მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ჭიკაიძის ხარება
14-04-2014
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები:  ჭიკაიძის ხარება
ჭიკაიძის ხარება

ხარება დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ევრომაიდანი გვახარა!  აქამდე ისე ჩანდა, რომ ჭიკაიძე ორ სიტყვას ძლივს აბამდა ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი გადააბა, მისი ნათქვამი მაშინვე სკანდალად იქცა. მთელი კვირა ეს იყო განხილვის საგანი. "ნაციონალები" ევრომაიდნისთვის ემზადებიან, უკრაინაში რომ იყო, ისეთი არეულობის მოწყობას გეგმავენ, ხოლო ამისთვის ნახმარ საბურავებს ყიდულობენ და უკრაინიდან ინსტრუქტორები ჩამოჰყავთო. ატყდა ერთი ამბავი! "ნაციონალებმა" ხომ დასცინეს და "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმაც არ დააკლო, ასეთი რამ თეორიულად
მაინც რომ დავუშვათ, მინისტრი კი არ უნდა ლაპარაკობდეს, უნდა მოქმედებდესო. ესე იგი, რა უნდა ქნას - ხალხი საბურავების ყიდვისთვის უნდა დაიჭიროს? თუ საბურავები წაართვას და დაუწვას? ამიტომ, თუ ეს მართალია და საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, მინისტრი ვერ დაელოდება, როდის ჩაიდენს ადამიანი დანაშაულს, საჭიროა დესტაბილიზაციის თავიდან
აცილება, მაგრამ მთავარი ის არის, სიმართლეა თუ არა ეს ყველაფერი? 

თუ მინისტრს ოპერატიული ინფორმაცია არ ჰქონდა და ყველაფერი მოიგონა, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. მე იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ ბატონმა ჭიკაიძემ ასეთი განცხადება ღარიბაშვილთან შეთანხმების გარეშე გააკეთა.
მე მის ინტერვიუში არანაკლებ საინტერესო მეჩვენა სხვა მომენტიც. ჟურნალისტი ეკითხება: "ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერების ნაწილი სამინისტროდან გატანილია..." ალექსანდრე ჭიკაიძე პასუხობს: "დისკი კი არა, ავტომანქანებს, უშველებელ ჯიპებს ვეძებთ, რომლებიც სამინისტროს ბალანსზე იყო და გაურკვეველია, სად წაიღეს."
მართლა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ! შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროდან ჯიპები მოიპარეს და ვერ პოულობენ. აბა, მე რომ მანქანა მომპარონ, იმას იპოვით  თქვენ?

შეჯიბრება მარაზმში და კვერცხებიანი გიგი


ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება მაშინ ჩამოყალიბდება, როცა არა მხოლოდ ხელისუფლების დაქირავებას ვისწავლით, არამედ გავიაზრებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა საარჩევნო ყუთთან არ მთავრდება და დაქირავებულს თავზე მათრახით დავადგებით. ''"ოცნებასა"'' და ''"ნაცებს''" შორის განსხვავება იცით, რა არის? ესენი რაღაცას ცუდად რომ აკეთებენ, საზოგადოება თუ ხელში ჩაარტყამს, ხელს უკან სწევენ (ჯერჯერობით მაინც), '"ნაცები"'' კი, ხელზე რომ მიარტყამდი, ისეთს შემოგიბრუნებდნენ, ორი დღე ფეხზე ვეღარ წამოდგებოდი.
ამიტომ "ოცნების" კრიტიკას ჯერ კიდევ აქვს აზრი, ჰოდა, მოდი, სიმართლე ვთქვათ: თქვენ მოგეწონათ ის, რაც კვირის ბოლოს რეგიონებში მოხდა? "ნაციონალურ მოძრაობას" ხუთ ქალაქში ჰქონდა დაგეგმილი ბრიფინგი და ვერც ერთგან ვერ ჩაატარეს, რადგან ხუთივე ქალაქში მათ ვიღაცები მიუცვივდნენ და ბრიფინგი ჩაუშალეს. "ნაცებმა" თავდამსხმელებში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და "ოცნების" აქტივისტები ამოიცნეს.
არა, ხალხის ნაწილი მართლაც გამწარებულია და თუ ეს მათი გულწრფელი აღშფოთება იყო, ხმა არ ამოგვეღება, მაგრამ მარაზმია, თუ ყველაფერი ხელისუფლებამ მოაწყო. გაჩნდა ეჭვიც, რომ ხელისუფლება დღესაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს - მაშ, საიდან იცოდნენ ამ ადამიანებმა ასე ზუსტად "ნაციონალების" გადაადგილების მარშრუტი? ეს ასეა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ ერთი ნაბიჯითაც არ წავსულვართ.

გიგი უგულავა შეიძლება იმსახურებს კვერცხის სროლას, მაგრამ ერთია, როდესაც ამას რომელიმე მოქალაქე საკუთარი ინიციატივით აკეთებს და მეორე - როდესაც ის პოლიტიკური ოპონენტის დაკვეთას ასრულებს. ვიღაც იკითხავს, თუ იმსახურებს, ხომ შეიძლებოდა, ადამიანებს ამის გაკეთების სურვილი თავად გასჩენოდათო? შეიძლებოდა, მაგრამ ხუთივე ქალაქში ერთდროულად?

ისე, კი იყო სასაცილო სანახავი, როგორ გაურბოდა ბატონი გიგი კვერცხებს, თუმცა უფრო სასაცილო მისი განცხადება გამოვიდა. ეტყობა, გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ მარტო კვერცხების სამიზნე კი არა, კვერცხებიანი პოლიტიკოსიცაა და ამაყად განაცხადა, ან ტყვიები გვესროლეთ, ან ყველანი ციხეში ჩაგვსვით, თორემ ისე ვერ გაგვაჩერებთო. ოჰო! გიგიში დემოკრატიისთვის მებრძოლმა გმირმა გაიღვიძა!!!

"გამპრავებლები"


ამ ხალხს ტვინი, მგონი, მართლა უკუღმა აქვს მოწყობილი! სოციალური ქსელები და ზოგიერთი მედიასაშუალება ამ დღეების განმავლობაში გამუდმებით ერჩის ვალერი გელაშვილს. მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ მისი ცემის ფაქტზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება, ათასი რაღაც ამოუქექეს. ვიღაც ჟურნალისტიც იპოვეს, რომელსაც რატომღაც ახლა გაახსენდა, რომ არჩევნების დღეს სცემა გელაშვილმა და ახლა გადაწყვიტა სიმართლის პოვნა. თურმე ხაშურსა და ბალტიისპირეთში ბატონი ვალერი სუტენიორობასაც არ თაკილობდა...
კარგი, დავუშვათ ვალერი გელაშვილი ცუდი კაცია! თქვე კაი ხალხო, ეს უმაღლესი თანამდებობის პირების დავალებით (თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა) მის ცემას ამართლებს? თუ მხოლოდ წიკლაურის ცემა იყო დაუშვებელი, თორემ გელაშვილის, დავითაშვილის, აბაშიძის, დუმბაძის (რომელსაც 26 მაისის ღამეს თელავის პოლიციაში სცემეს) ცემა მოსულა?!

ამ კამპანიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრობლემა იყო ის ხალხი, ვინც ახლაც მზად არის, შავზე იძახოს, თეთრიაო.
ასეთი "გამპრავებლები" ყველა ხელისუფლებას დაღუპავენ, ამიტომ "ოცნებას" თუ უნდა გადარჩეს, ასეთ მხარდამჭერებს უნდა ერიდოს.
qeti
21 აპრილი 2014 19:49
simartle,kalo,aka, კომეტარის დაწერას გადამარჩინეთ,მთლიანად გეთანხმებით.
simartle
20 აპრილი 2014 08:31
მერაბ მეტრეველი მაგარი საკაიფო ტიპია,ხვდება რა ქაქში ჩატოპა საქართველომ უახლესი არჩევნების შემდეგ და ეხლა არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური....ძაან კარგად იცის რომ უსმენენ კიდეც,ფულებსაც იპარავენ ბიუჯეტიდან,და მრავალი ლობისტურ საქმიანობას ეწევიან,მაგრამ ჯერჯერობით როგორც ყველა კონიუქტურისტმა ,იცის რომ ადრეა ამათ წინააღმდეგ წასვლა,რადგან ჯერ ხალხის ნაწილი ეუფორიაშია ,მეორე ნაწილს კი სულ ფეხებზე ჰკიდია ვინ იქნება მთავრობაში.
kalo
15 აპრილი 2014 11:06
თბილისი პატარა ქალაქია და იძახიან რომ ეს ჩვენი ჭიკაიძე ყოფილი ზონდერი და საკმაოდ გონებაშეზღუდული ადამიანია, თუ ვცდები? ისე კი წინა წლის მისი სურათები და ეხლანდელები რომ შევადაროთ , კაი 20კგ ექნება მომატებული-ამის მეტი მაგ სამინისტროში არაფერი შეცვლილა.

რედაქტორის რჩევით