მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - არ გვინდა MAP-ი! - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - არ გვინდა MAP-ი!

ოცნება

მთავარი პროკურორი არა, მაგრამ მისი მოადგილე, როგორც იქნა, გავიცანით. პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ჩირგვებში დამალვა მხოლოდ მათ დემონიზაციას უწყობდა ხელს და ბატონი მოადგილე გამოაჩინეს.

მთავარი პროკურორი კი ქუჩაში რომ შემხვდეს, ალბათ, ვერ ვიცნობ. თქვენ იცნობთ? როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, ჟურნალისტი მთავარ პროკურორს რომ ვერ ცნობს? როცა ადამიანი საზოგადოებას ემალება, ვიღაცები ადვილად იჯერებენ, რომ მას ფეხზე ჩლიქები აქვს, თავზე რქები და უკან - კუდი. ამიტომ, გამოჩნდით, ბატონებო, და რაც მთავარია, გაეცით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები. ისე, უკეთესი იქნება, თუ ისე იმუშავებთ, რომ კითხვებს არ გაუჩენთ საზოგადოებას, თორემ ხომ ხედავთ, რა ვითარებაა: ჯერ წელიწად-ნახევარია, ხელისუფლებაში ხართ და რამდენჯერაც "ოცნება" გარდაცვლილ ახალგაზრდებს ახსენებს, "ნაციონალები" იმდენჯერ თათუხაშვილს უხსენებენ, რამდენჯერაც "ოცნება" ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს ახსენებს, "ნაციონალები" იმდენჯერ ნაცემი ნუგზარ წიკლაურის სურათებს აუფრიალებენ ცხვირწინ (და ნუ დავიწყებთ იმის გარკვევას, ვინ უფრო მაგარი ნაცემი იყო, ან რომელი ხელისუფლების დროს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა საეჭვო ვითარებაში). ამიტომ ვამბობ, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მალე "ოცნებას" "ნაციონალების" კრიტიკის მორალური უფლებაც აღარ ჰქონდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამ საქმეებს არ გამოიძიებენ და დამნაშავეებს არ დასჯიან.

მეორე მხრივ, '"ოცნების"' რეიტინგს (რაც აქვთ) დღემდე '"ნაციონალური მოძრაობა"' ასულდგმულებს. '"ნაციონალების"' უტიფრობა, საკუთარი შეცდომების არაღიარება და კვლავ შავზე თეთრის ძახილია მიზეზი, რომ ხალხი '"ოცნების"' ნამოქმედარის შეფასების ნაცვლად ისევ განვლილ ცხრა წელზე მსჯელობს. სანამ '"ნაციონალები"' ასე მოიქცევიან, წარსულზე საუბარი არ დამთავრდება და ისინი "ოცნებისთვის",' ფაქტობრივად, მეხამრიდის ფუნქციას შეასრულებენ.

ამიტომ გია გაჩეჩილაძის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მეც ვეთანხმები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალების"' რაოდენობა პარლამენტში არ ასახავს მათ რეალურ ძალას, არამედ იმიტომ, რომ '"ოცნებიდანაც"' ბევრი ვეღარ მოხვდება იქ და პოლიტიკური სპექტრი დაიწმინდება.

იპოვეთ განსხვავება

რუსთაველი მძღოლების ამბავი მოწმობს, რომ "ოცნება" სულ უფრო მეტად ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას". რუსთავში ზუსტად იმას აკეთებენ, რაც უგულავამ გააკეთა თბილისში. ხომ გახსოვთ ყვითელი მიკროავტობუსების შემოყვანის ამბავი? კომფორტული ავტობუსები ვის არ უნდა, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება ისე, რომ არც ის მცირე მეწარმეები დაზარალებულიყვნენ, ვისაც ჩვენ ხაზის მეპატრონეებს ვეძახით? განა ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან? უგულავამ კი მათ ლუკმა გამოჰგლიჯა და ერთ ბიზნესმენს ჩაუგდო ხელში ყველაფერი.

ახლა ეს ხდება რუსთავშიც. რუსთავის მერიაც კანონს იშველიებს და აცხადებს, რომ კონკურსი კანონიერად ჩაატარა, მძღოლებს კი დაასაქმებს ის ფირმა, რომელმაც რუსთავი-თბილისის თერთმეტივე ხაზი მოიგო. მძღოლებს ეს პირობები არ მოსწონთ, რადგან ახლა ვიღაცის მათხოვრულ ხელფასზე უნდა იმუშაონ, აქამდე კი ბევრი მძღოლი იმ ფირმის მეწილეც იყო, რომელსაც ამა თუ იმ ხაზის ლიცენზია ჰქონდა. მათი ინფორმაციით, იმ ფირმის უკან, ვინც ეს კონკურსი მოიგო, კალაძის მეგობარი ფეხბურთელები დგანან. ამის დამტკიცება ისევე ძნელია, როგორც უგულავას დროს იყო, თუმცა ეჭვი მაშინაც არსებობდა და ახლაც არსებობს.

ანდა ამ საქმის დეტალების განხილვას რა აზრი აქვს? ხარ ხალხის არჩეული მთავრობა, ის ხალხი კი, ვინც შენ აგირჩია, უკმაყოფილოა, ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს. ერთმა მძღოლმა თავის დაწვაც სცადა. შენ კი აცხადებ, რომ ამ აქციებს "ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელობს! ეტყობა, იმ მძღოლს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაავალა, ბენზინი გადაისხიო და მანაც დაუფიქრებლად გაიმეტა თავი, მათთვის რომ ეამებინა... ეჰ!..

რამდენიმე მცირე მეწარმეს და მძღოლს ლუკმაპურს ართმევ და ერთ მსხვილ ფირმას აძლევ, რომლის უკან ვინ დგას, კაცმა არ იცის, ხალხს კი ეუბნები, ეს პოლიტიკური საბოტაჟიაო.  ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამ მძღოლების უმრავლესობა "ოცნების" მხარდამჭერი იყო?

სამწუხაროდ, არაფერი იცვლება - ზუსტად იგივე მეთოდები, ზუსტად იგივე პასუხები!..

არ გვინდა MAP-ი!

მას შემდეგ, რაც ბარაქ ობამამ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრებაზე გაურკვევლად ილაპარაკა, დასავლეთისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება გაიზარდა.

უკვე ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ სექტემბრის სამიტზე MAP-ს არავინ მოგცემს, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ჩვენთვის ეს შეიძლება უკეთესიც იყოს. ის კი არა, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ MAP-ი არ მოგვცენ. როცა იქნება და როცა ამისთვის მზად იქნებიან, მიგვიღონ ნატოში პირდაპირ, ყოველგვარი MAP-ის გარეშე. თორემ ახლა ჩვენთვის MAP-ის მოცემა გაგულისებული დათვის ხახაში ჩაგდებას ნიშნავს. თუ MAP-ს მოგვცემენ, რუსეთი გამწარდება და ვიდრე ნატოში მიგვიღებენ, ისე გაგვაძრობს ცხრაპირ ტყავს, ჩვენს შველას ვეღარავინ შეძლებს. MAP-ი ნატოს წევრ ქვეყნებს სულაც არ ავალდებულებს ჩვენს დაცვას, ამას მათ მხოლოდ ჩვენი ნატოში გაწევრება დაავალდებულებდა, ჰოდა, ვიდრე ისინი შეშფოთდებიან ან აღშფოთდებიან, მანამდე ჩვენ ან ვიქნებით, ან - არა.

ამიტომ, თუ ჭკუა გვაქვს, უნდა ვევედროთ ნატოს წევრ ქვეყნებს, არ მოგვცენ MAP-ი და როცა იქნება (თუ იქნება!), პირდაპირ მიგვიღონ ნატოში.