"რა ორგანოები გაიგზავნა ამერიკაში და რა პასუხები მოვიდა, ყველაფერი გაირკვევა" - კვირის პალიტრა

"რა ორგანოები გაიგზავნა ამერიკაში და რა პასუხები მოვიდა, ყველაფერი გაირკვევა"

"ისე ჩავალ საფლავში, რომ არავის არაფერს დავაბრალებ, თვით სააკაშვილსაც კი."

ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდა და დისტანციურ დაკითხვაზეც უარი განაცხადა. სამაგიეროდ, ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე ჟვანიაზე ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუს დროს სააკაშვილმა მძიმე ბრალდებები წაუყენა გარდაცვლილი პრემიერის მეუღლეს, მისი თქმით, ნინო ქადაგიძე თავის დროზე ფულს ითხოვდა, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილის სეიფში უნდა ყოფილიყო. სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ზურაბ ჟვანიას ოჯახმა... "კვირის პალიტრა" პრესკონფერენციას დაესწრო და  მოგვიანებით, გოგლა ჟვანიასა და კანცელარიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, პეტრე მამრაძესაც ესაუბრა.

გოგლა ჟვანია: - გამოძიებაში ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულებაა, მაგრამ მასალა, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, მოულოდნელი იყო ბევრისთვის. კადრებში დაფიქსირებულია დაზიანებები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამორჩა "ნაცმოძრაობას", ან იფიქრეს, რომ კადრებში არ მოხვდა დაზიანებები.

- შემთხვევის ადგილს ხომ რამდენიმე კამერა იღებდა. უვიცობა არ იქნებოდა, ეფიქრათ, რომელიმე კამერაში არ მოხვდებოდა ეს?

- მიშამ ეს არ იცოდა, თორემ უთუოდ გააქრობდა მასალებს. ზოდელავამ თქვა კიდეც, - ამ ვიდეოს არსებობა რომ მცოდნოდა, ჩემს სეიფში არ გავაჩერებდიო. ეს არის მრავალსაათიანი ფილმი, რომელსაც  სჭირდებოდა დიდი დაკვირვებით ყურება.

- ცხედარი შინაც გესვენათ, არ შეგიმჩნევიათ საეჭვო იარები?

- თავზე ჰქონდა ძალიან დიდი ჭრილობა, რომელიც გადიოდა ზუსტად ამ დაზიანებულ არეზე. გვითხრეს, რომ ჩატარდა ექსპერტიზა და ამოიღეს ორგანოები...

- ითქვა, რომ ორგანოები ამერიკაში გაიგზავნა...

- ყველაფერი გაირკვევა, რა გაიგზავნა და რა პასუხები მოვიდა...

პეტრე მამრაძე:

- სააკაშვილმა განაცხადა, - აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვრცელი დასკვნა შეიცავს ღრმა დეტალებს და ეხება ჟვანიას პირად ცხოვრებას. ეს დასკვნა ჩვენ გავაცანით ზურაბის ოჯახის წევრებს და მათ ყველაფერი იციანო. ამ განცხადების შემდეგ ვიფიქრე, ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა და იტყოდა, რომ ნამდვილად აქვთ ხელთ ვრცელი დასკვნა, სადაც არავითარი ღრმა დეტალები პრემიერის პირად ცხოვრებაზე არ არის, მაგრამ... ასევე საინტერესოა, რატომ არ უპასუხა სააკაშვილის სადისტური სისტემის მორჩილ მსახურს ხათუნა გოგორიშვილს ზურას მეუღლემ, როცა მან თქვა, რომ ნინო ქადაგიძემ მოსთხოვა ადეიშვილს, მასალები არ გასაჯაროვდესო... ნაცისტების ნარჩენები და სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები გადასულები არიან შეტევაზე და უკვე ნდობის ჯგუფის შექმნასაც ითხოვენ.

- წინა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საბურთალოს 53-ში უბედური შემთხვევა მოხდა და არა მკვლელობა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მრავალი წლის წინ ვთქვი და ვიმეორებ: შემთხვევის ადგილზე მოხდა ვითარების სრული ფალსიფიცირება. მკვლელობა იყო თუ არა, ამის თქმის საკმარისი საფუძველი არ გამაჩნია. რამდენადაც უნდა გაგვიკვირდეს, ოფიციალური ვერსიისა სჯერათ უცხოეთშიც, მათ შორის ჟვანიას მეგობრებსაც. მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არც ერთ ანგარიშში აღარ იყო შესული ჟვანიას საკითხი, როგორც გაუხსნელი საქმე.

ჟვანიას საქმეზე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქმე ნამდვილად გვქონდა ფალსიფიცირებასთან, მაგრამ მკვლელობის საკითხზე ვერ ვისაუბრებ. ისე ჩავალ საფლავში, რომ არავის არაფერს დავაბრალებ, თვით სააკაშვილსაც კი. ერთხელ მამუკა არეშიძემ თქვა, დავუშვათ, რაღაც დელიკატური ნაწილი არის ამ საქმეში, მერე რა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ერმა ვერ გაიგოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების მიზეზიო. სრულიად ვიზიარებ არეშიძის ამ განცხადებას.

შემთხვევის ადგილზე ფალსიფიცირება რომ მოხდა, ამაზე დაკარგული ფეხსაცმელიც მეტყველებს, ასევე ანაბეჭდები, რომელიც არ აღმოჩნდა ჭიქებზე. ფოტოებში ჩანს ზურას ცხედარი პარკეტის ფონზე და აცვია პერანგი, არადა, 2005 წლის 3 თებერვალს აჩვენებდნენ კადრებს, სადაც გადაღებული იყო ის ოთახი და სავარძელში იჯდა პიჯაკიანი განსვენებული. ეს საკმარისი საფუძველია, რომ სულ ცოტა, უხეში ჩარევა იყო შემთხვევის ადგილზე.

- არსებობს ვერსია, რომ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ სეიფებიც გაძარცვა იმ დღეს, რატომ შეეხნენ გარდაცვლილის კაბინეტს, ცხადია, თვითნებურად ამას ხარშილაძე ვერ გაბედავდა.

- კობა ხარშილაძემ მართლაც ამოიღო ზურას ჯიბიდან გასაღები და დააცარიელა სეიფები. ხარშილაძეს საკუთარი ინიციატივით, სააკაშვილის ბრძანების გარეშე რომ გაეღო სეიფი, ჯერ გულგრილობის გამო გაასამართლებდნენ ნულოვანი ტოლერანტობით, მერე ყველაფერს დააბრუნებინებდნენ და თავსაც წააცლიდნენ.

- ბევრისგან მომისმენია, - კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსს უნდა სცოდნოდა შენობაში არსებული სიტუაციაო. ისიც მომისმენია, რომ თქვენ უნდა მიგეცათ ხარშილაძისთვის უფლება, პრემიერის ოთახში სეიფს შეხებოდა.

- ხარშილაძე, როგორც პრემიერის დაცვის უფროსი, შედიოდა კანცელარიაში იქიდან, საიდაც მე არავინ შემიშვებდა. ლიფტი პირდაპირ ადის კაბინეტში. მე ვსარგებლობდი სხვა შესასვლელით. ხარშილაძე ისე შევიდოდა და გავიდოდა შენობიდან, ვერც გავიგებდი...

ვიმეორებ: ვერ ვიმკითხავებ, რა მოხდა ჟვანიას საქმეზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არ არის ადეკვატური "ნაციონალების" ბრალდებებზე, რაც ბევრ კითხვას მიჩენს...

უტა ბიწაძე