ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

რესურსების ომი

უკრაინის მოვლენებმა ცხადყო, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ერთმანეთზე ზემოქმედების ჯერჯერობით ერთადერთი ბერკეტი რესურსების ომია: პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული.

როცა იმ სანქციებზე ვსაუბრობთ, რამაც შეიძლება რუსეთს უკან დაახევინოს, უპირველესად უნდა გავთვალოთ შედეგი: რა იქნება იმგვარი სანქციები, რომელიც 1. რუს ამომრჩეველს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას დაუპირისპირებს? 2. რუსეთს იმდენად დაასუსტებს, რომ ხიბლს დაუკარგავს აღმოსავლეთ სამყაროს, იმავე სირიისა თუ ირანის თვალში.

როგორც რუსეთში ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობის ლამის ნახევარი თანახმაა გაუძლოს ეკონომიკურ გაჭირვებას, რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის, ანუ თუ რუსეთი კვლავ ძლევამოსილი სახელმწიფო გახდება. ჯერჯერობით რუსეთისთვის "დაწესებული სანქციები" მის პოზიციებს ორივე მიმართულებით უფრო აძლიერებს, ანუ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. სამაგიეროდ, სულ უფრო უკარგავს იმედს ნატოსა და ევროკავშირის მოიმედე ქვეყნებს: უკრაინას, მოლდავეთს, საქართველოს თუ აზერბაიჯანს.

შესაძლო სანქციათა შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროპისგან შესაძლო უარის თქმა "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის რუსეთის ერთ-ერთი გლობალური პროექტია და ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით ითვალისწინებს. თუ ევროპამ ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის და ამავე დროს, საქართველოზე გამავალი გაზსადენების მნიშვნელობას ათმაგად ზრდის, მაგრამ ამავე დროს რუსეთს აგრესიის კიდევ ერთ საბაბს შესძენს საქართველოზე გამავალი ალტერნატიული გაზსადენის გასაკონტროლებლად.

ევროპაში რუსეთის წინსვლის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება რუსეთის ინტერესების გადართვა სხვა მიმართულებით. კერძოდ, თუ რეგიონში ორი უდიდესი სახელმწიფოს - ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები გადაიკვეთა, მაგალითად, თუ ჩინეთმა გაიხსენა ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი დროებით მაინც ამოისუნთქავს. ფაქტია, რომ უკრაინის კრიზისის გამწვავების კვალდაკვალ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ინტენსიურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერებს.

ბუნებრივია, მსოფლიო დუღს და გამოსავალს ეძებს. თუმცა, იმ "რესურსების" ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება რუსეთმა საქართველოში აამოქმედოს, ვერსად შეხვდებით. ჩვენთან, ძირითადად, რუსეთისგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის ან შემდგომი ტერიტორიული რღვევის საფრთხეებზე საუბრობენ, არადა, ბოლო პერიოდის რუსეთი არა მხოლოდ "მათრახის", არამედ "თაფლაკვერის", ანუ მოთაფვლის პოლიტიკასაც კარგად ფლობს და რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთმა საქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ არა აგრესიის შემდგომი ტალღა, არამედ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დაბრუნება" (რაც ნაკლებად სავარაუდოა იქ არსებული განწყობის გამო) და მათთან ერთად ფედერაციული ან კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა შესთავაზა? განიხილავს ამ ვერსიას საქართველოს ხელისუფლება? როგორი იქნება ამ შემთხვევაში საქართველოს საზოგადოების ან ჩვენი ეკლესიის პოზიცია? ან პოლიტიკური სპექტრის? ან თავად ხელისუფლების? და რა იქნება ეს: ეფემერული შანსი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა თუ ყულფი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთხელ დაუსვამს წერტილს?!