გრიგოლ ვაშაძე: "უელსის სამიტზე მაპ-ს ვერ მივიღებთ"
14-04-2014
გრიგოლ ვაშაძე: "უელსის სამიტზე მაპ-ს ვერ მივიღებთ"
"დამოუკიდებლობის დაკარგვის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება"

"ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუების გაქრობა ძალიან დიდი შეცდომა იყო"


საქართველოს საგარეო კურსზე, ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გვესაუბრება:

- ბატონო გრიგოლ, აქციის დევიზით - "არა კოლაბორაციონიზმს", ერთ-ერთი ორგანიზატორი თქვენც იყავით. ვინ არის ამ "არას" ადრესატი?
- ადრესატი ხელისუფლება ნამდვილად არ არის. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად გასცენ პასუხი იმ მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც
ცდილობენ საქართველო, ჩვენი შვილები, შეათრიონ ევრაზიულ კავშირში. ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოიყენოს კანონით მინიჭებული შესაძლებლობები, რათა არ მივიღოთ ის შედეგი, რაც მიიღო უკრაინამ ყირიმში და რაც ხდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში. ორი წლის წინ უკრაინელი პოლიტელიტისთვის რომ გეკითხათ იმ ჯგუფებზე, რომლებიც ყირიმში მოქმედებდნენ, გეტყოდნენ, ერთი ციცქნა მარგინალური ჯგუფებია
და საფრთხეს ვერ ვხედავთო. თუმცა, დღეს ამ ჯგუფების მოქმედების შედეგი ნათელია.

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, რუსეთიდან საფრთხის ზრდის შესაძლებლობაზე როგორც ხელისუფლების, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ, - პრობლემები ჯავახეთში, რუსული პასპორტების გაცემა, ვითარების არევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიდევ რა სცენარით შეიძლება იმოქმედოს რუსეთმა?
- ეს სცენარები ზუსტად პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან. რუსეთისგან მომდინარე საფრთხე ფართო სპექტრისაა, დაწყებული საგარეო-პოლიტიკური პრობლემებით და დამთავრებული სამხედრო ინტერვენციით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან რუსეთი საბოლოოდ გავიდა საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან და იქცა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის დამანგრეველ ძალად. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება დღედაღამ ამ საფრთხეებს უნდა ითვლიდეს და შესაძლო პასუხებს ამზადებდეს.

- იმის მიზეზი, რომ ჩვენს საზოგადოებაში შესაძლოა ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის განწყობა შენელდეს, იქნებ დასავლეთის მოქმედებამაც განაპირობოს. ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთმა ვერაფერი დაუპირისპირა რუსეთის მოქმედებას ყირიმში. ამის შემხედვარე ქართველმა ხომ შეიძლება იფიქროს, რომ დასავლეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს?

- ვერაფერი კი არა, ჯერჯერობით არაფერი დაუპირისპირა. ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიულ საზოგადოებაზე, რომელიც ცდილობს, ბოლო წუთამდე არ გამორიცხოს ვითარების დიპლომატიურად მოგვარების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ, 17 აპრილს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რუსეთი და უკრაინა ევროკავშირისა და აშშ-ის თანდასწრებით დაალაპარაკონ ერთმანეთს.

- დასავლეთის ამდენ ფიქრსა და ორჭოფში, შესაძლოა, უკრაინა ორად გაიყოს.
- რომ გითხრათ, ამ მოლაპარაკების იდეა მომწონს-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა მესმის, რომ დასავლეთს არ სურს რუსეთთან კონფრონტაციაზე პასუხისმგებლობა ისე აიღოს, თუ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ყველა საშუალება არ ამოწურა.
ტყუილია, რომ დასავლეთს რუსეთის საპასუხოდ ბერკეტები არა აქვს.
რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, თუ რუსული ავიაკომპანიების ფრენა აიკრძალება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში. ასევე თუ დასავლეთი საუდის არაბეთსა და კატარს მოელაპარაკება, რომ გახსნან ნავთობისა და გაზის ონკანები, რუსეთის ეკონომიკისგან არაფერი დარჩება.
სანქციების ამოქმედებას, შედეგების გათვლას დრო უნდა.

- რუსეთმა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით ნუთუ დასავლეთს არ მისცა სიგნალი, რომ დასავლეთი 2014 წელს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მეტ-ნაკლებად მზად ყოფილიყო?

- 1991 წლიდან მოყოლებული დასავლეთის რამდენიმე ილუზია დაიმსხვრა, მათ შორის ერთ-ერთი ისიც იყო, რომ შესაძლებლად მიიჩნიეს, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინსტინქტების გამოცვლა და ამ ქვეყნის დემოკრატიულ თანამეგობრობაში ჩართვა. ეს ილუზია დაიმსხვრა 2008 წელს და საბოლოოდ ეს მსხვრევა გაფორმდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრით. 2008 წლის ომი დასავლური სადაზვერვო თემისთვის შოკი იყო, თუმცა, მაშინ რუსეთისთვის სერიოზული სანქციები რომ აემოქმედებინათ, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ეს არ მოხდებოდა.

- შს მინისტრმა ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობის თაობაზე სკანდალური განცხადება გააკეთა, ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ევრომაიდნის" საქართველოში მოწყობას გეგმავს.
- ზოგიერთი მინისტრის ნათქვამის გაშიფვრა სამედიცინო დარგს მიეკუთვნება. საქართველოს დღეს დამანგრეველ ეფექტს თუ რამე მოუტანს, ეს უპირველესად ქუჩებში დაპირისპირება და არეულობა იქნება. ეს თუ მოხდა, მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. რუსეთის მიზანი არ არის არც "ნაციონალური მოძრაობისა" და არც "ქართული ოცნების" დამარცხება, მისი მიზანია ქვეყანა გახდეს უმართავი და ასცდეს განვითარების ნორმალურ გზას. მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, რომ მტრების ძებნას მოეშვას იქ, სადაც არ არიან და ეძებოს იქ, სადაც ნამდვილად იპოვის.

- ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის შეუქცევადობა ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს. თუმცა, რომ მოხდეს ისე, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გარკვეულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი, მაშინ როგორ მოიქცევა "ნაციონალური მოძრაობა", უნდა ველოდოთ თუ არა მართლაც "მაიდანს" თბილისში?

- მოვლენების ამგვარ განვითარებას საერთოდ არ ვუშვებ. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩათვალეთ, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის უდიდესი ნაწილი პროდასავლური ორიენტაციისაა.
რაც შეეხება განწყობას "ნაციონალურ მოძრაობაში", ვერაფერს ვიტყვი, მე არა ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუმცა, ვიყავი სააკაშვილის მთავრობის წევრი, რაც მეამაყება და ხელისუფლებაში გატარებული ერთი დღისაც არ მრცხვენია. დღევანდელი ხელისუფლებისთვის მარტო ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში ფრენა საკმარისი არ არის. 2008 წლის ომამდე ჩვენი ხელისუფლების პრობლემაც ეს იყო, რომ ძირითადად ორიენტირებული ვიყავით ვაშინგტონსა და ბრიუსელზე. გვეგონა, ამ ორი წერტილის გარშემო ტრიალებდა სამყარო, არადა, სამყარო გაცილებით მრავალფეროვანი და რთულია.

- ესეც ხომ არ გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთთან ომამდე მივედით? ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისი დიპლომატიური რესურსი გამოვიყენეთ?
- მე მხოლოდ იმაზე შემიძლია ლაპარაკი, რისი მომსწრე და მონაწილეც ვიყავი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დავინიშნე 2008 წლის 6 თებერვალს და მას შემდეგ საქართველომ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რომ ომი თავიდან აეცილებინა. 2008 წლის 21 თებერვალს პრეზიდენტები სააკაშვილი და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს და პუტინმა პირდაპირ ჩამოგვითვალა ის ზომები, რის გატარებასაც გეგმავდა, უბრალოდ, იმჟამად ამას ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება არ ერქვა.

- ამ გეგმაზე უარის სანაცვლოდ საქართველოსგან რაიმეს ითხოვდა?
- არა, ეს გადაწყვეტილება იმისთვის კი არ მიუღიათ, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებისას გამოეყენებინათ, არამედ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის სამხედრო პლაცდარმები სჭირდებოდა, ამისთვის მიიტაცა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იმ ეტაპზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ნატოში აუცილებლად შევიდოდით და ასეთი ფრაზა გვითხრა: "თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი აუცილებლად შეგიყვანენ ნატოში, აქ დადგამენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთს".

- ბრძანეთ, ხელისუფლებაში ყოფნის არც ერთი დღის არ მრცხვენიაო. იყო ისეთი საკითხები, რასაც პრობლემად მიიჩნევდით და რის გამოც მთავრობას, პრეზიდენტს საყვედურობდით?

- ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, ეს იყო დიქტატორული ჯგუფი, სადაც სააკაშვილი გასცემდა ბრძანებებს და ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ასე არ ყოფილა.

- თქვენს ხელისუფლებას ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებდნენ. თუ გაგიპროტესტებიათ ოდესმე, მაგალითად, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ქონებრივი უფლებების შელახვა და ა.შ.
- ვფიქრობ, ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუების გაქრობა ძალიან დიდი შეცდომა იყო. მე ამაზე მილაპარაკია გუნდში და ვერ ვიტყვი, რომ ამ აზრზე მარტო მე ვიყავი. არ მომწონდა არც ქონებრივი უფლებების დარღვევა, ამაზე დიდი დისკუსია მქონია, მათ შორის პრეზიდენტთანაც.

- საინტერესოა, რა პოზიცია გქონდათ 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს?
- როგორც ვიცი, იქ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხალხი მიიყვანა, რათა ეცემინებინა, თვითონ კი ჯიპში ჩამხტარიყო და გაქცეულიყო, მეორე პოლიტიკურმა ნაწილმა კი ჩაატარა ოპერაცია, რათა ხალხს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული უპრობლემოდ აღენიშნა. ლაპარაკია იმაზე, რომ ხალხი კი არ დაშალეს, დამსჯელი ოპერაცია ჩატარდა.

სამწუხაროდ, მე არა ვარ, პოლიციურ ღონისძიებათა ექსპერტი, თუმცა, დღესაც არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ დღეს და იმ ადგილას აღლუმი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. ჩემი აზრით,  არ იყო ხალხის დაშლა საჭირო, უნდა გადაგვეტანა ეს ღონისძიება სადმე სხვაგან, მაგალითად, სპორტის სასახლესთან.
ხუთი წლის განმავლობაში შინ თითქმის არ მეძინა. ურთულეს რეჟიმში ვმუშაობდი, არ მეცალა სხვისი საქმეების შესაფასებლად - ან ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა კარგად, ან სხვისი საქმე გამერჩია.

აქეთ-იქით ფრენა კარგია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს დიპლომატიას ლობოტომია (ნეიროქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ტვინის ძირითად ნაწილსა და შუბლის წილებს შორის არსებული კავშირის გაწყვეტა ხდება - ავტ.) გაუკეთეს. საგარეო ასპარეზზე ჩვენი წონა ძალიან შემცირდა. ერთ მაგალითს გეტყვით: ეუთომ შექმნა მისია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება. გაგიკვირდებათ და ამ მისიაში ქართველები არ არიან, ეს ჩვენი საგარეო უწყების არაპროფესიონალიზმის, ოროსნობის ბრალია. ჩავიდა ფანჯიკიძე ბერლინში და ბრძანა, რომ საქართველოს ევროპულმა მისწრაფებებმა სრული მხარდაჭერა მიიღო. ნატო არც კი უხსენებია, ანუ გამოდის, გერმანელებმა უთხრეს, სექტემბერში ნატოსგან ნურაფერს დაელოდებითო.

- ანუ უელსის სამიტზე მაპ-ს ვერ მივიღებთ?
- ვერა... არ ვიცი, შეიძლება კიდევ რაღაც სისულელე გამოიგონონ, კომისია ხომ მოიგონეს, აი, რაღაც მაგის მსგავსი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა რურუასთან ერთად პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავთ.

- არანაირი გეგმები ამ თვალსაზრისით არა გვაქვს, ჯერჯერობით, მხოლოდ საზოგადოებრივ აქტიურობას ვაპირებ.

ნათია დოლიძე
liza
17 აპრილი 2014 21:04
მერე რაა?ჩვენ ხომ უკვე მივიღეთ თქვენი ხელისუფლების დროს,მაპზე უკეთესი?
sota
15 აპრილი 2014 22:16
ვაშაძეს - ვაშა!
როგორც იქნა ახსნა საიდუმლოების გრიფი და საჯაროდ თქვა. ამას მალავდი?
antibneleti
15 აპრილი 2014 19:37
სამაგიეროდ, მივიღებთ ტყლაპს!

რედაქტორის რჩევით