ ტელეინტერვიუს უყურა, თუ იტყვის, რომ რომელიმე კითხვაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო, კი ბატონო. მან, არათუ პროკურატურის კითხვებს აარიდა თავი, არამედ ინტერვიუსთვის ჟურნალისტიც და ტელეკომპანიაც ისეთი შეარჩია, რომელიც ზედმეტად არ შეაწუხებდა.

საბოლოოდ "რუსთავი 2"-ზე ისევ ისეთი ტყუილები ილაპარაკა, რაც მთელი 9 წელი გვესმოდა. ზოგი ახალიც
დაამატა, ზოგიც ისეთი რამ იკადრა, რომ მომხრეებიც კი გააოცა. ჟვანიას ქვრივზე გაკეთებულ განცხადებებს ვგულისხმობ. იმედია, გამოძიება დაადგენს, სად არის სიმართლე, მაგრამ ახალი ტყუილი, რომელშიც უკვე გამოიჭირეს ჟურნალისტებმა, პრეზიდენტის ბებიას უკავშირდება. ჯერ ხომ ყველანი ლამის აგვატირა, როგორი უქონელია და როგორ დადის მეტროთი, როგორ იქირავა სანდრამ "ჩერდაკი" ლონდონში, როგორ ცხოვრობს კახეთში ნაყიდი ორი ჰექტარი ვენახით, შემდეგ კი გვიამბო, როგორ დაათმობინა ბებიას წილი რესტორანში, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეიტყო, თან დაამატა, უსასყიდლოდ დავათმობინეო. ჟურნალისტებმა გადაამოწმეს საჯარო რეესტრში და აღმოჩნდა, რომ ბებიას რესტორან "წისქვილის" ათპროცენტიანი წილი 2013 წელს 60 ათას ლარად გაუყიდია(!).

ტყუილს კიდევ ვინ ჩივის, მისი მორალური დაცემა აღწევს შემაშფოთებელ მასშტაბს. ჯერ თქვა, გირგვლიანის დედა ცამდე მართალი იყოო. შე კაი ადამიანო, თუ ასე ფიქრობდი, ეს ქალი ქუჩა-ქუჩა რომ ეძებდა სამართალს, ერთხელ მაინც შეხვედროდი და სიტყვით მაინც დაჰპირებოდი რამეს! ყველაფერთან ერთად, უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა გირგვლიანის მკვლელები, სულ ნაძირალები უძახა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა: მაშინ რატომღა შეიწყალეთ, თუ ნაძირალები იყვნენო, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცა და იმიტომო. როგორ ფიქრობთ, ეს პასუხია? ჩემი აზრით, ეს უსინდისობის აპოთეოზია!

ძალიან რთულია ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანზე უემოციოდ ილაპარაკო; ადამიანზე, რომელიც ყოველ ჯერზე ახერხებს იმაზე დაბლა დაცემას, ვიდრე მანამდე იყო დაცემული. ისიც კი იკადრა, ფაქტობრივად, ყველაფერი საკუთარი გუნდის წევრებს გადააბრალა, - ახლა რომ მთავრობას ვაკომპლექტებდე, ჩემი მთავრობის დიდ ნაწილს აღარ შევიყვანდი, ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმაო. ეს როგორ უნდა გავიგოთ? ანუ მერაბიშვილისა და ადეიშვილის ბრალია ყველაფერი და ისინი აღარ მეყოლებოდნენო? აჰა, თურმე სხვები სჩადიოდნენ დანაშაულს, უშვებდნენ შეცდომებს, ეს კი ამას ახლა მიხვდა! არც დაკითხვაზე ჩამოსვლა იკადრა. ხელისუფლებამ სკაიპით დაკითხვა შესთავაზა, მაგრამ ამაზეც უარი თქვა. ბოლოს მიხვდნენ, რომ ასეთ პასუხს ვერც მათი დასავლელი დამცველები გაიგებდნენ და პოზიცია შეცვალეს, სასამართლოში რომ მივა საქმე, მოსამართლე თუ საჭიროდ ჩათვლის, მერე დათანხმდება სკაიპით დაკითხვასო.

ბევრი ამბობს, ახლა ამის დრო არ იყო. მთავარია, ქვეყანა წინ წავიდეს და წარსულში ყურება არ არის საჭირო. აი, ხომ ხედავთ, სააკაშვილმა შევარდნაძე არ გაასამართლაო. ძალიანაც მიქარა (სამაგიეროდ, ახლა შევარდნაძე ითხოვს მის სამაგალითოდ დასჯას), მაგრამ შეიძლება ეს გარიგების ნაწილიც იყო. შევარდნაძის გადადგომის დროს დახურულ კარს მიღმა რაზე მოილაპარაკეს, ვინ იცის? შევარდნაძე, ბუნებრივია, ისე არ გადადგებოდა, რომ ხელშეუხებლობის გარანტია არ მიეღო. ახალი ხელისუფლება კი განსხვავებულ მდგომარეობაშია. ამიტომ მარტო მიშა კი არა, ყველა მაღალი თანამდებობის პირი უნდა გასამართლდეს გამსახურდიას ჩამოგდებიდან მოყოლებული დღემდე, ვისაც კი დანაშაული ჩაუდენია. მხოლოდ მერე გავხდებით ქვეყანა.

P.S. გასამართლება აუცილებლად ყველას ციხეში ჩასმას არ გულისხმობს.

მორალური უფლება

იქნებ ღარიბაშვილს უთხრას ვინმემ, რომ არ არის ნორმალური, როდესაც პრემიერ-მინისტრი პროკურატურის მაგივრად ლაპარაკობს. მერე რა, რომ პროკურატურა მთავრობის ნაწილია. როდესაც პრემიერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოფირზე აკეთებს კომენტარებს, ისე, რომ ჯერ გამოძიებით არაფერია დადგენილი, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ გამოაცხადებენ სააკაშვილის ძებნას, თუ არ ჩამოვა, მის ოპონენტებს სრული საფუძველი ეძლევათ ილაპარაკონ პოლიტიკურ დევნაზე. მერე კი თქვა ღარიბაშვილმა, მოვლენებს გავუსწარიო, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა? სააკაშვილი დაცვას ასწრებდა, ღარიბაშვილი მოვლენებს უსწრებს! სად ეჩქარება?

ჩემი აზრით, ხელისუფლება შეცდა, სააკაშვილი დაკითხვაზე აქამდე რომ არ დაიბარა. როდესაც პირველივე საქმე მივიდა საჭირო კონდიციამდე, მაშინვე უნდა დაებარებინათ და რამდენიმე საქმე ერთად არ უნდა დაეგროვებინათ. დასავლეთში სწორედ ეს დაიხვიეს ხელზე. იმას კი არ გვსაყვედურობენ, დაკითხვაზე რატომ დაიბარეთო, არამედ ამდენ საქმეზე რატომ დაიბარეთო. სააკაშვილი რომ დაკითხვაზე აქამდე არ დაიბარეს, სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ხოლო მისი დაბარება არის კანონის მოთხოვნას პლუს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

თუმცა ამ ხელისუფლებამ უკვე იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება აქვს, ბრალდებები იქით წაუყენოს, ნაცვლად იმისა, თავს იმართლებდეს! ასე ხდება თითქმის ყველა დებატებში. "ნაციონალები" ბრალდებებზე საპასუხოდ იხსენებენ იმ პირებს, ვისზეც შეწყდა საქმის წარმოება მას შემდეგ, რაც ისინი "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ; იხსენებენ მერაბიშვილის ბრალდებას, რომ ფარცხალაძემ გაიყვანა საკნიდან და ემუქრებოდა და ამ ბრალდებაზე ხელისუფლებამ პასუხი ვერ გასცა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ფირი წაშლილია, რამაც ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა. სულ ახლახან გარდაიცვალა გენერალ თათუხაშვილის ვაჟი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები ჰქონდა და რომელიც მანამდე პროკურატურაში ჰყავდათ დაკითხვაზე. მოკლედ, თუ ასეთი ტემპით ივლიან, "ნაციონალებს" მალე დაეწევიან.
aka
10 აპრილი 2014 11:45
ბატონო მერაბ, თქვენ ასკვნით,რომ ,, გასამართლება აუცილებლად ყველას ციხეში ჩასმას არ გულისხმობს”. - ყველას არა, მაგრამ ტიმოშენკო ჩასვეს, ვანო ჩასვეს, ახლაია ჩასვეს, ჩასმას უპირებენ უგულავას და სხვა ცნობილ პიროვნებებს. სცენარი დიდი ხნის წინ არის რუსეთში დაწერილი.
მთელმა საქართველომ იცის, რომ ივანიშვილი, თავგამოდებით იბრძვის საქართველოს, სააკაშვილის და წინა ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ასევე იმუქრება ნაციონალების ”განადგურებით”. ამჟამად კი, სააკაშვილის დაჭერაც უნდათ პუტინის დავალებით. რაც შეეხება, იდიოტების საყვარელი გაზეთს, ,,ასავალ დასავალს”, დაარსებიდან განთქმულია თავისი ცრუ და ამაზრზენი პროვოკაციული სტატიებით. ..ავი ენები” ამბობენ, რომ ამ გაზეთს საიდუმლოდ აფინანსებს რუსეთის გრუ. ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
,,ციხე შიგნიდან გატყდება.”
kala
05 აპრილი 2014 23:48
დიახაც, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სჯერა რასაც წერს ასავალ-დასავალი , ალია, და სხვა გაზეთები. სჯერა მათი ჭორების, მათი აგორებული შავი პიარის. დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე აზროვნებს როგორც აზროვნებს ასავალ-დასავალი, ეს არის ფაქტი. საქართველოში არ არსებობს აკადემიური პრესა. მარტო ის რად ღირს, დღე და რამე სააკაშვილის ლანძღვაში რომ არიან და ყველაფერს მას აბრალებენ, და ამ ყველაფრის გამავრცელებელი სწორედ პრესაა
neli
03 აპრილი 2014 20:00
"ყველაფერთან ერთად, უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა გირგვლიანის მკვლელები, სულ ნაძირალები უძახა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა: მაშინ რატომღა შეიწყალეთ, თუ ნაძირალები იყვნენო, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცა და იმიტომო. როგორ ფიქრობთ, ეს პასუხია? ჩემი აზრით, ეს უსინდისობის აპოთეოზია! "




1OOOOOOOOOO %

არამარტო თქვენი აზრით არის სააკაშვილის ქოთქოთი უსინდისობის აპოთეოზი, ბ-ნო მერაბ, ასე ფიქრობს ყველა, ვინც არანაირად არ იყო სააკაშვილზე დამოკიდებული და მისგან გასვრილი.
ასე არ ფიქრობენ მხოლოდ ისინი, ვინც თხემიდან ტერფებამდე არიან გასვრილები სააკასგან. მაგალითად წიკლაურები, დარჩიაშვილები, ბეჟუაშვილები და კიდევ რამდენიმე სულგაყიდული.

რაც შეეხება ავკაცისგან ქ-ნ ირინა ენუქიძის ხსენებას, მის სიცოცხლეში ელაპარაკა ეგრე, რატომ არ ლაპარაკობდა?
ეგრე ლაპარაკობდა კი არა, მის "გაჩუმებას" ავალებდა მერაბიშვილებს და სხვებს, რათა სააკაშვილის კარიერას საფრთხე არ შექმნოდა!
მივა უფლის სამსჯავროზე(ნუ ჰგონია, რომ ღმერთი არ არსებობს), იქ დახვდებიან ყველანი და მის ტყუილებს რაც მოყვება, ახლავე ძრწოდეს, უჯობს.
მაგას ჰგონია, ვინმე ტყუვდება მისი ქოთქოთით.
თავისთავს იტყუებს მხოლოდ.

რედაქტორის რჩევით