ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დასავლეთი გამოსავლის ძიებაში

დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ყოველკვირეულად ახალ ხედვებს გვთავაზობს უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთისა და აზერბაიჯანის სამომავლო საგარეო პოლიტიკური ორიენტირებისა და საზოგადოდ, ამ რეგიონის პოლიტიკური მოწყობის თაობაზე. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი გამოვიდნენ ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის შემუშავების ინიციატივით. როგორც„"დოიჩე ველე" გვამცნობს, ამ ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ ევროკავშირმა ვერ გათვალა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე რუსეთის შესაძლო რეაქცია, რის შედეგადაც მივიღეთ  ყირიმის გარეშე დარჩენილი უკრაინა. აღარაფერს ვამბობთ გლობალური სამხედრო დაპირისპირების საშიშროებაზე. ეს სამი ქვეყანა მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, ახლებურად გაიაზრონ ურთიერთობა რუსეთთან და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, მისცენ თავისუფალი არჩევანის საშუალება ევროკავშირსა და რუსეთს შორის. უფრო ზუსტად, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების რიგში დგანან, მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყარონ როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან. რეალურად რას ნიშნავს ეს განცხადება - ირიბად იმის თქმას რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებს? და თუ ასეა, გამოდის, ევროკავშირმა ეს ქვეყნები რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა! თუ ეს განცხადება იმის მორიგი მცდელობაა, რომ დასავლეთმა მოძებნოს წონასწორობის ის პირობები, რომლებიც, ერთი მხრივ, ევროკავშირს და, მეორე მხრივ, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიისგან დააზღვევს? უნდა ვივარაუდოთ, ისევე, როგორც ობამას განცხადების შემთხვევაში, რომ ესეც დროებითი ტაქტიკური უკან დახევა უნდა იყოს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების კანდიდატებს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს რუსეთის აგრესიას აარიდებს.

ამ ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის განცხადება, რომ აშშ ევროპისთვის გაზის მიწოდებას 2015 წლისთვის აპირებს, რაც, ერთი მხრივ, ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტზე ჩამოკიდებულ ბიუჯეტს დიდ დარტყმას მიაყენებს.„"იჩქარე ნელა!" - როგორც ჩანს, ეს არის დასავლეთის რუსეთზე ზეწოლის თანამედროვე ტაქტიკის ქვაკუთხედი.

ამასობაში საქართველოში დაჩქარებული წესით რიგდება რუსული პასპორტები, რაც =ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია იმ გამოსავლის პოვნა, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის მორიგ ტალღას აგვარიდებს. უსიამოვნო სიურპრიზებს არც თურქეთი გვაკლებს. გასულ კვირას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა: "სირია ჩვენი ისტორიული მიწაა, ჩვენი წინაპრების... ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი წინაპრების სისხლის ფასად შენარჩუნებული მიწების დაყოფას. ჩვენი ერი ოსმანიზაციის გზას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ ახალ თურქეთს ავაშენებთ!" გამოდის, ახალი თურქეთის“ შენება„"ისტორიულ ფარგლებში" იგეგმება?! იმ ფონზე, როდესაც, თურქეთში ადგილობრივი არჩევნები მსხვერპლით დამთავრდა და მას ცხრა კაცის სიცოცხლე შეეწირა, განსაკუთრებით  მრავლისმთქმელია ერდოღანისვე განცხადება, რომ თურმე თურქეთის ოპოზიციური პარტიები დასავლეთის მარიონეტები არიან. როგორ გვაგონებს მისი ეს სიტყვები ეგვიპტისა და ლიბიის უკვე ჩამოგდებული მმართველების ანალოგიურ განცხადებებს და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის რიტორიკას!  ასე რომ, რუსეთთან ერთად თურქეთიც დასავლეთის თავსატეხი ხდება. ჩვენთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავი დავიზღვიოთ შეცდომებისა და პროვოკაციებისგან.