"საქართველოში მაიდნის გამეორებას ვერავინ შეძლებს"
07-04-2014
"საქართველოში მაიდნის გამეორებას ვერავინ შეძლებს"
"ნუგზარ წიკლაურისთვის წათაქება ამხელა აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ უნდა იყოს"

"თუ პროვოკატორებს გამოიყვანენ, საკადრის პასუხს მიიღებენ. თუ დაპირისპირება დაიწყო, ყველაფერი მათი თავპირის მტვრევით დასრულდება"

"თუ დასავლეთიც კი ასეთი უმწეოა, პატარა ქვეყნებმა რა ვქნათ - თავი გავინადგუროთ?"

"ნაციონალების" უგუნურების შედეგია ის, რომ 2008 წელს რუსეთი მოვიდა და ღრანჭი მოგვამტვრია"

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნის - შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებამ და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემამ სალაპარაკო მისცა "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც ორივე შემთხვევაში დამნაშავედ ხელისუფლება
გამოაცხადა, ხელისუფლება კი კვლავ თავს იმართლებს და გამოძიების დასრულებას ელოდება. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრა" პარლამენტის უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.


- მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და წესების გარეშე ბრძოლაც გაცხარდა... ოპოზიციის ბევრ სხვა ბრალდებას ნუგზარ წიკლაურის ცემაც დაემატა...
- ნუგზარ წიკლაურისთვის წათაქება ამხელა აჟიოტაჟის
ატეხის მიზეზი არ უნდა იყოს. 9 წლის განმავლობაში "ნაციონალების" ნაცემი არაერთი ოპოზიციონერი გვინახავს, მაგრამ მაშინ ეს რატომღაც დანაშაული არ იყო, ახლა კი გამოცვივდნენ და ადამიანის უფლებების დაცვაზე გველაპარაკებიან. როდესაც დეპუტატს თუ სხვა ვინმეს თავს ესხმიან, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ წიკლაურამდე ნაცემთა საქმეები ისევ გამოუძიებელია და რატომ უნდა გამოვიძიოთ მაინცდამაინც ჯერ წიკლაურის ამბავი? ჩადგეს რიგში და მაგის დროც მოვა.
"ნაციონალებისთვის" ძალაუფლების დაკარგვა დიდი უბედურებაა. თუ დასჭირდათ, საკუთარ შვილს და დედას გაწირავენ. ყოფილი პრეზიდენტი რომ დაწანწალებს აქეთ-იქით, მაინტერესებს, ეხმარება თუ აზარალებს თავისი ბოდიალით საქართველოს? რა უნდა ამ კაცს? საკუთარ სამშობლოში არ დაედგომება და სხვისი პრობლემების მოგვარებას როგორ შეძლებს?

- სააკაშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ხელისუფლება?

- ჩვენ რომ რამე შეგვეშალოს, ციმბირს უკან მოგვატოვებინებენ და ეს რატომ ვერ ჩამოჰყავთ? ვერ ჩამოვა, ძალიან არის შეშინებული, მაგრამ პასუხი ხომ უნდა აგოს?!

- "ნაციონალები" არც პარლამენტში თმობენ პოზიციებს. გამუდმებით გადანაშაულებენ, თქვენ კი თავს იცავთ...

- პარლამენტი საჩხუბარი ადგილი არ არის, მაგრამ გარეთ ამ ხალხთან მუშტი-კრივის გამართვა შეიძლება. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ მათი დრო წავიდა. უნდა შეგროვდეს ფაქტები, დოკუმენტები, რათა მათი ყოველი დანაშაული დადასტურდეს და სალაპარაკო აღარ ჰქონდეთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გაზაფხულისთვის მასშტაბურ გამოსვლებს გეგმავს. რაც ბოლო დღეებში მოხდა, თითქოს ნიადაგის მზადებაა ამისთვის...
- საქართველოში მაიდნის გამეორებას ვერავინ შეძლებს. ჯგუფი, რომელიც თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს, ერთი მუჭა ავანტიურისტების ბრბოა. "ნაციონალებმა" ხელისუფლებასა და ხალხს შორის ზიზღის საზღვარი გაავლეს. ეგონათ, მარადიულად შეძლებდნენ ჩვენს მართვას. ვიმეორებ - მაიდანი არ იქნება! და თუ პროვოკატორებს გამოიყვანენ ქუჩაში, საკადრის პასუხს მიიღებენ.  
თუ დაპირისპირება დაიწყო, დამერწმუნეთ, ყველაფერი მათი თავ-პირის მტვრევით დასრულდება.

-  შარშანდელი  17 მაისი მინდა გაგახსენოთ. შეიძლება წლევანდელი 17 მაისი უფრო მძიმე აღმოჩნდეს? მით უფრო, რომ ყოფილი ხელისუფლება გამოსვლებით იმუქრება...
- ჩვენს ქვეყანას ბევრი მოღალატე ჰყოლია, რომლებიც თავიანთი ბედნიერებისთვის დაუფიქრებლად იმეტებდნენ საქართველოს. სწორედ ამ მოდგმის არიან "ნაციონალები". პროვოკაციების მოწყობას მტერი რომ ცდილობდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქართველები აკეთებენ ამას! ვითომ უმცირესობის უფლებებს იცავენ, სინამდვილეში კი მხოლოდ თავიანთი მიზნების მიღწევა უნდათ. ამ ხალხზე ყურადღების გადატანა ქვეყანას არაფერს არგებს.

- რუსეთი პოზიციებს არ თმობს და მის წინაშე მსოფლიოც უძლური აღმოჩნდა, ჩვენი პოზიცია კი დღემდე უცნობია - რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?
-  ასეთ დროს მხოლოდ სიბრძნე და სიმშვიდე გვიშველის. არ შეიძლება ამ ქვეყანასთან ავყიობა. არ ვამბობ, რომ შიშით გული უნდა გვისკდებოდეს, მაგრამ აუცილებელია, გავაანალიზოთ, ვინ არის ჩვენი მეზობელი. სამწუხაროდ, ყოველთვის გვიჭირდა ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება. ყოველთვის ვყვიროდით, ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებდით და გაუაზრებლად ვისჯიდით თავს. ბოლოს "ნაციონალების" უგუნურების შედეგია ის, რომ 2008 წელს რუსეთი მოვიდა და ღრანჭი მოგვამტვრია. დღეს ვფრთხილობთ, მაგრამ რუსული ხიშტი ისევ ჩვენკენ არის მომართული. რუსეთთან მოსაგვარებელია ურთიერთობა და, რაც ჩემს ქვეყანას წაადგება, ის უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. თუ დასავლეთიც კი ასეთი უმწეოა, პატარა ქვეყნებმა რა ვქნათ - თავი გავინადგუროთ?
გვეუბნებიან, ნატოს კარი ღიააო, მაგრამ ჩვენ ვერ შევდივართ ამ ღია კარში, რადგან ასეთი მდევარი გვყავს რუსეთის სახით. შეგვიყვანონ ნატოში და მერე მოხურონ ეს უბედური კარი, თუ ჩვენი მეგობრები არიან! მათი შეშფოთება-აღშფოთება ვერ დაგვიცავს განადგურებისგან და დამნაშავე არ ვიქნებით, თუ საკუთარი გზის ძებნას დამოუკიდებლად ვეცდებით.

უტა ბიწაძე
ლკნ
08 აპრილი 2014 16:41
შენ რო წაგითაქებენ პაპუაშვილო, ის მართლა გამეხარდება!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები