რომან ფინი: "მიმართვა ქართველ ხალხს - საქართველო საფრთხეშია!" - კვირის პალიტრა

რომან ფინი: "მიმართვა ქართველ ხალხს - საქართველო საფრთხეშია!"

საქართველოს მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება. "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციამ, ბოლო ვერ მოუღო სააკაშვილის რეჟიმს და დამნაშავეები არ დაიჭირა (თავისუფლება შეუნარჩუნა). 2012 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ამერიკისა და ევროპის გლობალისტური ძალების დახმარებით მათ რევანშისთვის და ხელისუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად მზადება დაიწყეს. დემოკრატიული არჩევნების გზით მათ ამის არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც აქვთ, რადგან მათი რეალური რეიტინგი 7-9%-ს არ აღემატება. საზოგადოებას ისიც კი სურდა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარებულიყო, რათა თავიდან მოეშორებინათ ნაციონალური პარტიის არაპროპორციულად გაბერილი, 45%-იანი წარმომადგენლობა, რაც არ შეესაბამებოდა მათ რეალურ, მკვეთრად უარყოფით პოპულარობას, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი მათ მიმართ მხოლოდ სიძულვილსა და ზიზღს გრძნობს. შესაბამისად, ხელისუფლებაში კვლავ მოსვლის ერთადერთი გზა "ნაციონალებისთვის" არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდება. დასავლეთი აშკარად უჭერს მხარს სააკაშვილს, ამოცანად დაუსახავს მისი მმართველობაში დაბრუნება. ფერადი რევოლუციების ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ამის გაკეთება სულაც არ იქნება რთული. "ნაციონალები" დაუფარავად საუბრობენ მომავალ ქართულ მაიდანზე.

არაფერი შეგეშალოთ: მაიდანი სახელმწიფო გადატრიალებაა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება ძალისმიერი გზით, ლეგიტიმური მთავრობის დამხობა, დიქტატურის დამყარება. უკვე მზად არის რამდენიმე ასეული (ამბობენ, ხუთასიო, მეტიც იქნება) გაწვრთნილი, შეიარაღებული, კარგად ნასუქი ბოევიკი, უკვე შეძენილია მათთვის სპეციალური აღჭურვილობა, ნიღბები, ა.შ. ამას დაუმატეთ ათასობით "წარმომადგენელი ქართველი ხალხისა", რომელთაც კარგად გადაუხადეს, რომლებსაც "მასობრივად სწყურიათ საყვარელი დემოკრატის დაბრუნების ხილვა". ისინი ამოთხრიან ასფალტს, ააგებენ ბარიკადებს, პოლიციელებს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებს დაუშენენ, დაიპყრობენ სამთავრობო შენობებს, დაწვავენ საბურავებს, გააჩენენ ხანძარს, სცემენ მოწინააღმდეგეებს, დალეწავენ ვიტრინებს, ამოატრიალებენ მანქანებს, სნაიპერები ესვრიან ხალხს და ამას მთავრობას მიაწერენ. დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება.

შედით ინტერნეტში, ნახეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი უკრაინაში. "ნაციონალების" პიარი ქმნის მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს, რომ ხალხი უკმაყოფილოა ახლანდელი ხელისუფლებით და სააკაშვილის დაბრუნება სურს. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ ზეიმობდა ხალხი მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მაგრამ ისინი დარჩნენ, და გადაურჩნენ სრულიად დამსახურებულ სასჯელს ქვეყნის დანგრევისა და გაძარცვის გამო, იმ მძიმე დანაშაულების გამო, რომლებიც ჩაიდინეს ადამიანისა და საზოგადოდ, კაცობრიობის მიმართ, საომარი დანაშაულების გამო, ისინი გადაარჩინა დასავლეთმა, რომელმაც არნახული ზეწოლა მოახდინა მთავრობაზე. როგორც დასავლეთი, ისე სააკაშვილის გუნდი და მათი მიმდევრები, ეს ხარბი და უსინდისო ხალხი, რომელთათვისაც არავითარი წმინდა არ არსებობს, რომლებიც ძალაუფლებას სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებდნენ, ჩამდენი არიან ნებისმიერი დანაშაულისა და არავითარი თანაგრძნობა არ გააჩნიათ საქართველოსადმი. ესენი საკუთარი მიზნების მისაღწევად არაფრის წინ არ შეჩერდებიან. გააჩაღებენ ტერორს ქვეყნის საუკეთესო ადამიანების წინააღმდეგ. საქართველოში გამეფდება უკუნეთი, ის უკუნეთი, რომლისგანაც თითქოს ქვეყანა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდა, როდესაც მათ გამზადებული ჰქონდათ 2000-მდე საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწისგან შემდგარი სია, რომლებიც არჩევნების შემდგომ უნდა დაეპატიმრებინათ(!). დასავლეთი თვალს დახუჭავს, ხმასაც არ ამოიღებს მათი მსხვერპლის დასაცავად.

თქვენ უნდა გადაარჩინოთ თქვენი ქვეყანა. გაკვეთილად საკუთარი "ვარდების რევოლუცია" და ახლანდელი უკრაინული გადატრიალება გამოგადგებათ.

ნო პასარან! ფაშისტები

ვერ გაივლიან! არა სააკაშვილს!

მთელი ხალხი ფეხზე უნდა დადგეს, მოსახლეობის ის 90%, რომელიც ამათი წინააღმდეგია, რათა დაიცვას თავი და ქვეყანა. ეს მანამ უნდა გაკეთდეს, სანამ ისინი ქუჩაში გამოვლენ, და არა ამის შემდეგ, როდესაც უკვე გვიანი იქნება.  ახლა, როდესაც იცით, ვინ არიან ისინი და რა შეუძლიათ გააკეთონ, პრინციპში, უკვე დაიწყეს კიდეც მოქმედებები, მოამზადეს და გაწვრთნეს საბრძოლო რაზმები და შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დაიწყონ საკუთარი სისხლიანი საქმე, აუცილებელია მათ დაუპირისპიროთ თქვენი ნება და ისე ჩაუკეტოთ გზა, რომ გარეთაც ვერ გამოვიდნენ. ეს არ არის არჩევნების გზა, როდესაც ხალხი მშვიდობიანად იდგა რიგებში, რათა საქართველოს მტრების წინააღმდეგ მიეცა ხმა. ახლა სხვა ვითარებაა, თქვენზე მოიწევს საშინელი ძალა, რომელსაც საპასუხო ძალით უნდა დაუხვდეთ.

არ არსებობს არანაირი ილუზია და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, არ მოხდეს, რომ შეიძლება ისინი არც ასეთი ცხოველები არიან, რომ ისინი გამოავლენენ ადამიანურობას და არ დაუშვებენ საკუთარი ხალხის დაღუპვას, ხალხს არ ესვრიან. ისინი ამ ყველაფერზე წავლენ! აუცილებელია სასწრაფოდ, გადაუდებლად დადგეთ მამულის სადარაჯოზე, დაიწყოთ მტრის შესახვედრად მზადება. აუცილებელია ხალხს ვაცნობოთ, თითოეულის გულსა და გონებას მივმართოთ, ავამაღლოთ სახალხო სული, რომ კატასტროფა ახლოვდება. მოსახლეობის უმეტესობისთვის ისედაც გასაგებია, რომ "ნაციონალები", სააკაშვილის მეთაურობით, არიან მტრები ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისა, მაგრამ ახლა უნდა გაიაზროთ, რომ ისინი უპირობოდ მიისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ და საქართველოს, მათი გამარჯვების შემთხვევაში, დიდი უბედურება ელოდება. თუ შემეცნების დონეზე არ იქნებით მზად თავის დასაცავად, დაუცველები დარჩებით.

ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აქ არის მტერი, რომ აქ იმალება მომაკვდინებელი საფრთხე, რომ აქ ადგილი აქვს ინტერვენციას, ეშმაკის ურდოების თავდასხმას და რომ თითოეულის ვალი ქვეყნის, მოყვასის, მეზობლის, გამვლელის, შვილების წინაშე არის ის, რომ მხნედ წინ აღუდგეთ დაუნდობელ მტერს, როდესაც იგი ზღურბლზე მოგდგომიათ. თქვენს საზღვრებს მოადგა, მზად არის საკუთარი ბოროტი საქმეების ჩასადენად, არავის აქვს მორალური უფლება, თავიდან აირიდოს ეს ბრძოლა. არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დაიცვათ თაAვი, ოჯახი, ქვეყანა და დაიცვათ აქტიურად, ვაჟკაცურად, ამაყად. აუცილებელია, გააღვიძოთ ძალა თYქვენში, გააღვიძოთ სახალხო სინდისი. მხოლოდ ასე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თავისუფლება და ღირსება. ალტერნატივა - მონობა და აღსასრულია! არა მონობასა და აღსასრულს! არ მოტყუვდეთ, არ გატყდეთ!

ყური დაუგდეთ ქართველი ერის სულს, შეიგრძენით მისი დატანჯული გული. დაეხმარეთ მას! შეინარჩუნეთ თქვენი საქართველო თქვენთვის, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის!

სწორედ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სამშობლოს წინაშე, ცისა და ღმერთის, სულიერი სამყაროს წინაშე. თქვენ ღვთისმშობლის კუთვნილი ქვეყანა ხართ. არ უღალატოთ მას, მის წილხვედრს შესარყვნელად ნუ გაიმეტებთ.

მთავრობა, მეტწილად, უმოქმედოდაა. პარადოქსია, არალოგიკურია, წარმოუდგენელია: მას უმზადებენ შეთქმულებას, რომლის მიზანია მისი განადგურება, მთავრობამ ეს იცის და არაფერს აკეთებს (!!!) საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად. ცნობილია ადგილები, სადაც რეკრუტირებულ ბოევიკებად ქცეული სპორტსმენები ვარჯიშობენ - სპორტული დარბაზები ვაკეში, გლდანში და მოსკოვის პროსპექტზე, ცნობილია ორგანიზატორების სახელები და იმავდროულად, შს მინისტრი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია იდეებისა და მიზნების გამო დაპატიმრება. მაგრამ თუ ეს იდეები და ჩანაფიქრები დანაშაულებრივია, და ცნობილია, რომ ასეა, თავად მინისტრი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაცია და სამთავრობო ინსტიტუტების დამხობა, მაშ, რატომ არ იღებს მთავრობა შესაბამის ზომებს, მინისტრი კი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, საშინელი საფრთხის, ძალადობის წინაშე მყოფი აცხადებს რაღაც გაუგებარს: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები თვითონვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც კარგი იქნება ქვეყნისათვის ან რომელიმე ჩვენგანისათვის". რის საფუძველზე გაჩნდა ასეთი მოსაზრება? ისინი ხომ სწორედ იმისთვის მოდიან, რომ ქვეყანა დაიპყრონ? აუცილებელია მოქმედება ახლავე, თორემ როდესაც დაიწყებენ, უკვე გვიან იქნება. განა სწორედ ამ მინისტრს არ ევალება დანაშაულის აღკვეთა? განა სწორედ ის, თავის მთავრობასთან ერთად, არ იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისაც ჩამოაგდებენ? და მან ყველაფერი ეს იცის და თვითონვე გეუბნებათ, რომ ქვეყანაში უკვე არიან ინსტრუქტორები, სპეციალისტები გადატრიალების მოწყობაში, წვრთნიან სპეციალურ ჯგუფებს და ეს საშინელება უკვე თქვენს მიწაზე ხდება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, საქართველოს ერთგულო პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ: შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, დაიცავით იგი უზურპატორების მზაკვრული ჩანაფიქრისგან, მიიღეთ დაუყოვნებელი, გადამწყვეტი ზომები, რათა აღკვეთოთ დანაშაული, რომელიც მზადდება, მიიღეთ ზომები, რათა განაიარაღოთ და გაფანტოთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, დაუყოვნებლივ წარუდგინეთ სასამართლოს გადატრიალების ორგანიზატორები. გაასაჯაროეთ მათი გეგმები, მოუწოდეთ მოსახლეობას, დადგეს, როგორც ერთი და არ დაუშვას დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.

ძრწოდეთ, შეთქმულებო, ვერაგო დამპყრობლებო, დამნაშავენო! განიარაღდით და დაიშალეთ, სანამ გვიან არ არის, რამეთუ შურისძიება იქნება გამანადგურებელი. საქართველო აღდგება თავის დასაცავად. ამაყი, წმინდა ხალხი! თქვენთან არს ქრისტე, ღვთისმშობელი! თქვენ გაიმარჯვებთ!

რომან ფინი,

დისიდენტი და საბჭოთა დროის პოლიტპატიმარი, სწავლული და მწერალი, საბჭოთა კავშირის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესწავლის კანადის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს და სხვა მრავალ ქვეყანათა მწერალთა კავშირის წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურასა და მშვიდობაში

P.S. რომან ფინის წერილი "მიმართვა ქართველ ხალხს" პირველად ჩვენთან ქვეყნდება. ჩვენ ვცადეთ დამატებითი კომენტარებისთვის ავტორს კანადაში დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ.