მსხვერპლი თუ კარგად "შეთხზული" მითი
14-04-2014
მსხვერპლი  თუ კარგად  "შეთხზული" მითი
კვერცხებისა და ცოცხების წვიმაში

"უგულავას მიერ "ტყვიის" ხსენება და "ტყვიის გავარდნის" შესაძლებლობა, იქნებ ვერბალური წამოცდენაც იყოს"


10 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ბრიფინგები ხუთ სხვადასხვა ქალაქში, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ზოგან საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა. ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ თენგიზ გუნავასა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თელავში დეპუტატებს - ლევან ბეჟაშვილსა და გიორგი ღვინიაშვილს პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ცოცხებისა და კვერცხების სროლით გაუმასპინძლდნენ, ბათუმში გიგი უგულავაც
კვერცხისა და კარტოფილის წვიმაში მოხვდა.

მანამდე დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გალახეს. "ან ტყვია გვესროლეთ, ან ციხეში ჩაგვსვით, სხვაგვარად არ გავჩერდებით", - განაცხადა უგულავამ... 5 ქალაქში ერთდროულად განვითარებული მოვლენები ერთი სცენარის სხვა
დასხვა მოქმედებას ჰგავს, მაგრამ საკითხავია, ვინ წერს ამგვარ სცენარებს და ვინ ასრულებს? უგულავას მიერ "ტყვიის" ხსენება და "ტყვიის გავარდნის" შესაძლებლობა, იქნებ ვერბალური წამოცდენაც იყოს და იმ ვერაგულ სცენარშიც ეწეროს, რომელსაც ქვეყნის კეთილისმყოფელები ნამდვილად არ წერენ და რომლის შესახებაც უგულავამ "საიდანღაც" იცის...

მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობის" მმართველობის მსხვერპლად ქვეყანაში არაერთი მოქალაქე იქცა, მათი მოთხოვნა - აღდგეს სამართლიანობა, ლეგიტიმურია. არადა, ეს პროცესი გვარიანად იგვიანებს, რაც შესაძლოა "შურისძიების მუხტის" წამქეზებლად მართლაც იქცეს. მაგრამ არის საფრთხე ამ ხალხის გულწრფელი აღშფოთებით ისარგებლოს იმან, ვინც ვითარების დაძაბვას და ამით ხელის მოთბობას გეგმავს. ლოგიკურად, ამგვარი ძალა ხელისუფლებაში არ უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერჯერობით რეიტინგს ინარჩუნებენ. თუმცა, ერთია ხელისუფლება და მეორე - მათი ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთა მოქმედება შესაძლოა სხვის წისქვილზე ასხამდეს წყალს. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა ცალსახაა - კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს.  შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 აპრილს განვითარებული მოვლენების გამო 7 კაცი უკვე დააკავეს.

ბოლოდროინდელმა ხელჩართულმა ჩხუბებმა 2003 წელი და საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური მოთამაშეების მზადება გამახსენა. მაშინ სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" იმდენი ქნეს, რომ მოსახლეობას თითქმის დააჯერეს, რომ სიმართლისთვის თავი ჰქონდათ გადადებული. იმხანად "ნაციონალებს" ურტყამდნენ ლამის ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდნენ. ვითარება განსაკუთრებით 2003 წლის აგვისტოში გამწვავდა. ერთი თვის განმავლობაში "ნაციონალებს" ხელჩართულ ჩხუბში ჩართვა თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში მოუხდათ. ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ქვების სროლამდე მივიდა ბოლნისში, სადაც რამდენიმე ათეული კაცი დაშავდა. არსებობს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც იმჟამად ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი სიუჟეტში ამბობს: - სააკაშვილმა ბოლნისში ორასამდე აქტივისტი ჩაიყვანა, მათ შორის შეიარაღებულებიც იყვნენო. ცნობილია, რომ ამგვარი არეულობებისთვის მათ სპეციალურად ჯგუფიც ჰყავდათ, რომელშიც შედიოდნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც შემდგომ "ნაციონალურად" გამოიბრძმედნენ და ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც ვიხილეთ, მათ შორის - გივი თარგამაძე, დავით კეზერაშვილი, კაკო ბობოხიძე, ლადო ვარძელაშვილი, კახა გეწაძე...

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაპირისპირება მოხდა ბათუმშიც, რომლის დროსაც გალახეს გივი თარგამაძე და "ვარდების რევოლუციიდან" მალევე "ნაციონალებზე" გულაყრილი და 2007 წელს უკვე მათგან გალახული კობა დავითაშვილი. ამ ჩხუბებს ისე წარმოაჩენდნენ, რომ "ფრონტის ხაზზე" პირველი სააკაშვილი იდგა. ასე იქმნებოდა მითი მისი გამბედაობის შესახებ. სწორედ ამ დაპირისპირებების წყალობით სწრაფად გაიზარდა მაშინ სააკაშვილის რეიტინგი. 2003 წელს სააკაშვილისა და მისი თანაპარტიელებისთვის მსხვერპლის როლი წარმატების საფუძველი გახდა, შესაბამისად, ეჭვი, რომ ეს "ნაცმოძრაობის" მიერ იყო ინსპირირებული და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გალახულიყვნენ, მაშინვე არსებობდა და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო საფუძვლიანი ჩანს. ახლაც წინასაარჩევნო პერიოდი დგას. ის, რომ ქვეყანაში არეულობა მოსალოდნელია, განცხადებები ხელისუფლებისგანაც ისმის და ოპოზიციისგანაც. ეს, ერთი შეხედვით თითქოს ვირტუალური არეულობა, რომლის დროსაც, კაცმა არ იცის, ვის რა თევზის დაჭერა მოუნდება, შეიძლება სამწუხარო რეალობად გვექცეს.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით